1:2 სომხეთთან – 10 ფაქტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას III ერთა ლიგას კვლავ C დივიზიონში შეხვდება. სომხეთთან 1:2ის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ვაისის გუნდი დივიზიონს ვეღარ მოიგებს და ვერც დაქვეითდება.
ზეგ, 18 ნოემბერს, ეროვნული ესტონეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მაქსიმუმ II ადგილამდე თუ აღზევდება.
გუშინდელი სამარცხვინო თამაშის გარჩევის სურვილი ნაღდად არ მაქვს. ეს იყო კატასტროფა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და რომელიც ჯვაროსნებმა, სამწუხაროდ, თავიდან ვერ აიცილეს.
გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს მთავარი საფეხბურთო გუნდი ასე სამარცხვინოდ ასრულებს 2020 წელს. არადა, მართლა დიდი იმედი მქონდა, რომ ნოემბრის საშინაო მატჩების შემდეგ სულ სხვა განწყობაზე ვიქნებოდი და ეს თამაშები მაინც გამომისწორებდა ამ დანავსული წელიწადით გაფუჭებულ ხასიათს…
აღარ გავაგრძელებ: 10 ფაქტი, რომელიც გუშინდელი კატასტროფის შემდეგ მოვიძიე. თუ საამისო სურვილი შემოგრჩათ, იხილეთ:

1: სომხეთთან მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საიუბილეო, მე100 საშინაო თამაში იყო.
43 გამარჯვება, 26 ფრე და 31 წაგება, ბურთების შეფარდება 140:101 – ასეთია ნაკრების „საშინაო სტატისტიკა“ გუშინდელი მარცხის შემდეგ.

2: გევორქ ღაზარიანის გოლი (0:1, 33ე წუთი) 350ეა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაუშვა.

3: საქართველომ მეორედ უმასპინძლა სომხეთის ნაკრებს და პირველად დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მეტოქეთა სულ პირველი პაექრობა, 1997 წლის 30 მარტს, ასევე ეროვნულ სტადიონზე გაიმართა – დავით ყიფიანის სადებიუტო შეხვედრა ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე ქართველების 7:0 გამარჯვებით დასრულდა.
3 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება, ბურთების შეფარდება – 14:8. ასეთია საქართველოს და სომხეთის ნაკრების სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ.

4: საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად დამარცხდა უეფას ერთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში.
2018-19 წლების და მიმდინარე გათამაშებაში ჯვაროსნებმა აქამდე ჩატარებული 10 თამაშიდან 6 მოიგეს, 4ჯერ კი ფრედ ითამაშეს.
ამ ტურნირში საქართველო ბოლო დაუმარცხებელი გუნდი იყო. ერთი დღით ადრე, ასევე საშინაო თამაში წააგო მანამდე უძლეველმა პორტუგალიამ (საფრანგეთთან 0:1).

5: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში მეხუთედ ითამაშა 15 ნოემბერს და მესამედ დამარცხდა. მოგება, ფრე და 3 წაგება – ასეთია ჯვაროსნების სტატისტიკა ამ დღეს:
1995, ევროშესარჩევი – მოლდოვა 2:3 (კიშინიოვი)
2006, ამხანაგური – ურუგვაი 2:0 (თბილისი)
2018, ერთა ლიგა – ანდორა 1:1 (ანდორა ლა ველია)
2019, ევროშესარჩევი – შვეიცარია 0:1 (სენტ-გალენი)

ეროვნული ნაკრები

2020 წლის 15 ნოემბერი, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): ვაკო გვილია, დავით ხოჭოლავა, გია გრიგალავა, გიორგი აბურჯანია, ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი მაკარიძე. პირველ რიგში: ჯაბა კანკავა, საბა ლობჟანიძე, ზურაბ დავითაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური

6: საქართველოს ეროვნული ნაკრები 2011 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა ზედიზედ 2 საშინაო მატჩში.
9 წლის წინ, ევრო 2012ის საკვალიფიკაციო ტურნირში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ ლატვიასთან წააგო 0:1 (2 სექტემბერს), შემდეგ კი საბერძნეთთან დამარცხდა (11 ოქტომბერს).

7: ვლადიმირ ვაისმა 47ე მატჩში უხელმძღვანელა საქართველოს ნაკრებს. 16 მოგება, ამდენივე წაგება და 15 ფრე – ასეთია სლოვაკი სპეციალისტის შედეგი ეროვნულ გუნდში.
ვაისზე მეტი თამაში ჯვაროსანთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მხოლოდ ალექსანდრე ჩივაძემ (18 – 35დან) და თემურ ქეცბაიამ (18 – 40დან) წააგეს.

8: საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ვლადიმირ ვაისი მხოლოდ მე2 მწვრთნელია, რომელმაც კალენდარულ წელიწადში ერთზე მეტჯერ ითამაშა მეტოქეთა მოედანზე და არ დამარცხდა – მოგება და 2 ფრე (ერთი ნეიტრალურ მინდორზე).
პირველი, ვინც ასეთი რამ მოახერხა, თემურ ქეცბაია გახლდათ. 2010 წელს მისმა საქართველომ 5 გასვლითი მატჩი გამართა (მათ შორის ერთი ნეიტრალურ მოედანზე), 1 მოიგო და 4ჯერ ფრედ ითამაშა.

9: საქართველოს და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვლადიმირ ვაისი მეოთხედ დაუპირისპირდა სომხეთს და მესამედ დამარცხდა.
მისმა სლოვაკეთმა სომხებთან ორივე თამაში წააგო – 1:3 ერევანში (2010) და 0:4 ჟილინაში (2011).

10: ჯაბა კანკავამ 92ედ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და ამ შედეგით ზურაბ ხიზანიშვილს გაუთანაბრდა.
მათზე წინ მხოლოდ ლევან კობიაშვილია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ქვეყნის პირველ გუნდში ზუსტად 100ჯერ ითამაშა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 16 ნოემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian