1993: დებიუტი და დისკვალიფიკაცია
საქართველოს თასის მოგებიდან რვა დღეში, 1993 წლის 3 ივნისს, თბილისის დინამომ რუსთავის გორდას უმასპინძლა. ქვეყნის ჩემპიონის და ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის დაპირისპირება სტუმრებისთვის კატასტროფულად დასრულდა: დინამომ 12:4 გაიმარჯვა!
ეროვნული ჩემპიონატების ხანმოკლე ისტორიაში ეს მატჩი, ცხადია, ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა ეს არ იყო ამ შეხვედრის ერთადერთი რეკორდი: დინამომ პირველი ნახევარი 8:0 მოიგო, რაც ასევე არნახული უპირატესობა იყო ერთი ტაიმისთვის. ასევე პირველად მოხდა, რომ მეტოქეებმა ტაიმში (შესვენების შემდეგ) ოთხ-ოთხი გოლი გაუტანეს ერთმანეთს. და კიდევ: ერთი კლუბის ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეაგდო სამი ან მეტი გოლი – რევაზ არველაძემ პოკერი შეასრულა, გელა ინალიშვილმა და გიორგი ქინქლაძემ კი ჰეთ-თრიქები მიითვალეს.
იმ დროისთვის ნათელი იყო, რომ დინამოს ჩემპიონობას ვერავინ შეეცილებოდა. მომდევნო ტურებში გივი ნოდიას გუნდი ორივე მდევართან დამარცხდა, ჯერ შევარდენი 1906-თან – 1:3, შემდეგ კი გურჯაანში, ალანზანთან – 3:5, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა, დინამო ზედიზედ მეოთხედ გახდა ჩემპიონი.
საქართველოს უძლიერეს კლუბთან მოგებულ შეხვედრაში გურჯაანელთა თავდასხმის ლიდერმა ოთარ კორღალიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ლანჩხუთის გურიის ყოფილმა ფორვარდმა მეოთხე ეროვნული ჩემპიონატიც დიდებულად დაასრულა, ოთხ თამაშში ათი გოლი შეაგდო, მაგრამ საუკეთესო გოლეადორის წოდებას ზედიზედ მესამედ მაინც ვერ შეწვდა.
ბომბარდირი წყალტუბოს სამგურალის ვეტერანი ფორვარდი მერაბ მეგრელაძე გახდა, რომელმაც 31 თამაშში 41 გოლი გაიტანა! ჩემპიონატის მიწურულს ისიც დიდებულ ფორმაში შეხვდა: ქუთაისის ტორპედოსთან და ზესტაფონის მარგვეთთან ჰეთ-თრიქები შეასრულა, ზუგდიდის ოდიშს ორი გოლი გაუტანა, ფოთის კოლხეთი 1913-ს კი ერთი. ცნობისათვის: მისი 41 გოლი დღემდე ჩვენი ჩემპიონატების რეკორდია.
საკლუბო სეზონი ოფიციალურად 21 ივნისს დასრულდა. იმ დროისთვის ჩვენი ფედერაცია უეფას სრულუფლებიანი წევრი იყო: 17 ივნისს, ჟენევაში გამართულ უეფას VII საგანგებო კონგრესზე, სფფ ევროპული ფეხბურთის მმართველ სახლს ხორვატიის, სლოვენიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციებთან ერთად შეუერთდა.
თბილისში დაბრუნებულმა სფფ-ის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა განაცხადა, რომ აღიარების მიუხედავად ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ეროვნული ნაკრების და კლუბების ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის საკითხი. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ თბილისს უეფას სპეციალური კომისია ესტუმრებოდა, სავარაუდოდ 27 ივნისს, და მხოლოდ მათი დასკვნით შემდეგ გადაწყდებოდა ნაკრების და კლუბების საკითხი.
ევროპული ფეხბურთის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-სოციალური სიტუაცია აღელვებდათ. თბილისში მეტ-ნაკლებად წესრიგი იყო, მაგრამ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი აფხაზეთში, კვლავ გრძელდებოდა სისხლისმღვრელი შეტაკებები: რუსეთის შეიარაღებული ძალების შვეულმფრენებით ხშირად იბომბებოდა ქართული ჯარის პოზიციები, იმავე ვერტმფრენებს ათობით შეიარაღებული მებრძოლი გადაჰყავდა ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონის სოფლებში… გუდაუთას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევიც კი ესტუმრა…
უეფას დელეგაცია თბილისს 27 ივნისს, საღამოს ესტუმრა, მეორე დილით კი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს მიაშურა. სტუმრებს თან ახლდნენ ჩვენი ფეხბურთის მაღალჩინოსნები ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით. სტადიონის და დიღმის საწვრთნელი ბაზის მონახულების შემდეგ დელეგაცია, რომელსაც ენდი უოქერი თავკაცობდა, სახელმწიფო კანცელარიაში ქვეყნის მეთაურს ესტუმრა. ედუარდ შევარდნაძე რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდა სოხუმიდან.
„საგანგებო კონგრესზე საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უეფას ფინანსური დახმარება კი არა, ევროპულ ტურნირებში ქართული კლუბების მონაწილეობაში ხელშეწყობა სთხოვა. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა“, – განაცხადა ნოდარ ახალკაცმა კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე.
შევარდნაძემ სტუმრებს მეტოქე გუნდების უსაფრთხოების სრული გარანტია აღუთქვა და ოფიციალური წერილი გადასცა, რასაც ახალკაცმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის ხელმოწერილი დოკუმენტიც დაურთო. აბაშიძე იგივე გარანტიებს ბათუმში თამაშისთვის იძლეოდა.
ამის შემდეგ უეფას დელეგაცია დედაქალაქის მერიას ესტუმრა, სადაც მათ მერი კოტე გაბაშვილი და მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი ჯაბა იოსელიანი დახვდნენ. „მერია და პირადად მე სრულ გარანტიას გაძლევთ, რომ თბილისში მატჩები უსაფრთხოდ, უნაკლოდ ჩატარდება“, – განაცხადა კოტე გაბაშვილმა. მანვე სტუმრებს დაუდასტურა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქართული მხარე ბათუმის შესაძლო მეტოქეს ტრაბზონში დახვდებოდა.
ევროპელი სტუმრები 29 ივნისს გაემგზავრნენ, აფხაზეთში კი სიტუაცია უფრო დამძიმდა: რუსების და სეპარატისტების შეიარაღებულმა შენაერთებმა რამდენჯერმე სცადეს დესანტის გადმოსხმა, თუმცა ქართული მხარე ყველა მცდელობას გაუმკლავდა, საერთო ჯამში მტრის ექვსასამდე მებრძოლი გაანადგურა, ორი ვერტმფრენი ჩამოაგდო, სამი კატარღა ჩაძირა… იმავე დღეებში ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ორი თვით სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა…
„ჩვენ სავალალო მდგომარეობაში ჩავიბარეთ კლუბი და როგორღაც მოვახერხეთ მისი შენარჩუნება, უცხოეთში შეკრებების მოწყობა, სადაც დინამოს თავი არ შეურცხვენია. ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დინამოს უნდა ჰყავდეს ძლიერი პატრონი და დირექტორთა საბჭო, როგორც ეს უცხოეთშია მიღებული. ეს ფუნქცია იკისრა ფირმა რატიმ, რომელმაც ყველანაირი პირობა შეუქმნა გუნდს. რაც შეეხება დირექტორთა საბჭოს, დღეისათვის დინამოს მეპატრონეები არიან მერაბ რატიანი (ფირმა რატის პრეზიდენტი), ვლადიმერ ისელიძე, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე, უჩა მალაზონია, რომან შოთაძე, ნუკრი კაკილაშვილი და მე“.
ეს სიტყვები დინამოს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ეროვნულ სტადიონზე, სპორტის ოსტატთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მედიასთან შეხვედრას ტელეჟურნალისტი დავით ქლიბაძე გაუძღვა.
დარბაზში იყო დინამოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი. დამსწრეთა თხოვნით მასაც მისცეს სიტყვა. ძოძუაშვილმა ხაზი გაუსვა კლუბის წინაშე მის დამსახურებას, განაცხადა, რომ თუ ვინმეს შეუძლია ევროპის დაპყრობა, სწორედ მას, მაგრამ დინამოს მესვეურებმა იქვე დაადასტურეს, რომ ის ჩამოშორებული იყო გუნდს და ევროპის საკლუბო ტურნირებში დინამოს გივი ნოდია გაუძღვებოდა.
„დინამოს აღორძინებაში ბატონ რეზოს ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის, მაგრამ დინამო ოჯახივითაა, არის საკითხები, რომლებიც აფიშირებას არ ექვემდებარება. აპრილში, ესპანეთში გამართული ტურნეს მიწურულს, რევაზ ძოძუაშვილსა და ერთ-ერთ ფეხბურთელს შორის საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რის გამოც, კლუბის მეპატრონეების გადაწყვეტილებით, ბატონი რეზო გადაყენებულია თანამდებობიდან. მას შემდეგ გივი ნოდიაა მთავარი მწვრთნელი“, – განაცხადა მერაბ ჟორდანიამ. მისივე თქმით, კლუბი ევრომატჩებისთვის საფრანგეთში მოემზადებოდა, სადაც რამდენიმე სახელოვან მეტოქესთან ამხანაგური მატჩიც დაიგეგმა.
5 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას გენერალური მდივნის, გერჰარდ აიგნერის (ის ევრო 2024-ის დღეებში გარდაიცვალა) ხელმოწერილი ფაქსი მიიღო, რომლითაც ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრების შიშნარევი მოლოდინი გამართლდა: უეფამ ქართულ კლუბებს 1993-1994 წლების ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლება არ მისცა:
„მოგეხსენებათ, რომ უეფაში შექმნილია სპეციალური ორგანო – ტასკ ფორსი, რომელიც წყვეტს კლუბების ევროტურნირებში მონაწილეობის საკითხს. ამ ორგანომ 1993 წლის 1 ივლისს ჟენევაში გამართა სხდომა. გულისტკივილით გაუწყებთ, რომ ტასკ ფორსის კომიტეტმა შეუძლებლად ჩათვალა ევროტურნირებში საქართველოს საფეხბურთო კლუბების დაშვება. გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თქვენ ქვეყანას არ გააჩნია კომუნიკაციის არავითარი საშუალება“.
აიგნერის გზავნილმა ძალიან გააღიზიანა ფეხბურთის ფედერაციის და დინამოს ხელმძღვანელობა, რაც უეფაში მეორე დღესვე გაგზავნილ საპასუხო წერილში ნათლად იგრძნობოდა:
„უეფას გენერალურ მდივანს, ბატონ გერჰარდ აიგნერს
პატივცემულო ბატონო აიგნერ!
დიდი გულისტკივილით, პირველად ჩვენი ფედერაციის მუშაობის პრაქტიკაში, ჩვენ მივმართავთ უეფას აპელაციით 1993 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გამო – არ დაუშვას საქართველოს არცერთი კლუბი უეფას შეჯიბრებებში. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია კომუნიკაციის არავითარი საშუალება.
