1994: სფფ-ის მესამე ყრილობა – ნოდარ ახალკაცი მეორე ვადით

1994 წლის 16 ივლისს, მსოფლიოს XV ჩემპიონატის ფინალამდე ერთი დღით ადრე, პასადენაში, როუზ ბოულზე, ბრინჯაოს მედლები გათამაშდა. ტომი სვენსონის გაწვრთნილმა შვედეთის სიმპათიურმა ნაკრებმა დიმიტარ პენევის მომზადებულ ბულგარეთს 4:0 აჯობა. შვედებმა ზედიზედ მეორედ ითამაშეს დიდი ტურნირის ნახევარფინალში. ორი წლით ადრე, როცა ამ მშვენიერმა ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, ტრეკუნურს (შვედეთის ნაკრების მეტსახელია) ფინალისკენ მიმავალ გზაზე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია გადაეღობა.

რაც შეეხება ბულგარეთს, ამ გუნდმა ევრო 1992 გამოტოვა, თუმცა აშშ 1994-ის საკვალიფიკაციოში ერთ-ერთი მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა: უკანასკნელი მატჩის უკანასკნელ წუთზე დაამარცხა საფრანგეთი და ზედიზედ მეორედ დატოვა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა.

ბულგარელებმა არც ამერიკაში შეირცხვინეს თავი, ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწიეს – მეოთხე ადგილზე გავიდნენ. პასადენაში შვედებთან შეხვედრის შემდეგ დიმიტარ პენევის გუნდი მხოლოდ ოქტომბერში შეიკრიბა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ.

სოფიაში სტუმრობის წინ ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებში ნამდვილად არ იყო კარგი განწყობა. 7 სექტემბერს, თბილისში, მოლდოვასთან ისტორიული, პირველი შესარჩევი თამაშის და თავზარდამცემი მარცხის შემდეგ მხოლოდ ერთი თვე იყო გასული. ქომაგებს ის წაგება ვერ მოენელებინათ და მცირე ხანში ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის გულსატკენი თამაში იხილეს, თბილისის დინამო უეფას თასის გათამაშებიდან ინსბრუკის ტიროლმა დაიფრინა. სექტემბრის მიწურულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესამე ყრილობა გაიმართა. ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

მოლდოვის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ზუსტად ერთ კვირაში, 13 სექტემბერს, უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალის პირველ მატჩში დინამომ ტიროლს უმასპინძლა და რევაზ არველაძის მიერ მე-40 წუთზე გატანილი პენალტით 1:0 დაამარცხა. მძიმე თამაში გამოდგა, დინამოს კიდევ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა სრულიად შესაძლებელი იყო მატჩი ფრედ დასრულებულიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსაჯმა მურთაზ შელია გააძევა.

გივი ნოდიას მიერ შერჩეულ ძირითად შემადგენლობაში ის ცხრა დინამოელი მოხვდა, რომლებმაც ერთი კვირით ადრე ნაკრების მაისურით დაიწყეს მოლდოველებთან თამაში: მეკარე ირაკლი ზოიძე, გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია, გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე, რევაზ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ტყუპები, შოთა და არჩილ არველაძეები. ტიროლის წინააღმდეგ მოედანზე გასულთაგან 7 სექტემბერს მხოლოდ მცველ ნუგზარ ლობჟანიძეს და ნახევარმცველ გელა ინალიშვილს არ უთამაშიათ სასტარტო შემადგენლობაში.

„მოქმედება მეორე: იგივენი და ნოდია“ – ასე დაასათაურა სარბიელმა (17 სექტემბერი, 1994) დინამო-ტიროლის მატჩის მიმოხილვა, რომელიც მამუკა ჩიხლაძემ დაწერა. ჟურნალისტმა სანაკრებო და საკლუბო მატჩები შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა:

„0:1 და 1:0 – საპირისპირო შედეგებით დასრულდა ეროვნულ სტადიონზე ექვსდღიანი ინტერვალით გამართული ორი მატჩი. მართალია მოლდოვის მეტოქეს საქართველოს ნაკრები ერქვა, ტიროლისას – თბილისის დინამო, მაგრამ ორივე სტუმარს, ფაქტიურად, ერთი გუნდი დაუხვდა, თითქმის იდენტური შემადგენლობით და ტაქტიკური სქემით…

ჩვენი აზრით მოლდოვასთან მარცხის მთავარი მიზეზი სწორედ სამკაციანი დაცვა იყო და ეგ ტაქტიკა ხეირს არც დინამოს დააყრის. ოღონდ, ჯოხის იმ სამ კაცზე გადატეხვა უსინდისობაა: გიორგი ნემსაძემ, მურთაზ შელიამ და კახი ცხადაძემ თავიანთი საქმე პირნათლად შეასრულეს. ეგ იყო მხოლოდ, რომ ნახევარდაცვიდან მათ არავინ დაეხმარა.

სწორედ აქ შევნიშნეთ ერთადერთი განსხვავება ჩივაძისა და ნოდიასეულ ტაქტიკურ სქემაში: ეგრეთ წოდებული საყრდენი ნახევარმცველობა, თუ გნებავთ ნახევარდაცვის ბურჯობა ნაკრებში ჯამარაულს დაევალა, რომელსაც მაგ ადგილზე თავის დღეში არ უთამაშია, დინამოში კი იგივე საქმეს ინალიშვილი აკეთებს: უნივერსიტატეასთანაც გვარიანად შეუმსუბუქა ტვირთი დაცვას და ტიროლთანაც ხომ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. მოლდოვასთან კი გელამ მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა, როცა მთელი გუნდი გოლის გატანას ეშურებოდა და ურთიერთდაზღვევის სისტემა საკუთარ ნახევარზე მთლიანად მოშლილი იყო“.

ავსტრიელებთან მატჩს იმ წლების რუსეთის ერთ-ერთი მოწინავე და ფინანსურად ძლიერი კლუბის, ვლადიკავკაზის ალანიის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევიც დაესწრო. როცა ჟურნალისტები მას სტუმრობის მიზეზზე დაეკითხნენ, თბილისის დინამოს ყოფილმა თავდამსხმელმა თქვა:

„პირდაპირ გეტყვით: დინამოელთა წაყვანა მსურს ვლადიკავკაზში. სამწუხაროდ, რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ სამი უცხოელის ყოლის უფლება გვაქვს, თორემ სიამოვნებით წავიყვანდი ნახევარ გუნდს“. გაზაევმა გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა საქმეში ჩახედულმა რამდენიმე ჟურნალისტმა დაწერა, რომ ის ზაზა რევიშვილით და მურთაზ შელიათი დაინტერესდა.

დინამოს გამარჯვებიდან ოთხ დღეში, 17 სექტემბერს, ეროვნულმა სტადიონმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა, მაგრამ არა სპორტულ დაპირისპირებას, არამედ ოფიციალური პირების ჭიდილს ყავისფერკედლებიან სხდომათა დარბაზში: შუადღით ფეხბურთის ფედერაციის მესამე ყრილობა დაიწყო. გეგმის მიხედვით ღონისძიება ორ საათში უნდა დასრულებულიყო, რადგან შემდეგ ყველა ავთანდილ ჭკუასელის (ის 12 სექტემბერს გარდაიცვალა) გასვენებაში წასვლას აპირებდა.

„ახალკაცმა არავის დაუთმო თავისი დამტვრეული სკამი“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა სარბიელის რედაქტორის ზურაბ მეძველიას მიმოხილვა 20 სექტემბრის ნომერში. იქ ამ სიტყვებს ამოიკითხავთ:

„შაბათს, 17 სექტემბერს, ეროვნული სტადიონის სხდომათა დარბაზში ჩატარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესამე ყრილობა, რომელმაც სამსაათნახევარი გასტანა და წარუშლელი შთაბეჭდილებებით აღავსო დამსწრე საზოგადოება…

207 დელეგატიდან ყრილობას ესწრებოდა 167, რაც მუშაობის უფლებას იძლეოდა. ის იყო თავმჯდომარე (სფფ-ის გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე) დღის წესრიგის ჩამოთვლას ლამობდა, რომ დარბაზში თბილისის დინამოს ტექნიკური დირექტორი ვაჟა ჟვანია წამოიმართა და დელეგატთა სრული სია მოითხოვა. ბევრისთვის გასაოცრად, მრავალნაცადი გენერალური მდივანი აშკარად დაიბნა, ხმას აუწია და ჟვანიასთან კამათს მიჰყო ხელი…

ჟვანიას სამტრედიის მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა გამოექომაგა: ვინც აქ ზის, ნახევარი ფეხბურთის მტერიაო! კვინიკაძემ დახმარებისთვის პარლამენტის სპორტის კომისიის თავმჯდომარეს ბეჟან ხურციძეს მიმართა, გამაგებინეთ როდემდე გაგრძელდება ეს უკანონობაო…

ერთმა დელეგატმა მოლდოვასთან ამასწინანდელი მარცხი დინამოელებს დააბრალა – განგებ წააგესო. რასაკვირველია, ატყდა ვაი-უშველებელი, მაგრამ მუშტი-კრივამდე საქმე არ მისულა. დინამოს წარმომადგენლებმა ამ ცილისწამებაზე ნაკრების ხელმძღვანელთა პასუხი მოითხოვეს. ჩივაძემ დააპირა გამოსვლა, მაგრამ მისთვის არ ეცალათ…

ტრიბუნაზე მანუჩარ მაჩაიძე ავიდა, მეც ვთვლი, რომ მანდატები არაკანონიერად განაწილდა და ყრილობა გადავდოთო. მან მთავარ არგუმენტად ვლადიმერ ბარქაიას არყოფნა დაასახელა…

მაჩაიძე ტრიბუნაზე ბეჟან ხურციძემ შეცვალა. მან სამართლიანად მიიჩნია ოპოზიციონერთა გამოსვლა, თან დააყოლა, კვინიკაძეს ორ-სამჯერ შევხვდი და ამ კაცის ხალხისადმი დამოკიდებულება არ მომწონსო…

ბოლოს ბატონმა ბეჟანმა კახი ასათიანს მიმართა: გავალებთ შექმნათ კომისია, რომელიც გაარკვევს დელეგირების საკითხს, ყრილობა კი ორი კვირის ვადაში დაინიშნოსო. მავანის რეპლიკაზე, თქვენ ვინა ხართო, ხურციძემ მიუგო – უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელიო, რაზედაც იმ დღეს პირველად რეაგირება მოახდინა ნოდარ ახალკაცმა – მე ვიცი, შენ ვინც ხარო. თუმცა ამ თემის განვრცობისგან ფედერაციის პრეზიდენტმა თავი შეიკავა…

ავთანდილ ჭკუასელის გასვენებაში კახი ასათიანს ოცამდე იქ მყოფი გაჰყვა. ის იყო თავმჯდომარემ და უმრავლესობამ შვებით ამოისუნთქეს, რომ აღმოჩნდა: ოპოზიციას თავის წარმომადგენელი დარბაზში კვლავ დაეტოვებინა. თან ვინ, ვაჟა ჟვანია! მან არც აცია, არც აცხელა და პრეზიდიუმში კვინიკაძეს გვერდით მიუჯდა. ამაზე სულ გადაირია გენერალური მდივანი და იყვირა: ხომ ვთქვი, პოლიცია მოიყვანეთ-მეთქი. ჟვანიამ მიუგო, გამეცით პასუხი, რატომ აიღეთ გურულის ტრანსფერიდან ათი პროცენტი, როცა ეგ ფული კლუბს ეკუთვნოდაო. თავმჯდომარის რეპლიკაზე – თქვენ ცრუობთ, ჟვანიამ ამ სიტყვის დოკუმენტურად გაფორმება ისურვა, რაც ფედერაციის გენსეკმა უმალ შეუსრულა. ჟვანიაც ცოტა ხანი კიდევ იჯდა, მერე მოსწყინდა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, კომკავშირული კრება და დარბაზი დატოვა…

დელეგატებმა ფედერაციის ოთხწლიანი მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს და წესდებაში სამი ახალი პუნქტი შეიტანეს. იქვე პრეზიდენტის არჩევნების დროც მოვიდა. ფედერაციის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭიპაშვილმა კანდიდატად ნოდარ ახალკაცი დაასახელა. ალტერნატიული წინადადება არ ყოფილა და არჩევნების წინ საპროგრამო სიტყვით პრეზიდენტი გამოვიდა. მან თქვა, რომ ელოდა ასეთ გალაშქრებას მის წინააღმდეგ და ყველა მოწინააღმდეგე გააფრთხილა (დაუსწრებლად): სფფ-ს საქმეში ჩარევა არავის შეუძლია ფიფასა და უეფას წესდებითო. გამოსვლის ბოლოს ბატონმა ნოდარმა დასძინა: ვთვლი, რომ პირველი ყრილობის დასმული ამოცანა შევასრულე და ახლა ნება თქვენია, ისე კი, იცოდეთ, რომ სავარძელს არ ვებღაუჭები და ნებისმიერს დავუთმობ იმ ჩემ ნახევრად დამტვრეულ სკამსო…

ამ დროს დარბაზში ჟვანია დაბრუნდა და დინამოს დირექტორატისა და მთავარი მწვრთნელის სახელით ყრილობას აუწყა, რომ ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონი წყვეტდა სფფ-ის ეგიდით ჩატარებულ ნებისმიერ ტურნირში გამოსვლას. დარბაზში მყოფ საზოგადოებაზე არც ამან გაჭრა. ის კი არა, ჟვანია სიცილით გაისტუმრეს, რას ლაპარაკობ, ხომ დავიღუპეთო. იქვე არჩევნებიც ჩატარდა და 129 მხარდამჭერის წყალობით ახალკაცმა კიდევ ოთხი წლით დაიბევა ფედერაციის პრეზიდენტობა“.

ვაჟა ჟვანიას განცხადების მიუხედავად, მეორე დღეს, კვირას, 18 სექტემბერს, დინამომ ბათუმში ითამაშა. გივი ნოდიას კლუბმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში მასპინძლებს 5:3 მოუგო. ყველა გოლი არველაძეებმა გაიტანეს: არჩილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, შოთამ – დუბლი.

დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია სფფ-ის მესამე ყრილობას რამდენიმე დღეში გამოეხმაურა. მამუკა კვარაცხელიას მიერ ჩაწერილი ინტერვიუ 20 სექტემბრის სარბიელში დაიბეჭდა:

„ყველა წესიერი კაცი, ვინც ყრილობაზე იყო, არ შეიძლება არ აღშფოთებულიყო ფედერაციის ხელმძღვანელთა მოქმედებით. ზღვარგადასული ცინიზმია ქართული ფეხბურთის ბედი ფედერაციის მბეჭდავებს, მდივნებს, მემანქანეებს და ბუღალტრებს გადააწყვეტინო…

ყრილობაზე თავად ხმის უფლების გარეშე, სტუმრად ვიყავი მიწვეული, ისევე, როგორც კახი ასათიანი და ბევრი სხვა პიროვნება, ვისაც როგორმე რაღაც მაინც გაუკეთებია ქართული ფეხბურთისთვის. დელეგატთა მანდატები ისეთი პრინციპით იყო განაწილებული, რომ ალბათ, ანალოგი არ მოეძებნება ფეხბურთის ისტორიაში…

ამას დაემატა ერთ-ერთი დელეგატის(!) განცხადება იმის თაობაზე, რომ ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა დინამოელებმა განზრახ წააგეს მატჩი მოლდოვის ნაკრებთან. მე დელეგატის ამ უნამუსო განცხადებამ არ გამაოცა იმდენად, რამდენადაც ყრილობის მონაწილეთა უმრავლესობის დუმილმა ამის თაობაზე. ზოგმა მხარიც კი დაუჭირა!!!

მიუხედავად ალექსანდრე ჩივაძის ვაჟკაცური გამოსვლისა, ეს იმხელა შეურაცხყოფაა მთელი კლუბისთვის და თითოეული ფეხბურთელისთვის, რომ მოთმინების ფიალა აგვევსო. ვაჟა ჟვანიას განცხადება, დიახაც, კლუბის ხელმძღვანელთა სახელით გაკეთდა…

ბათუმში ვითამაშეთ, მაგრამ ამით ჩვენი გადაწყვეტილება არ იცვლება. ისევ ქართული ფეხბურთის და ნაღდი გულშემატკივრების ინტერესების გათვალისწინებით ვითამაშებთ მომდევნო მატჩს შევარდენთან, ავსტრიაშიც გავემგზავრებით და ყველას დავუმტკიცებთ, როგორი თამაში იციან დინამოელებმა. ამის შემდეგ კი ვწყვეტთ ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას. იმედია საზოგადოება, კომპეტენტური ორგანიზაციები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები არ მიგვატოვებენ და როგორც საჭიროა, ისე ჩაერევიან ამ საქმეში“.

სარბიელის იმავე ნომერში გამოქვეყნდა მამუკა კვარაცხელიას კიდევ ერთი ინტერვიუ, ამჯერად დინამოელთა მთავარ მწვრთნელთან გივი ნოდიასთან. მან დინამოზეც ისაუბრა, მოლდოვასთან მატჩსაც შეეხო, 17 სექტემბრის ღონისძიება კი ასე შეაფასა:

„ყრილობა თავიდან ბოლომდე ფარსი იყო. სწორედ ამიტომ დავტოვე ის პროტესტის ნიშნად. არც მოხსენება წაუკითხავთ, არც კამათი ყოფილა… მოკლედ, ყველა ხერხებით ცდილობენ თავიანთი მიზნების მიღწევას, ხაზს ვუსვამ, თავიანთი მიზნების მიღწევას“.

მოლდოვის ნაკრებთან საშინაო მარცხზე გივი ნოდიამ თქვა: „როდესაც კარგი მონადირე სანადიროდ მიდის, წინა ღამეს იგი არ დათვრება, ტყვია-წამალს გაამზადებს, თოფს კიდევ ერთხელ გაწმენდს და ნადირობისას პირველივე ნადირ-ფრინველს მოინადირებს. ჯერჯერობით ჩვენი ნაკრები და მისი ხელმძღვანელობა იმ ცუდ მონადირეს მაგონებს, თოფი სახლში რომ უვარდება“.

ეროვნული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელის ეს სიტყვები ალექსანდრე ჩივაძემ რეპუტაციის შელახვად მიიღო და საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრების თავკაცი სარბიელის რედაქციას ჯემალ ჭიპაშვილის მეშვეობით დაუკავშირდა: „როგორც მწვრთნელი, რამდენიც გნებავთ მაკრიტიკეთ, როგორც პიროვნებას კი ნუ შემეხებით, ამის უფლებას არავის მოგცემთ“.

ჩივაძის რეაქცია ნოდიასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: „ჩემი მეგობრისა და კოლეგის საშა ჩივაძის შეურაცხყოფა გულშიაც არ გამივლია. იმ ალეგორიულ გამონათქვამში საერთოდ მატჩისთვის მზადება ვიგულისხმე და არა ღვინის სმა. თავად დავრჩები მადლობელი, თუ საშა ჩემს მიმართაც ასე კრიტიკულად იქნება განწყობილი, რადგან თვითკმაყოფილი მწვრთნელი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას, საღი კრიტიკა კი თითქოს გაფხიზლებს. მიუხედავად ზემოთქმულისა, მე მაინც ვალდებულად ვთვლი ბოდიში მოვუხადო საშა ჩივაძეს, თუ რაიმეში ჩემი მიზეზით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო“.

გავიდა რამდენიმე დღე და პრესკონფერენცია გამართა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემ:

„ყრილობაზე ორი მთავარი მომენტი იყო. პირველი ის, რომ ფედერაციამ იგი მაღალ დონეზე მოამზადა, მეორე – რამდენიმე მონაწილე თბილისის ფედერაციიდან, დინამოდან და სამტრედიიდან მის ჩაშლას ცდილობდა. მათ ახალკაცის პრეზიდენტობა ხელს არ აძლევთ. დინამოსგან ეს მით უფრო საკვირველია, რომ წლეულს, თუკი რამე თხოვნა ჰქონდათ, ფედერაციის ხელმძღვანელობამ ყველაფერი დააკმაყოფილა…

ობსტრუქციაში მონაწილეობდა სამტრედიელთა მწვრთნელი მურთაზ ხურცილავაც. მურთაზი უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მას საიმისო ცოდნა არ ჰყოფნის, რომ გაერკვეს, რას ნიშნავს ყრილობა, ფედერაციის აღმასკომი და სხვა. შესაბამისად, გასაგები ხდება რატომ გაიმეორა რამდენჯერმე, ვერ გამიგია აქ რა ხდებაო. დაიბნა ადამიანი…

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ განაცხადა ყრილობაზე სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კახი ასათიანმა, დელეგატთა მანდატები არასწორად არის განაწილებულიო. დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ჩვენთან მოავლინა კვალიფიცირებული სპეციალისტი ამირან აბესაძე. იგი გაეცნო ჩვენს დოკუმენტაციას და თქვა, რომ ყრილობა კარგად იყო ორგანიზებული. საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასათიანთან საქმიანი ურთიერთობა გვაქვს…

რაც შეეხება ყრილობაზე სიტყვით გამოსულ პარლამენტის სპორტის კომისიის თავმჯდომარეს ბეჟან ხურციძეს, მას ფეხბურთის საკეთილდღეოდ თითი თითზეც არ დაუკარებია. როცა დახმარება გვჭირდება, იძულებულნი ვართ მის ნაცვლად სხვა, ნაცნობ პარლამენტარებს ვურეკოთ ხოლმე. გააკეთებს რამეს საქმის საკეთილდღეოდ თუ არა, ეს, ბოლოს და ბოლოს, მისი საქმეა, მაგრამ ნუთუ ამხელა თანამდებობის პირმა ის არ უნდა იცოდეს, რომ ყრილობის ჩაშლა დამღუპველი საქმეა? რას იტყოდნენ ფიფასა და უეფაში, როცა შეიტყობდნენ, რომ ყრილობა ვერ ჩავატარეთ და ამ საქმეში დიდი წვლილი ბეჟან ხურციძემ დაიდო?! ნუთუ ვინმესთვის კიდევ ასახსნელია, რომ საერთაშორისო ფედერაციები ფეხბურთის საქმეში გარედან ჩარევას სასტიკად კრძალავენ?

გამაოცა დელეგატი ჟვანიას ქცევამ. იმან, რომ ამგვარ მოქმედებას მხარი დაუჭირა მონაწილეთა გარკვეულმა რაოდენობამ, მეტადრე კი კახი ასათიანმა და ბეჟან ხურციძემ. თუ ოპოზიციას ჩვენი მუშაობა არ მოსწონს, მაშინ სხვანაირად უნდა მომზადებულიყო. უნდა გამოეყვანა ერთი დელეგატი მაინც, რომელიც ჩვენ ნაკლზე დასაბუთებით ილაპარაკებდა. უნდა წამოეყენებინა პრეზიდენტის ალტერნატიული კანდიდატურა, რომელიც საპროგრამო სიტყვას წარმოთქვამდა…

1990 წელს, როდესაც ჩვენი ფედერაცია დაარსდა, ახალკაცმა ვიცე-პრეზიდენტობა გივი ნოდიას და ვლადიმერ ბარქაიას შესთავაზა. მათ უარი თქვეს. მურთაზ ხურცილავას ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელობას ვთხოვდით – არ ისურვა…

ფედერაციას კახი კაჭარავას, ბესიკ ბერაძის, დიმიტრი კუდინოვის, სამივე არველაძის, გიორგი ქინქლაძის, მურთაზ შელიას და დავით ყიზილაშვილის ტრანსფერებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთადერთი გარიგება, რომლიდანაც ჩვენ ათი პროცენტი დავიტოვეთ, ყიზილაშვილისა იყო. საქმე ის არის, რომ 1992 წლიდან 1994 წლის პირველ იანვრამდე გვქონდა უფლება ასეთი წილის მიღებისა, ახლა კი აკრძალული გვაქვს. რაც შეეხება გია გურულს, მისი უცხოეთში გადასვლა სულ სხვა გზით, სოხუმის დინამოდან ყოფილი საკავშირო ფედერაციის არხით მოხდა, ასე რომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ამბავთან საერთო არაფერი აქვს…

სარბიელთან ინტერვიუში მერაბ ჟორდანია ჩივის, მე და კახი ასათიანი დელეგატებიც კი არ ვიყავით, მიწვეულ სტუმართა შორის აღმოვჩნდითო. გაუგებარია, რატომ არ მისცა მას დელეგატის მანდატი დინამომ? მასაც და ასათიანსაც ხომ შეეძლოთ იმავე ვეტერანთა კავშირიდან დელეგატობა, რა არის აქ ჩვენი დანაშაული?

რაც შეეხება დინამოს განცხადებას, თავდაპირველად ის მხოლოდ ჟვანიასი მეგონა, მაგრამ თურმე ამავეს ფიქრობს მერაბ ჟორდანია, კაცი, რომელმაც კარგად უწყის, რა სანქციები მოყვება ამგვარ საქციელს როგორც ჩვენთან, ასევე ფიფასა და უეფასგან…

ფედერაციის ხელმძღვანელებს დიდი სურვილი გვაქვს, სადაც და როდესაც მოისურვებენ, შევხვდეთ დინამოს ხელმძღვანელებს და გულდასმით მოვუსმინოთ. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ დინამოს მხოლოდ მხარში თუ  ამოვდგომივართ, ამდენად, მათი პრეტენზიის შეტყობა მართლაც საინტერესო იქნება“.

მუქარის მიუხედავად, 22 სექტემბერს დინამომ დედაქალაქურ დერბიში შევარდენი 1906-ს უმასპინძლა და ზუსტად იმავე ანგარიშით სძლია, როგორც ბათუმს – 5:3. არჩილ არველაძემ ზედიზედ მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიქი, თითო ბურთი კი აკაკი დევაძეს გოჩა ჯამარაულმა და მიხეილ ყაველაშვილმა გაუტანეს.

მატჩს პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე ბეჟან ხურციძეც დაესწრო. სფფ-ის მესამე ყრილობის ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა პირმა დაადასტურა, რომ ავსტრიიდან დინამოს დაბრუნების შემდეგ სპეციალური კომისია შეიქმნებოდა, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლიდა ქართულ ფეხბურთში არსებულ განხეთქილებას.

„მესამედაც, არჩილ!“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა შევარდენი 1906-თან მოგებული თამაშის მიმოხილვა სარბიელში, თუმცა ეს „მესამედაც“ ვეღარ გამოვიდა: ინსბრუკში, ტივოლიზე, დინამო 1:5 დამარცხდა ტიროლთან და უეფას თასის გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძლებმა რიკოშეტის შემდეგ გახსნეს ანგარიში: ჰარალდ ჩერნის დარტყმული ბურთი ნუგზარ ლობჟანიძეს მოხვდა, მიმართულება იცვალა და ზოიძის კარში შევარდა. 32-ე და 35-ე წუთებზე ავსტრიელებმა კიდევ ორჯერ გაიხარეს და მიუხედავად იმისა, რომ 36-ე წუთზე შოთა არველაძემ ერთი საპასუხო ბურთი შეაგდო, დინამომ თამაში ვერ გადაარჩინა.

„წაგებაში, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვადანაშაულებ“, – ამ სიტყვებით დაასრულა გივი ნოდიამ პრესკონფერენცია, ტიროლის თავკაცმა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ავსტრიელმა ფეხბურთელმა ჰანს კრანკლმა კი თქვა:

„ვიცოდი თქვენი დაცვის სისუსტის ამბები და ტაქტიკაც ამის მიხედვით ავაგე. ბოლოს და ბოლოს, ბათუმმა და შევარდენმა სამ-სამი გოლი გაგიტანათ და ჩვენ რატომ არ უნდა გაგვეტანა მეტი?

რაც შეეხება დინამოს დადებით მხარეს, პირდაპირ გეტყვით, რომ მერვე ნომრის (გოჩა ჯამარაული) და მეათე ნომრის (გიორგი ქინქლაძე) დონის ფეხბურთელები ავსტრიაში არ არიან“.

კრანკლის გუნდს მომდევნო მეტოქედ მსოფლიოს ჩემპიონების, ბებეტოს და მაურო სილვას დეპორტივო ერგო, 90-იანი წლების ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სტაბილური კლუბი, დინამო კი… კლუბის ხელმძღვანელობის მუქარის მიუხედავად, ხუთგზის ჩემპიონი საშინაო სარბიელზე დარჩა: 1 ოქტომბერს ლანჩხუთში გურია გაანადგურა – 6:0 (შოთა არველაძე 3, არჩილ არველაძე 2, გიორგი დემეტრაძე), 5 ოქტომბერს კი იმ სეზონში მთავარ კონკურენტს, სამტრედიას უმასპინძლა და ზედიზედ მეექვსე ტიტულისკენ მიმავალ გზაზე პირველად დამარცხდა, 1:2. მიუხედავად ამისა, სანაკრებო შესვენებას დინამო მაინც ჩვეულ, პირველ პოზიციაზე შეხვდა. თუმცა უმწვრთნელოდ: გივი ნოდიამ გუნდი მეორე დღეს დატოვა.

ბეჟან ხურციძის მიერ დაანონსებული სპეციალური კომისია კი, რომელსაც ჩვენ ფეხბურთში შექმნილი დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები უნდა შეესწავლა, არ ან ვერ შეიქმნა.

ფეხბურთის ფედერაციის მესამე ყრილობა და იქ განვითარებული, ასევე თანამდევი ამბები ოქტომბრის შუა რიცხვებში ეროვნულმა ნაკრებმა დაჩრდილა: ალექსანდრე ჩივაძემ რჩეულების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტთან, ბულგარეთის ნაკრებთან სოფიაში დანიშნული მატჩისთვის მომზადება დაიწყო.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 17 ივლისი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2025 წლის 17 ივლისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian