1997: ცვლილება ეროვნულ ნაკრებში – ყიფიანი ჩივაძის ნაცვლად
ლიბანში ახალგაზრდული ნაკრების ორი მარცხის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი ჟურნალისტებს დაგვპირდა, ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად შეგხვდებით და ტურნეს დეტალებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მიმოვიხილავო, მაგრამ ასე არ მოხდა.
1996 წლის 17 დეკემბერს გავრცელდა ხმა, რომ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. მეორე დღეს, 18 დეკემბერს, შოთა იამანიძის ქუჩის ხუთ ნომერში, ფედერაციის ოფისში, აღმასკომის სხდომა გაიმართა. ჩვენი ფეხბურთის მაღალჩინოსნებმა ჩივაძის თხოვნა არ დააკმაყოფილეს და მწვრთნელს სამი კვირა მისცეს მოსაფიქრებლად.
იმ შეკრებას ვლადიმერ გუცაევიც დაესწრო, თუმცა მან ისე დატოვა იქაურობა, რომ ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამს. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოსკოვს გაემგზავრა.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებიც არ დაუშვეს, ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ კობერიძემ კი, კომენტარის ნაცვლად, შენობის წინ თავმოყრილ ჟურნალისტებს მანქანიდან მოგვაძახა, რაც გაინტერესებთ ქართული ფეხბურთის უახლოეს ნომერში წაიკითხეთო.
„გულშემატკივრები ალბათ დამეთანხმებიან, რომ ჩვენი საკლუბო და ნაკრები გუნდების შედეგები კრიტიკას ვერ უძლებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი საფეხბურთო მეურნეობა გამართულად ვერ მუშაობს. ქართული ფეხბურთის ჩამორჩენა, ერთის მხრივ, განაპირობა ჩვენს ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა ვითარებამ, მაგრამ მთავარი მიზეზი უფრო შორს და ღრმად უნდა ვეძებოთ. გაიხსენეთ ოთხმოციანი წლები, როცა საკავშირო ჩემპიონატები ტარდებოდა და თბილისის დინამოს საქმე ისე წაუვიდა, ძლივს გადაურჩა დაბალ ლიგაში ჩამოქვეითებას. იმ დროიდან მოყოლებული, ეროვნული ჩემპიონატების ჩათვლით, საქართველოს გუნდებს, სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუპოვებიათ. განსაკუთრებით სავალალოა ბოლო ორი-სამი წლის მაჩვენებლები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ფეხბურთის დაქვეითება ემთხვევა იმ ადამიანთა მოღვაწეობას, რომლებიც უკვე თხუთმეტი წელიწადია ხელმძღვანელობენ ქართულ ფეხბურთს სხვადასხვა თანამდებობებზე. უმნიშვნელო გადაადგილებები კი ხდება, მაგრამ, მოგეხსენებათ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
სწორედ ქართულ ფეხბურთში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ მაიძულა, როგორც საქართველოს პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, გადამედგა შესაბამისი ნაბიჯები. კერძოდ, წინადადებით მივმართე საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ემოქმედა სპორტის კანონის მიხედვით. ამას მოჰყვა ყოვლად დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი ბრალდებებით სავსე პასკვილი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის გაზეთში ამ ფედერაციის ხელმძღვანელთა და მათ თანამოაზრეთა შეკვეთით გამოქვეყნდა. ფედერაცია ცდილობს გაღმა შეედავეს პრინციპით იმოქმედოს და ჩამორჩენა სხვას გადააბრალოს, არადა, მიზეზები სწორედ ფედერაციის ხელმძღვანელთა მუშაობის მანკიერ მეთოდებში უნდა ვეძებოთ. ამის თაობაზე ვრცლად ვისაუბრე ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პოზიციას: აუცილებელია რადიკალური ცვლილებები, თორემ ჩვენ ფეხბურთს დიდხანს არაფერი ეშველება. ქართული ფეხბურთის ბედით დაინტერესებულ და კრიზისით შეწუხებულ საზოგადოებას ვაცნობებ, რომ წინადადება, რომლითაც სპორტის დეპარტამენტს მივმართე, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და არც მოიხსნება, ვიდრე მდგომარეობა არ გამოსწორდება.
ჩვენ ქვეკომიტეტს ასეთი დამოკიდებულება ექნება არა მარტო ფეხბურთის, სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობის მიმართაც“, – მანუჩარ მაჩაიძე, საქართველოს პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
ვეტერანი ფეხბურთელის ეს განცხადება სარბიელმა 14 დეკემბერს დაბეჭდა. იმავე ნომრიდან კი გულშემატკივრებმა შეიტყვეს, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნონა გაფრინდაშვილი ჯანო ბაგრატიონმა შეცვალა.
სეოკ-ის სესიას შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდმა დარბაზმა უმასპინძლა, 306 მიწვეული დელეგატიდან სხდომას 282 დაესწრო. ნონა გაფრინდაშვილმა ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტის თანამდებობაზე გატარებულ წლებზე, არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გაიხსენა, მოკლედ შეაფასა ატლანტის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის ასპარეზობა და დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სეოკ-ის მთავარი მიზანი სპორტსმენთა ასპარეზობებისთვის მომზადება კი არა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან საქმიანი ურთიერთობა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები იყო.
ქალბატონმა ნონამ ისიც დაადასტურა, რომ საკუთარი სურვილით მიდიოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან და დელეგატებმაც ერთადერთ კანდიდატს უყარეს კენჭი – ჯანო ბაგრატიონმა ხმების უმრავლესობა მიიღო. სეოკ-ის ახალმა ხელმძღვანელმა ვიცე-პრეზიდენტებიც დაასახელა, ცნობილი სპორტსმენები, მსოფლიოს ჩემპიონები თამაზ იმნაიშვილი და რუსუდან სიხარულიძე, ასევე თბილისის ბიზნეს-ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე. იმნაიშვილმა და სიხარულიძემ ჯანო ბაგრატიონის გვერდით დაიკავეს ადგილი, ხაზარაძე კი დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა, რადგან ზუსტად იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს ხვდებოდა.
ვიცე-პრეზიდენტების შემდეგ გენერალური მდივანი აირჩიეს. ეს პატივი კვლავ ემზარ ზენაიშვილს ერგო, რომელიც ასევე ერთადერთი კანდიდატი გახლდათ და ვისაც ყველამ დაუჭირა მხარი. „თუ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი არსებობს, აქვს ავტორიტეტი და მას უცხოეთში აფასებენ, ეს, პირველ რიგში, სწორედ ემზარ ზენაიშვილის დაუდგრომელი ხასიათის, ნიჭის და გაქანების დამსახურებაა“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
სესიის დასრულების შემდეგ ჯანო ბაგრატიონმა, ვინც იმ დროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ, განაცხადა, რომ ორივე თანამდებობაზე მუშაობას არ აპირებდა, თუმცა საჯარო სამსახურიდან წასვლას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. „საბოლოო განაჩენს სპორტის დეპარტამენტის კოლეგია და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი გამომიტანს“, – იხუმრა მან.
იმავე დღეებში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ორი მთავარი პრობლემა გადაჭრა. 14 დეკემბერს დელეგატებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, სერია A-ს და სერია B-ს ყოფილი ხელმძღვანელი ლუჩანო ნიცოლა. ორი დღეში კი სინიორ ნიცოლამ და მისმა გუნდმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაამტკიცა: არიგო საკის ნაცვლად ნაკრები ახალგაზრდული სკუადრა აძურის ხელმძღვანელს, ჩეზარე მალდინის ანდეს. 60-იანი წლების მილანის ყოფილი კაპიტანი, რკინისებურ მცველად წოდებული მალდინი საკის შეცვლის მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, რადგან მის ხელში ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1992, 1994 და 1996 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ასეც მოხდა, ფედერაციასა და მალდინის შორის კონტრაქტი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დამთავრებამდე გაფორმდა, ხოლო თუ იტალია საფრანგეთის საგზურს მოიპოვებდა, კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გაგრძელდებოდა.
კვირას, 15 დეკემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელს გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ჩასატარებლად. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის დეპარტამენტს ბიუჯეტი ამოწურული ჰქონდა, კალათბურთის ფედერაციამ ერთ-ერთი ბანკიდან ისესხა თანხა და ასე გაუშვა გუნდი ისრაელში. ოფიციალურ დელეგაციაში იყო სეოკ-ის ახალი პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონიც…
იმავე დღეს თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ტურნირი მინი-ფეხბურთში აიეტი TV-ის თასზე, რომელშიც ოცი გუნდი ჩაება, მათ შორის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილე რამდენიმე კლუბი. ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა საბურთალომ, რომლის შემადგენლობაში გიორგი ანჩაბაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი და გელა ქორიძე ვიხილეთ, მთავარი მწვრთნელი კი მინი-ფეხბურთის დიდოსტატი ნიკა დოლიძე გახლდათ. საბურთალომ ჯგუფში ყველა მეტოქე გაანადგურა: არწივებს 4:2 სძლია, ერისთავს 7:1, ფალავანს 14:2, ხოლო ხილიანს, რომლის კარშიც აკაკი დევაძე იდგა, 6:1 აჯობა.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ორგანიზატორის, აიეტი TV-ის შემადგენლობა, სადაც კომპანიის პრეზიდენტის, თემურ ფიჩხაიას გარდა, ოთარ კორღალიძემ, დავით სოლოღაშვილმა, მამუკა ფანცულაიამ და ბუბა ტყავაძემ ითამაშეს. მათ პირველ სამ მატჩში 13:2 სძლიეს გაენათს, თურქეთის გუნდი 9:3 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ტელევიზიის ნაკრები 5:0.
