11 ისტორია: დევიდ ბექემი
პოპულარულ ინგლისურ საფეხბურთო ჟურნალ FourFourTwoს ერთი კარგი რუბრიკა აქვს: ყოველ ნომერში ფეხბურთის ვარსკვლავები გულშემატკივართა კითხვებს პასუხობენ.
კლასიკური ინტერვიუსგან განსხვავებით, ასეთი ვარიანტი არანაკლებ საინტერესოა: ფანები ხშირად იმ თემებს იხსენებენ, რომლებიც მოთამაშეებისთვის, შესაძლოა, არცთუ სასიამოვნო მოსაგონარი იყოს, პასუხები კი, როგორც წესი, გულღია და ნაღდია.
დევიდ ბექემს წარდგენა არ სჭირდება. ახლო წარსულის ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ფანებთან 11 ისტორია გაიხსენა.
კანტონასგან მიღებული მე7 ნომერი:
ამ ნომრით მანჩესტერ იუნაიტედში ბევრი ლეგენდა თამაშობდა: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა…
ბესტი ნაღდად არ მახსოვს, რობსონი კი ჩემი კერპი იყო!
როცა კანტო გუნდიდან წავიდა, მე7 ნომერი ვითხოვე და დამითმეს.
მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ეს ნომერი ერთგვარი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ წამითაც არ მინერვიულია. ამ გამოწვევის, ისევე როგორც სხვებისა, არასდროს მეშინოდა. პირიქით, კანტონას მაისური ჩემთვის ერთგვარი მოტივატორიც აღმოჩნდა.
მოედნის ცენტრიდან შეგდებული გოლი:
როცა სელჰარსტ პარკზე გატანილ იმ გოლს ვუყურებ, ყოველთვის ვღელავ – საოცარი ბურთი გამოდგა!
მოგვიანებით ერთმა ფოტოგრაფმა ზურგს უკნიდან გადაღებული ფოტო გამომიგზავნა: დარტყმის შემდეგაა გადაღებული, კადრში უიმბლდონის კარს უკანა ტრიბუნა ჩანს, ბადეში გახვეული ბურთი, შემხტარი ფანები და ჩემები: მშობლები და და, რომლებიც იმ დღეს სტადიონზე იყვნენ.
ცენტრიდან გოლის გატანა მანამდეც ვცადე და შემდეგაც, თუმცა აღარ გამომივიდა…
ისე, ბევრს უთქვამს, რომ მსგავსი გოლის გატანაზე ოცნებოდნენ.
გაძევება მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში:
არგენტინასთან პენალტებში წაგების შემდეგ მძიმე დღეები გადავიტანე, ლამის ყველა მე მადანაშაულებდა, პრესა მხოლოდ ჩემზე წერდა და უჭკუო ბავშვს მეძახდა, ამბობდნენ, რომ ჩემი ფეხბურთი დამთავრდა და რომ ჩემთვის მთავარი თამაში კი არა, მხოლოდ ვიქტორია და პოპულარობა იყო.
ინგლისში რომ დავბრუნდით, სერ ალექსმა ერთი კვირით გამიხანგრძლივა შვებულება. მისი თანადგომა ფასდაუდებელი იყო. კი, იუნაიტედის გულშემატკივრები კვლავ ტაშს მიკრავდნენ და მამხნევებდნენ, მაგრამ მეტოქეთა სტადიონზე გასვლა პირველ თვეებში ნაღდი კოშმარი იყო!
ვნანობ თუ არა იმ ამბავს? რა თქმა უნდა ვნანობ, ნერვებს არ უნდა ავყოლოდი.
იუნაიტედთან არგაფორმებული კონტრაქტი:
2002ის გაზაფხულზე, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი ხელშეკრულება შემომთავაზა. დიდხანს არ მიფიქრია – ხელი მოვაწერე.
გავიდა ერთი წელიწადი და გუნდმა ახალი, კვლავ 4წლიანი კონტრაქტი დამიდო წინ.
მაშინ ვფიქრობდი, რომ დიახ, ოლდ ტრაფორდი იყო ის ადგილი, სადაც კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი, მაგრამ სანამ ახალ ხელშეკრულებაზე ვფიქრობდი, შევიტყვე, რომ გუნდს ჩემი გაყიდვა სურდა და ახალ კონტრაქტში ჩადებული მუხლით მეტი თანხის მიღება.
ამან ძალიან გამაღიზიანა და 2003ის მაისში ამიტომაც აღარ გავაფორმე ახალი ხელშეკრულება. ძველი კონტრაქტით 3 წელი მქონდა დარჩენილი და ჩავთვალე, რომ თუ გუნდი ახალი წინადადებით აღარ მომმართავდა, ეს დროც საკმარისი იქნებოდა.
დაპირისპირება სერ ალექსთან:
ამ თემაზე ბევრჯერ დაიწერა და რა ვიცი, აქვს აზრი მის კიდევ ერთხელ გახსენებას?!
მადლობელი ვარ ბედის, რომ სერ ალექს ფერგიუსონთან შემახვედრა. მან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ის ოცნებების ახდენაში დამეხმარა და ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები, მაგრამ… იცით… ფეხბურთელის და მწვრთნელის ურთიერთობაში ყოველთვისაა კარგი და ცუდი დღეები…
მასთან იმ ცნობილი კამათის შემდეგ თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ გუნდს ჩემი დატოვება არ სურდა, ხელმძღვანელობა კი ამ გადაწყვეტილებას მენეჯერის გარეშე ვერ მიიღებდა.
მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, რომელსაც ვერ გავუძელი და ამიტომაც წავედი.
შესაძლო ტრანსფერი ბარსელონაში:
არასდროს დამიმალავს და ლამის ყველა ინტერვიუში ვამბობდი, რომ კარიერის მანჩესტერ იუნაიტედში დასრულება მსურდა. ეს იყო კლუბი, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობდი, რომელიც მიყვარდა… მაგრამ მათ სხვანაირად გადაწყვიტეს.
როცა შევიტყვე, რომ კლუბის წარმომადგენლები ბარსელონაში იყვნენ და ჟოან ლაპორტასთან ათანხმებდნენ მომავალი ტრანსფერის დეტალებს, ძალიან გავბრაზდი.
არა, ბარსას წინააღმდეგი ნაღდად არაფერი მქონდა, პირიქით, დიდებული კლუბია და ჩემთვის პატივი იყო მათი დაინტერესება, მაგრამ გარშემო ყველამ კარგად იცოდა, რომ თუ ოდესმე იუნაიტედიდან წავიდოდი, მხოლოდ რეალში.
2003ის გაზაფხულზე ბევრი წერდა, რომ მალე ბარსას ფეხბურთელი გავხდებოდი, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი – ეს არასდროს მოხდებოდა!
ერიკ კანტონა თუ ზინედინ ზიდანი?
კანტო ოლდ ტრაფორდის მეფეა და ყოველთვის ასეთად დარჩება. მან ისეთი კვალი დატოვა მანჩესტერში, რომ მას ვერაფერი წაშლის.
მაგრამ მაინც ზიზუს ვარჩევ, ზიდანი ძალიან დიდია!
ისე, ძალიან კი გამიმართლა: ისეთ ბიჭებთან ერთად ვითაამაშე ფეხბურთი, უკეთესი ძნელი სანატრელია!
ევრო 2004ზე, პორტუგალიასთან აცილებული პენალტი:
მახსოვს, იმ წამს გავიფიქრე: რა ჯანდაბა მოხდა?!
ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ბურთი ტრიბუნაზე გავუშვი! ასე ცუდად პენალტი არასდროს დამირტყამს, არც მანამდე და არც მას შემდეგ! მომხდარის დაჯერება მიჭირდა…
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ბიჭმა, რომელმაც ჩემი დარტყმის შემდეგ ბურთი დაიჭირა, ის 32 ათას გირვანქად გაყიდა. შემეძლო თუ არა იმ ბურთის შეძენა? კი, როგორ არა, მაგრამ ერთი წამითაც არ მქონია ამის სურვილი.
ყველაზე უცნაური ჭორები:
ო, ღმერთო ჩემო! ჟურნალისტები ათას სისულელეს წერდნენ და ხალხიც უმალ აიტაცებდა სხვადასხვა თემას.
რომელი ერთი გავიხსენო?
მაგალითად ძალიან პოპულარული იყო ჭორი, თითქოს მანჩესტერში მხოლოდ სათამაშოდ ჩავდიოდი, დანარჩენ დროს კი ლონდონში ვატარებდი. კი, იქ სახლი მაქვს, სადაც ვჩერდებოდი ხოლმე, მაგრამ იუნაიტედში გატარებულ წლებში მხოლოდ მანჩესტერში ვცხოვრობდი. მახსოვს, ამ ამბავზე ერთხელ ფერგიუსონმაც გააკეთა კომენტარი. როგორც ჩანს, მწვრთნელს ჭორები ყელში ამოუვიდა…
კიდევ ის მახსოვს, თითქოს შვილს, როცა 5 წლის გახდა, 25 ათასად ბრილიანტის საყურეები ვუყიდე. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელე იყო…
იმასაც წერდნენ, თითქოს ინგლისის ნაკრებში გუნდთან ერთად კი არ ვიყავი სასტუმროში, სხვა, უფრო ძვირადღირებულ აპარტამენტებში ვჩერდებოდი…
სრული აბსურდი!
თაყვანისმცემლები და პაპარაცები:
გულშემატკივრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ავტოგრაფებსაც სიამოვნებით ვარიგებ და ფოტოების გადაღებაც არ არის პრობლემა, ოღონდ თუ გოგო წივილ-კივილით მორბის და გიჟივით მეხუტება, ასე არაფერი გამოვა. ასეთებს ყოველთვის თავს ვარიდებდი და ასე იქნება მომავალშიც.
მაგრამ პატარა გულშემატკივრებს აუცილებლად ჩავეხუტები! ატირებულ ბავშვებს ვერ ვუძლებ და თან, აბა ვის სიამოვნებს თვალცრემლიანი პატარების დანახვა?
პაპარაცები კი სხვა საკითხია. ვერ ვიტყვი, რომ მათთან დიდი შეხლა-შემოხლა მქონდა, ყოველთვის მაქსიმალურად თავს ვარიდებდი და რაიმე დაძაბული ამბავი, ახლა რომ ვფიქრობ, არც მქონია.
შესაძლო ცვლილებები:
ამის შესახებ ხშირად უკითხავთ. კი, ბევრი უსიამოვნო მომენტი გადავიტანე, თუნდაც 1998 წლის ზაფხული, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად არაფერს შევცვლიდი.
1999 წლის საოცარი გაზაფხული და ზოგადად, ის წელიწადი დიდებული რომ გამოდგა, სწორედ 1998 წელს მიღებული გაკვეთილების გამოისობით.
მოკლედ, არაფერს შევცვლიდი, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო.
ერთადერთი, ალბათ, უფრო მოვინდომებდი.
დევიდ ბექემი
დაიბადა 1975 წლის 2 მაისს ლონდონში
კლუბები: მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი; 1992-2003), რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 2003-07), ლოს ანჯელეს გელექსი (აშშ; 2007-12), მილანი (იტალია; 2009, 2010), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი; 2012-13)
ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003; ინგლისის თასი – 1996, 1999; ინგლისის სუპერთასი – 1996, 1997; ესპანეთის ჩემპიონი – 2007; ესპანეთის სუპერთასი – 2003; ამერიკის ჩემპიონი – 2011, 2012; საფრანგეთის ჩემპიონი – 2013; ჩემპიონთა ლიგა – 1999; საკონტინენტთაშორისო თასი – 1999
ინგლისის ნაკრებში: 115 მატჩი, 17 გოლი (1996-2009)
თარგმნა ლაშა გოდუაძემ (2021 წლის 9 აპრილი)