116 – დავით კაჭარავა ბორჯღალოსნების რეკორდსმენია!
2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა ედინბურგში, სარაგბო არენა მარიფილდზე ბოლო რეპეტიცია გაიარა და მასპინძელ შოტლანდიასთან დასკვნით წუთებამდე თამაშში დარჩა, მაგრამ კლასით უკეთესმა მეტოქემ ჩვენი გუნდის ყველა შეცდომა გამოიყენა და 36:9 იმარჯვა.
გუშინდელი ტესტი 116-ე იყო დავით კაჭარავასთვის, რომელმაც მერაბ კვირიკაშვილს გადაასწრო და ბორჯღალოსნების კვართით ჩატარებული მატჩების რაოდენობით დაწინაურდა.
კაჭარავა 2006 წლიდან ასპარეზობს ქვეყნის მთავარ გუნდში. 116 ტესტიდან 98 შემთხვევაში ის სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, 18-ჯერ კი შეცვლაზე ჩაერთო. ხსენებული 116 თამაშიდან ბორჯღალოსნებმა 76 მოიგეს, 37-ჯერ დამარცხდნენ, 3 თამაში კი ფრედ დაასრულეს.
116 სანაკრებო კეპში დავით კაჭარავამ 22 ლელოს წყალობით 110 ქულა მოიხვეჭა. 22 ლელოთი ის გუნდის ისტორიაში მეოთხეა. მასზე ხშირად მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი მხოლოდ მამუკა გორგოძეს (26-ჯერ), ირაკლი მაჩხანელს (23) და თედო ზიბზიბაძეს (23) დაუმიწებიათ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსანთა ისტორიაში მხოლოდ 3 ცენტურიონია (100 და მეტი ტესტი): დავით კაჭარავა – 116, მერაბ კვირიკაშვილი – 115 და გიორგი ჩხაიძე – 100.
საქართველოს ნაკრები შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში გაემგზავრება, მანამდე კი შევსებას მიიღებს – ხვალ, 8 სექტემბერს გუნდს ლონდონის აეროპორტში მამუკა გორგოძე შეუერთდება.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 სექტემბერი)