1978: დინამოს მეორე ოქრო

ტაშკენტის ოქროს მატჩთან შედარებით, ამ გამარჯვებას იშვიათად იხსენებენ, არადა, 1978 წლის ნოემბერში დინამომ იგივე ტიტული მოიგო და მაშინდელ შემადგენლობას თუ გადავავლებთ თვალს, ნოდარ ახალკაცი და მისი ფეხბურთელები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ 1964 წლის „ოქროს ბიჭებს“.
1978 წლის 5 ნოემბერს დინამომ მოსკოვში 0:0 ითამაშა ლოკომოტივთან და ჩემპიონატის დამთავრებამდე ტურით ადრე საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ისტორიაში მეორედ. 11 ნოემბერს კი, დასკვნით მატჩში, მოსკოვის ტორპედოს უმასპინძლა – 2:2. ჩემპიონის თასი დინამოელებს სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადაეცათ.
წელს იმ გამარჯვების 45 წლის იუბილეა.

სანაკრებო მატჩების და სხვა ამბების გამო დინამოს მეორე საჩემპიონო ტიტული ცოტა გვიან კი გამახსენდა, მაგრამ ამით არაფერი შავდება. ჰოდა, ამ კვირაში მაშინდელ ამბებს გავიხსენებ.

დღეს სტატისტიკური მონაცემები იყოს: 1978 წლის სეზონში დინამომ ყველაზე მეტი თამაში მოიგო (17), ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (45) და ყველაზე ნაკლები შეხვედრა წააგო (5).

რამაზ შენგელიამ 15 ბურთი შეაგდო და ბომბარდირთა შორის მხოლოდ სპარტაკელ გიორგი იარცევს ჩამორჩა. სამაგიეროდ, დინამოს ფორვარდმა წლის მოთამაშის წოდება მოიგო! შენგელიამ გაზეთ ფუტბოლის გამოკითხვაში 235 ქულა მოაგროვა და ოლეგ ბლოხინს (კიევის დინამო, 156) და იარცევს (135) აჯობა.

მაშინდელი წესით, ჩემპიონის ოქროს მედლები იმ მოთამაშეებს გადაეცემოდათ, რომლებიც მატჩების საერთო რაოდენობის მინიმუმ ნახევარში მიიღებდნენ მონაწილეობას. იმ დინამოში ასეთი 13 ფეხბურთელი იყო: მანუჩარ მაჩაიძე (გუნდის კაპიტანი; ჩემპიონატის ყველა, 30 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა), ვახტანგ ქორიძე (30, 8), რამაზ შენგელია (28, 15), ვლადიმერ გუცაევი (26, 4), ალექსანდრე ჩივაძე (26), დავით ყიფიანი (25, 7), ფირუზ კანთელაძე (25), დავით გოგია (24, 18 გაშვებული გოლი), გოჩა მაჩაიძე (23, 1), შოთა ხინჩაგაშვილი (21), ვიტალი დარასელია (18, 5), დავით მუჯირი (15) და ნოდარ ხიზანიშვილი (15).

თამაზ კოსტავას (13) და რევაზ ჩელებაძეს (12, 3 გოლი) „თამაშები არ ეყოთ“, მაგრამ რადგან საკავშირო ნაკრებში იყვნენ მიწვეულნი, წესდებით, მათაც მიენიჭათ ჩემპიონი ტიტული და ოქროს მედლებითაც დაჯილდოვდნენ.

ამ 15 მოთამაშის გარდა 1978 წლის ჩემპიონატში კიდევ 9 დინამოელმა ითამაშა: ოთარ გაბელიამ (9, -6), თენგიზ სულაქველიძემ (8), ვახტანგ კოპალეიშვილმა (6), ილია რუხაძემ (4), ამირან მინაშვილმა (4), ტარიელ დურდიაძემ (3), ნოდარ ბაზაზაშვილმა (3), გიორგი ჭილაიამ (1) და დიმიტრი გოგოლაძემ (1).

ჩემთვის ისინიც ჩემპიონები არიან.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 27 ნოემბერი
ფოტო:
გაზეთი ლელო

ka_GEGeorgian