გაცნობებთ, რომ თბილისის აეროპორტში რეგულარულად ხორციელდება პირდაპირი საჰაერო რეისები შემდეგი განრიგით:
სამშაბათი: კიევი-თბილისი-კიევი და თბილისი-თელ ავივი-თბილისი;
ოთხშაბათი: თბილისი-სალონიკი-თბილისი;
ხუთშაბათი: თბილისი-სტამბოლი-თბილისი და თბილისი-პრაღა-თბილისი;
პარასკევი: თბილისი-ლარნაკა-თბილისი;
შაბათი: თბილისი-ვენა-თბილისი და თბილისი-ფრანკფურტი-თბილისი;
ყოველდღიურად ორი რეისი: თბილისი-მოსკოვი-თბილისი და ერთი რეისი: მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი;
გარდა ამისა, საქართველოს საჰაერო დეპარტამენტი, თანახმად თქვენი განაცხადისა, გაძლევთ გარანტიას მიღებულზე დაბალი ფასებით საფეხბურთო კლუბების, სტუმრების, ოფიციალური პირების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების ტრანსპორტირებისათვის განახორციელოს ჩარტერული რეისები ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან თბილისში და უკან.
ჩვენ პოზიციას აძლიერებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ თბილისის დინამოს საფეხბურთო კლუბს აქვს საკუთარი თვითმფრინავი (ტუ-154 ასორმოცდაათი ადგილით), რომელსაც შეუძლია ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან თბილისში და უკან ნებისმიერ დროს ჩაიყვანოს როგორც გუნდები, აგრეთვე ოფიციალური პირები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები.
ზემოაღნიშნული ხერხით (ჩარტერული რეისის მოწყობით) ბათუმის საფეხბურთო კლუბი, რომელიც წარდგენილია თასების მფლობელთა თასზე საასპარეზოდ, გარანტიას იძლევა ტრანსპორტირება მოუწყოს გუნდებს, სტუმრებს, გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან.
როგორც ალტერნატიული, შეიძლება განხილულ იქნას შემდეგი ვარიანტი: ნებისმიერი ევროპული კლუბი ჯერ ჩამოფრინდეს თურქეთის ქალაქი ტრაბზონში, შემდეგ კი იქიდან ბათუმში. ტრაბზონის აეროპორტიდან ბათუმამდე 160 კილომეტრია, ხოლო ბათუმიდან თბილისამდე ორმოცდახუთი წუთის საფრენია.
თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ვიზების გაფორმების არავითარი დაბრკოლება არ შეიქმნება.
რაც შეეხება უეფას ოფიციალურ პირთა და მსაჯების ჩამოყვანა-გამგზავრებას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას ჩარტერული რეისით ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან.
ჩვენი გარანტიები ვრცელდება არა მარტო ევროტურნირების საწყის ეტაპზე, არამედ შემდგომაც, ჩვენი კლუბების წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი წინადადებები დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ხალხის უდიდეს ინტერესს ფეხბურთისადმი, ჩვენს მიერ შესრულებული იქნება ყოველივე უმაღლეს დონეზე.
გთხოვთ აწონ-დაწონოთ ყველა არგუმენტი და გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას.
პატივისცემით, ნოდარ ახალკაცი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი“
8 ივლისს უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, რომ სფფ-ის აპელაციას 12 ივლისს განიხილავდა. ფაქსს ხელს აწერდა უეფას საკლუბო შეჯიბრებების განყოფილების უფროსი ტომას კურტი.
„უეფას გადაწყვეტილება უსამართლოა, ჩვენ საბრძოლველად მივდივართ შვეიცარიაში“ – განაცხადა ნოდარ ახალკაცმა სააპელაციო სხდომაზე გამგზავრების წინ. მას თან ახლდნენ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე და დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია. სათქმელია, რომ კლუბი იმ დროს უკვე საფრანგეთში, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა.
ქართული მხარე უეფას წარმომადგენლებს სხდომის წინ შეხვდა. ახალკაცმა ტასკ ფორსის კომიტეტის წევრებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადასცა, ასევე, დამატებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კენტ ბრაუნის, მისი გერმანელი კოლეგის გიუნტერ დალჰოფის და თურქეთის დროებითი რწმუნებულის თიმიჩ არბაქის ოფიციალური წერილები.
სხდომა, რომელზეც ქართველები, ბუნებრივია, არ დაუშვეს, თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა და საბოლოოდ მისაღები გადაწყვეტილებით დასრულდა: უეფამ 1993-1994 წლების ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საქართველოს ჩემპიონს დართო, თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვა.
კიდევ ორ დღეში წილისყრა გაიმართა, დინამოს პირველ მეტოქედ ჩრდილოეთ ირლანდიის ყველაზე ტიტულიანი კლუბი, ბელფასტის ლინფილდი ერგო. 16 ივლისს დინამომ უკანასკნელი, მეხუთე ამხანაგური შეხვედრა გამართა ფრანგულ ტურნეში, 2:2 ითამაშა ნანსი-ლოტარინგიასთან და თბილისში დაბრუნდა.
აფხაზეთში კი არაფერი შეცვლილა: გალის რაიონში, მიშველის მთასთან, რუსების დესანტთან შეტაკებას კასპის ბატალიონის ორმოცდაათამდე წევრი შეეწირა. კიდევ რამდენიმე დღეში აფხაზებმა სოხუმის მისადგომებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეები დაიკავეს…
18 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თანამდებობიდან გადადგა. მისი ადგილი ჟიული შარტავამ დაიკავა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა რამდენიმე დღეში გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.
27 ივლისს, სოჭში, ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ, მეორე დღეს კი ლოთი ქობალიას რაზმი სენაკში შევიდა და სამხედრო საბჭოს ყოფილ წევრს, პარლამენტარ თენგიზ კიტოვანს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანება შესთავაზა. ამის პარალელურად აფხაზურმა შენაერთებმა ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ტამიშთან განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების პოზიციებზე იერიში მიიტანეს, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ივლისის მიწურულს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: 1993-1994 წლების მეხუთე ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი შეცვალა, პირველი (ყოფილი უმაღლესი) და მეორე (ყოფილი პირველი) ჯგუფები ტერიტორიული პრინციპით დაყო. პირველი ჯგუფის აღმოსავლეთ ზონაში თბილისის დინამო, შევარდენი 1906, მრეტები, გურჯაანის ერქვანი (ყოფილი ალაზანი), თელავის კახეთი, რუსთავის მეტალურგი, გორის დილა, ხაშურის ივერია, თერჯოლის საპოვნელა, ზესტაფონის მარგვეთი და ჭიათურის მაღაროელი მოხვდნენ, დასავლეთ ზონაში კი ქუთაისის ტორპედო, წყალტუბოს სამგურალი, სამტრედია, ზუგდიდის ოდიში, ლანჩხუთის გურია, ფოთის კოლხეთი 1913, ქობულეთის შუქურა, ბათუმი, გალის მზიური, ოჩამჩირის ამირანი და სოხუმის ცხუმი.
