1990-1999: ნაკრების კაპიტნები
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში, 1990 წლიდან დღემდე, სულ 25 ფეხბურთელია, რომლებმაც კაპიტნის სამკლაური მოირგეს და თანაგუნდელებთან ერთად შეაბიჯეს მინდორზე. 9 მათგანს კაპიტნობის პატივი პირველ ათ წელიწადში ერგო.
გელა კეტაშვილი ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველი კაპიტანია. გია ჯიშკარიანიც პირველი გახლავთ, ოღონდ მან სამკლაური მას შემდეგ მოირგო, რაც საქართველო ფიფას შეუერთდა. კახი ცხადაძეც პირველია – მან ნაკრებს ოფიციალურ მატჩში უკაპიტნა…
კაპიტნების სტატისტიკა ძალიან საინტერესოა და ისევე როგორც მეკარეების შემთხვევაში, გუნდისთავებთან დაკავშირებითაც 11 გამორჩეული ფაქტი ჩამოვწერე:
1: 1990-1999 წლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 57-ჯერ ითამაშა და ამ მატჩებში ნაკრებს სულ 9 კაპიტანი ჰყავდა. ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი პირველი გახლავთ, მომდევნო შეხვედრებში კი კახი ცხადაძემ, გია ჯიშკარიანმა, მურთაზ შელიამ, გოჩა ჯამარაულმა, თემურ ქეცბაიამ, გიორგი კიკნაძემ, გიორგი ნემსაძემ და კახი კალაძემაც მოირგეს სამკლაური.
2: ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გიორგი კიკნაძეა. 1996 წლის 5 დეკემბერს, ლიბანის ნაკრების წინააღმდეგ, ის 20 წლის იყო. მართალია ის გუნდს ახალგაზრდული უფრო ეთქმოდა, მაგრამ მატჩი ეროვნული ნაკრების ისტორიას შემორჩა და კიკნაძეც ქვეყნის მთავარი გუნდის ისტორიაში ჩაეწერა.
მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუნდისთავი კახი კალაძეა – 1999 წლის 4 სექტემბერს, სლოვენიაში, როცა პირველად გაიყვანა გუნდი მინდორზე, 21 წლის იყო.
რაც შეეხება ყველაზე „ასაკოვანს“, ეს თემურ ქეცბაიაა, რომელიც 1995 წლის 15 ნოემბერს მოლდოვაში 27 წლის გახლდათ.
3: თუ კეტაშვილს არ ჩავთვლით, რომელმაც ერთადერთხელ ითამაშა და თან ნაკრების პირველივე მატჩში, კიკნაძე ერთადერთი კაპიტანია, რომელმაც სამკლაური სადებიუტო შეხვედრაში მოირგო – ზემოხსენებულ 1996 წლის 5 დეკემბერს, ლიბანში.
მეორე სანაკრებო თამაშში უკაპიტნეს გუნდს ცხადაძემ და ჯიშკარიანმა, შელიამ მეხუთე თამაშში, ყველაზე „გვიან“ კი სამკლაური ნემსაძემ მოირგო – 27-ე სანაკრებო მატჩში, 1997 წლის 24 სექტემბერს, მოლდოვაში.
4: კაპიტნის რანგში ჩატარებული მატჩებით და გამარჯვებებით ცხადაძეა ლიდერია – 21 შეხვედრაში გაიყვანა გუნდი და 8 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა. მეორე ნემსაძეა – 17 მატჩი და 5 გამარჯვება.
კაპიტნის რანგში ყველა თამაში წააგეს ქეცბაიამ (2) და კალაძემ (1), ხოლო კეტაშვილი ერთადერთია, რომლის კაპიტნობითაც საქართველო არ დამარცხებულა – 2:2 ლიეტუვასთან 1990 წლის 27 მაისს.
საინტერესოა მურთაზ შელიას შედეგი. ის 5 შეხვედრაში გახლდათ კაპიტანი, საიდანაც ნაკრებმა 4 მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა, 1995 წელს ნიურნბერგში, გერმანიასთან.
5: კაპიტნის სამკლაურით პირველივე მატჩები მოიგეს ცხადაძემ (1991 წელს მოლდოვაში – 4:2), შელიამ (1994 წელს, მალტაზე ტუნისთან – 2:0), ჯამარაულმა (1994 წელს, ლატვიაში – 3:1) და ნემსაძემ (1997 წელს მოლდოვაში – 1:0).
საინტერესოა, რომ შელიას კაპიტნობით ნაკრებმა ზედიზედ 3 მატჩი მოიგო, თან გოლის გაუშვებლად, საუკეთესო შედეგი კი ნემსაძეს აქვს: მისი კაპიტნობით გუნდმა პირველი 6 თამაში დაუმარცხებლად დაასრულა – ზედიზედ 4 გამარჯვება და შემდეგ 2 ფრე.
6: ცხადაძე პირველია, რომელმაც ნაკრებს მიჯრით 5 მატჩში უკაპიტნა (1997). ეს შედეგი 1998 და 1999 წლებში ორჯერ გაიმეორა ნემსაძემ.
7: ცხადაძე პირველი კაპიტანია, რომელმაც თამაში ვერ დაასრულა. ეროვნული გუნდის 36-ე მატჩში, 1997 წლის 10 სექტემბერს, თბილისში იტალიასთან (0:0), კახი დაშავდა და მე-13 წუთზე შეცვალა სეხნია კალაძემ.
ცხადაძის გარდა მხოლოდ ნემსაძეა ის კაპიტანი, რომელიც შეცვალეს, თან 4-ჯერ.
8: გია ჯიშკარიანი ერთადერთია, რომელმაც კაპიტნის სამკლაურით მეტოქეს გოლიც გაუტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. 1992 წლის 17 სექტემბერს, გურჯაანში, აზერბაიჯანთან 6:3 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ჯიშკარიანმა 52-ე წუთზე გიორგი დარასელიას გაატანინა გოლი, 79-ე წუთზე კი თავად გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
9: ჯიშკარიანის გარდა კაპიტნის რანგში გოლი მხოლოდ ჯამარაულმა (1994 წლის 26 ივნისს ლატვიაში 3:1) და ცხადაძემ (1997 წლის 11 ოქტომბერს თბილისში პოლონეთთან 3:0) გაიტანეს.
რაც შეეხება საგოლე გადაცემას, ჯიშკარიანის გარდა ეს მხოლოდ ნემსაძემ მოახერხა – 1999 წლის 27 მარტს თბილისში სლოვენიასთან, როცა გიორგიმ ზაზა ჯანაშიას გაატანინა გოლი (1:1).
10: გია ჯიშკარიანი პირველი კაპიტანია, რომელიც გააფრთხილეს – 1992 წლის 2 სექტემბერს ლიეტუვაში (0:1). კაპიტნის რანგში მიღებული ყვითელი ბარათებით რეკორდსმენია ცხადაძე – 5, შემდეგ კი ასეთი სურათი გვაქვს: ნემსაძე – 3, შელია – 2, ჯამარაული და ქეცბაია – 1-1.
11: თუ კაპიტნებს 1990-1999 წლებში ეროვნულ გუნდში ჩატარებული თამაშების რაოდენობის მიხედვით ჩამოვწერთ, ასეთ სიას მივიღებთ: ნემსაძე – 44 თამაში (17 – სამკლაურით), ჯამარაული – 39 (3), ქეცბაია – 36 (2), ცხადაძე – 31 (21), შელია – 29 (5), კალაძე – 21 (1), კიკნაძე – 11 (3), ჯიშკარიანი – 9 (4), კეტაშვილი – 1 (1).
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 15 თებერვალი
ფოტო: Georgian Football Archive