1981: დინამო მადრიდში, ბერნაბეუზე

ამ საღამოს რეალი-ნაპოლია. დღევანდელ თამაშს ჯგუფური ტურნირის წილისყრის შემდეგ ველი, ისევე როგორც უამრავი გულშემატკივარი. მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა, ჩვენი ფეხბურთის იმედი, რომლის ჯილდოების კოლექციას ორი დღის წინ სარბიელის პრიზიც შეემატა – ნაპოლის ვარსკვლავი ჟურნალისტებმა 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დავასახელეთ.

სტადიონი, სადაც ამ საღამოს ნეაპოლელთა 77-ე ნომერი თანაგუნდელებთან ერთად შეაბიჯებს, უდიდესი საფეხბურთო კლუბის სახლია. იქაურობას ლეგენდარული გუნდები და ფეხბურთელები უნახავს, 1981 წლის 1 სექტემბერს კი ბერნაბეუზე თბილისის დინამომაც ითამაშა.

სამეფო კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტი დონ სანტიაგო ბერნაბეუ 1978 წლის 2 ივნისს გარდაიცვალა, მომდევნო წელს კი რეალმა მისი სახელობის ოთხთა ტურნირი დააარსა. 1979 და 1980 წლების გათამაშება მიუნხენის ბაიერნმა მოიგო, მასპინძლები ორივე შემთხვევაში გერმანელებმა შეაჩერეს – პირველად ნახევარფინალში, მეორედ ფინალში.

მადრიდელებმა 1981 წელსაც საუკეთესო კლუბებს უხმეს: მოქმედ ჩემპიონ ბაიერნს, უეფას თასის ფინალში დამარცხებულ აზ 67-ს (ალკმაარი, ნიდერლანდები) და თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებულ თბილისის დინამოს.

ფინალისტები 1 სექტემბერს გამოვლინდნენ: აზ 67-მა პენალტების სერიაში დაამარცხა ბაიერნი (ძირითადი დრო 2:2 დასრულდა), რეალმა კი 4:2 მოუგო დინამოს. საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის ისტორიაში ეს პირველი საერთაშორისო მატჩი იყო დიუსელდორფის ფინალის შემდეგ, ისტორიაში კი რიგით 222-ე.

დინამო ორჯერ უგებდა რეალს: 32-ე წუთზე რამაზ შენგელიამ პენალტის ნიშნულიდან გახსნა ანგარიში, 69-ე წუთზე კი მან მეორედ დალაშქრა მიგელ ანხელ გონსალესის კარი. რეალმა ჯერ ული შტილიკეს თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა (47-ე წუთზე), მეორედ კი ინგლისელი ლორი კანინგემის გოლით (72), ვინც, გეცოდინებათ, მადრიდელთა პირველი ბრიტანელი ლეგიონერი გახლდათ. 75-ე და 79-ე წუთებზე რეალმა კიდევ ორი გოლი შეაგდო: ჯერ გარსია ერნანდესმა, შემდეგ კი კარლოს სანტილიანამ გაახარეს გულშემატკივრები.

ქართველებს რეალთან მატჩი დავით ყიფიანის უმძიმესი ტრავმის გამოც გვახსოვს. მადრიდელთა ნახევარმცველმა ანხელ დე ლოს სანტოს კანომ დინამოს ათიანს მეათე წუთზე მოტეხა ფეხი.

სანტიაგო ბერნაბეუს თასი საბოლოოდ რეალმა მოიგო, ფინალში აზ 67-ს პენალტების სერიაში აჯობა. მესამე ადგილი კი ნოდარ ახალკაცის გუნდს ერგო, რომელმაც 2:1 მოუგო ბაიერნს. ორივე გოლი შენგელიამ შეაგდო პირველ ტაიმში. მერე მიუნხენელებს ნერვები მოეშალათ, არბიტრს აუშარდნენ და მანაც შესვენებისთანავე შეწყვიტა თამაში.

დინამო სამი თასით დაბრუნდა ესპანეთის დედაქალაქიდან. რამაზ შენგელია ოთხი გოლით ბომბარდირი გახდა, ვლადიმერ გუცაევი საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზით დააჯილდოვეს, კლუბს კი მონაწილეთა ემბლემებით დამშვენებული მოვერცხლილი თასი ერგო. ის ჯილდო წლების განმავლობაში ქართული სპორტის მუზეუმში იყო გამოფენილი.

ხოლო რაც შეეხება იმ ვიმპელებს, ალექსანდრე ჩივაძეს რომ გადასცეს რეალის და ბაიერნის კაპიტნებმა, ისინი ძალიან დიდხანს ამშვენებდნენ ერთ დიდებულ კოლექციას, რამდენიმე წლის წინ კი პატრონმა მე მისახსოვრა.

როგორ დასრულდება დღევანდელი რეალი-ნაპოლი? არ ვიცი, მაგრამ უზომოდ გამეხარდება, თუ ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუს ჩვენი ბიჭიც თასით დატოვებს. მატჩის საუკეთესო მოთამაშის ლამაზ ჯილდოს ვგულისხმობ, რომელიც ხვიჩას იტალიაში გადასვლის შემდეგ ორჯერ ერგო – გასულ სეზონში ნეაპოლში, აიაქსთან 4:2 გამარჯვების შემდეგ, წელს კი ბერლინში, სადაც ნაპოლიმ 1:0 დაამარცხა უნიონი.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 29 ნოემბერი
ფოტო:
ტურნირის ოფიციალური პროგრამა

ka_GEGeorgian