1998: საპრეზიდენტო არჩევნები რკინიგზელთა კლუბში (I ნაწილი)

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი დიდებულად დასრულდა: 12 ივლისს, სტად დე ფრანსზე, ემე ჟაკეს გაწვრთნილმა საფრანგეთმა ზინედინ ზიდანის მეთაურობით 3:0 დაამარცხა ბრაზილია და ისტორიაში პირველად მოიგო ფიფას ოქროს თასი.
ფინალს ვაკის პარკის ღია კინოთეატრის დიდ ეკრანზე მეგობრებთან ერთად ვუყურე, ერთ კვირაში კი უკვე ფოთში ვიყავი – მალთაყვამ წყლის თხილამურობაში საერთაშორისო შეჯიბრებას, „ოქროს ტბის მასტერსს“ უმასპინძლა. იმ ტურნირს სარბიელისთვის ჩვენი რედაქტორი თამაზ მიგრიაული, ფოტოკორესპონდენტი ბადრი კეთილაძე და მე ვაშუქებდით.

საფრანგეთი-ბრაზილიის ფინალიდან ათ დღეში სამივენი ერთად დავესწარით ფოთში, ფაზისზე კოლხეთი 1913-ის და ბელგრადის ცრვენა ზვეზდის პაექრობას. უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სერბებმა პერიცა ოგნიენოვიჩის და მილენკო აჩიმოვიჩის ლიდერობით, უშანსოდ დაჯაბნეს სოსო ფილიას გუნდი – 0:4. სლოვენიელმა აჩიმოვიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო ოგნიენოვიჩმა ანგარიში გახსნა. რამდენიმე თვეში ეს ტანმორჩილი და ძალიან ტექნიკური თავდამსხმელი მადრიდის რეალმა შეიძინა…

ივლისს აგვისტო და დაუვიწყარი თავგადასავალი მოჰყვა, ამჯერად სვანეთში. მწვერვალ ეგნატე ნინოშვილზე პირველასვლის ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ტელეკომპანია იბერიამ მედიაალპინიადა მოაწყო ბანაკ ზესხოში. იმ ღონისძიებას სარბიელიდან მხოლოდ მე შევუერთდი. ახლაც მახსოვს შეგრძნება, როცა 3500 მეტრზე აზიდულ მწვერვალზე ავედი და დათოვლილ კავკასიონს გავხედე, თავი ზღაპარში მეგონა!

ერთ კვირაში, თბილისში დაბრუნებულს, სარბიელის გამომცემელმა ზურაბ ფოცხვერიამ მითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს და ბილბაოს ატლეტიკის საპასუხო შეხვედრაზე უნდა წავსულიყავი. იმ დროს ესპანეთის ვიზებს გერმანიის საელჩო გასცემდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რადგან პასპორტის დაბრუნება ძალიან დამიგვიანეს. ძალიან დამწყდა გული უცხოეთში პირველად გამგზავრების შანსი რომ ხელიდან გამომეცალა, მაგრამ სამ კვირაში დინამომ უეფას თასზე გადაინაცვლა და მეც ოცნება ავისრულე, კლუბს ნიდერლანდებში გავყევი, ტილბურგის ვილემ II-თან თამაშზე. მას შემდეგ ეს ქვეყანა და ქალაქი ამსტერდამი გამორჩეულად მიყვარს.

სექტემბერში ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო, შემოდგომით კი ჩემი, როგორც სპორტული ჟურნალისტის ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: პირველად დავესწარი ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას, რომელზეც ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის ახალი, რიგით მეორე თავკაცი აირჩიეს. დღევანდელი წერილი იმ ამბავზეა.

სანამ უშუალოდ საარჩევნო პერიპეტიებს მოვიგონებ, 1997 წლის შემოდგომით გადავინაცვლებ, როცა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. ქართული სპორტის მაშინდელი ხელმძღვანელი კახი ასათიანი ჩვენი ფეხბურთის პირველკაცებს მუშაობას უწუნებდა და ღიად აკრიტიკებდა როგორც სფფ-ს, ასევე პირადად მის პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს. როცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ფიფა ქართული ფეხბურთის საერთაშორისო სარბიელიდან დისკვალიფიკაციით დაიმუქრა, რის შემდეგაც სცენაზე ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც გამოჩნდა. მან იძულებით გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან ჩიხში შესული სიტუაცია სხვანაირად ვერ გამოსწორდებოდა. მისი საგანგებო ბრძანების შემდეგ სპორტის დეპარტამენტმა დროებით უკან დაიხია.

იმ ამბებზე თავის დროზე დავწერე ჩემი წერილების ციკლში, ისევე როგორც ნოდარ ახალკაცზე. ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების მთავარი შემოქმედი და სფფ-ის პირველი ხელმძღვანელი 1998 წლის იანვარის მიწურულს მოსკოვში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მას შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას მისი მარჯვენა ხელი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა. ქართულ ფეხბურთში ჩახედული ხალხი ახალკაცის მთავარ მემკვიდრედ სწორედ მას განიხილავდა, ლეგენდარული კაპიტნის ნომერ პირველ მეტოქედ კი, მას შემდეგ, რაც კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა, თბილისის დინამოს ახალგაზრდა პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას ასახელებდნენ.

ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები თავდაპირველად 24 ივლისს დაინიშნა, თუმცა ერთი კვირით ადრე შეკრებილმა ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ახალი თარიღი დაადგინა – 23 ოქტომბერი.

იმ დროისთვის პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხი კაცი განიხილებოდა – ჩივაძე, ჟორდანია, ვეტერანი დინამოელი, 1964 წლის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ილია დათუნაშვილი და პირველი თაობის მორაგბე, 80-იან წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი რამაზ გოგლიძე.

ივლისის დასაწყისში, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ მერაბ ჟორდანიას დაუჭერდა მხარს. მისი ეს ნაბიჯი ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი ფედერაციის მაღალჩინოსნებისთვის. არაერთმა ჟორდანიას და ჩივაძეს შორის შესაძლო გარიგებაზეც ისაუბრა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ კი სარბიელთან ინტერვიუში თქვა:

„ეს ფაქტი ჩემთვის მოულოდნელი იყო. ინფორმაცია, რომ მან კანდიდატურა მოხსნა, მართალია, თვით გადაწყვეტილება კი, ჩემი აზრით, არასწორია. ეს ჩივაძის კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ სამწუხაროდ, საერთო საქმისთვის არ არის მიზანშეწონილი. მან ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ მშვიდი ხასიათის, წყნარი ცხოვრების მომხრე ადამიანია და დაპირისპირებასა და კონფრონტაციას ვერ იტანს…

ახლა ყველა კითხულობს, რატომ მიიღო ჩივაძემ ეს გადაწყვეტილება? რისთვის? კარგად ვიცნობ საშას, მის ხასიათს. ვფიქრობ, ეს პარლამენტში ჩატარებული ფედერაციის შემოწმების აქტის განხილვის შედეგია. ეს აქტი საპარლამენტო კომისიამ შეადგინა ბატონი ნოდარ ამაღლობელის ხელმძღვანელობით და იგი ფედერაციის რვაწლიან საფინანსო საქმიანობას შეეხება. კრებაზე იყო კონფრონტაციის და სხვადასხვა ცილისწამების ფაქტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩივაძის ცხოვრებაში ამგვარი რამ არასდროს ყოფილა. ასეთ სიტუაციაში იგი პირველად მოხვდა…

როცა თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ახალკაცი ერთი თავკერძა მწვრთნელი იყო, რად გადაგვაყოლეთ მაგ კაცსო, ძნელია ჩივაძისნაირმა პატიოსანმა ადამიანმა და საერთოდ, ნებისმიერმა ნორმალურად მოაზროვნე ქართველმა სიმშვიდე შეინარჩუნოს. პარლამენტში სხვა არასასიამოვნო დიალოგებსაც ჰქონდა ადგილი. სწორედ ამას გადააწყვეტინა საშას, ასე მოქცეულიყო…

მე ტელევიზიითაც განვაცხადე, რომ ჩვენ თანახმა ვართ შემოწმების ყველა მასალა სასწრაფოდ პროკურატურას გადავცეთ. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ფედერაციაში ყველა საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობა მიჰყავდა ცხონებულ ნოდარ ახალკაცს, საშას იქ არავითარი შეხება არ ჰქონია. ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე. სწორედ ამისთვის არის საჭირო, ეს საქმე პროკურატურამ განიხილოს.

ჩემს თავს მოვალედ ვთვლი პირადად ჩავერიო და დავაჩქარო ეს პროცესი. ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს ყველაფერი. თუ კრიმინალია ჩადენილი, ამას რეაგირება სჭირდება. თუ არ არის კრიმინალი, უნდა მოიხსნას ყოველგვარი ბრალდება და ცილისწამება როგორც განსვენებულის, ასევე ცოცხლების მიმართ“.

ჩივაძის ნაბიჯს დანარჩენი კანდიდატებიც გამოეხმაურნენ. მათი კომენტარები სარბიელში ანდრიაძის ინტერვიუსთან ერთად გამოქვეყნდა:

„პირდაპირ გეტყვით, მას გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა. არ ვიცი რამ აიძულა ჩივაძე ეს გადაწყვეტილება მიეღო. არც ის ვიცი, ამის შემდეგ ძალები როგორ გადანაწილდება. შესაძლოა, ყოველივე წინასწარ მოფიქრებული სცენარით მიმდინარეობს, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ამისგან შორს ვდგავარ. თუ დავრწმუნდი, რომ ყოველივე დანიშნული კარტებით თამაშს ჰგავს, მაშინ არჩევნების წინ მოვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე პატიოსნად ვიბრძვი“, – რამაზ გოგლიძე.

„ზუსტად ვერ გეტყვით, რამ განაპირობა მისი ამგვარი ქმედება. რაღაცაშია საქმე. ეს ფაქტი მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, ჩივაძის მიმართ ზეწოლას ჰქონდა ადგილი ან საპარლამენტო კომისიის შემოწმებისას ფედერაციის ფინანსურ საქმიანობაში ნახეს დარღვევები. შესაძლოა ჩივაძის მოქმედება მერაბ ჟორდანიასთან იყო შეთანხმებული და ერთგვარ გარიგებასთან გვაქვს საქმე. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე საღი აზრია. რაღაც მოლაპარაკებას და ალიანსს რომ აქვს ადგილი, ფაქტია, მაგრამ ვისთან, კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია. ცილს ვერავის დავწამებ“, – ილია დათუნაშვილი.

„ჩივაძეს კანდიდატურის მოხსნის შემდეგ არ შევხვედრივარ, თუმცა ადრე ხშირად გვისაუბრია. მე და საშა ჩივაძე, ფაქტობრივად, ერთ აზრზე ვიყავით, წინასაარჩევნოდ ერთნაირი პროგრამა გვქონდა, გარდა ამისა, დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და შეუძლებელი იყო ერთმანეთის საწინააღმდეგოდ რაიმე მოგვემოქმედებინა. როცა კანდიდატურა წამოვაყენე (2 ივლისს – ლ.გ.), ყოველივე მასთან შეთანხმებით მოხდა. მერე დავსხედით და გადავწყვიტეთ – ან საშა დარჩებოდა კანდიდატად, ანაც მე. ჩივაძემ ასე ამჯობინა, თუმცა ამის შესახებ პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამს“, – მერაბ ჟორდანია.

თბილისის დინამოს პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ფედერაციას ჩივაძესთან ერთად უხელმძღვანელებს და უბრალოდ ვერ წარმოუდგენია ვინმე, რომელიც პრეზიდენტობის დროს ბატონ საშას სამსახურიდან დაითხოვს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჟორდანიამ თქვა: „არ მინდა სიტყვა კონკურენტი ვიხმარო. ზედმეტად მიმაჩნია სხვა კანდიდატები კონკურენტის რანგში ავიყვანოთ“.

ჩივაძის იმ ხმაურიანი განცხადების შემდეგ ყრილობამდე სამი თვე იყო დარჩენილი, თუმცა ხალხი გრძნობდა, რომ სიტუაცია კვლავ შეიცვლებოდა. ასეც მოხდა: დე-ფაქტო პრეზიდენტი 23 ოქტომბრის არჩევნებს ოფიციალური კანდიდატის სტატუსით შეხვდა.

სექტემბრის დასაწყისში სარბიელმა ის, ჟორდანია, დათუნაშვილი და გოგლიძე საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ რედაქციაში მიიპატიჟა. ჟურნალისტების ინიციატივას პირველი რამაზ გოგლიძე გამოეხმაურა, რომელიც 23 სექტემბერს გვესტუმრა.

ფიფას პრეზიდენტი მხარს უჭერს რამაზ გოგლიძეს – ასეთი სათაურით დაიბეჭდა მისი ფოტო 24 სექტემბრის ნომრის პირველ გვერდზე. ბატონმა რამაზმა შეხვედრა იოზეფ ბლატერის მიერ გამოგზავნილი წერილით დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში გვესაუბრა. შეხვედრას თითქმის მთელი ჩვენი რედაქცია დაესწრო. ინტერვიუ ჟურნალისტმა ხვიჩა სანიკიძემ მოამზადა:

„საფეხბურთო მეურნეობა ძალიან მისახედია. მისი მდგომარეობა, მიუხედავად სხვადასხვა შეფასებისა, სავალალოა. ყოველივე იმის ბრალია, რომ გეგმაზომიერი მუშაობა არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს პრობლემების გადასაჭრელად, არავის მხრიდან. ეს სიმართლეა და ნურავინ მიწყენს…

დღეს ფეხბურთი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც დიდი ინდუსტრია, დიდი მრეწველობა, დიდი კომერციული და დიდი პოლიგრაფიული საქმიანობა…

კონკრეტული გეგმები მაქვს, ჩვენ არავისგან ზედმეტს არ ვითხოვთ. ვიყავით მრეწველთა კავშირში და მათგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ისინი, ალბათ, ბევრს გააკეთებენ ამ საქმეში, მაგრამ ჩვენც, თითოეულმა ფეხბურთის მოყვარულმა უნდა დავეხმაროთ მრეწველთა კავშირს…

ფედერაციამ იმ რაიონში უნდა ჩადოს მეტი თანხა, რომელიც ამას თავადვე აკეთებს ფეხბურთში. მეტი დახმარება იქ, სადაც მეტი ყურადღებაა ამ სახეობის მიმართ…

საქართველოს ჩემპიონატში ყველაფერი გადასახედია, პირველ რიგში დისციპლინა, სტადიონები, მათი პასპორტიზაცია. სამარცხვინოა, როცა ტაბლოები არ არსებობს, მოედნები დაუხაზავია, ფეხბურთელებს მაისურებზე ნომრები არ აწერიათ, რადიოფიცირება არასრულყოფილია. ეს თემა ამოუწურავია. საჭიროა დისციპლინის დამყარება…

ფეხბურთი, რა თქმა უნდა, სარფიანი საქმეა. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ფულიც მოვიზიდოთ და ის ხალხი, ვინც შრომობს, უზრუნველყოფილი იყოს თავისი წვლილის მიხედვით. დიდი ფული უნდა იქნეს მოზიდული ფეხბურთის განვითარებისთვის. ფეხბურთი უნდა იყოს ზეკლანური, ზეპარტიული ეროვნული მცნება. ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის უნდა იქნეს არჩეული…

თუკი გავიმარჯვებ, ვეცდები მომავალ არჩევნებში პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კენჭს ერთად იყრიდეს და ამით დელეგატებს უფრო გაუადვილდებათ არჩევანის გაკეთება…

თანამდებობა ზოგს თავისთვის უნდა, ზოგს კი იმისთვის, რომ საქმე აკეთოს. მე მეორე კატეგორიას ვეკუთვნი. ყველასგან განსხვავებით, ჩემი სიტყვა და საქმე ერთი იქნება“.

სარბიელის მეორე სტუმარი „ოქროს ბიჭი“ ილია დათუნაშვილი გახლდათ. ვეტერანი დინამოელი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული გოლების ავტორი 8 ოქტომბერს გვესტუმრა და უამრავ საკითხზე გვესაუბრა. მისმა ვიზიტმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილიც დაესწრო.

„ჩივაძე აბსოლუტურად მართვადი პიროვნებაა. თუ მან არჩევნებში გაიმარჯვა, გაძლევთ გარანტიას, მაქსიმუმ ორ თვეში იგი თანამდებობიდან თავისივე ნებით გადადგება და მის ადგილზე სხვას დანიშნავენ…

ახლა აქცენტი სახელმწიფოს დახმარებაზე უნდა გაკეთდეს და ფეხბურთი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა ავიდეს. მთავრობამ ფეხბურთის ფედერაცია და კლუბები დროებით მაინც უნდა გაათავისუფლოს გადასახადებისგან, ისე არაფერი გამოვა. შესაძლოა, უმაღლესი ლიგის თექვსმეტივე კლუბისთვის შეღავათის გაწევა ერთად გაჭირდეს, მაგრამ ყველაფერი მიზნობრივად უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც დინამოს შემთხვევაში…

იდეალურად მიმაჩნია ხორვატიის და უკრაინის მაგალითი, სადაც სახელმწიფოს პირველი პირები ხელმძღვანელობენ ფედერაციებს. თუ ჩვენთანაც იგივე მოხდება, მაშინ ქართული ფეხბურთის რეანიმაცია შესაძლებელია…

არ ვიქნები მართალი, რომ გითხრათ, ფეხბურთის განვითარების კონკრეტული გეგმა გამაჩნია-მეთქი, თუმცა რაღაც მონახაზი მაქვს. ფეხბურთის მერე სამეურნეო დარგის ხელმძღვანელი ვიყავი და ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილებაც მაქვს. კარგად მესმის, რომ ფეხბურთი ყველაზე დიდი ბიზნესია. თუ პრეზიდენტი გავხდი, ყველა შემოსულ თანხაზე იქნებიან ინფორმირებული ჟურნალისტები კვირაში ერთხელ…

აუცილებლად მივაღწევ სახელმწიფოსგან შეღავათებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სფფ-ში არაფერი მესაქმება არც მე და არც არავის, რადგან პრეზიდენტობისთვის არანაირი პირადი ინტერესი არ მამოძრავებს. ჩემი მიზანი ქართული ფეხბურთის გადარჩენაა“, – განაცხადა ბატონმა ილიამ. მანვე მოქალაქეთა კავშირის წევრობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მმართველ პარტიაში ყოფნის მიუხედავად, თავს პრივილეგირებულად არ გრძნობს, რადგან მოქალაქეთა კავშირში მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს.

ალექსანდრე ჩივაძე რედაქციაში არ გვესტუმრა, თუმცა 1 ოქტომბერს, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების ლატვია-საბერძნეთში გამგზავრებამდე, ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტებს ფედერაციაში გვიმასპინძლა:

„ღამეებს თეთრად ვათევდი, ჩემს მომავალზე ვფიქრობდი, შემეძლო კი ფედერაციის პრეზიდენტობა? ორიოდ დღის წინ თანამშრომლებს თათბირზე განვუცხადე, რომ 23 ოქტომბერს პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა…

ადრე როცა ვთქვი პრეზიდენტობა არ მსურს-მეთქი, ბევრმა სხვანაირად გამიგო, ზოგიერთმა მოღალატედაც კი შემრაცხა, კენჭს რად არ იყრიო, მეუბნებოდნენ. მერე, როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ ვიფიქრე, თანამშრომლებმაც მთხოვეს შემეცვალა გადაწყვეტილება, თანადგომა აღმითქვეს…

თუმცა მარტო ამანაც არ განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. ამას წინათ თურქეთში გახლდით, იქაური ფეხბურთის ფედერაციის იუბილეზე, სადაც ბევრ საპატიო, საერთაშორისო წრეებში ფრიად ავტორიტეტულ ხალხს შევხვდი, ფიფას და უეფას წარმომადგენლებიც იყვნენ. საკმაო ხანს ვისაუბრეთ, ბოლოს კი განმიცხადეს, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიყავით, ახალკაცის დროსაც და ახლაც ასეა. მხარდაჭერას გპირდებით, ყურადღებას არ მოგაკლებთ, ურთიერთობა ძველებურად საქმიანი და კეთილგანწყობილი გვექნება, სასურველია თუ ფედერაციის პრეზიდენტი თქვენ იქნებითო…

ჩემს საპრეზიდენტო პროგრამას რაც შეეხება, მასში მთავარი ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებაა, აქცენტს სწორედ ამაზე ვამახვილებ და კიდევ მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ კლუბებს ბიზნესის საკეთებლად შეღავათები უნდა მისცეს, ნაწილობრივ მაინც უნდა გაათავისუფლოს ისინი საბიუჯეტო ბეგარისაგან. უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან ვაპირებ შეხვედრას და მაშინ უფრო კარგად გავერკვევი, რა სახის დახმარება შეუძლია ქართული ფეხბურთისთვის. მე ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერის იმედი მაქვს…

ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობაზე კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ. აგერ, თელავის კახეთი გავარდა პირველი ჯგუფიდან და კახეთში ფეხბურთი მოკვდა, აღარავის აინტერესებს, გუნდიც ფაქტობრივად დაიშალა. შემცირების შემთხვევაში იგივე მოხდება სხვაგანაც…

ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციაში დიდი ცვლილებები მოხდება. ეს კადრებსაც ეხება. აქ მხოლოდ ნაღდი პროფესიონალები იმუშავებენ. ახლა თანამშრომლებთან შედარებით ლმობიერი დამოკიდებულება მაქვს, რადგანაც მე მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი უფრო მკაცრი ვიქნები…

დანარჩენ კანდიდატებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ამდენად, შანსებზე საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია“.

მეოთხე კანდიდატი მერაბ ჟორდანია სარბიელის რედაქციას ყრილობამდე ორი დღით ადრე, 21 ოქტომბერს ეწვია. მასთან საუბარი ჟურნალისტმა მამუკა კვანტალიანმა ჩაიწერა:

„ჩვენი ფეხბურთის და ფედერაციის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა. თუ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ასე გაგრძელდა, მერე ბრაზილიური ფეხბურთიც რომ გადმოვდგათ ჩვენთან, ისიც ჩაიძირება. ამიტომ სასწრაფო და კარდინალური ცვლილებებია საჭირო…

დამაფიქრებელია ჩემპიონატის დაბალი დონე და კლუბების სავალალო მდგომარეობა. ჩვენში, ჯერჯერობით, ვერცერთ კლუბს ექნება აწყობილი საქმე საზღვარგარეთელებივით. იგულისხმება ბილეთების რეალიზაციიდან, რეკლამებიდან მიღებული შემოსავლები, მაგრამ უნდა დავეხმაროთ, ჩამოვაყალიბოთ სტრუქტურულად, ვაჩვენოთ გზები, რომელიც მათ ჩიხიდან გამოიყვანს და ფეხზე დააყენებს. მერწმუნეთ, აქ არაფერია არარეალური. პირიქით, სავსებით შესაძლებელი გახლავთ“.

თბილისის დინამოს პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებში არსებულ რთულ სიტუაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტად აირჩიეს, წლის ბოლომდე აუცილებლად შეხვდება მწვრთნელებს, ლეგიონერებს და მათთან ერთად გადაჭრის პრობლემებს.

რაც შეეხება გიორგი ქინქლაძის სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით დინამოსა და მრეტების სასამართლო დავას, ჟორდანიამ თქვა:

„ჩემთვის უმჯობესი იყო ამ პრობლემისთვის ადრევე დამეღწია თავი. მერწმუნეთ, ჩემი მხრიდან ყველანაირად ვეცადეთ და მზად ვიყავით პრობლემები ყრილობამდე მოგვეცილებინა, მაგრამ არის ზოგიერთი ორგანიზაცია და პირი, რომელთაც არ აწყობთ საქმის ბოლომდე მიყვანა…

მრეტებთან დაკავშირებული დავა ჯერაც დაუმთავრებელია. მე მაგ კონტრაქტის არც ხელმოწერისა ვიცოდი რამე და არც არსებობისა. მსურდა ერთი რამ: ამხელა თანხა საქართველოდან არ გასულიყო, ქართულ ფეხბურთს და დინამოს მოხმარებოდა…

თუ ფიფა იტყოდა, რომ ფული გადასახდელი იყო, მაშინ ქვას გავხეთქავდით და ვალს, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, დავფარავდით. საქართველოში ჩვენ გაგვამართლეს, ახლა ჯერი ფიფაზეა და საბოლოო გამარჯვების იმედიც მაქვს“.

ჟორდანიას მონოლოგი 23 ოქტომბრის სარბიელის მეორე გვერდზე გამოქვეყნდა, პირველ გვერდზე კი ოთხივე კანდიდატის ფოტო დაიბეჭდა სარედაქციო მოწოდებით: ხმა მიეცით ქართულ ფეხბურთს!

არჩევნებით დაინტერესებული უამრავი ადამიანი იმ წლების ყველაზე პოპულარულ სპორტულ გაზეთს დილიდანვე გაეცნო, მათ შორის ყრილობის მონაწილეები. შუადღისთვის კი არაერთმა მათგანმა აღმაშენებლის გამზირს მიაშურა – წლის მთავარ საფეხბურთო თავყრილობას საქართველოს რკინიგზელთა კლუბმა უმასპინძლა.

I ნაწილის დასასრული
(გაგრძელება 18 ივნისს)

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 11 ივნისი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 11 ივნისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian