1999: საუკუნის დასასრული (I ნაწილი)
1999 წლის 12 ოქტომბერს უეფამ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის მასპინძელი დაასახელა. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ოთხი ქვეყნის მიერ წარდგენილი სამი პროექტი განიხილეს: პორტუგალიას და ესპანეთს დამოუკიდებლად სურდათ ევროპირველობის მიღება, ავსტრია-უნგრეთს კი მხარდამხარ. არაერთი მიმომხილველი ესპანეთს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ უეფამ ევროპის XII ჩემპიონატი დიდი ზღვაოსნების სამშობლოს გადაულოცა.
ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი! – პორტუგალიამ, სადაც მანამდე არასდროს გამართულა უმაღლესი დონის საერთაშორისო სანაკრებო შეჯიბრება, ასეთი დევიზით მოხიბლა ევროპული ფეხბურთის მაღალჩინოსნები. სპეციალურ ცერემონიას პროექტის ხელმძღვანელთა გარდა XX საუკუნის უდიდეს პორტუგალიელ მოთამაშედ აღიარებული ეუსებიოც დაესწრო. ლისაბონის ბენფიკის ლეგენდა, ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული გოლეადორი და ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი „შავი პანტერა“ დელეგაციის საპატიო ელჩი გახლდათ.
„ფეხბურთი პორტუგალიელი ხალხის ერთ-ერთი მთავარი სიყვარულია, ჩვენ ვიმსახურებდით ამ უფლებას“, – ასეთი იყო ეუსებიოს პირველი კომენტარი, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟილბერტუ მადაილმა კი თქვა:
„უეფას ძალიან მარტივად შეეძლო ევრო 2004-ის მასპინძლად იმ ქვეყნების დასახელება, რომლებიც ყველა პირობას დღესვე აკმაყოფილებენ, მაგრამ ფეხბურთის განვითარებისთვის ნამდვილად დღევანდელი გადაწყვეტილება სჯობდა. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო, თავადაც ნახავთ რამხელა ბიძგი მოხდება პორტუგალიურ ფეხბურთში“.
გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელებმა უეფას აღუთქვეს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ქვეყანაში ხუთი ახალი სტადიონი აშენდებოდა, მათ შორის ლისაბონსა და პორტუში, კიდევ ხუთს კი საფუძვლიანად განაახლებდნენ…
ჟორდანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – 16 ოქტომბრის სარბიელის პირველ გვერდზე ამ ტექსტთან ერთად გამოქვეყნდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ფოტო. გაირკვა, რომ ქართული ფეხბურთის პირველკაცი წინა საღამოს ნევროლოგიის ინსტიტუტის კლინიკაში დააწვინეს. იმ დროს სფფ-ის პრესსამსახური ჯერ კიდევ ძალიან შორს იდგა ოფიციალური განცხადებების დროულად გავრცელებისგან, ამიტომაც ჟურნალისტებმა მხოლოდ ის შეიტყვეს, რომ ჟორდანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
16 ოქტომბერსვე გაიმართა 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რევაზ გაგუას პრესკონფერენცია. მიზეზი კი ის იყო, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებოდა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ისტორიაში პირველად, საქართველოში იყო დანიშნული. ჩვენი გუნდის გარდა ეგრეთ წოდებულ „თბილისის ჯგუფში“ ხორვატ, ბერძენ და ბულგარელ ჭაბუკებს უნდა ეთამაშათ.
„მას შემდეგ, რაც 16-წლამდელთა ნაკრები ჩაგვაბარეს, შესაფერის კანდიდატთა ძიებას შევუდექით. ამ პროცესში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საფეხბურთო სკოლებში ბავშვთა მომზადების მეთოდები ძირფესვიანდააა შესაცვლელი. ძალიან ძნელია, ალბათ ყველაზე ძნელიც კი არის 16-წლამდელთა ნაკრების დაკომპლექტება, რადგან მის ბირთვს სწორედ ასეთი სკოლების აღსაზრდელები შეადგენენ. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი სრულიად მოუმზადებლები მოდიან ჩვენამდე. რეალურად, ყველაფრის თავიდან დაწყება გვიხდება, დრო კი ძალიან ცოტა გვაქვს, ფაქტიურად არც გვაქვს“, – განაცხადა გაგუამ, თბილისის შესარჩევი ჯგუფის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გია ფირცხალავამ კი თქვა:
„ივნისში მოყვარულთა შორის უეფას რეგიონთა თასის შესარჩევ ჯგუფს ვუმასპინძლეთ. ეს ერთგვარი შემოწმება იყო. უეფა კმაყოფილი დარჩა ნანახით და ამიტომაც გვანდო ახალი ჯგუფი, გაცილებით მნიშვნელოვანი, რადგან ეს ოთხეული ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურისთვის ითამაშებს. სტუმრები 19 ოქტომბერს გვეწვევიან, მათ შორის მსაჯებიც. ყველა მათგანი სასტუმრო აჭარაში დაბინავდება. ვეცდებით თითოელი მატჩი საუკეთესოდ ჩატარდეს, რათა მომავალში კიდევ გვერგოს ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირების მიღების პატივი“.
გაგუამ ჟურნალისტებს შემადგენლობაც გააცნო. ყველაზე მეტი მოთამაშე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლიდან იყო: გიორგი თარხნიშვილი, აკაკი ქუხილავა, გიორგი ლაცაბიძე, შალვა გიგიაძე, დავით შენგელია, იოსებ მანჭარაული და ნიკა ჯღარკავა. მათ გარდა მწვრთნელის რჩეულთა შორის მოხვდნენ იოსებ ჭრიკაშვილი, აკაკი კუპრეიშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ირაკლი სამხარაძე, დავით ქოქიაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი (ყველა თბილისის ოლიმპიკი); ლაშა ჭელიძე, ლევან ხაინდრავა, ირაკლი მალაზონია, დავით ნაკანი, დავით ქარდავა (ყველა თბილისის დინამო); ზურაბ ნიკურაძე, ერეკლე ელყანიშვილი (ორივე თბილისის ვაკე 91) და ირაკლი ბალაძე (ბათუმი). გუნდის კაპიტანი ირაკლი სამხარაძე იყო.
ბულგარეთის, საბერძნეთის და ხორვატიის 16-წლამდელთა ნაკრები გუნდები, ასევე უეფას რჩეული მსაჯები თბილისს დათქმულ დროს ესტუმრნენ, მაგრამ 1999 წლის 19 ოქტომბრის მთავარი მოვლენა მათი ჩამოსვლა კი არა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 10 წლის იუბილე და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული XX საუკუნის რჩეულ სპორტსმენთა დაჯილდოება იყო. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის დღე ყველა თვალსაზრისით „სპორტული“ იყო.
დღის პირველ ნახევარში ჩვენი სპორტის ვარსკვლავებმა და ოფიციალურმა სტუმრებმა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში მოიყარეს თავი, სადაც სეოკ-ის საიუბილეო სესია გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში დაბრუნდა მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული და მოსკოვის 1980-ის თამაშების ფინალისტი, წლების წინ გერმანიაში საცხოვრებლად გადასული ხელბურთელი ალექსანდრე ანპილოგოვი.
მოპატიჟებული იყო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევიც, ვინც 90-იანი წლების დასაწყისში ოჯახთან ერთად გადაბარგდა ავსტრალიაში. სამწუხაროდ, ლეგენდარულმა მძლეოსანმა თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
საიუბილეო სესიას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც დაესწრო, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გაუძღვა, შემაჯამებელი სიტყვა კი სეოკ-ის პრეზიდენტმა ჯანო ბაგრატიონმა წაიკითხა.
გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი საღამო გაიმართა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები, გუნდები, მწვრთნელები და სპორტის მოღვაწეები გამოავლინა. თითოეული ლაურეატი ისტორიული დიპლომით დაჯილდოვდა. მისასალმებელი სიტყვა სსჟა-ს პირველმა პრეზიდენტმა და რეფერენდუმის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა წაიკითხა, შემდეგ კი მიკროფონი საღამოს წამყვანს, მსახიობ ჯემალ მონიავას გადაულოცა.
ჟიურიმ, რომელშიც 48 სპეციალისტი გაერთიანდა, საუკუნის სპორტულ მოღვაწეებად გიორგი ნიკოლაძე, გიორგი ეგნატაშვილი, ვიქტორ გოგლიძე, გიორგი სიხარულიძე, მიხეილ ცხვედაძე, მიხეილ კაკაბაძე, გიორგი მერკვილაძე, ნოდარ გუგუშვილი და დიმიტრი იოსელიანი გამოაცხადა.
მეორე ნომინაციაში – საუკუნის მწვრთნელი, ჟიურიმ 12 რჩეული გამოავლინა, მათი დაჯილდოების პატივი კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობს გოგი გეგეჭკორს ერგო. XX საუკუნის მწვრთნელის საპატიო წოდება მიენიჭათ ვახტანგ ქარსელაძეს (ჭადრაკი), მიხეილ კეკელიძეს (კალათბურთი), ანდრო ჟორდანიას (ფეხბურთი), პეტრე იორდანიშვილს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მიხეილ თიკანაძეს (თავისუფალი ჭიდაობა), სულიკო თორთლაძეს (კალათბურთი), ვახტანგ კუხიანიძეს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გიორგი ავალიშვილს (კალათბურთი), ნოდარ ახალკაცს (ფეხბურთი), აკოფ კერსელიანს (მძლეოსნობა), ბიძინა მაზიაშვილს (ძიუდო) და ნელი სალაძეს (მხატვრული ტანვარჯიში). მათგან სცენაზე მხოლოდ ბიძინა მაზიაშვილი და ნელი სალაძე ავიდნენ. აკოფ კერსელიანი იმ დროს სოხუმში ცხოვრობდა და თბილისში სტუმრობა ვერ შეძლო, დანარჩენებს კი წოდება გარდაცვალების შემდეგ მიენიჭათ.
სამი საუკეთესო გუნდის დასაჯილდოებლად ჯემალ მონიავამ ელგუჯა ბერიშვილს უხმო. XX საუკუნის მესამე საუკეთესო გუნდად კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის 1961-1962 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამო დასახელდა. მეორე პრიზი ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ერგო, არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულს, პირველი ხარისხის დიპლომი და XX საუკუნის საუკეთესო ქართული სპორტული გუნდის წოდება კი, ჟიურის გადაწყვეტილებით, ფეხბურთში ევროპის თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშებაში გამარჯვებულ თბილისის დინამოს მიენიჭა. საპატიო პრიზი იმ დინამოს კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ და ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ყიფიანმა ჩაიბარეს.
ამის შემდეგ ორი მთავარი ნომინაციის დრო დადგა. XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენთა შორის ჟიურიმ 20 ქალბატონი დაასახელა, პირველი სამეული კი დარბაზში თავმოყრილ საზოგადოებას ქართული სიმღერის ამაგდარმა ანზორ ერქომაიშვილმა გააცნო.
მესამე ადგილზე 40-50-იან წლებში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, ბადროს მტყორცნელი ნინო დუმბაძე გავიდა, ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი.
ვერცხლის პრიზით სეულის 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი და მეორეადგილოსანი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე დაჯილდოვდა.
საქართველოს XX საუკუნის ნომერ პირველ ქალ სპორტსმენად კი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ოქროს მედალოსანი, მამაკაცთა შორის პირველი ქალი დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი დასახელდა.
რაც შეეხება ბოლო ნომინაციას, სსჟა-მ საუკუნის რჩეულ მამაკაც სპორტსმენთა შორის 48 ლაურეატი გამოარჩია, პირველი სამეული კი ასეთი გამოდგა: ბრინჯაოს პრიზი – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლევან თედიაშვილი; ვერცხლის ჯილდო – პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობებში, მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გივი კარტოზია; მთავარი ჯილდო – მეხიკოს (1968), მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიადების ოქროს მედალოსანი სამხტომში, მოსკოვი 1980-ის ვერცხლის პრიზიორი ვიქტორ სანეევი!
