იაპონია 2019: 15 საინტერესო ამბავი რაგბის მსოფლიო თასზე

სულ ცოტაც და რაგბის მსოფლიო თასი დაიწყება – უდიდეს ტურნირს იაპონია მასპინძლობს.
მთავარი სარაგბო შეჯიბრი პირველად ტარდება ეგრეთ წოდებულ მეორე დონის სარაგბო ქვეყანაში, ულამაზესი ჯილდო – უებ ელისის თასის კი ისტორიაში მეცხრედ გათამაშდება.
გახდება თუ არა ახალი ზელანდია კიდევ ერთხელ ჩემპიონი?
შეძლებენ ავსტრალია/სამხრეთ აფრიკა ან 6 ერის წევრები ოლ ბლექსის ჰეგემონიის შეწყვეტას?
გაიხარებს თუ არა იაპონელი ქომაგი საყვარელი გუნდის ჯგუფიდან გასვლით?
გაიმეორებს საქართველოს ნაკრები 4 წლის წინანდელ შედეგს?
ამ და სხვა უამრავ კითხვას მომდევნო თვენახევრის განმავლობაში გაეცემა პასუხი, მანამდე კი რაგბის მსოფლიო თასის შესახებ 15 საინტერესო ამბით შევიქციოთ თავი.

1: ახალი ზელანდია პირველი და ერთადერთია, რომელმაც მსოფლიო თასი 3-ჯერ მოიგო (1987, 2011, 2015) და ასევე პირველი და ერთადერთი, რომელმაც ტიტული დაიცვა (2011, 2015).

2: ახალი ზელანდიის ნაკრებმა 3-ჯერ ითამაშა მსოფლიო თასის გახსნის მატჩში და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა: 1987 წელს იტალიასთან, 1991 წელს ინგლისთან, 2011 წელს კი ტონგასთან. ასევე 3-ჯერ გახსნა ტურნირი არგენტინამ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოიგო – 2007 წელს საფრანგეთთან, 1999 და 2003 წლებში კი, შესაბამისად, უელსთან და არგენტინასთან წააგო.

3: ახალი ზელანდია, საფრანგეთი და ავსტრალიაა ის 3 გუნდი, რომელმაც ყველა მსოფლიო თასზე ითამაშა და მინიმუმ 1/4-ფინალში გავიდა. სამხრეთი აფრიკა 1995 წლიდან ასპარეზობს ტურნირში და ისიც ყველა შემთხვევაში ახერხებს ჯგუფიდან გასვლას.

4: საფრანგეთი ერთადერთი არაინგლისურენოვანი ქვეყანაა, რომლის ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალში იასპარეზა – 1987, 1999 და 2011 წლებში.

5: 2011 წელს საფრანგეთი 2-ჯერ დამარცხდა ჯგუფში, თუმცა მაინც გავიდა ფინალში, რაც უნიკალური შემთხვევაა. 2001 და 2007 წლებში ინგლისმა ერთი მარცხი იწვნია და მაინც მოახერხა ფინალამდე მისვლა.

6: იაპონია ერთადერთია, რომელმაც ჯგუფში 3 მატჩი მოიგო, მაგრამ 1/4-ფინალში გასვლა ვერ შეძლო. 2015 წელს, ინგლისში, ამომავალი მზის ქვეყნის გუნდი სამხრეთი აფრიკას და შოტლანდიას ჩამორჩა.

7: იტალია პირველი დონის სარაგბო ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელმაც ჯერ ვერ მოახერხა 1/4-ფინალში გასვლა.

8: მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან ყველა მსოფლიო თასზე მხოლოდ კანადამ და იაპონიამ ითამაშეს.

9: ბოლო, 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალი ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის ყველაზე შედეგიანი გადამწყვეტი მატჩია: ზელანდიელებმა 34:17 გაიმარჯვეს.

10: ოკლენდის იდენ პარკი პირველი სტადიონია, სადაც რაგბის მსოფლიო თასის ფინალი 2-ჯერ გაიმართა – 1987 და 2011 წლებში. 2015 წელს თვიქნემმა (ინგლისი) ასევე მეორედ უმასპინძლა ტურნირის მთავარ შეხვედრას. პირველად 1991 წელს.

11: კარდიფმა (უელსი) 4 მსოფლიო თასის ეგიდით გამართულ მატჩებს უმასპინძლა, რაც რეკორდია. უელსის უდიდეს ქალაქში 1991, 1999, 2007 და 2015 წლებში ითამაშეს.

12: 2003 წლის 24 ოქტომბერს ავსტრალიამ 142:0 დაამარცხა ნამიბია. ავსტრალიელებმა მეტოქე 22-ჯერ დაალელოვეს, რაც რეკორდია.

13: 2003 წლის 24 ოქტომბერს ავსტრალიამ 142:0 დაამარცხა ნამიბია. 142-ქულიანი უპირატესობა ყველაზე დიდია მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე.

14: 1995 წლის 4 ივნისს ახალმა ზელანდიამ 145:17 მოუგო იაპონიას. ერთ მატჩში ამდენი ქულა სხვა გუნდს არ აუღია.

15: 89 867 – 2015 წლის 27 სექტემბერს ლონდონში, უემბლიზე ირლანდია-რუმინეთის ჯახს ამდენი მაყურებელი დაესწრო და რეკორდია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 სექტემბერი)

ka_GEGeorgian