სამი მოგებით და ერთი ფრით დაასრულა ჯგუფური ეტაპი დინამომ, რომლის კარს გუბაზ დოლიძე იცავდა, თეთრ-ლურჯ ზოლიანი მაისურებით კი კახი კალაძემ, გელა ინალიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, ვასილ მაისურაძემ, როინ კერძევაძემ და სხვებმა ითამაშეს. მეოთხედფინალიდან დინამომ გოჩა ჯამარაული და ნუგზარ ლობჟანიძე დაიმატა და 5:0 მოუგო ხილიანს, საბურთალომ 3:2 აჯობა ენერგეტიკოსს, ვაკემ 2:1 სძლია მარბიელს, აიეტი TV-მ კი 5:2 დაამარცხა ვითა.
თასის მფლობელი კვირას, 22 დეკემბერს გამოვლინდა. ერთი დღით ადრე, ნახევარფინალში, აიეტი TV-მ მამუკა ფანცულაიას, ოთარ კორღალიძის და ბუბა ტყავაძის გოლებით 3:1 დაამარცხა ვაკე, დინამომ და საბურთალომ კი ისეთი თამაში გააჩაღეს, ნებისმიერ ტურნირს დაამშვენებდა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა – საბურთალოელი ალექსანდრე იაშვილის და ლევან კობიაშვილის გოლებს დინამოელთაგან როინ კერძევაძემ უპასუხა ორჯერ. შემდეგ კი იყო არანაკლებ დაძაბული პენალტების სერია, რომელიც დინამომ 3:2 მოიგო: დემეტრაძემ ანგარიში გახსნა – 1:0; მუჯირს გუბაზ დოლიძემ აჯობა; ინალიშვილმა ვერ გაიტანა – მეკარე გეგეჭკორმა მოიგერია ბურთი; კობიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1; კალაძემ კვლავ დინამო დააწინაურა – 2:1; ქორიძემ ისევ აღადგინა წონასწორობა – 2:2; კერძევაძე ზუსტი იყო – 3:2; ცქიტიშვილს ისევ დოლიძემ აჯობა… გოჩა ჯამარაულს დინამოს ფინალში გაყვანა შეეძლო, მაგრამ მის მიერ საშინელი ძალით დარტყმული ბურთი გეგეჭკორმა აიღო. ფინალისტი ანჩაბაძის მიერ ვერგატანილი პენალტით გამოვლინდა, გუბაზ დოლიძემ მესამე პენალტი მოიგერია და დინამოელებმაც შვებით ამოისუნთქეს.
ფინალში დინამოს უპირატესობა აშკარა იყო: როინ კერძევაძის დუბლს და გელა ინალიშვილის ზუსტ დარტყმას აიეტი TV-დან მხოლოდ მამუკა ფანცულაიამ უპასუხა. თასი საქართველოს უცვლელმა ჩემპიონმა ჩაიბარა. საუკეთესო მოთამაშედ დავით სოლოღაშვილი დაასახელეს, მეკარედ გუბაზ დოლიძე, მცველად ლევან კობიაშვილი, გამთამაშებლად გიორგი ანჩაბაძე, თავდამსხმელად ბუბა ტყავაძე, ბომბარდირი კი თოთხმეტი გოლით მამუკა ფანცულაია გახდა.
მართლა ძალიან კარგი შეჯიბრება გამოდგა, სპორტის სასახლის ტრიბუნებზეც მრავლად იკრიბებოდნენ გულშემატკივრები, მაგრამ პირველ გათამაშებას, თემურ ფიჩხაიას დაპირების მიუხედავად, გაგრძელება აღარ მოჰყვა. ამის გამო ძალიან დამწყდა გული, რადგან ბენდელას თასთან ერთად ის გათამაშება, ზამთრის შესვენების დროს, მისწრება იყო…
„კი მაგრამ, მე აღარ მეკითხებიან, მივდივარ თუ არა დინამოდან? ვეთანხმები თუ არა ნაკრების სათავეში ჩადგომას? ამ პირობებში არ ჩავუდგები ნაკრებს სათავეში. ნაკრები ცოტა სხვა რამაა, ნაკრებია სწორედ ქართული ფეხბურთი და მიმაჩნია, რომ ასეთ პირობებში ნაკრების წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. მოკლედ, ჭორია ეგ და მეტი არაფერი“, – ეს სიტყვები დავით ყიფიანმა სარბიელს 1996 წლის 26 დეკემბერს განუცხადა.
იმ დღეებში მას ყველაზე ხშირად ასახელებდნენ ჩივაძის შემცვლელად. ყიფიანი ახალი დაბრუნებული იყო მოსკოვიდან, სადაც დინამოს პრეზიდენტთან, მერაბ ჟორდანიასთან ერთად მოსკოვის ტორპედოს ხელმძღვანელებს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი საკითხი გოჩა ჯამარაულის, ნუგზარ ლობჟანიძის და კახი გოგიჩაიშვილის რუსეთის დედაქალაქში ერთი წლით გაშვება იყო. იმავე პერიოდში დაიწერა პირველად ლევან კობიაშვილის ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიაში შესაძლო გადასვლაზე.
„რამდენიმე ფეხბურთელმა დიდი ხანია ჩვენი ჩემპიონატის დონეს გადააჭარბა და დარჩენას აღარ აპირებენ. მოსკოვის სპარტაკში ჯამარაულის გადასვლა გამოირიცხა, რადგან სპარტაკი თითქმის დაკომპლექტდა… ახლა ლაპარაკია ტორპედოში ჯამარაულის, ლობჟანიძისა და გოგიჩაიშვილის გადასვლაზე, სწორედ ამასთან დაკავშირებით შევხვდით ალიოშინს, ტორპედოს მფლობელმა კი მის გუნდში გადასვლა შემომთავაზა! პირობები, იცოცხლეთ… მაგრამ ახლა დინამოს არაფრის დიდებით დავტოვებ“, – განაცხადა დავით ყიფიანმა მამუკა კვარაცხელიასთან ინტერვიუში (სარბიელი; 1996 წლის 26 დეკემბერი).
ახალ 1997 წელს დინამო კვლავ დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით შეხვდა. მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები შობის დღესასწაულამდე სამი დღით ადრე შეკრიბა, შემდეგ ორი დღით დაასვენა და 8 იანვარს კვლავ ბაზაზე დაიბარა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ, მოსკოვში გამგზავრებადე, დინამოს საქართველოს თასის მერვედფინალი ელოდა. წილისყრამ გუნდს მეტოქედ მეორე შემადგელობა არგუნა, ამიტომ ორივე შეხვედრა დიღომში გაიმართა. 18 იანვარს, პირობითად საშინაო მატჩში, დავით ყიფიანის გუნდმა 5:0 გაიმარჯვა – როინ კერძევაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლევან ხომერიკმა კი დუბლი. სამ დღეში დინამომ მეორე მატჩი 5:1 მოიგო ხომერიკის ორი გოლით, კერძევაძის, ლევან ცქიტიშვილის და დავით ყიზილაშვილის ზუსტი დარტყმებით.
იმ დროისთვის ეროვნული ნაკრების თანამდებობა ვაკანტური იყო: ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, დათქმული დროის გასვლის შემდეგ, კვლავ შეხვდნენ ალექსანდრე ჩივაძეს და ხანმოკლე საუბრის შემდეგ მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
14 იანვარს სფფ-ის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში ესტუმრნენ თავმჯდომარეს, კახი ასათიანს. შეხვედრას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონიც დაესწრო, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ასათიანის მოადგილე გახლდათ. საუბარმა თითქმის ორ საათს გასტანა. ჩვენი სპორტის და ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელთა შეხვედრის ინიციატორი კახი ასათიანი იყო. დეპარტამენტს და ფედერაციას შორის იმ დროს ნამდვილად არ იყო თბილი ურთიერთობა. დეპარტამენტი ფედერაციისგან მორჩილებას ითხოვდა, ნოდარ ახალკაცმა კი შესანიშნავად იცოდა თავისი უფლებები და არაფერს თმობდა, ასათიანს ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის უმცირეს შანსსაც არ აძლევდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მხარეებმა ნაწილობრივ თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს – დეპარტამენტის მთავარი სპორტული სამმართველოს უფროსს ამირან აბესაძეს სფფ-თან მუდმივი კონტაქტი დაევალა. ამას გარდა გადაწყდა, რომ აბესაძე მონაწილეობას მიიღებდა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომებში, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციამ ჩივაძის თხოვნა დააკმაყოფილა და ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, სპორტული პრესა ლამის ყოველ ნომერში წერდა გუნდის ახალ მესაჭეზე.
ყიფიანი რომ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, ეს უკვე აღვნიშნე, თუმცა მის გარდა სხვადასხვა გამოცემებში ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, იმ დროს ბათუმელთა თავკაცი შოთა ჭეიშვილი, ასევე სანკტ-პეტერბურგის ლოკომოტივის ხელმძღვანელი გივი ნოდია, ზუგდიდის ოდიშის მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა და ლატვიაში სამუშაოდ გადასული რევაზ ძოძუაშვილიც ახსენეს. რაც შეეხება ჯონი ჯანელიძეს, 11X11-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ თუ შესთავაზებდნენ, ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე უარს არ იტყოდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი 20 იანვარს შოთა ჭეიშვილს შეხვდა. ამასთან დაკავშირებით სფფ-ის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ განაცხადა: „პრეზიდენტს ჭეიშვილისთვის ნაკრების მწვრთნელობა არ შეუთავაზებია. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხს მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი გადაწყვეტს“.
ორი დღის შემდეგ ახალკაცს ყიფიანი ესტუმრა. იმ დღეებში უკვე ცნობილი იყო, რომ სფფ-ის ხელმძღვანელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შესაძლო კანდიდატთან პირადად გასაუბრება სურდა.
იმავე 22 იანვარს შედგა ჩეზარე მალდინის დებიუტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. სკუადრა აძურამ პალერმოში, ლა ფავორიტაზე, ჩრდილოეთი ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ჯანფრანკო ძოლას და ალესანდრო დელ პიეროს გოლებით 2:0 გაიმარჯვა. მთავარი მწვრთნელის ვაჟმა პაოლო მალდინიმ იმ დღეს 75-ედ ითამაშა ნაკრებში, გუნდის კაპიტანი სწორედ ის გახლდათ, ფაბიო კანავარომ კი, რომელმაც ხუთ წელიწადში მისგან გადაიბარა სამკლაური, პირველად მოირგო ნაკრების ლურჯი მაისური. ოცდასამი წლის კანავარო იმ დროს პარმას მცველი გახლდათ, ჩრდილოირლანდიელებთან მატჩში კი 72-ე წუთზე შეცვალა ალესანდრო კოსტაკურტა.
23 იანვარს დინამო მოსკოვს გაემგზავრა და ორი დღის შემდეგ დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩაერთო, თუმცა ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა რიგის სკონტოსთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ. მანამდე, ჯგუფში, დინამოელებმა 4:2 მოუგეს ტალინის ლანტანას (ესტონეთი), 2:0 აჯობეს ჯამბულის თარაზს (ყაზახეთი), ხოლო დუშანბეს დინამო (ტაჯიკეთი) 6:2 დაამარცხეს.
ახალკაციც მოსკოვში იყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად შერჩეულ გივი ნოდიას ის სწორედ ტურნირის დღეებში ესტუმრა. თბილისში დაბრუნების შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტმა შეხვედრები განაგრძო: ფედერაციაში, თავის კაბინეტში ჯერ რევაზ ძოძუაშვილს უმასპინძლა, შემდეგ დავით ყიფიანს, სულ ბოლოს კი მურთაზ ხურცილავას.
სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგ სხდომამდე ორი დღით ადრე სარბიელმა (1997 წლის 6 თებერვალი) მოულოდნელი ამბავი ამცნო მკითხველს: „ახალი ვერსია: ძოძუაშვილიც! ყიფიანიც! ხურცილავაც!
სარედაქციო წერილში აღნიშნული იყო, რომ კულუარული ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს სამეული ჩაიბარებდა, ხოლო ფუნქციები ასე განაწილდებოდა: ძოძუაშვილი მთავარი მწვრთნელი იქნებოდა, ყიფიანი – გუნდის უფროსი, ხურცილავა კი მეორე მწვრთნელი.
1997 წლის 8 თებერვალს თანამშრომლებთან ერთად ვიდექი შოთა იამანიძის ქუჩის ხუთ ნომერში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინ. სარბიელელები მარტონი არ ვიყავით, თუკი ვინმე წერდა იმდროინდელ ქართულ ფეხბურთზე, ყველა იქ ტრიალებდა. შუადღით, ცამეტ საათზე, ფედერაციაში ალექსანდრე ჩივაძე მივიდა, რამდენიმე წუთში კი შენობა ყველამ დატოვა აღმასრულებელი კომიტეტის წევრების გარდა, ასეთი ყოფილა ნოდარ ახალკაცის ბრძანება. შესასვლელ კარს დაცვა აკონტროლებდა.
13:20 საათზე სხდომა დაიწყო, თხუთმეტ წუთში კი იქ შოთა ჭეიშვილი შევიდა. ათ წუთში ფედერაციის ოფისის კარი რევაზ ძოძუაშვილმა შეაღო. როგორც მაშინ გვითხრეს, კანდიდატები ჩივაძის კაბინეტში ელოდნენ როდის უხმობდა მათ აღმასკომი. ჭეიშვილს და ძოძუაშვილს მალე დავით ყიფიანიც შეუერთდა. გივი ნოდია და მურთაზ ხურცილავა არ გამოჩენილან.
14:45 წუთზე კარი გაიღო და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მურმან გიორგაძე გამოვიდა: „ახალკაცმა ჩივაძის მოღვაწეობაზე ისაუბრა, განვლილი წლები შეაჯამა… ითქვა ისიც, რომ თბილისში ოთხი ამხანაგური შეხვედრა გაიმართება იმ გუნდებთან, რომლებსაც ნაკრები შარშან სტუმრად ეთამაშა“. ამის შემდეგ მან მოგვიბოდიშა, გასვენებაში მეჩქარებაო და გაგვეცალა.
15:30 საათზე ფედერაციიდან ყიფიანი გამოვიდა. თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ რაღაც საქმე ჰქონდა და მალე მობრუნდებოდა. ის მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა. მალე გაირკვა, რომ იმ დროს ყიფიანი უკვე დანიშნული იყო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
„ყიფიანი დანიშნეს, ძოძუაშვილი კი მას დაეხმარება“, – პირველი, ვინც ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გვამცნო, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ვახტანგ დუმბაძე გახლდათ – „კანდიდატების განხილვა არ ყოფილა, ყიფიანი პირდაპირ დავამტკიცეთ. ის 25 თებერვალს წარმოგვიდგენს პროგრამას“.
დუმბაძის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლაშა მინდელმა, პარლამენტარმა და აღმასკომის წევრმა. მან დააკონკრეტა, რომ მხოლოდ ყიფიანი კი არა, ძოძუაშვილიც ეროვნულ გუნდში იქნებოდა: „ბატონი დავითი დინამოშიც იმუშავებს, ბატონ რევაზს კი რიგის სკონტოდან წამოსვლა მოუწევს. მათი კანდიდატურა თავად ნოდარ ახალკაცმა წარადგინა და იქვე აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდში მუშაობას მურთაზ ხურცილავა, გივი ნოდია და შოთა ჭეიშვილიც იმსახურებენ“. მინდელისვე განცხადებით, ახალკაცმა ჩივაძეს წყენის დავიწყება და ფეხბურთის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტად დარჩენა სთხოვა.
ამის შემდეგ ჟურნალისტებთან ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ კობერიძე მოვიდა:
„რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ნაკრებს თავისუფალი მწვრთნელი ჰყავდეს, მაგრამ რადგან ამჯერად ექსტრემალური სიტუაცია იყო, გამონაკლისი მოხდა – დავით ყიფიანი დინამოშიც დარჩება…
აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა 25 თებერვალს შედგება. მასზე ყიფიანმა და ძოძუაშვილმა ნაკრების მუშაობის სრული გეგმა უნდა წარადგინონ, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც გუნდი კანდიდატები, ასევე მუშაობის პრინციპი…
ძოძუაშვილმა მოითხოვა, რომ ინგლის-იტალიის 12 თებერვლის მატჩზე წასვლაში დახმარება გაეწიათ. ფედერაციამ მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა, მაგრამ ისიც ითქვა, რომ მთავარია პოლონეთ-მოლდოვის თამაში ნახოთ, თორემ ინგლის-იტალიას მთელი ევროპა ნახავსო…
მეორე ნაკრების შესახებ ლაპარაკი არ ყოფილა. მწვრთნელებს შეუძლიათ 25 თებერვალს წარმოდგენილ გეგმაში ესეც ჩაწერონ…
ძოძუაშვილის მეორე მწვრთნელობა სფფ-ის რეკომენდაცია იყო, რასაც ყიფიანიც და ძოძუაშვილიც გაგებით შეხვდნენ. არავითარი დაძალება არ ყოფილა. ხურცილავას და ჭეიშვილის კანდიდატურები არც განხილულა…
კონტრაქტი ნაკრების მწვრთნელთან დღეს დაამტკიცა აღმასკომმა და ორშაბათს-სამშაბათს გაფორმდება, ეს უბრალო, ბიუროკრატიული პრობლემაა, რომელიც იოლად მოგვარდება“.
„აღმასკომის ვერდიქტმა თმები ყალყზე დამიყენა“! – უთხრა რევაზ ძოძუაშვილმა სარბიელელ კობა ინასარიძეს, რომელიც მწვრთნელს შინ ესტუმრა. 11 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული ძოძუაშვილის ინტერვიუ ჟურნალისტმა სწორედ ასე დაასათაურა.
„არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. ასეთ ვითარებაში პირველად აღმოვჩნდი. რიგიდან იმისთვის მომიწვიეს, რომ ეროვნული ნაკრები ჩაებარებინათ, მეც თითქმის დარწმუნებული ვიყავი ჩემს მთავარ მწვრთნელობაში. ამიტომაც, აღმასკომის სხდომისგან ყველაფერს მოველოდი, ამის გარდა. ხალხი უკვე მილოცავდა, მეც ნაწილობრივ ჩამოყალიბებული მქონდა მომავლის გეგმები და უცებ…
არ ვიცი აღმასკომის წევრებმა რა მოითათბირეს, მე და დათო ყიფიანი სხვა ოთახში ვიყავით, როცა გამოგვიცხადეს, ყიფიანი მთავარი მწვრთნელი იქნება, შენ კი მეორე, მაგრამ პასუხისმგებლობა ორივეს თანაბრად გეკისრებათო… სწორად გამიგეთ, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ…
ნაწყენი ვარ, აბა არა? კაცს თავი უკვე მთავარ მწვრთნელად დანიშნული მეგონა. ზემოთქმულს გავიმეორებ: ყველაფერს მოველოდი და მთავარ მწვრთნელად არდანიშვნას ვერ წარმოვიდგენდი! ახლა უამრავი ეჭვი მღრღნის. შეიძლება აღმასკომის წევრებს ჩემი და დათოს მეგობრობა ბოლომდე არც აქვთ გათვითცნობიერებული და ჩვენ შორის უთანხმოების ჩამოგდება სურთ, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მეგობრობა მტკიცეა და ვერავითარი აღმასკომი ვერ შეძლების ამის მოშლას“, – რევაზ ძოძუაშვილი გაკვირვებას ვერ მალავდა.
სარბიელის იმავე ნომერში (1997 წლის 11 თებერვალი) გამოქვეყნდა დავით ყიფიანის ინტერვიუც. ყველამ იცოდა, რომ ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მეორე დღეს მას დინამო თურქმენეთში უნდა წაეყვანა საერთაშორისო ტურნირზე, თუმცა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გეგმები შეიცვალა და აშგაბატში დინამო ყიფიანის თანაშემწემ, ნოდარ აკობიამ წაიყვანა.
ეროვნული გუნდის ისტორიაში რიგით მეოთხე მთავარ მწვრთნელს (გივი ნოდიას, გიგა ნორაკიძის და ალექსანდრე ჩივაძის შემდეგ) სარბიელელი მამუკა კვარაცხელია შეხვდა. ყიფიანმა ინტერვიუს მსურველი ყველა სხვა ჟურნალისტი უარით გაისტუმრა.
„ჩემს საქმეში ცხვირს არავის ჩავაყოფინებ“ – ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელთან ექსკლუზიური ინტერვიუ სარბიელმა ასე დაასათაურა. ყიფიანმა უახლოეს გეგმებზე ისაუბრა:
„ახლა მოსკოვში მივფრინავ. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამიჯდეს 12 თებერვალს ლონდონში ვიყო და ინგლის-იტალიას ცოცხლად ვუყურო. ახალკაცმა მითხრა წასვლა რა საჭიროა, ზედმეტი ხარჯია, ტელევიზორით უყურე თამაშსო, მაგრამ განა ტელევიზორში დაინახავ ყველაფერს? თუკი გინდა, მეტოქის თამაში სერიოზულად შეაფასო, თამაშს ტრიბუნიდან უნდა უყურო. იმავ წუთს დავტრიალდი და ჩემი სახსრებით, ჩემი მეგობრების დახმარებით, ჩემი არხებით, გადარეკვ-გადმორეკვებით საქმე მოვაგვარე…
კარგად გახსოვთ რატომ ვამბობდი უარს ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე. ვთვლი, რომ ნაკრები მარტო ფედერაციის კუთვნილება არ უნდა იყოს, ნაკრები მთელი საქართველოს ფეხბურთის სარკეა. მის შექმნაზე, ჩამოყალიბებაზე, ამხანაგურ თამაშებზე და სხვა უამრავ პრობლემაზე საქართველოს მთავრობამაც უნდა იზრუნოს. მე ვერ ვხედავდი მსგავს მიდგომას ფედერაციის მხრიდან.