1 აგვისტოდან ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა დაიწყო, მალე თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, 8 აგვისტოს კი სტარტი აიღო მეხუთე ეროვნულმა ჩემპიონატმა: დინამომ ეროვნულ სტადიონზე ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ზესტაფონის მარგვეთს, გოჩა ჯამარაულმა დუბლი შეასრულა, პირველი და მეოთხე გოლი კი შოთა და არჩილ არველაძეებმა შეაგდეს.
იმავე დღეებში ითქვა, რომ ევროტურნირებზე დინამოს სადებიუტო შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებს კორპორაცია ბანი და კომპანია მოაგვარებდა. მის ხელმძღვანელთან, ბადრი ნინუასთან ინტერვიუ ლელოშიც გამოქვეყნდა:
„მატჩის ორგანიზაციული მხარე რომ ვიტვირთეთ, კომერციული ინტერესებით არ გვიხელმძღვანელია, ვხარჯავთ გაცილებით მეტს, ვიდრე ვიგებთ. უბრალოდ, გვსურს მცირე ხნით შვება ვაგრძნობინოთ არეული ცხოვრებით გატანჯულ ხალხს და 18 აგვისტო სასიამოვნო მოგონებად დავუტოვოთ…
რით დავიწყეთ? რასაკვირველია მატჩის რეკლამირებით. დავამზადეთ ლამაზი, ფერადი აფიშები და მიკროაფიშებიც… დიდად დაგვეხმარა კინოსტუდია ქართული ფილმის სტამბა, რომელმაც უმოკლეს დროში, მაღალ პროფესიულ დონეზე დაგვიბეჭდა ბილეთები… ამჟამად იბეჭდება მატჩისადმი მიძღვნილი თექვსმეტგვერდიანი პროგრამა…
შეგახსენებთ, მატჩი საღამოს რვა საათზე იწყება, გულშემატკივრებს კი ვურჩევთ ორი-სამი საათით ადრე მოვიდნენ სტადიონზე. დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. თამაშის დღეს გულშემატკივრებს მოემსახურება კვების ობიექტები, ხოლო სტადიონზე განლაგებულ სავაჭრო ჯიხურებში მრავლად იქნება სასუვენირო პროდუქცია…
მატჩის შემდეგ გათამაშდება ლატარიაც, რომლის ფასი ათი დოლარია. ბედნიერი ბილეთების მფლობელები დაეპატრონებიან უცხოურ ავტომანქანებს, ძვირფას საოჯახო ნივთებს“…
უნდა გაუმჯობესებულიყო ეროვნული სტადიონის განათება, სიმძლავრე მხოლოდ ათასი ლუქსი იყო, უეფა კი მინიმუმ 1500 ლუქსს ითხოვდა. უეფას მეორე მოთხოვნით, ბილეთის ფასი ერთ შვეიცარიულ ფრანკზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ერთი ფრანკი კი მაშინდელ საქართველოში 5200 კუპონს უდრიდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს თანხა ბევრი ქომაგისთვის მიუწვდომელი იყო. საბოლოოდ სხვადასხვა ღირებულების ბილეთები გასაღდა, დასავლეთ სექტორში, პირველ იარუსზე კი ბილეთის ფასმა ას ათას კუპონს გადააჭარბა და ყველა გაიყიდა.
11 აგვისტოს, მერიაში, კოტე გაბაშვილთან შეხვედრაზე ლინფილდთან მატჩის საორგანიზაციო კომიტეტის ყველა წევრი შეიკრიბა: თბილისის პოლიციის, უშიშროების, ავტოინსპექციის, ასევე სატრანსპორტო გაერთიანების, საავიაციო კომპანია ორბის, მეტროპოლიტენის, ეროვნული სტადიონის, ფეხბურთის ფედერაციის და დინამოს წარმომადგენლები. იქ საბოლოოდ გადაწყდა, რომ მატჩის დღეს სტადიონზე ცხრა ავტომობილი გათამაშდებოდა: მერსედესი, ორი ბმვ, ოთხი ვოლგა გაზ 24-10, ორი ლადა-სამარა…
12 აგვისტოს დინამომ უკანასკნელი „რეპეტიცია“ გაიარა: დედაქალაქური დერბი შევარდენი 1906-თან სპეციალურად დაინიშნა საღამოს რვა საათზე. მატჩი გივი ნოდიას გუნდის შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა, 7:1! საქართველოს ჩემპიონმა პირველი ტაიმი არჩილ არველაძის და გიორგი ქინქლაძის გოლებით მოიგო, შესვენების შემდეგ კი მეტოქის კარში კიდევ ხუთი ბურთი გავიდა: რევაზ არველაძემ დუბლი შეასრულა, პირველ ტაიმში გატანილ გოლებს არჩილმა და გიორგიმ თითო ზუსტი დარტყმა დაუმატეს, ერთიც გელა ინალიშვილმა გაიტანა.
უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი თბილისში ჩამოვიდა და 18 აგვისტოს ნანატრი შეხვედრაც შედგა: ევროპის საკლუბო ტურნირებში პირველი ქართული გოლის ავტორმა გივი ნოდიამ (1972 წლის 13 სექტემბერს, უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალის პირველ მატჩში მან ენსხედეს ტვენტეს ორი გოლი გაუტანა) ამჯერად დინამო მწვრთნელის რანგში გაიყვანა ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ.
დინამო-ლინფილდის დაწყებამდე თბილისელთა უნიჭიერესი გამთამაშებელი გიორგი ქინქლაძე ორი პრიზით დაჯილდოვდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამართლიანი თამაშისთვის თემურ გიორგაძის სახელობის თასით დაასაჩუქრა, სპორტულმა გაზეთმა სარბიელმა კი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცა. 1992-1993 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სარბიელმა პირველად გამოკითხა ჟურნალისტები. ქინქლაძემ 128 ქულა მიიღო, რევაზ არველაძემ – 97, შოთა არველაძემ კი 92. პირველ რეფერენდუმში ოცდათხუთმეტი ჟურნალისტი და თოთხმეტი მწვრთნელი მონაწილეობდა, მათ შორის ეროვნული გუნდის თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე…
ისტორიული თამაში კი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და ასეც დასრულდა, თუმცა ნოდიას ბიჭებმა მხოლოდ 2:1 მოიგეს. არადა, მატჩის სტატისტიკური მონაცემები დინამოელთა გასაოცარ უპირატესობაზე მიანიშნებდა: კარში დარტყმა – 39:3, კუთხური – 19:3…
ბრიტანელთა კართან საწყის წუთებშივე შეიქმნა სახიფათო მომენტები და ყველა შემთხვევაში დამაგვირგვინებელი დარტყმა შოთა არველაძემ შეასრულა: მე-3 წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მალე თავური ააცილა, მე-7 წუთზე კი ისტორიაშიც შეაბიჯა: გელა ინალიშვილის გრძელი პასი მეტოქის საჯარიმოსთან მოხდენილად, მკერდზე მიიღო, მეურვე ჯონ ისტონს ბურთი თავზე გადაავლო, დამზღვევი ჯონ მაკკონელიც მოატყუა და ბელფასტელთა მეკარე უესლი ლემონს აუღებელი დაურტყა – 1:0!
სიხარულისგან სტადიონი კინაღამ დაინგრა, ლემონი კი… რომ არა ის, ეროვნულზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივარი, ალბათ, მართლა გაგიჟდებოდა სიხარულისგან, ლინფილდის კარის დარაჯმა იმ დღეს საუცხოოდ ითამაშა და არაერთხელ იხსნა გუნდი.
გაშვებული გოლის შემდეგ ჩრდილოირლანდიელები თავის საჯარიმოსთან გამაგრდნენ, დინამო კი უტევდა და უტევდა. ცნობისათვის: პირველ ტაიმში მეკარე ირაკლი ზოიძე მხოლოდ ორჯერ შეეხო ბურთს.
შესვენების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, ეგაა მხოლოდ, რომ მეორე ნახევარი 1:1 დასრულდა. პირველად სტუმრებმა გაიხარეს: 56-ე წუთზე მეტოქემ კონტრშეტევა წამოიწყო, გარი ფიბლზის ზუსტი პასით რიჩი ჯონსტონი ზოიძესთან პირისპირ გავიდა და უძლიერესად დაარტყა – 1:1. ამ გოლამდე ქინქლაძეს არ გაუმართლა – ლემონმა მისი დარტყმა მორიგი საოცარი ნახტომით მოიგერია, მეორედ კი ბურთი ძელს მოხვდა.
გაშვებული გოლიდან ათ წუთში დინამომ მეორედ გაიხარა: ინალიშვილმა კარის გასწვრივ ჩააწოდა და ბელფასტელთა მეკარეც ერთადერთხელ შეცდა, ბურთი კარში შეუვარდა – 2:1.
ევროპის საკლუბო ტურნირებში დაბრუნება დინამომ 2:1-ით აღნიშნა!
ხუთ დღეში დინამომ გურჯაანის ერქვანს უმასპინძლა და 6:1 გაიმარჯვა, შოთა არველაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, გიორგი ქინქლაძემ – დუბლი, ერთი გოლიც გიორგი ნემსაძემ გაიტანა. ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებამდე გივი ნოდიას კლუბმა კიდევ ერთ მეტოქეს სძლია, ხაშურში ივერია და არჩილ და რევაზ არველაძის გოლებით 2:0 დაამარცხა.
საპასუხო თამაშის წინ, რომელიც 1 სექტემბერს შედგა ბელფასტში, უინძორ პარკზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ლომბარდმა და გაზეთმა სარბიელმა სპეციალური პრიზი დააწესეს: მილიონი კუპონი ყოველი გოლის ავტორისთვის. ეს ჯილდო შოთა არველაძეს ხვდა წილად. ახალგაზრდა ფორვარდმა ბელფასტური შეხვედრის 49-ე წუთზე გამოიჩინა თავი, როცა მურთაზ შელიას გრძელი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა დინამო დააწინაურა. 71-ე წუთზე ლინფილდმა საპასუხო ბურთი გაიტანა – გარი ჰეილოკმა იმარჯვა, თუმცა საქმე ამაზე შორს არ წასულა და დინამოც, ორი მატჩის ჯამში 3:2 გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში გავიდა. იქ მას დანიის კოპენჰაგენი ელოდა, რომლის მთავარი მწვრთნელი ბენი იოჰანსონი თბილისში გამართულ მატჩს დაესწრო…
„მძიმე თამაში გადავიტანეთ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიხარია, რომ დინამო ჩემპიონთა თასზე გამოსვლას აგრძელებს. სხვა რა გითხრათ, ახლა მხოლოდ შემდეგ მეტოქეზე, კოპენჰაგენზე ვფიქრობთ“, – ეს სიტყვები დინამოელთა თავკაცმა გივი ნოდიამ გაზეთ ლელოს კორესპონდენტებს 2 სექტემბერს, ღამით, თბილისის აეროპორტში უთხრა.
