1:1 სკოპიეში – კვარაცხელიას ნახატი და კიდევ 9 საინტერესო ამბავი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2020-21 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის III და IV ტურის შეხვედრები მოილია და კვლავ დაუმარცხებლად მიიწევს ჯგუფში პირველი ადგილისკენ.
სადღეისოდ, 4 მატჩში 6 ქულით საქართველო II ადგილზეა და ლიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას მხოლოდ ნაკლები გატანილი გოლით ჩამორჩება.

ვლადიმირ ვაისის გუნდის გუშინდელმა მატჩმა, სკოპიეში ბოლო წამებზე დაკარგულმა ქულებმა სპეციალისტთა და გულშემატკივართა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მწვრთნელის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე არაერთხელ დაიწერა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც, ამიტომ თამაშის გარჩევას აქ არ დავიწყებ. მხოლოდ იმ 10 საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ, რომელიც გუშინდელი 1:1ის შემდეგ აღმოვაჩინე.

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გუნდები წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს – 12 ნოემბერს თბილისში. და სწორედ ამ მატჩით, უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალით გამოვლინდება ევროპის საგაისო ჩემპიონატის მონაწილე. შეგახსენებთ, რომ ამ თამაშის გამარჯვებული კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ბუქარესტსა და ამსტერდამში ითამაშებს ნიდერლანდების, უკრაინის და ავსტრიის ნაკრებთა წინააღმდეგ. დიდი იმედი მაქვს, რომ 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები და ჩვენ, მისი გულშემატკივრები გავიხარებთ.

რაც შეეხება ამ ერთა ლიგას, ჯვაროსნები C დივიზიონში ასპარეზობას ნოემბერში ორი საშინაო მატჩით დაასრულებენ: 15 ნოემბერს სომხეთთან, 18 ნოემბერს კი ესტონეთთან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ ორ მატჩს ბათუმის დინამოს ახალი სარბიელი უმასპინძლებს.

10 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

1: უეფას ერთა ლიგის ეგიდით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეათედ ითამაშა და კვლავ დაუმარცხებელია – 6 გამარჯვება და 4 ფრე. საინტერესოა, რომ ჯვაროსნებმა ყველა შეხვედრაში გაიტანეს გოლი.

2: უეფას ერთა ლიგაში, D და C დივიზიონებში, საქართველოს ნაკრებმა 6ჯერ ითამაშა მეტოქეთა მოედანზე – 3 გამარჯვება, 3 ფრე.

3: ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ზედიზედ 5 მატჩია არ აგებს – 2 გამარჯვება და 3 ფრე.
საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც სლოვაკმა სპეციალისტმა ჩაიბარა გუნდი, ასეთი, მინიმუმ 5მატჩიანი წაუგებელი სერია მეოთხედ დაფიქსირდა.
რეკორდი 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში დამყარდა – ზედიზედ 6 წაუგებელი თამაში უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში.

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წლის 14 ოქტომბერს სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:1ის წინ. დგანან (მარცხნიდან): ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, საბა კვირკველია, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია. პირველ რიგში: ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, ოთარ კიტეიშვილი, ვაკო გვილია, ვაკო ყაზაიშვილი, ბუბა დაუშვილი

4: ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 45ედ ითამაშა, ამ 45 მატჩიდან კი მე15 დაასრულა ფრედ. დანარჩენი 30დან 16 მოიგო, 14ჯერ კი დამარცხდა. ბურთები – 60:50.

5: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხედ ითამაშა 14 ოქტომბერს და კვლავ საერთაშორისო ტურნირის ეგიდით.
1998 წელს, ევრო 2000ის საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე ვლადიმერ გუცაევის გუნდი 0:3 დამარცხდა საბერძნეთში;
2009 წელს ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილმა ჯვაროსნებმა 2:6 წააგეს სამხრეთ აფრიკა 2010ის შესარჩევი მატჩი ბულგარეთში;
2014 წელს საქართველომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 3:0 გაიმარჯვა გიბრალტართან სტუმრად, ევრო 2016ის შესარჩევში.

6: გიორგი ლორიამ ეროვნულ ნაკრებში მესამოცედ ითამაშა და პირველად უკაპიტნა გუნდს.
ის ჯვაროსნების ისტორიაში 22ე კაპიტანია. ასევე ერთხელ მოურგიათ კაპიტნის სამკლავური გელა კეტაშვილს, ლაშა ჯაკობიას, ირაკლი ზოიძეს, გიორგი შაშიაშვილს და გიორგი ნავალოვსკის.

7: ხვიჩა კავარცხელიამ პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით.

8: ნიკა კვეკვესკირმა და ვაკო გვილიამ 30ედ ითამაშეს ეროვნულში.

9: საბა კვირკველიასთვის და გიორგი ნავალოვსკისთვის გუშინდელი მატჩი მე40 იყო ეროვნულ გუნდში.

10: ვაკო ყაზაიშვილმა 50ედ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 15 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian