1998: მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია (II ნაწილი)
(დასასრული. I ნაწილი 11 ივნისს გამოქვეყნდა)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის გახსნა დაახლოებით თხუთმეტი წუთით დაგვიანდა. დაიწყო თუ არა სხდომა, დელეგატებს და დამსწრეებს ალექსანდრე ჩივაძე მიესალმა, რომელმაც არ დამალა, რომ ქართულ ფეხბურთში მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი და გამოსავალი ყველას ერთად უნდა მოეძებნა. მისივე თხოვნით შეკრებილებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთს გამოკლებულ ყველა საფეხბურთო მოღვაწეს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
ამის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აირჩიეს – ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე, კიდევ რამდენიმე წუთში კი სამანდატო, სარედაქციო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობა განისაზღვრა. ყრილობის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში დღის წესრიგი და რეგლამენტი საბოლოოდ დამტკიცდა.
პირველმა გამომსვლელმა, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემ განვლილი ოთხი წლის შეჯამებისთვის ერთი საათი ითხოვა, თუმცა დელეგატებმა მას ერთი ტაიმი – ორმოცდახუთი წუთი აკმარეს. სხვა გამომსვლელებს ხუთ-ხუთი წუთი დაეთმოთ, პრეზიდენტობის თითოეულ კანდიდატს კი ათი.
კვინიკაძემ ქართული ფეხბურთის ყველა მიმართულება მიმოიხილა ეროვნული ჩემპიონატით და თასის გათამაშებით დაწყებული, ნაკრებით დასრულებული. მანვე ერთი წლის წინანდელი დაპირისპირებაც გაიხსენა სპორტის დეპარტამენტთან, თქვა, რომ ის ამბები ფედერაციის მუშაობაზე უარყოფითად აისახა, თავის გამოსვლა კი ამ სიტყვებით დაასრულა:
„ფეხბურთის ფედერაციას ყველა გუნდთან თამაში შეუძლია, ოღონდ ერთი პირობით – სამართლიანი თამაშის წესები, ეგრეთ წოდებული ფეარ ფლეი დაცული უნდა იყოს. თუ აქამდე აქეთ გვიტევდნენ, დღეს ვაჩვენებთ, რომ მძლავრი შეტევის ორგანიზება ჩვენც შეგვიძლია“.
გენერალური მდივნის შემდეგ ტრიბუნასთან საექსპერტო კომიტეტის თავმჯდომარე თემურ კვახაძე დადგა, რომელმაც ფინანსურ დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით 1995-1998 წლებში ფეხბურთის ფედერაციის შემოსავალმა 6 691 766 ლარი შეადგინა, ხარჯი კი 1 763 246 ლარით განისაზღვრა. დანარჩენ თანხას რა ბედი ეწია, ამაზე მას არაფერი უთქვამს.
ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის წარმომადგენლის მიხეილ ჯოჯუას შემდეგ ტრიბუნასთან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი მივიდა:
„მეგონა გამომსვლელთა რიგი დადგებოდა. ოთხ წელიწადში ბევრი სათქმელი დაგროვებულა და საოცარია მთქმელი რომ არავინაა.
რაკი ალექსანდრე ჩივაძე ამბობს, რომ დღეს ქართული ფეხბურთი კრიზისშია, ეს აღიარებაა. მაგრამ ის არ აღიარებს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა ახალი ხალხი. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ამას არ გააკეთებს ფედერაცია, რომლის სიტყვა და საქმე ხშირად სცილდებოდა ერთმანეთს. ამ ხნის მანძილზე ჩვენ სისტემატიური შეხვედრები და მიმოწერა გვქონდა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
ამას ნიშნისმოგებით და ანგარიშსწორებით კი არა, გულისტკივილით ვამბობ. პრესის აზრი ძირითადად ერთმნიშვნელოვანია, ფედერაცია უნდა შეიცვალოს.
აუცილებლადაა გადასახედი ფედერაციის გაზეთ ქართული ფეხბურთის გამოშვების საკითხიც, რომლის მიზანიც პერიოდულობიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდება კი არა, საფეხბურთო ელიტის წევრთა გადაკიდება, მტრის ხატის შექმნა და მასთან ანგარიშსწორება გახლდათ.
ჩვენ, ჟურნალისტებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მაინც, ყველანი ერთად მხარს დავუჭერთ მას, ვინც ქართულ ფეხბურთს გაამთლიანებს და შეარიგებს. ამ ფედერაციის ყველაზე დიდი დანაშაული საფეხბურთო მოღვაწეთა დანაწევრება და დაპირისპირებაა. ახალმა პრეზიდენტმა და ფედერაციამ ისინი უნდა შეარიგოს“.
სსჟა-ს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სამანდატო კომისიის თავმჯდომარის დრო დადგა. ამირან აბესაძემ დამსწრე საზოგადოებას ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, რომ 272 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები – 18; ადგილობრივი და რეგიონული ფედერაციები – 54; პირველი და მეორე ჯგუფის კლუბები – 32 და 56; ნაკრები გუნდები – 5; საფეხბურთო სკოლები – 75; სხვადასხვა ორგანიზაციები – 32. აბესაძისვე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ 272-დან 245 დელეგატს შეუნარჩუნა უფლებამოსილება, ამ 245-დან კი რეგისტრაცია 238-მა გაიარა. ქვორუმი, 163 კაცი, შედგა და აქედან გამომდინარე, ყრილობაც ლეგიტიმურად ჩაითვალა.
ამის შემდეგ დელეგატების ჯერი დადგა: მუშტაიდელ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი ვაჟა კიკნაძე, სოხუმის ცხუმის პრეზიდენტი გია გვაზავა, ილია დათუნაშვილის მხარდამჭერი თემურ მირიანაშვილი, ავაზას საფეხბურთო სკოლის დირექტორი მიხეილ მესხი, საქართველოს პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე მანუჩარ მაჩაიძე, პროკურორი ზურაბ ცინცაძე, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ანატოლი მილჩენკო, თბილისის დინამოს მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა, ლანჩხუთის გურიის თავკაცი ჯონი ჯანელიძე, საგარეჯოელი დელეგატი გია ნაცვლიშვილი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახი ასათიანი, დავით ყიფიანი…
შემდეგ დელეგატებმა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის საქმიანობა შეაფასეს: 57-მა დადებითად, 97-მა – უარყოფითად.
„ქართულ ფეხბურთში უდავოდ ბევრი პრობლემაა და ალბათ, ამიტომაცაა დღევანდელი ყრილობა ასეთი ემოციური. სამწუხაროდ, დელეგატები ძირითად პრინციპებს არ იცავენ და პრეზიდენტობის კანდიდატთა ღირსებებზე უფრო საუბრობენ, რაც, დამეთანხმებით, აცდენილია საყრილობო კალაპოტს“, – თქვა ჯანო ბაგრატიონმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
„ჩემი აზრით, ეს არჩევნები, განსხვავებით წინა სამისაგან, რომლებსაც ასევე ვესწრებოდი, უფრო დემოკრატიულად ტარდება. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, ღრმად მწამს, რომ დელეგატები ღირსეულს აირჩევენ. ახალ პრეზიდენტს კი დიდი ჯაფა დაადგება ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანის საქმეში. ერთი მინდა დავამატო, ვინც არ უნდა გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი, მდგომარეობას უეცრად ვერ შეცვლის. არარეალურია ის, რომ ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაძლევას და ფინალურ სტადიაზე თამაშს ვთხოვთ. ამას დიდი დრო, ხუთი-ათი წელი მაინც სჭირდება“, – ეს უკვე ემზარ ზენაიშვილია, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი.
„ყველა კანდიდატს თავის მომხრეები ჰყავს, მაგრამ ფეხბურთის განვითარებისთვის, ვფიქრობ, საჭიროა სათავეში ახალი გუნდი მოვიდეს. ამით მე ძველი ხელმძღვანელობის ერუდიციასა და პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ არ დავაყენებ. რა მოხდება წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ილია დათუნაშვილის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, დადებითი ძვრები დაიწყება. თუ რომელიმე სხვამ გაიმარჯვა, არამგონია ქართულმა ფეხბურთმა იმ დატკეპნილი გზიდან გადაუხვიოს, რასაც ოც წელზე მეტია ადგას“, – მანუჩარ მაჩაიძე, ვეტერანი დინამოელი, პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
ამ და სხვა დელეგატებს სარბიელის ჟურნალისტები პაატა კვანტალიანი, გიორგი ვაშაკიძე, პაატა თოთაძე და ვანო ოქროპირიძე შესვენების დროს გაესაუბრნენ.
ყრილობა სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საბოლოო სიტყვებით განახლდა. ტრიბუნასთან პირველი რამაზ გოგლიძე ავიდა. სარბიელელი მამუკა კვანტალიანი წერს:
„მღელვარებამ და მოუთოკავმა ემოციამ ბატონი რამაზის გამოსვლას თავისი დაღი დაამჩნია. ათ წუთში გოგლიძემ არაერთი მომხრე დაკარგა. მან ახალი ვერაფერი უთხრა დარბაზს. ათასჯერ თქმულის მოსმენა ძნელი ასატანი შეიქნა უკვე გადაღლილი და გაბეზრებული ხალხისთვის“.
შემდეგ ილია დათუნაშვილის ჯერი დადგა. „ბატონ ილიას არავინ დაუკარგავს, მაგრამ მისმა სიტყვებმა ვერც მომხრეები მოიმრავლა. დათუნაშვილს თავის გამოსვლაში არაერთი სამდურავი წამოსცდა, ამანაც შეაჩერა მისი წინსვლა“, – წერს სარბიელის მიმომხილველი.
მესამე თბილისის დინამოს პრეზიდენტი გახლდათ. „მერაბ ჟორდანიას სიტყვა ლაკონურიც იყო და საქმიანიც. ეს იყო გამარჯვებული, თავის თავში დარწმუნებული კაცი, რომელიც ყოველგვარი ქვეტექსტებისა და კონსპექტების გარეშე საუბრობდა“, – ასეთი იყო მამუკა კვანტალიანის შეფასება.
სულ ბოლოს მიკროფონთან ალექსანდრე ჩივაძე დადგა. სარბიელის კორესპონდენტი წერს: „ფურცლები არც მას დასჭირვებია. ბატონმა საშამ ალალად თქვა ის, რასაც ფიქრობდა. თითქოს გარკვეული უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ყველაფერი ერთმა კითხვამ გადაწყვიტა:
-ბატონო საშა, ვინ იქნება ფედერაციის გენერალური მდივანი თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში?
ჩივაძე თითქოს ჩაფიქრდა, თითქოს პასუხის გაცემაც გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მოკლედ მოჭრა, გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე იქნებაო.
კვინიკაძის გენსეკობა ფედერაციაში მისი გუნდის დარჩენას მოასწავებდა. ესე იგი, ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩენილიყო. ეს მაშინ, როცა ძველებურად ცხოვრება არავის სურდა. დელეგატთა საბოლოო არჩევანიც ამის შემდეგ გაკეთდა. ცხადი იყო, არჩევნებს მერაბ ჟორდანია მოიგებდა“.
24 ოქტომბერს, სარბიელში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში „ფედერაციას წითელი ბარათი უჩვენეს – ქართული ფეხბურთის საჭე ახალ კაცს ჩაბარდა“, ჟურნალისტი ვახტანგ ბზიკაძე ყრილობის კულმინაციას ასე აღწერს:
„კენჭისყრა საათნახევარს გაგრძელდა და მონაწილეობა 235-მა დელეგატმა მიიღო. არც ერთი ბიულეტენი გაბათილებულა. კანდიდატთა ნდობით აღჭურვილმა პირებმა თავ-თავიანთი ბიულეტენები წინ დაიწყვეს და მერაბ ჟორდანიას ხმებმა ასს რომ გადააჭარბა, მერაბ რატიანმა ხელები მაღლა აღმართა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გამარჯვება ჟორდანიას გუნდმა ოდნავ ადრე იზეიმა.
საბოლოოდ ხმები ასე განაწილდა:
რამაზ გოგლიძე – 23
ილია დათუნაშვილი – 44
ალექსანდრე ჩივაძე – 56
მერაბ ჟორდანია – 112
ეს მეორე ტურს მოასწავებდა, რადგან ორმოცდაათ პროცენტს პლუს ერთი ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. მაგრამ ამხელა ჩამორჩენის შემხედვარე ალექსანდრე ჩივაძემ კანდიდატურა მოხსნა და პრეზიდენტობა მერაბ ჟორდანიას მიულოცა.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მილოცვა ჯერ დანარჩენი კანდიდატებისგანაც მიიღო, მერე კი სცენაზე ყველა მსურველი ავიდა და მერაბ ჟორდანიას პერსონალურად მიულოცა“.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი 1998 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს ათის ნახევრისთვის აირჩიეს. მას ბევრი ულოცავდა, სფფ-ის ახალი ხელმძღვანელი კი მადლობას მხოლოდ დარბაზში მყოფებს კი არა, ტელეფონითაც უხდიდა. როცა ემოციები შედარებით ჩაცხრა, მერაბ ჟორდანიამ მხარდამჭერები რესტორან ბერიკონში მიიპატიჟა.
„მერაბ, იცოდე ჩემზე მეტად შენი ოპოზიციონერი არავინ იქნება. შენ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ, მაგრამ საქართველო უპირველეს ყოვლისაო, ხომ გაგიგია? ჰოდა, როგორც კი დავინახავ საქმეს ვერ აკეთებ, პირველი მე ავიმაღლებ ხმას შენს წინააღმდეგ“, – ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელს ბერიკონში გაშლილ საზეიმო სუფრაზე პირველად მისმა სიმამრმა, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, კახი ასათიანმა მიმართა.
შაბათს, 24 ოქტომბერს, სარბიელში სფფ-ის ახალი პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა. მერაბ ჟორდანიას ჟურნალისტი კობა ინასარიძე ესაუბრა:
„გამარჯვების იმედი მართლაც მქონდა. დელეგატთა უმრავლესობა ჩემსკენ გახლდათ, საკითხავი ისღა დამრჩენოდა, დანაპირებს როგორ შეასრულებდნენ. მადლობა ყველას, სიტყვა სიტყვაა, პირობა არ გატეხეს. დავით ტურაშვილის სიტყვები მახსენდება – საღმა აზრმა გაიმარჯვა…
წინასწარი გათვლით ამდენ ხმას არ ველოდი, თუმცა… როგორ გითხრათ, ჩემი გამარჯვების მერე ძალიან ბევრმა ერთი და იგივე გამიმეორა, გამარჯვება ყრილობის მიმდინარეობისას გაინაღდე, ხალხი შენსკენ მაშინ გადმოვიდა, როცა სიტყვა წარმოთქვიო. ნელ-ნელა მეც ამ აზრამდე მივდივარ…
ეს ყრილობა ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებაა, მთლიანად ქართული ფეხბურთის. ასეთი ობიექტური ყრილობა დიდი ხნის განმავლობაში სანატრელი გვქონდა. სიტყვა არავის მოუბრუნდება თქვას, ყრილობა არაობიექტურად ჩატარდაო, დემოკრატიულობის პიკი იყო! ეს ჟურნალისტების დამსახურებაცაა, საამისოდ თქვენ ბევრი გააკეთეთ…
ფედერაციაში ბევრი ცვლილება იქნება. კადრებიც შეიცვლება…
დინამოს პრეზიდენტობის დროსაც კი იმას ვცდილობდი, როგორმე ყველა გუნდი თანაბარ პირობებში ყოფილიყო. ახლაც ასე იქნება. დინამოს ფედერაციისგან არანაირი შეღავათი არ ექნება“.
პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევიდან მესამე დღეს მერაბ ჟორდანიამ თავისი გუნდის პირველი წევრი წარუდგინა საზოგადოებას – გენერალურ მდივნად ვალერი ჩოლარია დანიშნა.
სამ დღეში, 30 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონში ახალ გენერალურ მდივანთან ერთად ახალი აღმასრულებელი კომიტეტიც დამტკიცდა: მერაბ ჟორდანია (პრეზიდენტი), ალექსანდრე ჩივაძე (ვიცე-პრეზიდენტი), ვალერი ჩოლარია (გენერალური მდივანი), ნიკო ლეკიშვილი (მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოადგილე), თემურ ჭყონია (კომპანია კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას პრეზიდენტი), ლევან გაჩეჩილაძე (კომპანია GWS-ის პრეზიდენტი), დათო ტურაშვილი (მწერალი), ზაზა ბოკერია (ექიმი), გივი შუღაროვი (არქიტექტორი), დემურ ლელაძე (საქართველოს ავიახაზების პრეზიდენტი), მურთაზ ანჯაფარიძე (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), გურამ ფილიპაშვილი (იმერეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი), იმედო დუნდუა (გურია), გოჩა როსტომაშვილი (კახეთი), ომარ გოგიაშვილი (სპორტის აკადემიის რექტორი), ემზარ ზენაიშვილი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი), გურამ ქარქაშაძე (შინაგან საქმეთა სამინისტრო), რომან შოთაძე (თბილისის დინამოს ვიცე-პრეზიდენტი), ნიკო დოლიძე (ფონდი ფეხბურთი ბავშვებს), დავით გამყრელიძე (სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრეზიდენტი), გოგი თოფაძე (შპს ყაზბეგის პრეზიდენტი). ეს უკანასკნელი ახალი აღმასრულებელი კომიტეტის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც სხდომას ვერ დაესწრო. იმავე დღეს ისიც ითქვა, რომ აღმასკომში კიდევ ორი რეგიონის წარმომადგენელი იქნებოდა და მათი ვინაობა მოგვიანებით გაცხადდებოდა, ისევე როგორც ფედერაციის მეორე ვიცე-პრეზიდენტისა.
* * *
რამდენიმე წლის წინ რადიო თავისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დოკუმენტური ფილმების სერია მოამზადა. პროექტის ავტორი და რეჟისორი არმაზ ახვლედიანი გახლდათ. სამ ნაწილში მეც მივიღე მონაწილეობა. მესამე სერიაში, რომლის სახელი იყო „მეფის მთელი მხედრიონი“, მერაბ ჟორდანიამ ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსვლა გაიხსენა:
„ნოდარ ახალკაცს გადმობარებული არ ჰქონდა ქართული ფეხბურთის საკითხები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი საკითხი ჩემთან შეთანხმებით და ჩემთან ურთიერთობით წყდებოდა…
ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას რას შეეხება, არჩევნების წინ ედუარდ შევარდნაძე ნეიტრალური იყო. თუ პარტია მოქალაქეთა კავშირი მხარს უჭერდა ბატონ ილია დათუნაშვილს, ვერ ვიტყვი რომ პრეზიდენტი რომელიმე კანდიდატისკენ იხრებოდა…
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დასაქმებულებისთვის იმ პერიოდში მთავარი საკითხი ასე იდგა: ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემთხვევაში შეინარჩუნებდნენ თუ არა ისინი სამუშაო ადგილებს. ალბათ ეს ჩვეულებრივი მომენტია ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. იმ დღეებში სფფ-ის თანამშრომლების მთავარი სადარდებელი სწორედ ეს იყო…
ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ თანამშრომელს, დავით კვინიკაძეს რაც შეეხება, მასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ვთვლი, რომ ის ძალიან მაღალი დონის გენერალური მდივანი იყო, თუმცა ასეთი შეხედულების მიუხედავად, მას თანამდებობას ვერ შევუნარჩუნებდი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შერჩეული მყავდა სხვა კანდიდატი. წლების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საკადრო გადაწყვეტილება, რაც კი ფეხბურთში საქმიანობის დროს მიმიღია. ვგულისხმობ ვალერი ჩოლარიას, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური გენერალური მდივანი იყო“.
* * *
შერატონში გამართულ თავყრილობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევიც დაესწრო. რამდენიმე დღეში მან ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის მიწვეულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. წლის ბოლო საერთაშორისო მატჩი 18 ნოემბერს გაიმართა თბილისში, ეროვნულ სტადიონზე.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 18 ივნისი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 11 ივნისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
