1978: ინტერვიუ ჩემპიონობის შემდეგ

„როცა ჰემინგუეის ჰკითხეს, რაა საჭირო მწერალი რომ გახდეო, მან დაახლოებით ასე უპასუხა: ტალანტი, ნათელი წარმოდგენა საბოლოო შედეგზე და სინდისი. ყველაფერი ეს სჭირდება ფეხბურთელსაც და კიდევ – მაღალი მორალური თვისებები, პოლიტიკური სიმწიფე, მიზანსწრაფვა. ამით განისაზღვრება მოქცევის მანერები, თამაშის ინტელიგენტურობა და, როგორც ყველა ამ თვისების ჰარმონიული მთლიანობა – შემოქმედებითი სიხარული“.

ეს სიტყვები არც იოჰან კრუიფს უთქვამს, არც ბრაიან გლენვილს დაუწერია და არც სხვა რომელიმე უცხოელ საფეხბურთო ჟურნალისტს თუ მოთამაშეს. ესაა ამონარიდი „სოვეცკაია კულტურაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან. ჟურნალისტი ი.მუხრანელი თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელს ნოდარ ახალკაცს დიღომში, საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა და 1978 წლის საჩემპიონო სეზონზე ესაუბრა. იმ ჩანაწერის თარგმანი 14 დეკემბერს ლელოში გამოქვეყნდა სათაურით „ფეხბურთი ხელოვნებაა“.

საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონ თბილისის დინამოს დღეს მხოლოდ იმ ინტერვიუს რამდენიმე აბზაცით გავიხსენებ და იმასაც დავწერ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუა, რომელიც კი ქართველ მწვრთნელთან ან ფეხბურთელთან საბჭოთა წლებში გამოქვეყნებულა.

* * *

…წლეულს ჩვენი გუნდის წინაშე თავიდანვე დაისახა გარკვეული ამოცანა: დაგვეკავებინა პირველი ადგილი და ამ ამოცანას ვახორციელებდით ყოველ თამაშში. ასეთი ამოცანა თბილისის დინამოელთა წინაშე ადრეც მრავალჯერ დასახულა, მაგრამ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გუნდი წლეულს უკეთ იყო მომზადებული. მართალია, სეზონის მსვლელობაში რამდენიმე მიუტევებელი შეცდომა გვქონდა, მაგრამ მუდამ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა საკუთარი თამაში, საკუთარი სახე.

…ჩვენი ფეხბურთელები ბუნებით ტექნიკურები არიან, მაგრამ საჭიროა გონივრულად გამოიყენო მათი ეს მონაცემები, შეუხამო შრომისუნარიანობას, გამარჯვებისადმი სწრაფვას.

…გატაცება, შემოქმედებითი თამაში, იმპროვიზაცია – ეს ფეხბურთელის აუცილებელი თვისებებია. ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეები ფლობენ ამ თვისებებს. ესაა ერუდირებული, განათლებული ხალხი, რომლებსაც ბევრი რამ აინტერესებთ. გუნდის კაპიტანმა მანუჩარ მაჩაიძემ უკვე დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. საუკეთესო მოჭადრაკეა, იგი ახლა გატაცებულია ფილოსოფიით და აპირებს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე შესვლას. დავით ყიფიანი კარგად ფლობს ინგლისურს, ამთავრებს იურიდიულ ფაკულტეტს… ვლადიმერ გუცაევი ბევრს კითხულობს, კარგად ერკვევა ჯაზურ მუსიკაში… დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ინტელექტი აუცილებლად საჭიროა კარგი თამაშისთვის.

…ჩემი კრედო, როგორც მწვრთნელისა? ნაკლები ლაპარაკი და თეორიები, უკეთესი თამაში.

…საიდუმლოებები არ მაქვს. საჭიროა კარგად შეისწავლო ფეხბურთელთა ფსიქოლოგია და შესაძლებლობები. როცა ეს საქმე გაკეთდება, გულდასმით აითვისო რეზერვები, რათა ისინი გოლებად იქცეს. მუშაობა, მუშაობა და… ფეხბურთის სიყვარული. ამ სიყვარულის გარეშე, რომელიც ბავშვობიდანვე უნდა იქნას შთანერგილი, წარმოუდგენელია დიდი ფეხბურთი.

…ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანები, ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია. პირველხარისხოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც, სწორად წარმართული სასწავლო-საწვრთნელი პროცესიც. სელექციური მუშაობაც, მაყურებლის მხარდაჭერაც და მრავალი სხვა.

…ფეხბურთი დღეს ხელოვნებაა, ხელოვნება კი შეუძლებელია ტალანტების, წარსულის გამოცდილებისა და შთაგონების გარეშე. მაგრამ შემთხვევითი „აღმაფრენისა“ მე არ მჯერა. იგი მოდის მხოლოდ მაშინ, როცა შრომა გამრავლებული ნიჭზე აღწევს პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდევ საკმარისად გვაქვს სამუშაო, რათა აღვზარდოთ ახალი ფორმაციის მოთამაშეები: უკიდურესად დინამიური, ფიზიკურად კარგად მომზადებული მოაზროვნე სპორტსმენები, როცა თავი მუშაობს ნათლად, როგორც გამომთვლელი მანქანა. ფეხები არ უნდა უსწრებდნენ აზრს და გონებას.

…საერთაშორისო სარბიელზე საბჭოთა გუნდების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, იმაში მდგომარეობს, რომ გვაკლია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიულ კლუბებთან შეხვედრათა გამოცდილება, ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ექსტრა-კლასის მოთამაშეთა აღზრდა. ასეთი მოთამაშეების გარეშე დიდი ფეხბურთი შეუძლებელია.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 28 ნოემბერი
ფოტო:
Georgian Football Archive

ka_GEGeorgian