13 მაისის 35 წლის იუბილე დედაქალაქის საკრებულოში

დღეს საქართველომ ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვების, თბილისის დინამოს მიერ უეფას თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე იზეიმა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის და დედაქალაქის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა.

საკრებულოში ვეტერან დინამოელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა, გულშემატკივრებმა და ქართული სპორტის ვარსკვლავებმა უმასპინძლეს. ქართული სპორტის მუზეუმის ინიციატივით საკრებულოში დინამოს დიდი გამარჯვების ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: 1981 წლის 13 მაისს ჩვენმა ფეხბურთმა ყველაზე დიდი და ლამაზი გამარჯვება იზეიმა – უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის დინამომ იენის კარლ ცაისი 2:1 დაამარცხა და პრესტიჟული ევროთასი აღმართა! გუნდი, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო, ძალიან ძლიერი გახლდათ და ეს მხოლოდ ქართული ფეხბურთის ქომაგთა აზრი არაა. დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვების შესაფასებლად საკმაო დრო გავიდა. 1981 წლის 13 მაისი ოქროს ასოებითაა შესული ქართული სპორტის ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ამ თარიღს ჩვენი სპორტის მოყვარულები ყოველთვის დიდი სიამაყით გაიხსენებენ. სასიამოვნოა, რომ ამ დიდ იუბილეს ქართული სპორტის მუზეუმმა შესანიშნავი წიგნი უძღვნა, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ გამარჯვებას დავიწყება არ უწერია. ვულოცავ ამ თარიღს ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და ყველას, ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს!

1981 წლის დინამოს კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ თქვა: „მიხარია, რომ ჩვენ, ვეტერანები თქვენგან, გულშემატკივრებისგან ასეთ დიდი პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობთ. მსურს ამ იუბილეს ყველა ორგანიზატორს ჩემი და დინამოელების სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმს, თბილისის დინამოს, დედაქალაქის მერიას, საკრებულოს… ყველამ დიდი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიებაში და ჩვენ მადლობის მეტრი არაფერი გვეთქმის. დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის“!

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა საიუბილეო საღამოს ორგანიზატორებისგან უამრავი საჩუქარი მიიღეს.

ქართული სპორტის მუზეუმის თანამშრომელმა ქეთევან შარაბიძემ „დინამო, დინამოს“ ლეგენდარული სიმღერის ავტორს ვაჟა აზარაშვილი სპეციალური პრიზი გადასცა.

35 წლის საიუბილეო საღამომდე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე თასების მფლობელთა თასის მომგები დინამოს შემადგენლობის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნა. მოგვიანებით ვეტერან ფეხბურთელებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II უმასპინძლა, რომელმაც დინამოელები დალოცა და წმინდა თამარ მეფის დღის აღსანიშნავად ხატით დააჯილდოვა.

საღამოს ღონისძიებამდე დინამოს 1981 წლის შემადგენლობის წევრებს, ოთარ გაბელიას და ვლადიმერ გუცაევს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც სპეციალურად ამ იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის – „13 მაისის 35 წლის იუბილე 1981-2016“ – პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩვენთვის, ვეტერანი ფეხბურთელებისთვის სასიხარულოა, რომ ახალი თაობა კვლავ აღნიშნავს იმ დიდი გამარჯვების იუბილეს, 35 წლის წინ რომ მოვიპოვეთ დიუსელდორფში. მიხარია, რომ ქართული სპორტის მუზეუმმა ასეთი ლამაზი გამოცემა მიუძღვნა დინამოს იმ გამარჯვებას. მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო 35 წლის იუბილეს ასე ლამაზად აღნიშვნისთვის“, – განაცხადა 1981 წლის 13 მაისს ფინალურ მატჩში დინამოელთა პირველი გოლის ავტორმა ვლადიმერ გუცაევმა.


ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 13 მაისი)
ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian