13 მაისი ორმოცი წლისაა

1981 წლის 13 მაისს, როცა ჩვენმა დინამომ თასების თასი მოიგო, სამი წლისაც არ ვიყავი. ცხადია არც თბილისის იმღამინდელი სიგიჟე მახსოვს – ალბათ ტკბილად თუ მეძინა.
დინამოელების დიუსელდორფული ტრიუმფის და სიხარულის ზღვაში ჩაძირული ქალაქის შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ შევიტყვე. იმ დროს ბურთის დევნა ყველაფერს მერჩივნა, სპორტული ჟურნალ-გაზეთების და წიგნების კითხვა კი საყვარელი საქმე იყო.

წლების შემდეგ, როცა სკოლა დავამთავრე და პროფესიად სპორტული, უფრო კონკრეტულად კი საფეხბურთო ჟურნალისტობა ავირჩიე, თასების თასის მოგების შესახებ მეტი შევიტყვე, მათ შორის ფინალის მონაწილეებისგან.

დრო გადიოდა, ჩემს არქივში კი 1981 წლის დინამოელების შესახებ გამოქვეყნებული წერილების რაოდენობა იზრდებოდა. თუმცა მხოლოდ სტატიები არა – წიგნები, ფოტოები, პროგრამები, საგაზეთო ამონაჭრები, ბუკლეტები… ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც იმ გათამაშებას უკავშირდებოდა.

შეკრებილი მასალების შემხედვარეს, 13 მაისის შესახებ წიგნის გამოცემის სურვილი პირველად თხუთმეტი წლის წინ გამიჩნდა. იმხანად ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი და მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ამბავი არ გამოვიდა, მაშინ, 2006 წლის მაისში გამარჯვების ოცდახუთი წლის იუბილე საერთო ძალისხმევით მაინც აღინიშნა.

2016 წლის მაისში კი ჩანაფიქრი მაინც განვახორციელე – ჩემი მოკრძალებული სურვილი ქართული სპორტის მუზეუმის დახმარებით რეალობად იქცა. იმ წიგნის პრეზენტაცია, იმავე მუზეუმის ძალისხმევით, საკმაოდ პომპეზურად აღინიშნა – ჯერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულოში.

ის წიგნი-ალბომი დიდი გამარჯვების ერთგვარი შეჯამება იყო – თასების თასთან დაკავშირებულ, არ შემეშინდება ამის თქმა, ყველა საუკეთესო წერილს თავი მოვუყარე და ერთ გამოცემაში გავაერთიანე. თუ გადაჭარბებულად არ მოგეჩვენებათ, მოკრძალებული სადღეგრძელოსავით გამოვიდა: ჩვენო ძვირფასო დინამოელებო, გვიყვარხართ და გაფასებთ!

ის ამბები რომ დასრულდა, ჩემთვის გავიფიქრე, რომ 13 მაისთან და დინამოსთან დაკავშირებით მე, როგორც გულშემატკივარმა და საფეხბურთო ჟურნალისტმა, ჩემი მოკრძალებული ვალი მოვიხადე. და რომ ერთი წლის შემდეგ, როცა კვლავ გათენდებოდა 13 მაისი, მშვიდად შევხვდებოდი ამ დღეს.

მაგრამ იმ წიგნის პრეზენტაციიდან აგერ უკვე მეხუთე 13 მაისი გათენდა და როგორც ყოველთვის ამ დღეს, უცნაურ სიხარულს ვგრძნობ. რომ აი, ჩემი საყვარელი კლუბი, თუნდაც ამდენი წლის წინ, ასეთი მაგარი იყო და დღეს მე იმ დიდი გუნდის ვარსკვლავებს და მათი ოჯახის წევრებს პირადად ვიცნობ.

ახლა რომ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი: წლების შემდეგ კიდევ მივუბრუნდები 1981 წლის 13 მაისს და ალბათ რამე პროექტს გავაკეთებ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ დღესთან დაკავშირებით.

როდის მოხდება ეს, არ ვიცი, მაგრამ მანამდე იმ დიდი გუნდისადმი და დინამოელებისადმი მადლიერების გამოხატვა არასდროს დამზარდება.

და რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია, ასე დავწერ: მადლობა დინამოს და თქვენ, დინამოელებო, რომ ის 13 მაისი გვაჩუქეთ!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 13 მაისი)

ka_GEGeorgian