მძლეოსანმა საგანგებო ვიდეომიმართვით გადაუხადა მადლობა ისტორიული რეფერენდუმის ორგანიზატორებს, ჟიურის, მონაწილეებსა და სტუმრებს.
ფილარმონიაში გამართული საუკუნის შემაჯამებელი სპორტული საღამო ედუარდ შევარდნაძის სიტყვით და სახელმწიფო ჯილდოების გადაცემით დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენები გადაეცათ ვიქტორ სანეევს, ნონა გაფრინდაშვილს და მიხეილ მესხს (გარდაცვალების შემდეგ), III ხარისხის ორდენით კი ნინო სალუქვაძე, ნინო დუმბაძე (გარდაცვალების შემდეგ) და გივი კარტოზია (გარდაცვალების შემდეგ) დაჯილდოვდნენ.
„როცა რეფერენდუმზე მუშაობას ვიწყებდით, ვიცოდით რა პრობლემებსაც ვეჭიდებოდით. ვიცოდით, რომ უსიამოვნებებიც შეგვხვდებოდა, ვიღაცა კიდეც გაგვინაწყენდებოდა, მაგრამ მზად ვიყავით სიძნელეებისთვის. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საქმე იყო, რომ არაფერს შევუშინდით“, – განაცხადა რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთ სარბიელთან ინტერვიუში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.
გავიდა ხუთი დღე და 24 ოქტომბერს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი დასრულდა. ფინალური ეტაპის საგზური საბერძნეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც სამივე თამაში მოიგო, რევაზ გაგუას გაწვრთნილი ქართველი ჭაბუკები კი, სამწუხაროდ, ბოლო ადგილზე გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა 0:2 დათმო ბერძნებთან, მეორე ტურში ქულა მოიპოვა ხორვატიასთან – 0:0, უკანასკნელ ტურში კი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 1:2 დამარცხდა ბულგარეთთან. ქართველთა ერთადერთი გოლი კაპიტანმა ირაკლი სამხარაძემ გაიტანა.
27 ოქტომბერს სარბიელმა მკითხველს ამცნო, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ მორიგი საქმის განხილვა დაიწყო – TBC ბანკი თბილისის დინამოს წინააღმდეგ.
არსი ასეთი იყო: 1997 წელს დინამომ ბანკისგან ისესხა 150 ათასი დოლარი, ხოლო სანაცვლოდ დიღმის საწვრთნელი ბაზა დააგირავა. სესხის დაფარვის ვადის ამოწურვის შემდეგ გაირკვა, რომ დინამო თანხას ვერ აბრუნებდა. კლუბს ჯარიმის სახით 1610 დოლარის გადახდა დაეკისრა, 1999 წლის ოქტომბრის მიწურულისთვის კი ბანკისთვის დასაბრუნებელი ვალი 202 ათასი დოლარით განისაზღვრა.
TBC ბანკმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სასამართლოს, რაც დარწმუნდა, რომ დინამო დავალიანებას ვერ ისტუმრებდა, მოლაპარაკებებით კი მხოლოდ დროს აჭიანურებდა.
საქმის განხილვის პირველ დღეს სასამართლოში თბილისის დინამოს მეპატრონეთა მხოლოდ ერთი ნაწილი – ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ დინამოს წარმომადგენლები გამოცხადდნენ. მათ მოითხოვეს, რომ დიღმის ბაზა არავითარ შემთხვევაში არ გაყიდულიყო. მათი თქმით ის დინამოს კიდევ ორმა მეპატრონემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ და ფირმა ბერმუხა 92-მა (პრეზიდენტი მერაბ რატიანი) მათი თანხმობის გარეშე დააგირავა.
ოქტომბრის მიწურულს ჯონი ჯანელიძის გაწვრთნილი საქართველოს მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდი თბილისი იტალიაში გაემგზავრა უეფას რეგიონთა თასის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ. ივნისში ქართველებმა შინ გამართული შესარჩევი ჯგუფი მოიგეს, 31 ოქტომბერს კი, დაბა აბანოში პირველი ტურის შეხვედრა გამართეს ვენეციის ვენეტოსთან. შეცვლაზე შესული კრავეიშვილის გოლით თბილისი დაწინაურდა, მაგრამ იტალიელებმა 87-ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – 1:1.
მეორე ტურში ჯანელიძის რჩეულებმა ისრაელის გუნდი დაამარცხეს – 2:1. ორივე გოლი გაბიდაურმა გაიტანა 48-ე და 72-ე წუთებზე. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად თბილისს ორი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე მყოფი კიევი უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ქართველებმა უკრაინელებს ვერაფერი მოუხერხეს – 1:4. თბილისმა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა.
დავისვენე, ინგლისში ვარ! – ასე დაასათაურა სარბიელმა გიორგი ქინქლაძესთან ინტერვიუ, რომელიც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. რამდენიმე დღით ადრე ფეხბურთელმა ოფიციალურად დატოვა ამსტერდამის აიაქსი და დერბი ქაუნთის წევრი გახდა.
„როგორც იქნა დავისვენე, ახლა კმაყოფილი ვარ, კარგი გუნდია, კარგი ატმოსფეროა. ყველა პრობლემა ფაქტობრივად მოგვარებულია. ერთადერთი, სანამ დერბის მაისურს მოვირგებ, ინგლისში მუშაობის ნებართვა მჭირდება. ამას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება, მანამდე კი თავდაუზოგავად ვვარჯიშობ“, – უთხრა ქინქლაძემ ჟურნალისტ კობა ინასარიძეს.
მეორე დღეს გაზეთმა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ლიდერის, შოთა არველაძის შესახებ დაბეჭდა არანაკლებ საინტერესო ცნობა. თავდამსხმელი, შესაძლოა, აიაქსიდან ვალენსიაში გადასულიყო. რამდენიმე დღით ადრე ესპანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ვალენსიამ არგენტინელი ფორვარდი კლაუდიო ლოპესი რომის ლაციოს დაუთმო, მთავარ მწვრთნელს ექტორ რაულ კუპერს კი სასწრაფოდ მისი შეცვლა სურდა და პირველ რიგში ორ კანდიდატურას განიხილავდა: არველაძეს და პსვ ეინდჰოვენის გოლეადორ რუუდ ვან ნისტელროის.
„ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება, ახლა პირადი პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. თუ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მე მინდა, ვალენსიაზე მერე ვილაპარაკოთ. იქ გადასვლაზე რა უნდა ვთქვა? ვალენსია კარგი კლუბია, რატომაც არა“? – ასეთი იყო არველაძის პოზიცია.
13 ნოემბერს, ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში, დედაქალაქურ დერბიში ლოკომოტივი 1:2 დამარცხდა დინამოსთან. ანგარიშში არაფერია გასაკვირი, იმ წლებში დინამო ყველასთან ფავორიტი იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ რკინიგზელები 89-ე წუთამდე იგებდნენ, ოთარ კორღალიძის გაწვრთნილმა დინამომ კი ჯერ პენალტით გაათანაბრა ანგარიში (მიხეილ აშვეთია), შემდეგ კი გამარჯვების გოლიც გაიტანა (რატი ალექსიძე).
როგორც კი მსაჯმა გურამ ასკაროღლიმ დინამოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, მას რამდენიმე ლოკომოტიველი შემოეხვია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ ბიჭების დაშოშმინება სცადა, მაგრამ ვერას გახდა. ამასობაში ასკაროღლიმ ლოკომოტიველ ლევან მიქაძეს წითელი ბარათი აუფრიალა, ამ უკანასკნელს კი ნერვებმა უმტყუნა და მსაჯისკენ გაიწია. მატჩის მიმოხილვაში კონსტანტინე გოგიშვილმა აღნიშნა: „ბეწვზე გაერიდა არბიტრი, თორემ ბრიუს ლის სტილში შესრულებული ნახტომის შემდეგ, მისგან მხოლოდ მოგონება დარჩებოდა“.
რომ შეატყო სიტუაცია უმართავი ხდებოდა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ მინდორზე შესვლა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვერ იცნეს და შეაკავეს. საბოლოოდ ჩოლარია მაინც შევიდა მოედანზე და დაპირისპირებულები გააშველა. თამაში განახლდა და, მართალია გაწევ-გამოწევით, ჩხუბით, გინებით და ასე განსაჯეთ ფურთხებითაც კი, მაგრამ მაინც დასრულდა. ერთმა ენამწარე მილიციელმა ისიც კი თქვა, მსაჯი მოიკაში გაატარესო…
ლოკომოტივის პრეზიდენტმა აკაკი ჩხაიძემ გადათამაშება მოითხოვა და დაიმუქრა, თუ ჩვენი პროტესტი არ დაკმაყოფილდა, კლუბი არსებობას შეწყვეტსო. „თქვენი იყოს ფეხბურთიც და სტადიონიც! თქვენი იყოს დინამოც“! – იყვირა ქართული რკინიგზის აღელვებულმა შეფმა. რაც შეეხება არენას, ჩხაიძემ ის იმიტომ ახსენა, რომ იმ პერიოდში საქართველოს რკინიგზა ვაკეში, ლოკომოტივის სტადიონს არემონტებდა.
ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გურამ ასკაროღლის საკითხი 17 ნოემბერს განიხილა. სხდომის დაწყების წინ არბიტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა:
„აი ის ფურცელი, რომელიც ლოკომოტივის წარმომადგენელმა გადმომცა მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე და მომთხოვა, აქ ჩვენი სამი ფეხბურთელის გვარი წერია და ისინი არ გააფრთხილოო. ისიც მითხრა, ყველაფერი ფედერაციასთანაა შეთანხმებულიო“. მსაჯმა ისიც დასძინა, მოედანზე მოთამაშეების საუბარმა დამარწმუნა, რომ თამაში ჩაწყობილი იყოო.
თავყრილობა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, ერთი კვირის თავზე კი, სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის კიდევ ერთი სხდომის შემდეგ, მსაჯის შეურაცხყოფაში მხილებული ლევან მიქაძე და გიორგი ბალაშვილი დისკვალიფიკაციით და ათასლარიანი ჯარიმით დაისაჯნენ. როგორ მაშინ ითქვა, ბალაშვილი მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ გაითვალისწინეს, რომ ის ეროვნული გუნდის მოთამაშე იყო. თავად გურამ ასკაროღლი სამი თვით მოკვეთეს, რაც შეეხება თამაშის შედეგს, ის უცვლელი დარჩა.
ბოლომდე მსაჯებს კი არა, საკუთარ თავს არ ვენდობი – ამ სათაურით გამოქვეყნდა ვალერი ჩოლარიასთან ინტერვიუ 1999 წლის 20 ნოემბრის სარბიელში. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა თქვა:
„ასკაროღლი არ არის ის კაცი, ასეთი რამ მოიგონოს. ნათქვამის დასადასტურებლად მან კომიტეტის სხდომაზე ის ფურცელიც გვაჩვენა, რომელიც ჯიბეში ჩაუდეს…
მე მსაჯს კი არა, ბოლომდე ჩემ თავს არ ვენდობი. დღეს და გუშინ, მაგალითად, ხუთმა მსაჯმა მითხრა, შინ დამირეკეს გუნდების წარმომადგენლებმაო…
ასეთი დაძაბული ჩემპიონატი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და ამისთვის ბევრი მსაჯი მზად არ იყო, რასაც თავადაც ამბობენ. თუ რამ შეცდომები მოსდით, ისევ თავიანთი მოუმზადებლობის გამო“.
ლოკომოტივის პროტესტს რაც შეეხება, ჩოლარიამ თქვა: „რკინიგზელებმა წარუმატებლობის მიზეზები თავიანთ გუნდში ეძებონ, ფედერაცია არაფერ შუაშია“.
დაახლოებით იმავე დღეებში დაუპირისპირდა სფფ-ს თბილისის მერანი 1991-ის პრეზიდენტი ნუგზარ ნავაძეც. მისი აზრით, დედაქალაქური კლუბის წინააღმდეგ მსაჯები შეგნებულად ცდებოდნენ. 13 ნოემბერს, ფოთში, კოლხეთი 1913-თან 0:1 წაგების შემდეგ, მერანი B ზონის ბოლოსწინა ადგილზე დაქვეითდა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა გუნდი შეკრიბა და ბიჭებს განუცხადა:
„ბევრი ვიფიქრე, არ ავჩქარებულვარ, გადაწყვეტილებაც ცივი გონებით მივიღე – მერანი 1991 ეროვნულ ჩემპიონატში აღარ ითამაშებს. ვიცი, დღეს ნათქვამი გეწყინათ, მაგრამ ჩემზე მეტად არავის სწყდება გული. მერანი იმ დროს დავაარსე, როცა ქვეყანაში ომი იყო. ბევრს ჩემი საქციელი არასწორად მიაჩნდა, ეს საქმე მაინც გავაკეთე. გუნდი პირველ ჯგუფში გადმოვიყვანე, ინტერტოტოს თასზეც ვითამაშეთ, დიდი შრომა ჩავდეთ, ბევრი კარგიც მახსოვს… ახლა კი, ზოგიერთების გამო, წასვლა მიწევს. ამდენ სიბინძურეს ვეღარ ავიტან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში აღარ ვითამაშებთ, კონტრაქტის პირობებს ყველას შეგისრულებთ. უმუშევარი არცერთი თქვენგანი დარჩება, ყველას პატრონი ვიქნები“.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ მერანი 1991-თან დაკავშირებით თქვა:
„მერანის ხელმძღვანელობას რატომღაც ჰგონია, რომ ფედერაცია მათი წინააღმდეგია, თითქოს მსაჯებს ვავალებდეთ, მერანს ქულები დააკარგვინონ. არაფერი მსგავსი. თავიანთ გადაწყვეტილებას საბაბად ცუდი მსაჯობა დაუდეს, მე კი მგონია, რომ მერანის ხელმძღვანელობას გუნდის შესანახი ფული აღარ აქვს. ფინანსურად გაუჭირდათ. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, ფული გამოგველიაო. ჰოდა, მოიმიზეზეს, ფედერაცია გვემტერება, არაობიექტური მსაჯობააო… თუ ვინმეს თამაში არ სურს, არც შევეხვეწებით“!
ნუგზარ ნავაძის პროტესტის შემდეგ მერანი 1991-მა კიდევ ორჯერ ითამაშა: ჯერ რუსთავის გორდას სძლია – 2:1, შემდეგ კი გორში 2:3 დამარცხდა დილასთან და პირველი ეტაპის B ზონა ბოლოსწინა, VII ადგილზე დაასრულა.
მუქარის მიუხედავად თბილისელებმა ჩემპიონატი არ დატოვეს და გაზაფხულზე, როცა სეზონი განახლდა, IX-XVI ადგილებისთვის ითამაშეს. მეორე ეტაპის 14 მატჩიდან მერანი 1991-მა მხოლოდ ერთი წააგო და საბოლოოდ ჩემპიონატი IX ადგილზე დაასრულა.
თუმცა ეს 2000 წლის ამბებია, 1999 წლის მიწურულს კი ჩვენ ფეხბურთში კიდევ რამდენიმე საინტერესო მოვლენა მოხდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნულ ნაკრებს, ისტორიაში პირველად, ერთდროულად ორი კაცი ჩაუდგა სათავეში. 1999 წლის „საფეხბურთო დეკემბერს“ მომდევნო წერილში გავიხსენებ.
I ნაწილის დასასრული. გაგრძელება 24 სექტემბერს
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 17 სექტემბერი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
*-2026 წლის 17 სექტემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