არაერთხელ ვესაუბრე ახალკაცს ამის თაობაზე და ვუთხარი, რომ თუ დავთანხმდები, მხოლოდ იმ პირობით, რომ ნაკრების მომზადება საერთო-სახალხო საქმე გახდეს. ჩვენ ხალხს არაფერი უნდა დავუმალოთ, რადგან ნაკრები მათია. ახალკაცი ბოლო დღემდე არ თანხმდებოდა ამას, ამიტომაც ვიყავი უარზე. მერე, არ ვიცი რა შეიცვალა, ახალკაცი დათანხმდა ჩემს ყველა, ვიმეორებ, ყველა პირობას და მეც თანხმობა განვაცხადე.
დინამოში ჩემი მუშაობის სტილი იცით – გუნდის მზადებაში ცხვირს არავის ჩავაყოფინებ. ასევე იქნება ნაკრებშიც – ჩემს საქმეში ვერავინ ჩაერევა“!
12 თებერვალს, უემბლიზე, ჩვენი შესარჩევი ჯგუფის ფავორიტების პირველი დაპირისპირება გაიმართა. გლენ ჰოდლის ინგლისი იტალიასთან 0:1 დამარცხდა. გოლი სკუადრა აძურას ერთადერთმა ლეგიონერმა, ლონდონის ჩელსის სუპერვარსკვლავმა ჯანფრანკო ძოლამ გაიტანა მეცხრამეტე წუთზე. იტალიელთა მეორე ლეგიონერი, 1996 წლის ზაფხულს იუვენტუსიდან მიდლსბროში გადასული ფაბრიციო რავანელი ჩეზარე მალდინიმ 76-ე წუთზე ჩართო თამაშში პიერლუიჯი კაზირაგის ნაცვლად. რაც შეეხება ფაბიო კანავაროს, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და დიდებულად ითამაშა, მცირე შანსიც კი არ მისცა მასპინძელთა კაპიტანს ალან შირერს. ინგლისის ნაკრებმა შეხვედრა ოთხი თავდამსხმელით დაასრულა: ჰოდლმა შირერს ჯერ ლეს ფერდინანდი დაახმარა (მეტ ლე ტისიეს ნაცვლად), რამდენიმე წუთში პოლ მერსონი, სულ ბოლოს კი იან რაიტიც მიაშველა, მაგრამ მასპინძლებმა ქულა ვერ გადაარჩინეს. დიდი ბრ-ძოლა – ამ სათაურით გამოქვეყნდა სარბიელში იმ თამაშის მიმოხილვა.
დავით ყიფიანი იმ თამაშს დაესწრო, მის გარეშე დარჩენილმა თბილისის დინამომ კი აშგაბატში, თურქმენეთის პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის სახელობის თასზე საშინლად ითამაშა და საბოლოოდ ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნოდარ აკობიას ხელმძღვანელობით დინამოელებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგეს: 0:1 სემიპალატინსკის ელიმაისთან (ყაზახეთი), 1:2 მინსკის ატაკა-აურასთან (ბელარუსი) და 1:4 პოლტავის ვორსკლასთან (უკრაინა). მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრა ბუხარის ნურავშონთან (უზბეკეთი) 1:1 დასრულდა, ლევან ხომერიკმა 81-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3:1 გაიმარჯვეს.
„აქამდე დასვენების დრო მაინც მქონდა, ახლა კი მორჩა: ოცდაოთხი საათიდან ათი დინამოსია, თოთხმეტი – ნაკრების“, – თქვა თბილისში დაბრუნებულმა დავით ყიფიანმა, რომელსაც არც ის დაუმალავს, რომ აშგაბატში დინამოს ასპარეზობით გაწბილებული იყო, შედეგებით კი გაბრაზებული.
ლონდონურ ვიზიტზე, კლუბსა და ზოგადად, მომავალ გეგმებზე ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს 20 თებერვალს, კლუბ-რესტორან ბერიკონში გვესაუბრა. მან იმ გეგმის მონახაზიც გაგვაცნო, რომელიც 25 თებერვლისთვის, ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე წარსადგენად მოამზადა.
იმ დროს უკვე ვიცოდით, რომ მისი დებიუტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 30 მარტს, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, სომხეთთან მატჩში შედგებოდა.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 25 დეკემბერი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2025 წლის 25 დეკემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