ბელფასტიდან პირდაპირ შვეიცარიაში, უეფაში გაემგზავრნენ ნოდარ ახალკაცი და მერაბ ჟორდანია, ამჯერად მათ დანიელებთან ორი თამაშის საორგანიზაციო საკითხები უნდა შეეთანხმებინათ.
3 სექტემბერს სააგენტო ფრანს-პრესმა ასეთი ცნობა გაავრცელა: „18 აგვისტოს შემდგარი მატჩის წინ მსაჯის მოსყიდვის მცდელობის გამო უეფამ თბილისის დინამო ჩემპიონთა თასის მიმდინარე გათამაშებიდან მოხსნა. გუნდი, თუ ამის უფლება მოიპოვა, ვერც 1994-1995 წლების სეზონის ევროტურნირში მიიღებს მონაწილეობას. თბილისის დინამოს უეფაში აპელაციის შეტანა შეუძლია არაუგვიანეს 6 სექტემბრისა“.
თავზარდამცემი ვერდიქტი ცხადია გაპროტესტდა, მაგრამ სასურველი შედეგი, მოლოდინისამებრ, არ მოჰყვა. ნანატრი ევროდებიუტი საშინლად დასრულდა: უეფამ დინამო ლინფილდთან პირველ მატჩში თურქი მსაჯების მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა და 1993-1994 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან მოხსნა. კლუბს 1994-1995 წლების სეზონშიც აუკრძალა ევროთასებზე ასპარეზობა.
ყველა, დიდი თუ პატარა, დამნაშავეს ეძებდა: ბანი და კომპანია ბრალდებას უარობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დინამოს მესვეურებს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, კლუბი სულ სხვას ამტკიცებდა… ქაოსური სიტუაცია შეიქმნა, რომელსაც უეფას საბოლოო ვერდიქტმა მოჰფინა ნათელი.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა უეფას გენერალურ მდივანს, გერჰარდ აიგნერს და უეფას პრესმდივანს, რუდოლფ როტენბიულერს წერილობით სთხოვა საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული მასალების, ოფიციალური დოკუმენტების მოწოდება. უეფას პასუხი არ დაუყოვნებია, იქ კი შავით თეთრზე ეწერა:
„სააპელაციო კომისიამ, რომელსაც დოქტორი ლეონ შტრესლე (შვეიცარია) თავკაცობდა, ხოლო წევრები იყვნენ გუდმუნდურ პეტურსონი (ისლანდია), დოქტორი ჯოზეფ მიფსუდი (მალტა), ვილჰემ ჰენესი (გერმანია) და მარიანო დელოგუ (იტალია), 1993 წლის 9 სექტემბერს, ციურიხში, სასტუმრო ჰილტონ ეარპორტში შემდგარ სხდომაზე არ დააკმაყოფილა საფეხბურთო კლუბის თბილისის დინამოს აპელაცია.
ქართულ მხარეს კლუბის ადვოკატი ს.კირკიტაძე, პრეზიდენტი მ.ჟორდანია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ნ.ახალკაცი წარადგენდნენ.
ქართული მხარის და უეფას კონტროლისა და დისციპლინის კომისიის მოსმენის შემდეგ, უეფას სადისციპლინო კომისიამ დაადგინა:
1.უარყოფილ იქნას თბილისის დინამოს აპელაცია
2.თბილისის დინამომ უნდა გადაიხადოს პროცესის ხარჯი – 30000 შვეიცარიული ფრანკი
3.აპელაციისთვის შეტანილი თანხა გამოქვითულია
4.გადაწყვეტილება საბოლოოა.
დასაბუთება:
1993 წლის 18 აგვისტოს, თბილისში, დინამოსა და ბელფასტის ლინფილდს შორის ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა. კერძო საწარმოს მფლობელ შალვა (ბადრი) ნინუას თბილისის დინამოსგან დაკისრებული ჰქონდა ორგანიზაციული და ფინანსური საკითხების მოგვარება.
თამაშის დღეს, ოფიციალური სადილის შემდეგ, დაახლოებით ცამეტ საათზე, მსაჯებმა დატოვეს რესტორანი, რათა თამაშისთვის მომზადებულიყვნენ. შალვა (ბადრი) ნინუამ მათ შესთავაზა საკუთარი მანქანით სასტუმროში მიყვანა, რომელიც ნახევარ კილომეტრში მდებარეობს. მანქანაში მან მსაჯებს ოთხი კონვერტი გადასცა, თან მიანიშნა, რომ ეს კონვერტები მანქანაში არ გაეხსნათ. ეს მითითება მსაჯებმა არ შეასრულეს, გახსნეს კონვერტები. სამ კონვერტში 1000-1000 აშშ დოლარი იდო, ხოლო მთავარი მსაჯისთვის (ერმან თოროღლუ) განკუთვნილ კონვერტში 2000 აშშ დოლარი. მსაჯების მცდელობა, კონვერტები უკან დაებრუნებინათ, ამაო აღმოჩნდა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ უეფას ოფიციალური დელეგატი კარლ ფერტონგენი სასტუმროში შეხვდა მსაჯებს, რომლებმაც დაუყოვნებლივ აცნობეს აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამ თემაზე თბილისის დინამოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკება არ შემდგარა.
მსაჯების და უეფას ოფიციალური დელეგატის მტკიცებით დასტურდება, რომ შალვა (ბადრი) ნინუას მოქმედება მსაჯების მოსყიდვის მცდელობაა. 5000 ათასი აშშ დოლარის გადაცემის მიზანი იყო მსაჯებზე ზეგავლენა და თბილისის დინამოსთვის სარგებლობის მიღწევა.
დინამო არ დაეთანხმა ამ შეფასებას.
