1971: სლავას გაცილება

ისევ ძველი გაზეთებიდან…
გუშინ, სანამ მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის საღამოს სესია დაიწყებოდა, 1971 წლის ფუტბოლ-ხოკეის შეკვრა დავათვალიერე. ამ ტექსტსაც გაზეთის 48-ე ნომერში ნანახი ფოტოს გამო ვწერ.
1971 წლის 12 ნოემბერს, საკავშირო ჩემპიონატის უკანასკნელ, 30-ე ტურში, მოსკოვის სპარტაკთან თბილისში მატჩის წინ, დიდი ფეხბურთიდან გააცილეს ლეგენდარული სლავა მეტრეველი. როგორც ფუტბოლ-ხოკეიშია აღნიშნული, საკავშირო ჩემპიონატებში ჩატარებულ 375 მატჩში გატანილი 84 გოლის შემდეგ.

სლავას მოსკოველთა წინააღმდეგ არ უთამაშია, გაცილების ცერემონია მატჩის წინ გაიმართა. ის ცნობილი ფოტოც მაშინ გადაიღეს, მეტრეველი თავის 9-ნომრიან მაისურს რომ გადასცემს 19 წლის ვლადიმერ გუცაევს.

ლევან ნოდიას დუბლით (75წთ, 79წთ) და ვ.ზენკოვის ავტოგოლით (17წთ) დინამომ 3:0 მოუგო სპარტაკს (ზოგიერთ წყაროში ზენკოვის ნაცვლად ყიფიანი წერია). დინამომ ამ შემადგენლობით ითამაშა: თეიმურაზ სტეფანია, გურამ პეტრიაშვილი, ვახტანგ ჭელიძე (კაპ), ზორბეგ ებრალიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, სერგო კუტივაძე, გოჩა გავაშელი, მანუჩარ მაჩაიძე, დავით ყიფიანი (ფირუზ რეხვიაშვილი 46), ვლადიმერ გუცაევი, ლევან ნოდია.

სლავას გაცილების გარდა ეს მატჩი დინამოს ისტორიაში იმითაცაა საინტერესო, რომ საკავშირო ჩემპიონატებში თბილისელებმა პირველად დაამარცხეს სპარტაკი დიდი ანგარიშით. სატურნირო თვალსაზრისით კი თამაშს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან სამეული გარკვეული იყო: კიევის დინამომ რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონის ტიტული, არარატმა მოსკოვის დინამოსთან 2:0 მოგებით მეორე ადგილი დაიკავა, ჩვენი დინამო კი მორიგ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ოღონდ ბურთების უცნაური ბალანსით – 33 გატანილი და 33 გაშვებული…

ერთი დღით ადრე გამართული დუბლიორთა მატჩი თბილისელებმა ფირუზ რეხვიაშვილის დუბლით, კახი ასათიანის, ბესო მჭედლიშვილის და ნოდარ ბაჩიაშვილის გოლებით 5:2 მოიგეს. ლელოს მიმომხილველი მ.ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ დინამოს გოლკიპერმა თ.მოსეშვილმა 2 პენალტი მოიგერია.

სხვათა შორის, 1971 წლის ჩემპიონატი მხოლოდ მეორეა სსრკ უმაღლესი ლიგის ისტორიაში (1936 წლიდან), როცა მოსკოვური კლუბები სამეულში ვერ მოხვდნენ. პირველად ასეთი რამ 1966 წელს დაფიქსირდა, როცა კიევის დინამო პირველი იყო, როსტოვის არმიის სპორტული კლუბი – მეორე, ბაქოს ნეფტიანიკი კი მესამე. იმ წელს ბომბარდირი ილია დათუნაშვილი გახდა 20 გოლით.

და ბოლოს: სლავას თამაშს აბა მე სად ვნახავდი, მაგრამ რომ ის რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, 60-იანი წლების ფუტბოლ-ხოკეის მიმოხილვებიდანაც ნათლად ჩანს. ყოველი სანაკრებო მატჩის შემდეგ ჟურნალისტები ფეხბურთელებს ათბალიანი სისტემით აფასებდნენ და მეტრეველი სტაბილურად საუკეთესოთა შორის იყო. როცა მოვიცლი ამაზეც დავწერ თავის დოკუმენტებიანად.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 22 აგვისტო
ფოტო:
ფუტბოლ-ხოკეი (#48, 1971), Georgian Football Archive

ka_GEGeorgian