1979: მსოფლიო არგენტინაში
ამ საოცარი თამაშისადმი მიძღვნილი დიდი პლაკატი თავის დროზე იტალიურმა გუერინ სპორტივომ დაბეჭდა. ესპანეთი-საქართველოს ევროშესარჩევი მატჩის წინ ის იოსებ ბესარიონის ძემ მისახსოვრა და ამ ტექსტის დაწერაც ამიტომ გადავწყვიტე.
მსოფლიოს ჩემპიონმა არგენტინამ გუშინ მთავარ მეტოქესთან, ბრაზილიასთან ითამაშა, მაგრამ ეს რამდენიმე აბზაცი წუხანდელ თამაშზე კი არა, იმ მატჩზეა, რომელიც 44 წლის წინ, 1979 წლის 25 ივნისს გაიმართა ბუენოს აირესში, რივერ პლეიტის საშინაო სარბიელზე, მონუმენტალზე.
იმ დროს არგენტინა, დღევანდელივით, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო, თუმცა ერთგზის. სესარ ლუის მენოტის გუნდმა ფიფას ოქროს თასი ზუსტად ერთი წლით ადრე, 1978 წლის 25 ივნისს აღმართა იმავე სტადიონზე, მას შემდეგ რაც ფინალის დამატებით დროში 3:1 მოუგო ნიდერლანდებს.
მსოფლიოს ნაკრებთან მატჩი იმ გამარჯვების ერთი წლის იუბილეს მიეძღვნა.
შემადგენლობებისთვის თვალის შევლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მონუმენტალის ტრიბუნებზე შეკრებილმა ოთხმოც ათასზე მეტმა გულშემატკივრებმა იმ საღამოს მშვენიერი მატჩი იხილა. თეთრ-ცისფერ ფორმაში მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინელები ტრიუმფატორი მწვრთნელის მენოტის ხელმძღვანელობით, მათ წინააღმდეგ კი ლურჯ მაისურებში გამოწყობილი მსოფლიოს მომავალი ჩემპიონები და იმ წლების სუპერვარსკვლავები: უბალდო ფილოლი, ანტონიო კაბრინი, დანიელ პასარელა, მანფრედ კალცი, ალბერტო ტარანტინი, რუუდ კროლი, ოსვალდო არდილესი, ზბიგნევ ბონეკი, ამერიკო გალიეგო, მიშელ პლატინი, ლეოპოლდო ლუკე, მარკო ტარდელი, რენე ჰაუსმანი, პაოლო როსი, ხორხე ოლგუინი, მარკო ტარდელი, ლუის გალვანი, ზიკო…
ფიფას მსოფლიოს ნაკრებს არგენტინა 1978-ის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდის, ოქროს თასის მომავალი მფლობელი იტალიის თავკაცი ენცო ბეარზოტი წვრთნიდა.
მსოფლიოს ნაკრების წინააღმდეგ დიეგო არმანდო მარადონამაც ითამაშა, თან ძირითად შემადგენლობაში. ერთი წლის ადრე ის პირადად მენოტის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა ნაკრებში, მაგრამ 1979 წლის ზაფხულში უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ორ თვეში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, ოღონდ ახალგაზრდებს შორის.
ფიფას ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა. პირველი გოლი მარადონამ გაიტანა 28-ე წუთზე, 68-ე წუთზე გალვანმა საკუთარ კარში შეაგდო ბურთი და ანგარიში გათანაბრდა, 73-ე წუთზე კი ზიკომ დიდებულად დაარტყა და პლანეტის რჩეულ ფეხბურთელებს მოაგებინა.
ეს იყო ფიფას მსოფლიო ნაკრების ისტორიაში მეხუთე თამაში და პირველი შეხვედრა 1973 წლის 19 დეკემბრის შემდეგ. ამ თამაშით ფეხბურთიდან გააცილეს ხალხის სიხარული, მანოელ დუშ სანტუშ გარინჩა…
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 22 ნოემბერი
ფოტო: Guerin Sportivo