10 ამბავი გიბრალტარზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები რამდენიმე საათში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მომდევნო, მე-7 შესარჩევ შეხვედრას გამართავს – ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე გიბრალტარია.
ბრიტანელები D საკვალიფიკაციო ჯგუფის მაჩანჩალები არიან – ყველა, ხუთივე მატჩი წააგეს. იმედია ვერც დღეს გატეხავენ ნავსს და ჩინებული იქნება, თუ უგოლო სერიასაც გააგრძელებენ – ამ შესარჩევში გიბრალტარელებს გოლი არ გაუტანიათ, თავად კი 16 ბურთი გაუშვეს.
დღევანდელი მატჩი, რომელსაც გიბრალტარის მთავარი სპორტული არენა – ვიკტორია სთედიუმი უმასპინძლებს, გუნდების მე-4 დაპირისპირებაა.
მეტოქეებმა ერთმანეთი ევრო 2016-ის შესარჩევში გაიცნეს: 2014 წლის 14 ოქტომბერს ქართველებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 3:0 გაიმარჯვეს (თამაში პორტუგალიის ქალაქ ლულეში შედგა), 2015 წლის 8 ოქტომბერს კი გიბრალტარელები თბილისს ეწვივნენ და ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა 0:4-ით დატოვეს. იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს უკვე კახი ცხადაძე წვრთნიდა.
4 თვის წინ გიბრალტარის ნაკრებმა მეორედ ითამაშა საქართველოს დედაქალაქში და კვლავ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. 7 ივნისს გამართულ მატჩში გოლები ვაკო გვილიამ, გიორგი პაპუნაშვილმა და ვატო არველაძემ (პენალტი) გაიტანეს.
3 თამაში, 3 მოგება, 10 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი. ვაისის გუნდი მოახლოებულ მატჩს ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკით ხვდება. დღევანდელი მატჩის შემდეგ ეს მონაცემები, იმედია, ყველა მიმართულებით უფრო შთამბეჭდავი გახდება, თამაშამდე კი გიბრალტარის შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ:

1: ტერიტორიით და მოსახლეობით გიბრალტარი უეფას წევრი ქვეყნებიდან ყველაზე პატარაა. იქ მხოლოდ 600 რეგისტრირებული ფეხბურთელია.

2: ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ფიფას წევრობა ჯერ კიდევ 1999 წელს სურდა, თუმცა მიზანს მხოლოდ 2016 წლის 13 მაისს უწია – დიდ საფეხბურთო ოჯახს 211-ე წევრად შეუერთდა.

3: ფიფაში შესვლამდე გიბრალტარმა უეფას წევრის სტატუსი მოიპოვა. ეს 2013 წლის 24 მაისს მოხდა ლონდონში. ახალი წევრის მიღებას ესპანეთის და ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციების გარდა ყველამ მხარი დაუჭირა.

4: გიბრალტარის ჩემპიონატის მატჩები ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ვიქტორიაზე ტარდება.

5: 41 თამაშით გიბრალტარის ნაკრების რეკორდსმენი ლაიამ უოკერია.

6: ეროვნულ გუნდს 4 საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს – ლი კაშიარომ, ჯოსეფ ჩიპოლინამ, ჯეიკ გოსლინგმა და ლაიამ უოკერმა 2-2 გოლის გატანა შეძლეს.

7: სადებიუტო ოფიციალური შეჯიბრება, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირი გიბრალტარმა ყველა, ათივე მატჩის წაგებით და 56 გაშვებული გოლით დაასრულა. ამდენი ბურთი ერთმა ნაკრებმა 10-ტურიან საკვალიფიკაციოში პირველად მიიღო. ძველი ანტირეკორდი სან მარინოს ეკუთვნოდა – -53 ბურთი.

8: ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე მეტი, 5 შეხვედრა ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ფრე და 4 მარცხი – ასეთია ბალტიისპირელებთან საერთო შედეგი.

9: გიბრალტარის ნაკრებმა ფიფას ეგიდით გამართული 43 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო, აქედან 3 შარშან: ლატვიასთან და სომხეთთან 1:0, ლიხტენშტაინთან 2:1.

10: ფეხბურთი გიბრალტარში ყველაზე პოპულარული სპორტია, მეორე ადგილზეა კრიკეტი, მესამეზე კი დართსი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 15 ოქტომბერი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian