1941-1945: მინსკის მუზეუმში
ოდესღაც დოსტოევსკიმ იკითხა: მოეძებნება თუ არა გამართლება სამყაროს, ჩვენს ბედნიერებასა და თვით მარადიულ ჰარმონიასაც კი, თუ ყოველივე ამისათვის, მისი ფუნდამენტის სიმტკიცისთვის უცოდველი ბავშვის თუნდაც ერთი ცრემლი დაიღვრება?
საკუთარ კითხვას მწერალმა თავადვე უპასუხა:
ეს ცრემლი ვერ გაამართლებს ვერანაირ პროგრესს, ვერანაირ რევოლუციას.
ვერც ერთ ომს.
ნებისმიერ რამეს გადაწონის ერთადერთი ცრემლი.
მინსკს ბომბავენ, სარდაფში ვიმალებით…
იქიდან დღის სინათლეზე როცა გამოვდივარ, მზე თვალს მჭრის, ძრავების გრგვინვა მაყრუებს – ქუჩაში ტანკები დადიან…
დედა ყველას ერთსა და იმავეს უმეორებს: სახლი დაგვეწვა…
სულმუდამ გვშია…
რამდენიმე წლის შემდეგ დედამ ბავშვთა სახლიდან ჩემი დაიკო წამოიყვანა, რომელიც თავიდან ვერ მცნობდა. ომის წლებში გამიუცხოვდა, სულ დავავიწყდი. მე კი ისე მიხაროდა დაიკო რომ მყავდა…
სკოლიდან შინ მოვედი და ომიდან დაბრუნებული მამა ტახტზე მძინარე დამხვდა. საბუთები ამოვაცალე, არ გაღვიძებია. წავიკითხე და მივხვდი, რომ მამა იყო. ვიჯექი და მძინარეს დავყურებდი.
მთელი იმ ხნის მანძილზე მუხლები მიკანკალებდა…
ლიონია ხოსენევიჩი, 5 წლის (ამჟამად კონსტრუქტორი)
სკოლაში ჩემ წინ ერთი გოგო იჯდა, ანია. დედ-მამა დაეღუპა, ბებიასთან ცხოვრობდა. ლტოლვილები იყვნენ, სმოლენსკის შემოგარენიდან.
სკოლამ უყიდა პალტო, ნაბდის ჩექმა და პრიალა კალოშები. მასწავლებელმა ეს ყველაფერი მოიტანა და მერხზე დაულაგა.
ყველანი გავისუსეთ, რადგან არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია არც მსგავსი ჩექმა, არც მსგავსი პალტო.
გვშურდა.
რომელიღაც ბიჭმა ანიას ხელი ჰკრა და უთხრა: ბედი გქონია!
გოგო მერხზე დაემხო და ატირდა. ოთხივე გაკვეთილის განმავლობაში ტიროდა…
როცა მამა ფრონტიდან დამიბრუნდა, მთელი კლასი მის სანახავად მოვიდა, რადგან ახლა ის ყველას მამა იყო. პირველი ანია მოვიდა.
ნინა იაროშევიჩი, 9 წლის (ამჟამად ფიზკულტურის მასწავლებელი)
ქალაქ კობრინში ვცხოვრობდით, ბრესტის მახლობლად. ომი პირველივე დღეს მოგვწვდა…
გონს მოსვლა ვერ მოვასწარით, გასამგზავრებლად დავიწყეთ მზადება. მე ვერაფრის წამოღება ვერ მოვიფიქრე, ჩემმა დაიკომ კი თოჯინა წამოიღო…
როცა მინსკი გაათავისუფლეს, დაბრუნება გადავწყვიტეთ. შინ, ბელარუსში. დედა მინსკში დაიბადა, მაგრამ სადგურში მატარებლიდან რომ გადმოვედით, არ იცოდა საით წასულიყო. სულ სხვა ქალაქი დახვდა: ნანგრევები… ქვიშად დაფშვნილი ქვები…
ლიდა პოგორჟელსკაია, 8 წლის (ამჟამად ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი)
ბრესტში ვცხოვრობდით, ზედ საზღვარზე…
დილით, როცა დედამ გამაღვიძა, გარშემო ყველაფერი გრგვინავდა, გრუხუნებდა, გუგუნებდა…
ძალიან ადრე იყო, დამამახსოვრდა, რომ გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა. მშობლები ფუსფუსებდნენ, ჩემოდანს ალაგებდნენ, რატომღაც ვერაფერს პოულობდნენ…
ქალაქს ფეხით ვტოვებდით…
შუა ქუჩაში საწოლი იდგა, შიგ საბანგადაფარებული მკვდარი გოგო იწვა. ყველაფერი მთელი იყო, გეგონებათ საწოლი საიდანღაც ხელით გამოეტანათ და დაედგათ, მხოლოდ საბანი იყო სულ ოდნავ დამწვარი…
ვოლოდია კორშუკი, 7 წლის (ამჟამად ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი)
ომის პირველი დღის დილა…
მზე და უცნაური სიჩუმე. აუხსნელი მდუმარება.
ჩვენი მეზობელი ქალი, სამხედროს ცოლი, ტირილისგან თვალებდასიებული გამოვიდა ეზოში. დედას რაღაც ჩასჩურჩულა, მაგრამ ანიშნა, ხმა არ ამოიღოო.
ყველას ეშინოდა მომხდარზე ლაპარაკის, მაშინაც კი, როცა ეს უკვე ყველამ იცოდა…
ქალაქს თვითმფრინავები დასტრიალებდა თავს, ათობით უცხო თვითმფრინავი. ჯვრიანი. ცა დაფარეს, მზე დააბნელეს.
საშინელება!
ყუმბარები ცვიოდა… განუწყვეტლივ ისმოდა აფეთქებები…
გენა იუშკევიჩი, 12 წლის (ამჟამად ჟურნალისტი)
ყველაფერი შავ ფერებში მახსენდება: შავი ტანკები, შავი მოტოციკლეტები, შავფორმიანი გერმანელი ჯარისკაცები… არ მგონია ეს ყველაფერი მართლაც შავი ფერის ყოფილიყო, მაგრამ ასე დამამახსოვრდა. ყველაფერს შავ-თეთრი ლიბრი გადაკვროდა…
ჩვენს სახლთან, ქუჩაში, დამწვარგიმნასტურიანი ფეხშიშველა კაცი მოჰყავთ, ხელები მავთულით აქვს შეკრული. სულმთლად გაშავებულია… მერე სოფლის საბჭოს გვერდით ჩამომხრჩვალი დავინახე. ამბობდნენ, ჩვენი მფრინავიაო. ღამით მესიზმრა, ვითომ ჩვენს ეზოში ეკიდა ჩამომხრჩვალი…
მიშა მაიოროვი, 5 წლის (ამჟამად სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა კანდიდატი)
იმ კვირა დღეს, 22 ივნისს, ძმასთან ერთად სოკოზე წავედი. უკვე მსუქან-მსუქანი დათვის სოკოს დრო იყო. ჩვენი ტყე პატარაა, ყოველი ბუჩქი ვიცოდით, ყოველი მდელო, სად რა სოკო იზრდებოდა…
უკვე შინ ვბრუნდებოდით, მეხივით გრგვინვა რომ გავიგონეთ. ციდან მოდიოდა. თავი ავწიეთ და ჩვენს თავზე 12-15 თვითმფრინავი დავინახეთ, ძალიან მაღალზე დაფრინავდნენ…
მაშინვე დავინახეთ დედა: ტირილით მორბოდა ჩვენკენ, ხმა უწყდებოდა. სასოწარკვეთილი კიოდა: ბავშვები! ჩემი ბავშვები!..
ჟენია სელენია, 5 წლის (ამჟამად ჟურნალისტი)
ჯერ კიდევ 26 ივნისის დილით დედა ხელფასს არიგებდა, ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა. იმავე საღამოს უკვე ლტოლვილებად ვიქეცით.
როდესაც მინსკს ვტოვებდით, ვნახეთ, როგორ იწვოდა ჩვენი სკოლა. ყველა ფანჯრიდან ალი იფრქვეოდა, ისე კაშკაშით, ისე ძლიერად…
შემზარავი და გაუგებარი იყო ყველაფერი, რაც ჩვენ თვალწინ, ჩვენს თავს ხდებოდა. განსაკუთრებით სიკვდილი… დახოცილების გვერდით ჩაიდნები და ქვაბები ეყარა. ყველაფერი იწვოდა…
სამ ბავშვს ერთი პალტო გვქონდა. ერთი წყვილი ნაბდის ჩექმა. ერთმანეთს ზღაპრებს ვუყვებოდით, მაგრამ ეს არ იყო საინტერესო. უფრო საინტერესო იყო იმაზე ოცნება, როგორ დამთავრდებოდა ომი და როგორ ვიცხოვრებდით ომის შემდეგ…
ინა ლევკევიჩი, 7 წლის (ამჟამად ინჟინერ-მშენებელი)
ვნახე, ჩვენს სოფელზე როგორ ჩამოატარეს ჩვენი სამხედრო ტყვეები. გრძელ კოლონებად. ტანთ დაგლეჯილი და დამწვარი შინელები ეცვათ. სადაც ღამით იდგნენ, იქ ხეებს ქერქი ჰქონდა კბილებით ჩამოტყავებული. საჭმლის ნაცვლად ცხენის მძორს უგდებდნენ. ტყვეები მას გლეჯდნენ…
ვნახე, ღამით გზიდან როგორ გადავარდა და დაიწვა გერმანული ეშელონი, დილით კი, ვინც კი რკინიგზაზე მუშაობდა, ყველანი ლიანდაგებზე დააწვინეს და ზედ ორთქლმავალი გადაატარეს…
ვხედავდი როგორც აბამდნენ ეტლებში ადამიანებს. ზურგზე ყვითელი ვარსკვლავები ჰქონდათ მიკერებული. მათრახებს ურტყამდნენ. ვინც ეტლში იჯდა, მისთვის ეს ხალისიანი გასეირნება იყო.
იურა კარპოვიჩი, 8 წლის (ამჟამად მძღოლი)
წინასიტყვაობა და ეს 9 მოგონება ბელარუსი ჟურნალისტის, სცენარისტის და მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის ერთ-ერთი წიგნიდანაა, რომელსაც „უკანასკნელი მოწმეები“ ეწოდება.
წიგნი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ზუსტად ას მოგონებას აერთიანებს და მეორე სახელიც აქვს: „ასი არასაბავშვო მოთხრობა“. მისი გმირები ომის დაწყებისას პატარა ბავშვები იყვნენ და ის საშინელი დღეები და შემზარავი ამბები ყველას თავისებურად დაამახსოვრდა.
„უკანასკნელი მოწმეები“ ჯერ კიდევ 1985 წელს გამოიცა. ქართულად 2018 წელს, გამომცემლობა არტანუჯის მიერ (თამარ კოტრიკაძის თარგმანი).
ამ და კიდევ რამდენიმე წიგნისთვის – „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „ცინკის ბიჭები“, „სექენდ ჰენდის დრო“ – 2015 წელს სვეტლანა ალექსიევიჩი ლიტერატურაში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.
* * *
2019 წლის ზაფხულში მინსკმა ევროპის მეორე თამაშებს უმასპინძლა. იმ შეჯიბრებას აკრედიტებული ჟურნალისტის სტატუსით დავესწარი, „უკანასკნელი მოწმეები“ კი ბოლო წიგნი იყო, რომელიც ბელარუსის დედაქალაქში წასვლამდე წავიკითხე.
ყველანაირი გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მძიმე წიგნია, უამრავი ტკივილის, ცრემლის და განცდის დამტევი. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ისევე როგორც სვეტლანა ალექსიევიჩის სხვა წიგნებმა, რომლებსაც მოგვიანებით გავეცანი.
სპორტული ასპარეზობებისგან თავისუფალ დროს კოლეგა-მეგობრებთან ერთად მინსკს ვათვალიერებდი და ერთ მშვენიერ შუადღეს მეორე მსოფლიო ომის მუზეუმსაც ვესტუმრეთ.
ეს ფოტოებიც მაშინ გადავიღე და ლამის ყოველი კადრის დროს „უკანასკნელი მოწმეები“ და იქ ამოკითხული ამბები მახსენდებოდა.
ბელარუსი, მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის პირველი რესპუბლიკა იყო, რომელსაც 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, ნაცისტური გერმანია თავს დაესხა. საშინელი დღეები გამოიარა მაშინ ქვეყანამ და ეს მინსკის იმ მართლა მაგარ მუზეუმში მძაფრად იგრძნობა – ყველაფერი, ყოველი სართული, დარბაზი თუ სტენდი ძალიან მაღალ დონეზეა გაკეთებული და მნახველზე ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს.
არც მე გამოვდექი გამონაკლისი. იმ უშველებელ შენობაში გატარებულ რამდენიმე საათში თითქოს დავმუნჯდი – ერთ-ორ სიტყვას თუ გადავულაპარაკებდი მეგობრებს, დანარჩენ დროს ხმის ამოუღებლად ვათვალიერებდი და ვიღებდი მუზეუმს.
ცვილის ფიგურებით გაცოცხლებული ომის პირველი დღეები…
რიგითი ბელარუსული ოჯახების ტრაგედია…
რკინის მონსტრები: ტანკები, თვითმფრინავები, ყუმბარმტყორცნები…
ბელარუსის ფრონტის სცენები…
იმდროინდელი გაზეთები, პლაკატები, დროშები…
ომის გმირები და მათი პირადი ნივთები…
სხვადასხვა ჩინის სამხედრო ფორმები, მედლები, ორდენები…
ეს ყველაფერი პირველიდან ბოლო სართულამდე თანმიმდევრულადაა გამოფენილი – დამთვალიერებელი მეორე მსოფლიო ომთან გაცნობას 1941 წლის 22 ივნისის ამბებით და ოპერაცია ბარბაროსას დიდი რუკით იწყებს. შემდეგ, გზადაგზა, სხვა მოვლენებს იხსენებს – ბელარუსის პირველ და მეორე ფრონტს, მოსკოვზე იერიშს, ბალტიისპირეთში განვითარებულ ამბებს, ოპერაცია ბაგრატიონს და რამდენიმე თვეზე გაშლილ სტალინგრადის სისხლისმღვრელ ბრძოლას…
ხუთსართულიანი ნაგებობა დიდი, ნათელი დარბაზით გვირგვინდება: ოვალურ სივრცეში, ქათქათა კედლებზე, მეორე მსოფლიო ომის ბელარუსული ამბები მშრალი, მაგრამ შემზარავი რიცხვებით ჯამდება:
რომ 1941-45 წლებში ბელარუსის ტერიტორიაზე 2 მილიონ 357 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო დაიღუპა…
რომ ასობით სოფელი განადგურდა…
რომ მინსკი და ბრესტი მიწასთან გასწორდა…
რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირში არასრულ 5 წელიწადში 26 მილიონ 600 ათასი ადამიანი გარდაიცვალა…
რომ მეორე მსოფლიო ომმა მთლიანობაში 70 მილიონამდე ადამიანი შეიწირა…
იმ კედლებს ბელარუსის ფრონტში მონაწილე ბრიგადების, ბატალიონების და დიდი თუ პატარა სამხედრო შენაერთების ჩამონათვალიც ამშვენებს.
და იმ ბელარუსი და სხვა ეროვნების მებრძოლთა სია, რომლებსაც ბელარუსის განმანთავისუფლებელ შეტაკებებში განსაკუთრებული თავდადებისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭათ.
არ დავიზარე და მთლიან ჩამონათვალს ჩამოვუარე. ანბანის მიხედვით დალაგებულ სიაში ექვსი ქართველი ამოვიკითხე:
ინასარიძე გ.მ.
კვაჭანტირაძე ვ.შ.
ტყაბლაძე კ.ე.
ჭიღლაძე ს.გ.
ჩილაჩავა შ.ი.
შურღაია შ.ი.
* * *
მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა ბაბუაც.
1941ის დეკემბერში გაიწვიეს.
1942 წლის 14 მაისს ქერჩთან დაიჭრა, იქ, სადაც ათასობით ქართველი დაიღუპა – ნაღმის ნამსხვრევები კისერში მოხვდა. ახლაც მახსოვს პირველად რომ ვნახე ის ჭრილობა.
მერე იყო ტყვეთა ბანაკები: ფეოდოსია (ყირიმის ნახევარკუნძული), ლუბლიანა (იუგოსლავია), გადიაჩი (პოლონეთი), კარმო (საფრანგეთი)…
1944 წლის მაისში გერმანიის არმიის ქართულ ნაციონალურ ლეგიონში ჩაირიცხა, 4 აგვისტოს კი საფრანგეთის პარტიზანთა მხარეზე გადავიდა, საიდანაც მალევე შეუერთდა იმ დროს უკვე საფრანგეთშივე დისლოცირებულ საბჭოთა პარტიზანთა პოლკს.
იქ მაღაროებს იცავდნენ. ამ და სხვა ამბების გამო ორი ფრანგული მედლითაც დაჯილდოვდა.
ომი რომ დამთავრდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნებული, მალევე დაიჭირეს – 1949 წლის 28 სექტემბერს სამხედრო ტრიბუნალმა სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 ბ მუხლით (გერმანიის არმიის ქართული ნაციონალური ლეგიონი = სამშობლოს ღალატი) გაასამართლა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელს აღმოსავლეთ ციმბირში, კიტოის ბანაკში იხდიდა.
სტალინის სიკვდილმა გადაარჩინა – 1955 წელს გაათავისუფლეს, რამდენიმე წელიწადში კი ბრალდებაც მოეხსნა. ეს ყველაფერი უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ ამოვიკითხე არქივში დაცულ ბაბუაჩემის პირად საქმეში…
ომის თავგადასავალს ყოველ ზაფხულს მიყვებოდა.
ორი ამბავი დამამახსოვრდა: ბრძოლის ველზე პირველად რომ შემაგდეს, იარაღი არ მოუციათ, მეთაურმა ასე მითხრა შენ წინ ვინც დაეცემა, იმის ავტომატი აიღეო…
მეორე კიდე უკვე ფრანგული ისტორიაა – ტელევიზორი პირველად ტულუზაში ნახა…
წლების შემდეგ თავის სამხედრო მედლები მაჩუქა. ოღონდ იმ შეკვრაში ის ფრანგული ჯილდოები არ იყო – სტალინის მთავრობისგან შერისხულს დასავლეთ ევროპაში მიღებული საბუთი და მედალი ჩამოართვეს, შემდეგ კი, უკვე რეაბილიტირებულისთვის, იმ ჯილდოების მისთვის დაბრუნება არავის გახსენებია, აი საბჭოთა მედლები კი არ დაიშურეს.
ოჯახში ერთი რუსული წიგნი გვაქვს, 1969 წელს გამოცემული – მირონ ქოჩიაშვილის „აჯანყება კუნძულ ტექსელზე“. ნიდერლანდური ამბების გარდა იმ წიგნში ევროპის ქვეყნებში მებრძოლი ქართველების ისტორიებიცაა მოთხრობილი.
იქ ბაბუაჩემის ერთი პატარა ფოტოა ფრანგული მედლებით. როგორ გაიპარა იმ გამოცემაში ის ფოტო, დღემდე ვერ ვხვდები.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 9 მაისი)
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
მინსკი, ბელარუსი; 2019 წლის 27 ივნისი