რაც შეეხება უეფას 1993 წლის 10 აგვისტოს ფაქსს, ფაქტობრივად, მისი ერთადერთი ადრესატი იყო თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია. ერთი შეხედვით, ფორმულირება გაუგებარია, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ უეფას რეგლამენტის მე-18 მუხლის მეორე აბზაცით გათვალისწინებული პირობა ამ მატჩისთვის გამონაკლისს არ წარმოადგენდა. მსაჯებისთვის დღიური თანხის გადახდა არ შედიოდა მასპინძელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციაში. 5000 აშშ დოლარი იყო არა ანაზღაურება, არამედ ქრთამი.
სინამდვილეში შალვა (ბადრი) ნინუამ ჩაიდინა საქციელი, რომელიც უეფას წესდების მეორე მუხლს მიესადაგება. თავისი ქმედებით ნინუამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა გუნდი, მისი საქციელი არ შეესაბამება სპორტულ პრინციპებს. ამის გამო, კონტროლისა და დისციპლინის კომისიის გადაწყვეტილებით, ნინუას სამუდამოდ აეკრძალა უეფასთან ურთიერთობა.
უეფას სადისციპლინო წესდების მესამე მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით, ამ შეცდომისთვის პასუხისმგებელია კლუბი.
ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა ნინუა საფეხბურთო კლუბ დინამოს პრეზიდიუმის წევრი, ვინაიდან სწორედ მას ჰქონდა კლუბისგან დავალებული საორგანიზაციო და ფინანსური საკითხების მოგვარება.
კომისიას, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის ზომას, ერთის მხრივ, მხედველობიდან არ გამორჩენია ის გარემოება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას ახალი წევრია და აქედან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბ დინამოს მრავალი სიძნელის გადალახვა მოუწევს. მეორე მხრივ, საქმე ეხება ქრთამის გადაცემის მცდელობას. ამ მოქმედებით უხეშად ხელჰყვეს საყოველთაოდ აღიარებული წესები, შეზღუდეს მსაჯის დამოუკიდებელი და თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა. ვინც ამ წესებს არღვევს, ის იხსნება შეჯიბრებიდან.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, კონტროლისა და დისციპლინის კომისიამ განსაზღვრა სასჯელის კონკრეტული ზომა (მუხლი 6, აბზაცი 1).
საბოლოო დოკუმენტს ხელს აწერენ: დოქტორი შტრესლე, დოქტორი მიფსუდი, ბატონები: პეტურსონი, ჰენესი, დელოგუ“.
მომხდართან დაკავშირებით 16 სექტემბერს ეროვნულ სტადიონზე საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჟურნალისტების გარდა უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. სტუმრებს დინამოს ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. კითხვას, თუ რატომ არ მივიდა ნოდარ ახალკაცი, მერაბ ჟორდანიამ უპასუხა, რომ სფფ-ის პრეზიდენტს პირადად ესაუბრა, ის შეუძლოდ იყო და საავადმყოფოში გადასაყვანი შეიქნა. შეკრებილები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე ჩივაძის და გენერალური მდივნის დავით კვინიკაძის არყოფნითაც დაინტერესდნენ. დინამოს ერთ-ერთმა მეპატრონემ რომან შოთაძემ დარბაზიდან დარეკა ფედერაციაში, თუმცა უპასუხეს, რომ შენობაში არც ჩივაძე იყო და არც კვინიკაძე.
„როცა გუნდი უეფას ტურნირებზე გამოდის, ყველაფერზე მისი ხელმძღვანელობა აგებს პასუხს. უაზრობაა ვიძახოთ, რომ ჩვენ არ გვეხებოდა მსაჯების დახვედრა. რაც მოხდა, ჩვენივე დაუდევრობისა და მატრაკვეცობის ბრალია, მე პირადად ჩემ თავსაც ვადანაშაულებ, რაც არ უნდა დაკავებული ვყოფილიყავი, მაინც უნდა გამეკონტროლებინა ყველაფერი…
რაც შეეხება ბანი და კომპანიას, იგი ჩვენი თხოვნით დათანხმდა მხარში ამოგვდგომოდა და გაეღო ხარჯები, რადგან თითქმის ერთი წელია არავინ გვეხმარება ფინანსურად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ თანხას ჩვენ უკლებლივ დავუბრუნებთ ბანი და კომპანიას…
აღარ მახსოვს კონკრეტულად ვინ უთხრა ბადრი ნინუას მსაჯებისთვის ფული გადაეცა. მე, ახალკაცმა, სხვა ვინმემ თუ ყველამ ერთად…
მე არ მინდა ეს საქმე ასე მშრალად დამთავრდეს, მე მინდა იგი ფართო მსჯელობის საგანი გახდეს, დეტალურად გაირკვეს ყველაფერი, თუმცა მე არ ვიხსნი ჩემ წილ პასუხისმგებლობას და მზად ვარ, თუ გამოჩნდება ვინმე ჩვენზე უკეთ რომ უპატრონებს გუნდს, გადავდგე და მას დავუთმო ადგილი“.
მერაბ ჟორდანიას შემდეგ ტრიბუნაზე დინამოს კაპიტანი მიხეილ ყაველაშვილი ავიდა: „მე, როგორც გუნდის კაპიტანი, მთელი გუნდის სახელით მოვითხოვ დამნაშავის გამოვლენას და დასჯას. მთელი ფედერაცია დინამოს წინააღმდეგია. ოთხი წელია ფეხბურთის ფედერაცია რასაც უნდა იმას აკეთებს. მოვიწვიოთ რიგგარეშე ყრილობა და გადავირჩიოთ მისი ხელმძღვანელობა“. კაპიტნის გამოსვლას დინამოელები და დამსწრეები ტაშით შეხვდნენ.
პრესკონფერენციასთან დაკავშირებით გაზეთი სარბიელი ნოდარ ახალკაცს დაუკავშირდა. სფფ-ის პრეზიდენტმა თქვა: „თუ ვინმეს ფედერაციასთან პრეტენზია აქვს, მოგვმართოს წერილობით და ჩვენ პასუხს გავცემთ. ისე კი, როცა ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, პრესკონფერენციას ჩავატარებ, სადაც ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. სათქმელი მეც ბევრი მაქვს“.
24 სექტემბერს სარბიელმა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის წერილი დაბეჭდა. სსჟა-ს თავკაცი წერდა:
„უეფამ გამოიტანა განაჩენი, რომელიც, სამწუხაროდ, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. განაჩენი იმდენად მკაცრია, შედეგი კი იმდენად მძიმე, რომ ამ საქმის მიფუჩეჩება არ გამოვა. კამათი უნდა გაგრძელდეს, რათა ჭეშმარიტებას მივუახლოვდეთ და მტყუან-მართალს თავისი სახელი დავარქვათ. მაგალითად, უნდა ვთქვათ, რომ ერთი მიზეზი ჩვენი ამგვარი შეჭირვებისა პასუხისმგებლობის დეფიციტია.
გამარჯვებას ათასი ავტორი გამოუჩნდება ხოლმე, მარცხის ავტორობისა კი რა მოგახსენოთ. როცა დინამო ევროტურნირში დაუშვეს, ამ საქმის „ავტორობას“ ბევრი ჩემულობდა. როცა დინამო ევროტურნირიდან დაითხოვეს, ამ საქმის „ავტორები“ უმალ გაუჩინარდნენ.
სადაც წესი და რიგია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და თბილისის დინამოს ხელმძღვანელობამ უნდა გაინაწილონ.
დინამოელები, თითქოს, არ გაურბიან პასუხისმგებლობას, მაგრამ მათი სიტყვა და საქმე სცილდება ერთმანეთს. ფედერაცია ჯერჯერობით დუმს, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე გაჩუმებას არ აპირებს. ამასობაში, კლუბსა და ფედერაციას შორის სერიოზული კონფლიქტი მწიფდება. დაპირისპირება უკვე იმდენად აშკარა და ხელშესახები გახდა, რომ საბოლოო შედეგის პროგნოზირება არც ისე იოლია. შეიძლება საქმე ფედერაციის საგანგებო ყრილობამდეც მივიდეს. ყოველ შემთხვევაში, დინამო ყრილობის მოწვევის მომხრეა და ამის შესახებ საჯაროდ ითქვა.
თუ ყველაფერს თავის სახელი არ დაერქვა, არც ერთი მხარე მოგებული არ დარჩება იმიტომ, რომ წააგებს ქართული ფეხბურთი. სწორედ ჩვენი ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, ჯობდა დინამოს ხელმძღვანელობა გადამდგარიყო, თუნდაც შემადგენლობა გადაეხალისებინა.
ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. მე არ ვამბობ, რომ მერაბ ჟორდანია და მისი კოლეგები აქამდე საქმეს ცუდად უძღვებოდნენ. არც იმას ვამტკიცებ, რომ დინამოს მომავალზე სხვას უფრო მეტად შეტკივა გული, მაგრამ ერთშიც დარწმუნებული ვარ: „ტაქტიკური“ ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, უეფასთან მომავალ ურთიერთობებში კლუბს სერიოზული პრობლემები ექნება. უეფა უთუოდ მოერიდება იმ ხალხთან საქმის დაჭერას, ვინც გუშინ ქრთამის მიცემის მცდელობაში ამხილა.
ეს ამბავი, ცხადია, ფედერაციამაც უნდა გაითვალისწინოს“.
20 და 21 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის თამაშები უნდა გამართულიყო, თუმცა თვენახევრიანი სიმშვიდის შემდეგ აფხაზეთში სისხლისმღვრელი შეტაკებები განახლდა და ფეხბურთის ფედერაციამ პირველი და მეორე ჯგუფის თამაშები გაურკვეველი ვადით გადადო.
დინამომ იძულებითი პაუზა თურქეთში გაატარა, ტრაბზონთან ახლოს ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბს ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 მოუგო, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გუნდის მესვეურებმა დაადასტურეს, რომ შოთა და არჩილ არველაძეები სეზონის ბოლომდე ტრაბზონსფორში ითამაშებდნენ…
„დინამოს გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის“! – სოხუმის მერის, ცხუმის ერთ-ერთი პატრონის გურამ გაბესკირიას ეს სიტყვები სარბიელში 14 სექტემბერს დაიბეჭდა. ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია ვეტერან ფეხბურთელს ჯერ კიდევ დინამო-ლინფილდის თამაშის შემდეგ ესაუბრა, როცა ჯერ არც დინამო იყო დისკვალიფიცირებული და სოხუმშიც მშვიდობა სუფევდა.
მაგრამ სექტემბრის მიწურულს ტყვია გავარდა, 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა.
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ვინც გურამ გაბესკირიასთან, მამია ალასანიასთან, რაულ ეშბასთან, ვახტანგ გეგელაშვილთან, ალექსანდრე ბერულავასთან და სხვებთან ერთად უკანასკნელ წამამდე ხელმძღვანელობდა ქალაქის და უშუალოდ მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს. მომდევნო დღეებში უარესი საშინელება დაიწყო – ეთნიკური ქართველების მასობრივი განადგურება აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში…
2004 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს გმირის წოდება და ორდენი დააწესა.
პირველი, რომელსაც ეს წოდება და ორდენი მიენიჭა, ჟიული შარტავა იყო, 2004 წელს.
2017 და 2018 წლებში საქართველოს გმირის წოდებით ასევე დაჯილდოვდნენ ჟიული შარტავასთან ერთად სოხუმში, მთავრობის სახლის წინ დახვრეტილი გურამ გაბესკირია და მამია ალასანია.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 22 მაისი
ფოტო: დინამო-ლინფილდის მატჩის ბილეთი
* – 2025 წლის 22 მაისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე