1960: დინამოს პირველი ტურნე ფეხბურთის სამშობლოში
ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ თბილისის დინამო საერთაშორისო ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ინგლისში ჩავიდა.
ეს იყო ქართველების პირველი სტუმრობა ფეხბურთის სამშობლოში.
სამწუხაროდ მაშინ, 1960 წელს, ამ ტურნეს შესახებ თითქმის არაფერი დაუწერიათ და მითუმეტეს, მას შემდეგ არავინ მიბრუნებია ნისლიან ალბიონზე ჩატარებულ 3 ძალიან საინტერესო თამაშს.
ეგებ, ეს არცთუ წარმატებული ტურნეს ბრალი იყო – დინამომ ხომ სამიდან ორი თამაში დიდი ანგარიშით წააგო, მაგრამ ფეხბურთი მარტო გატანილი და გაშვებული გოლი ხომ არაა?
მოსკოვის 2-3 კლუბის გარდა, იმ დროს სხვა გუნდებისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო ძლიერ ევროპელებთან გაჯიბრება, დინამოს კი მხოლოდ მას შემდეგ დართეს ინგლისში გამგზავრების უფლება, რაც საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების გადამწყვეტი მატჩი მოსკოვის ტორპედოსთან 3:4 წააგო.
60-იანი წლების დინამოელებს არაერთხელ დაუჩივლიათ იმ ფინალში არაობიექტურ მსაჯობაზე, რამდენიმეს კი არც დაუმალავს: ქართველები მხოლოდ იმიტომ გაუშვეს ინგლისში, ტორპედოელებთან უსამართლო წაგება მეტ-ნაკლებად იოლად რომ გადაეტანათ…
იმ დროისთვის დინამო უცხოურ კლუბებთან თამაშს ნაჩვევი იყო: 1937 წელს, თბილისში ლეგენდარული ბასკების სტუმრობის შემდეგ, საქართველოს არაოფიციალურმა ნაკრებმა – დინამომ 60-ზე მეტი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, რამდენიმე ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა ინგლისურ კლუბებთან პაექრობაში წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა: 1957 წლის 7 ივნისს ვესტ ბრომვიჩ ალბიონს უმასპინძლა და 0:3 განადგურდა (თბილისში ბობი რობსონმაც ითამაშა, რომელიც წლების შემდეგ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი გახდა), 1960 წლის 28 მაისს კი გუნდი შეფილდ უენსდის დაუხვდა და მე-16 წუთზე მიშა მესხის მიერ გატანილი პენალტით 1:0 მოიგო…
საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტის სტუმრობამ ინგლისში დიდი ინტერესი გამოიწვია, დინამოს სამივე მეტოქემ კი წინასამატჩო პროგრამებში ქართველ ფეხბურთელებს დიდი ადგილი დაუთმეს.
ქართველიო, შემთხვევით არ მითქვამს. მაგალითად, შეფილდ უენსდისთან მატჩის პროგრამაში დინამოელებისადმი მიძღვნილი წერილი სწორედ ასეა დასათაურებული: მხურვალე სალამი ქართველ სტუმრებს. იმ დროს თბილისელებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა საბჭოთა ფეხბურთელებად მოიხსენიებდა.
ინტერესს აძლიერებდა ისიც, რომ დინამო ინგლისს ევროპის თასის პირველი გათამაშების ორი გამარჯვებულით ესტუმრა: ცენტრალურმა მცველმა გივი ჩოხელმა და გარემარბმა მიხეილ მესხმა ევროპირველობა 4 თვით ადრე მოიგეს საფრანგეთში, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში.
1960 წლის 7 ნოემბერს, ორშაბათს, შეფილდის ჰილსბროს სტადიონზე, ადგილობრივი დროით 19.15 საათზე დინამომ პირველი თამაში დაიწყო. მეტოქე შეფილდ უენსდი იმ დროს ინგლისის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იყო – ტოტენჰემ ჰოთსფურს 5 ქულით ჩამორჩებოდა, სამაგიეროდ, 17 ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები, 12 გოლი ჰქონდა გაშვებული.
„ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, ეს მინდვრის საფარი იყო. ნოემბერში არათუ ინგლისში, თბილისშიც ძალიან ცივა. იქ კი მინდორი ხასხასა იყო! რაც შეეხება მატჩს, მასპინძლებმა თავიდანვე მაღალ ტემპში შემოგვიტიეს და ბოლო წამამდე არ გაჩერებულან. ბოლოს უკვე მარტო ისინი თამაშობდნენ,“ – დინამოელთა თავდამსხმელი ვლადიმერ ბარქაია ინგლისურ ტურნეს წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში გაკვრით შეეხო.
შეფილდ უენსდიმ ის მატჩი 5:0 მოიგო: ინგლისის 23-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა, მე-10 ნომერმა ჯონ ფენტჰემმა 4 გოლი გაიტანა, ერთი კი ცენტრფორვარდმა, მე-9 ნომრით მოთამაშე კეიტ ელისმა შეაგდო. მოსკოვის ტორპედოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნახევარმცველმა ვალერი ვორონინმა, რომელიც დინამოს სპეციალურად ამ ტურნესთვის დაემატა, მხოლოდ შეფილდელებთან მატჩი გამოტოვა.
10 ნოემბერს, ხუთშაბათს, დინამო ვულვერჰემპტონ უონდერერზს სტადიონ მულინექსზე დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ინგლისელი საფეხბურთო მიმომხილველი მატჩის წინ წერდა, დინამო ძალიან უცნაური გუნდია, შეიძლება ერთი თამაში ჩააგდოს, მეორე კი ბრწყინვალედ ჩაატაროსო. ჩანს, ის ჟურნალისტი კარგად იცნობდა ქართველებს: მიშა მესხის და ბასა ღოღობერიძის დუბლებით, ასევე ზაურ კალოევის თავურით თბილისელები 5:2-ს იგებდნენ, მაგრამ თამაში მაინც 5:5 დასრულდა.
არც მანამდე და არც მას შემდეგ დინამოს ასეთი შედეგიანი ფრე არ უთამაშია!
ტურნე 14 ნოემბერს, ორშაბათს, ლონდონის უაით ჰართ ლეინზე, ინგლისის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ტოტენჰემ ჰოთსფურთან მატჩით დასრულდა. ორი დღით ადრე, ინგლისის ჩემპიონატში ტოტენჰემი შეფილდ უენსდისთან სტუმრად 1:2 დამარცხდა.
ისევე როგორც ჰილსბროზე, დინამომ უაით ჰართ ლეინზეც წააგო. ამჯერად 2:5.
ლეგენდარული ბილ ნიკოლსონის გუნდი შეუდარებელი იყო: 1960-61 წლების სეზონში ლონდონელებმა ჩემპიონატიც მოიგეს და თასიც! ტოტენჰემ ჰოთსფური X საუკუნეში ინგლისის პირველი კლუბი გახდა დუბლი რომ შეასრულა. და რაც არანაკლებ საინტერესოა, იმ სეზონში ჩემპიონატში 115 გოლი შეაგდო – საუკეთესო შედეგი კლუბის ისტორიაში!
და ასეთ გუნდთან თამაშზე დღეს ჩვენ არაფერი ვიცით ანგარიშის, გოლის ავტორების და დინამოელთა შემადგენლობის გარდა.
რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტია.
იმ ტურნეში დინამოს ჟურნალისტი, ცხადია, არ ახლდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა რაც თქვეს ინგლისში სტუმრობაზე, ზემოთაც წაიკითხეთ, დელეგაციის ხელმძღვანელ ამხანაგ ვ.მოშკარკინს კი, ვინც იმ დროს სსრკ საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივანი იყო, არ გაგიკვირდებათ და თავი არ შეუწუხებია.
მას შემდეგ დინამო მხოლოდ 2-ჯერ ესტუმრა ინგლისს ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად: ჯერ 1989 წლის აგვისტოში, შემდეგ კი 1996 წლის ნოემბერში. სამწუხაროა და ალბათ, დაუჯერებელიც, მაგრამ ამ ორ ტურნეზე უფრო ცოტაა ცნობილი, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინანდელ თამაშებზე.
7 ნოემბერი, 1960. ამხანაგური. ინგლისი, შეფილდი, ჰილსბრო
შეფილდ უენსდი (ინგლისი) 5:0 დინამო
გოლები: 1:0 ელისი (29), 2:0 ფენტჰემი (14), 3:0 ფენტჰემი (17), 4:0 ფენტჰემი (68), 5:0 ფენტჰემი (83)
შეფილდ უენსდი: მაკლარენი, ჯონსონი, მეგსონი, მაკანარი, სვენი, კეი, გრიფინი, კრეიგი, ელისი, ფენტჰემი, ფინეი (კაპ)
დინამო: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, სულიკო თორაძე, გივი ხოჭოლავა (ავთანდილ ღოღობერიძე), ჯემალ ზეინკლიშვილი, გივი ჩოხელი, თენგიზ მელაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი, შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი
მწვრთნელი: ანდრო ჟორდანია
მსაჯი: ჯ.კელი (ინგლისი)
10 ნოემბერი, 1960. ამხანაგური. ინგლისი, ვულვერჰემპტონი, მულინექსი
ვულვერჰემპტონ უონდერერზი (ინგლისი) 5:5 დინამო
გოლები: 0:1 მიხეილ მესხი (2), 1:1 გივი ჩოხელი (4, სკ), 1:2 ავთანდილ ღოღობერიძე (11), 1:3 ავთანდილ ღოღობერიძე (45), 2:3 მეისონი (61), 2:4 მიხეილ მესხი (69), 2:5 ვლადიმერ ბარქაია (70), 3:5 დიურანდტი (78), 4:5 ფარმერი (81), 5:5 მიურეი (89)*
ვულვერჰემპტონ უონდერერზი: ფინლეისონი, სტიუარტი, შოუელი, კლემპი, სლეიტერი, ფლაუერსი, მეისონი, მიურეი, ფარმერი, ბროდბენტი, დილი (დიურანდტი)
დინამო: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, სულიკო თორაძე, გივი ჩოხელი, ვალერი ვორონინი (მოსკოვის ტორპედოს ფეხბურთელი), შოთა იამანიძე, თენგიზ მელაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე (კაპ), მიხეილ მესხი
მწვრთნელი: ანდრო ჟორდანია
მსაჯი: დავიდსონი (შოტლანდია)
*-რამდენიმე გაზეთის მიხედვით, ინგლისელთა პირველი გოლი ფარმერმა გაიტანა, დინამოს მე-5 ბურთი კი ზაურ კალოევმა
14 ნოემბერი, 1960. ამხანაგური. ინგლისი, ლონდონი, უაით ჰართ ლეინი
ტოტენჰემ ჰოთსფური (ლონდონი, ინგლისი) 5:2 დინამო
გოლები: 1:0 ჯონსი (19), 1:1 თენგიზ მელაშვილი (32), 2:1 მაკკეი (39), 3:1 მაკკეი (46), 4:1 ჯონსი (52), 5:1 დაუსონი (66), 5:2 ვლადიმერ ბარქაია (80)
ტოტენჰემ ჰოთსფური: ბ.ბრაუნი, ბეიკერი, ნორმანი, ჰენრი, ბლენჩფლაუერი (კაპ), მაკკეი, კ.ჯონსი, უაიტი, ბ.სმიტი, ლ.ალენი, დისონი
დინამო: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, სულიკო თორაძე, გივი ჩოხელი, ვალერი ვორონინი (მოსკოვის ტორპედოს ფეხბურთელი), შოთა იამანიძე, თენგიზ მელაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი
მწვრთნელი: ანდრო ჟორდანია
მსაჯები: რ.ჯ.ლიფი; დ.გ.ჯერმინი, უ.გ.ბაკლი (ინგლისი)
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 8–14 ნოემბერი)