1999: საუკუნის დასასრული (II ნაწილი)

დასასრული. I ნაწილი 17 სექტემბერს გამოქვეყნდა

დინამოსა და ლოკომოტივს შორის სკანდალით დასრულებულ დედაქალაქურ დერბის სარბიელელი გიო ახვლედიანი ტრადიციული ჩანახატით გამოეხმაურა. სვეტი სახელწოდებით „იყოს თავისთვის“ 1999 წლის 20 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა:

„რატომ ტარდება საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში? ალბერტ აინშტაინიც ვერ გვიპასუხებდა. ალალად შევაწუხებდით იმ კაცს, ცოცხალი რომ იყოს. ვუამბობდით ყველაფერს და ვთხოვდით, ეგებ, შენი გენიალური ტვინით გვიბრძანო, რა საჭიროა ისეთი შეჯიბრება, რომელსაც არაფერი მოაქვსო.

არაფერი მოაქვსო? ამის გამო, ეგებ, ქოქოლაც დაგვაყარონ (თუ ქოქოლა იკმარეს, კარგია, იმიტომ რომ წიხლაობა მიღებული ამბავია ჩვენ ფეხბურთში) კიდეც, მაგრამ ფეხბურთს არ მოაქვს მთავარი – ხალხის ჯანსაღი ინტერესი და სიხარული.

ამიტომ, ჩემპიონატი ჩემპიონატისთვის არსებობს და ადამიანთა იმ წრისთვის, ვინც მექანიკურად შერჩენია ტრიბუნებს.

სტადიონებზე ბევრი ხალხი დადისო, გაიგონებთ ხოლმე. რამდენიც არ უნდა დადიოდეს, წარმოუდგენელია ერთი ამათგანი მაინც კმაყოფილი იყოს თავისი გუნდით და ფეხბურთით. ეჭვი მაქვს, რომ ბევრ გულშემატკივარს ის კი არ უხარია, რომ ფეხბურთში, სპორტულ ორთაბრძოლაში იმარჯვებს, არამედ ის, რომ ყველანაირი ხერხით ამარცხებს მოწინააღმდეგეს. იქ რომ გლადიატორები იბრძოდნენ და სისხლი იღვრებოდეს, ეს „ბევრი გულშემატკივარი“ ბედნიერი იქნებოდა. ამიტომ, ფეხბურთი არაფერ შუაშია. ხშირად ეს არის მაყურებლის პირადი აგრესიის დაკმაყოფილება და არა სპორტის ქომაგობა.

ახლა ამბობენ, ეს გუნდი გავა ჩემპიონატიდან პროტესტის ნიშნადო, ის გუნდი გავაო, სხვანიც მიჰყვებიანო… მგონია, რომ არავინ გავა, მაგრამ ამის ახსნას სვეტი არ ეყოფა. თუმცა, რომც გავიდეს, არაფერი შეიცვლება, იმიტომ, რომ ფეხბურთი საქართველოში არ არის სპორტული პროცესი. ბევრი რამ არის ქვეყნად ასეთი, მაგრამ ფეხბურთი არ ჩანს. იმიტომ, რომ არაფერია ფეხბურთზე სახალხო.

ბატონო ალბერტ, რატომ ტარდება საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში?

ბატონი ალბერტი: ბევრს ვერას მოგახსენებთ, ეგებ იმიტომ, რომ გამოირკვეს, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი და ვინ ითამაშებს ორ მატჩს აგვისტოში რომელიმე უცხოურ კლუბთან?

ჰო, მაგრამ ამისთვის ღირს ამხელა ჩემპიონატის ჩატარება და ამდენი სკანდალის ცქერა?

კი, მაგრამ ფეხბურთელები? ფეხბურთელობა ხომ, ასე თუ ისე, სამუშაო ადგილია? ჩვენს ქვეყანაში კი სამუშაო ადგილები ჭირს. ერთადერთი გამართლება იმისა, რომ ჩემპიონატი ტარდება, შეიძლება ეს იყოს – ბიჭებს აქვთ სამუშაო ადგილები. ისინი დასაქმებულნი არიან. და ვინ ოხერი იტყვის, რომ მათ ეს ადგილები დაკარგონ?

მაგრამ, ამ შემთხვევაში, რაღა გვინდა ფეხბურთისგან? რატომ ვწერთ ფეხბურთზე, რატომ გადმოვცემთ ტელევიზიით და რატომ ვცდილობთ ხალხი დაინტერესდეს ჩვენი პირველობით? ხომ არ ვწერთ ამდენს სუპერმარკეტებში, სამინისტროებში ან, თუნდაც, პრესაში დასაქმებულ ადამიანებზე?

თუ ასეთი უნდა იყოს, იყოს თავისთვის. განა ეს ფეხბურთი იქნება? ფეხბურთი ხალხისთვისაა და არა თავისთვის. სხვანაირად ფეხბურთი არ არის.

და ვთქვათ, ცრემლით და დარდით – ეს ფეხბურთი არ არის“.

დაახლოებით იმავე დღეებში ქართულ სპორტულ პრესაში პირველად დაიწერა, რომ ეროვნული გუნდის ახალგაზრდა მცველს, კიევის დინამოს დაცვის ლიდერ კახი კალაძეს მილანი იწვევდა.

კალაძეს რიგი დაუდგა: მილანი, ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, რომა – ასე დაასათაურა სარბიელმა კალაძის შესახებ პირველ გვერდზე გამოქვეყნებული ცნობა. ჟურნალისტი ვანო ოქროპირიძე ფეხბურთელს კიევში შეეხმიანა და ევროპის წამყვან ჩემპიონატში შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა. კახის პასუხი ასეთი იყო:

„არც კი ვიცი რა გითხრათ. მე არავინ დამლაპარაკებია. ჯერჯერობით ჩემთვის კონკრეტულად არავის მოუმართავს. მეც, თქვენი არ იყოს, უცხოური გაზეთებიდან შევიტყვე მილანსა და სხვა კლუბებს რომ გასჩენიათ ჩემი მიწვევის სურვილი. მხოლოდ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, ამ სეზონის ბოლომდე კიევის დინამოში დავრჩები. ძალიანაც რომ მოვინდომო კლუბის დატოვება, მაინც არავინ გამიშვებს. კლუბის ნებაა, გამყიდიან თუ არა“.

კალაძის იტალიაში შესაძლო ტრანსფერს სარბიელი რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ინტერვიუთი გამოეხმაურა. ჟურნალისტი კობა ინასარიძე უკრაინული გრანდის ქართველ სელექციონერს, რევაზ ჭოხონელიძეს შეეხმიანა და მასთან საუბრის ჩანაწერი ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: „სასწაული თუ არ მოხდა, კახა კალაძე მილანში ითამაშებს“.

ვეტერანი ფეხბურთელი 90-იან წლებში მჭიდროდ თანამშრომლობდა შვეიცარიულ და იტალიურ კლუბებთან, სილვიო ბერლუსკონის მილანში კი სულაც აღმოსავლეთ ევროპის და აფრიკის ქვეყნების სელექციონერის პოსტი ეკავა. თავის დროზე ჭოხონელიძე თბილისის დინამოს ასაკობრივი გუნდის წევრი გახლდათ, საბჭოთა კავშირის 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში კი 1966 და 1967 წლებში ევროპის ჩემპიონატებიც მოიგო.

„კახა კალაძე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ასე ფიქრობენ იტალიაში, ესპანეთში და ინგლისში მომუშავე მწვრთნელები…

კალაძის მსურველი ევროპაში ბევრია. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? მილანი თავისთავად, შემდეგ ლაციო, პარმა, რომა, ბარსელონა, რეალი, არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი…

კიევის დინამო ჯერ მილანს დაელაპარაკება, იმიტომ, რომ ამ გუნდს პრიორიტეტი აქვს. ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერის შემდეგ მილანსა და დინამოს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, ამიტომაც ჯერ მილანი და შემდეგ – სხვა“, – თქვა რევაზ ჭოხონელიძემ.

თუ კალაძე ევროგრანდს უახლოვდებოდა, გაირკვა, რომ რუსეთის ჩემპიონატის ქართველი ბომბარდირი, ვლადიკავკაზის ალანიის თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე მალე კიევის დინამოში ითამაშებდა. ნოემბრის მიწურულს დემეტრაძე დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ვალერი ლობანოვსკიმ პირადად მიიწვია გასინჯვაზე. კიეველთა პრეზიდენტის გრიგორი სურკისის თქმით, გიორგიმ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. უკრაინელთა თხოვნით დემეტრაძე ჩემპიონთა ლიგაში დინამოს და მადრიდის რეალის მატჩსაც დაესწრო, შემდეგ კი, ტრანსფერის საბოლოო გაფორმებამდე, კვლავ ვლადიკავკაზში დაბრუნდა.

ნოემბრის მიწურულს რუსულ გაზეთ სპორტ-ექსპრესში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ვლადიმერ გუცაევთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. იმ დროს ის ალანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. საუბარი ვლადიკავკაზურ კლუბს და ცხადია, ჩვენ ეროვნულ გუნდს შეეხო:

„საქართველოს ნაკრებიდან უფრო ადრე უნდა წამოვსულიყავი. მიზეზი წმინდა საფეხბურთო არ არის. არ დაგიმალავთ, რამდენიმე ფეხბურთელთან ისეთი ურთიერთობა არ მქონდა, როგორიც საჭირო იყო…

ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა, მაგრამ გამოჩნდნენ ავი ენები, რომლებმაც მდგომარეობა უკიდურესად დაძაბეს. ყველაფერ ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ახალკაცი გარდაიცვალა და დაიწყო თავდაუზოგავი ბრძოლა მისი ადგილის დასაკავებლად. წინასაარჩევნო პერიოდში არცთუ ჯენტლმენურ საქციელს ჰქონდა ადგილი. ამ დროს ბევრს ისიც აძლევდა ხელს, რომ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კრახი განეცადა. საბოლოოდ, მართალია ჩემს გარეშე, ბოსკამპის ხელმძღვანელობით, მაგრამ ყველაფერი ასეც დასრულდა…

ეს ინტრიგები რომ არა, დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთეს შედეგს მივაღწევდით. გუნდში თამაშობდნენ ძმები არველაძეები, შელია, ჯამარაული… ის ხალხი, ვისაც რეკომენდაცია არ სჭირდება. ამათ დაუმატეთ ახალგაზრდები – დემეტრაძე, წერეთელი… ისინი ხომ ტალანტებად ითვლებიან. შემადგენლობა მართლაც კარგი იყო, თუმცა ამაზე საუბარს რაღა აზრი აქვს. წარსულს ხომ ვეღარ დააბრუნებ“.

როცა ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ ისევ ვაკანტური იყო. ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე სპეციალისტზე ფიქრობდა, ერთ-ერთი რევაზ ძოძუაშვილი გახლდათ. ის ბოლო პერიოდში საუდის არაბეთში მუშაობდა, ალ იტიჰადს წვრთნიდა.

-საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?
-აუცილებლად! დარწმუნებული იყავით, უარს არ ვიტყვი!

ეს იყო 4 დეკემბრის სარბიელში გამოქვეყნებული ინტერვიუს მთავარი კითხვა და მთავარი პასუხი. ბატონმა რეზომ თბილისის ლოკომოტივის წინადადებაც ახსენა და არც ის დამალა, რომ ლატვიიდანაც შეეხმიანნენ, კლუბ რიგის გაწვრთნა შესთავაზეს.

„ძალიან მინდა ნაკრებს გამოვადგე და ქართულ ფეხბურთს ძველი სახელი დავუბრუნო. ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ უნდა შეცდეს, მათ სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებთ. ვფიქრობ, გამოცდილება უკვე აქვთ“, – აღნიშნა იმავე ინტერვიუში რევაზ ძოძუაშვილმა.

დეკემბრის პირველ დღეს გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახსენდათ თბილისის დინამოს და მრეტების გახმაურებული დავა, რომელიც ოთხი წლით ადრე, 1995 წელს დაიწყო, როცა გიორგი ქინქლაძე ჩვენი ფეხბურთისთვის არნახულ ფასად გაიყიდა მანჩესტერ სიტიში. მისმა პირველმა კლუბმა მრეტებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფული მოითხოვა, დინამომ არ გადაიხადა და დაპირისპირებამ სასამართლოში გადაინაცვლა. განვლილი წლების განმავლობაში საქმე არაერთ ინსტანციაში განიხილეს, თუმცა პროცესი ვერ დასრულდა.

ფიფას ბოლო წერილში აღნიშნული იყო, რომ რადგან მხარეებმა რჩევა არ გაითვალისწინეს და ვერაფერზე შეთანხმდნენ, საბოლოო განაჩენს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი სახლი გამოიტანდა.

მრეტების ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ქავთარაძე ასე გამოეხმაურა ფიფას პოზიციას:

„ჩვენ, კლუბმა მრეტებმა, სფფ-ში საჭირო დოკუმენტაცია წარვადგინეთ, მაგრამ დინამო არ გამოცხადდა. ეს ჩვენთვის სულაც არ არის ტრაგედია, პირიქით, კმაყოფილნი ვართ, რომ ამ საქმის დასრულება ფიფამ იკისრა.

ჩვენი პირობა კვლავაც ძალაშია, დინამოსგან ვითხოვთ სატრანსფერო თანხის ნახევარს, ანუ 1 600 000 დოლარს. ამას დაუმატეთ წლიური ოცი პროცენტის ჯარიმა, რაც ჯამში ასევე 1 600 000 ათას დოლარს შეადგენს. გამოდის, რომ მრეტები დინამოსგან 3 200 000 დოლარს ითხოვს და ამ თანხას, ალბათ, ფიფას ძალისხმევით, სრულადაც მივიღებთ“.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას, ვინც ქინქლაძის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერის დროს დინამოს პრეზიდენტი გახლდათ, ფიფას წერილის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რამდენიმე დღეში ის იაპონიის დედაქალაქში გაემგზავრა. 7 დეკემბერს, ტოკიოში, სასტუმრო ტაკანავა პრინც ოტელში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და ამ ცერემონიას სფფ-ის პრეზიდენტი გენერალურ მდივან ვალერი ჩოლარიასთან ერთად დაესწრო. აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ ეს იყო ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობითი წილისყრა, ფიფას ოქროს თასის XVII გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი არნახულად ბევრმა, 195(!) ქვეყნის ნაკრებმა დაადასტურა.

უკანასკნელ კალათში განთესილი ჩვენი გუნდი საბოლოოდ VIII საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა ლიეტუვის, უნგრეთის, რუმინეთის და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად. ყველა მეტოქე ფიფას გენერალურმა მდივანმა მიშელ ზენ-რუფინენმა გვარგუნა, წილისყრას სწორედ მან უხელმძღვანელა.

„ისეთი ჯგუფი გვერგო, მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ, ეს რეალურია. საქართველოს ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. ფავორიტი იტალიაა, მაგრამ გადაჭარბებად ნუ ჩამითვლით, გამორიცხული არაა პირველები ქართველები იყვნენ. მთავარია ადრინდელი შეცდომები არ გავიმეოროთ“, – ასეთი იყო ნაკრების თავკაცის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის რევაზ ძოძუაშვილის კომენტარი.

„ჩვენი მიზანი ერთია – მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. სულ ერთია პირველ ადგილს დავიკავებთ თუ მეორეს, მთავარი კორეა-იაპონიაში მოხვედრაა“, – ეს უკვე ვალერი ჩოლარიას სიტყვებია. რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, მან თქვა:

„წილისყრით კმაყოფილნი ვართ, შეიძლებოდა უარეს ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით. ფავორიტი რა თქმა უნდა იტალიაა, ჩვენ კი მეორეობის კარგი შანსი გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იტალიას პირველობა გარანტირებული აქვს. ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ჯგუფის კალენდარზე ჯერ არ გვისაუბრია. ამ საკითხზე, ალბათ, დეკემბრის მიწურულს ან იანვარში შევთანხმდებით. სავარაუდოდ, ბუდაპეშტში შევიკრიბებით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს რაც შეეხება, მის ვინაობას 10 დეკემბერს შეიტყობთ“.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები საქართველოში 9 დეკემბერს დაბრუნდნენ, მეორე დღეს დაბეჭდილ სარბიელში კი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის შანსები 60/40-ზე შეფასდა. იმავე წერილში ისიც ეწერა, რომ ჟორდანია, ჩოლარია და ალექსანდრე ჩივაძე საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატებთან პირადი შეხვედრის შემდეგ მიიღებდნენ. რაც შეეხება გაიოზ დარსაძეს, რომელიც იმ შემოდგომით რამდენჯერმე დასახელდა ბოსკამპის შესაძლო მემკვიდრეთა შორის, მისი გუნდში მისვლა გამოირიცხა.

10 დეკემბერს ფედერაციაში უამრავმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი და დაახლოებით ორსაათიანი ლოდინის შემდეგ მერაბ ჟორდანიამ ყველანი პრესკონფერენციაზე მიიპატიჟა:

„როგორც მოვილაპარაკეთ და შეგპირდით, ნაკრების მწვრთნელის ვინაობას წილისყრის შემდეგ გაცნობებდით. დღეს 10 რიცხვია და მინდა ჩემი პირობა შევასრულო. ამდენი ხნის მსჯელობისა და კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ ნაკრებს ტანდემი უხელმძღვანელებს – დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი…

დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდით, მაგრამ გვინდოდა ორივე პიროვნებისგან მიგვეღო თანხმობა, გვსურდა დავრწმუნებულიყავით, რომ ნაკრების ამგვარი ხელმძღვანელობა მათთვის მისაღებია…

ორივე მთავარი მწვრთნელი იქნება, ეროვნული გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტების დროს ისინი თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. რაც შეეხება მეკარეებს, მათ ოთარ გაბელია მოამზადებს…

გაიზრდება ალექსანდრე ჩივაძის პასუხისმგებლობაც. ის უფრო მეტად იქნება ჩართული ეროვნული გუნდის მომზადების პროცესში…

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მაგალითად ასაკობრივი გუნდების მთავარ მწვრთნელებს, ახალ წლამდე ყველა პასუხი აუცილებლად გვეცოდინება“.

„უცნაური და საკვირველი გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ. ეროვნული ნაკრების თავკაცობა ერთ პიროვნებას ვერ ანდო, ხელმძღვანელად მწვრთნელთა ტანდემი დანიშნა – დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი…

ძნელია კაცს ნამოქმედარი დაუწუნო და აკრიტიკო, როცა საქმეს ჯერ არ შესდგომია. იქნებ გაამართლოს ორი მწვრთნელის მოღვაწეობამ, მაგრამ აქვს კი ქართულ ფეხბურთს დრო ექსპერიმენტების ჩასატარებლად? გვგონია რომ არა. რაღა მაინცდამაინც ჩვენში გაამართლებს ის, რასაც შედეგი არსად და არავისთვის მოუტანია“?! – აღნიშნა მამუკა კვანტალიანმა წერილში „რას გვარგებს ორი მწვრთნელი? საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმ მექანიზმის ამუშავებას აპირებს, რომელსაც არსად უმუშავია“ (სარბიელი; 1999 წლის 14 დეკემბერი). ის სტატია ასე მთავრდებოდა:

„ნაკრების მიმართ დამოკიდებულებას ვერაფერი შეცვლის, უბრალოდ ვიტყვით: დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს – წარმატების მიღწევის შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია“.

18 დეკემბერს შევიტყვეთ, რომ დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩებს 2000 წლის თებერვალში, კვიპროსზე, საერთაშორისო ტურნირის ეგიდით ჩაატარებდა. იმავე დღეს გავრცელდა ხმები, რომ 18-წლამდელთა ნაკრებში შოთა ჭეიშვილი და შვედეთიდან დაბრუნებული ზაურ სვანაძე იმუშავებდნენ, ხოლო ვახტანგ კოპალეიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებში მურთაზ ხურცილავას დაეხმარებოდა.

შუადღით ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა ჟურნალისტებს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში გვიმასპინძლეს, სადაც მათი პირველი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საუბარი რევაზ ძოძუაშვილმა დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ ბედნიერია გუნდში მისვლით და რომ წარმატების იმედი აქვს. შემდეგ მიკროფონი ყიფიანმა გამოართვა და კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ორი მწვრთნელის დანიშვნას ერთის შერჩევა ხომ არ სჯობდაო, ასე უპასუხა:

„იქით მაქვს თქვენთან კითხვა, დარწმუნებულნი ხართ, რომ ორი მწვრთნელი ვერ გაამართლებს? ადექით და დაწერეთ, ყიფიანს და ძოძუაშვილს შედეგი არ ექნება, გუნდი წასაგებად განწირულიაო. რატომ არ წერთ? თუ პროფესიონალები ხართ, დაწერეთ, რომ ეს ტანდემი არ გაამართლებს და ხვალის პასუხისმგებლები ხართ.

დრო გავა და მერე ვილაპარაკოთ, გაამართლებს თუ არა. ალბათობის თეორიით ერთმანეთს ელაპარაკეთ. აი, დაწერეთ, როგორც სპეციალისტებმა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ტანდემი არ იმუშავებს, გუნდს ვერ გააკეთებს, ჩვენი შეხედულებით ეს ასეაო. როცა დრო გავა, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, თქვენ იქნებით მართალნი თუ ჩვენ.

თქვენ ლაპარაკობთ იცი როგორ? არც მწვადი გინდათ დაწვათ და არც შამფური… ესაა ჩემი ბოლო შეხვედრა ჟურნალისტებთან“.

ის პრესკონფერენცია სარბიელის ფურცლებზე კობა ინასარიძემ მიმოიხილა, რომელმაც 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილს ასეთი შესავალი წაუმძღვარა:

„პრესკონფერენცია დავით ყიფიანის მონოლოგში გადაიზარდა, რომელიც საკმაოდ ვრცელი გამოდგა. ჟურნალისტებმა მოვისმინეთ, რომ:

ჩვენ არ ვართ პროფესიონალები, ჩვენ ვწერთ ღვარძლიანად…

ჩვენ მიგვიძღვის დიდი ბრალი ქართული ფეხბურთის დაღუპვაში…

ჩვენ ჯერ ავაყვავეთ და შემდეგ მიწაზე დავანარცხეთ ბოსკამპი…

ჩვენ არ ამოვიღეთ ხმა მაშინ, როცა რევაზ ძოძუაშვილი და დავით ყიფიანი ნაკრებიდან გაუშვეს…

ჩვენ ვერ ვწერთ ისე, როგორც საჭიროა. რომ თუ მოინდომა, დავით ყიფიანი ძალიან მაგარ რამეებს დაწერს“.

რაც შეეხება რედაქციის პოზიციას, ის ასეთი იყო:

„უსიამოვნო ფაქტი მოხდა 18 დეკემბერს საქართველოს ნაკრების თავკაცთა პრესკონფერენციისას. ერთ-ერთ კითხვაზე ეროვნული გუნდის მწვრთნელთაგანმა, დავით ყიფიანმა კონკრეტული პასუხისგან თავი შორს დაიჭირა და…

პრესკონფერენცია უფრო სხვათა დაწერილ-ნათქვამის გარჩევას დაემსგავსა.

ყიფიანმა თითქმის ორი საათი სარბიელზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებზე ილაპარაკა, ბოლოს კი შარიც მოგვდო, თქვენი „დამსახურებაც“ არის, ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში რომ არისო. ამაზეც და სხვა აბსურდულ გამონათქვამებზე მწვრთნელმა პასუხი კი მიიღო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ საერთო საქმეს, რასაც ხშირად ახსენებდა ყიფიანი, ამით არაფერი შეემატა, პირიქით…

ჩვენ ჩვენი აზრი, მოვლენების შეფასებისას საკუთარი პოზიცია გვაქვს და ჩვენ საქმეს, როგორც საჭიროდ ჩავთვლით, ისე გავაკეთებთ. მწვრთნელთა კომპეტენციაში კი არასდროს ჩავრეულვართ და ნურც სხვა ჩაერევა ჩვენ პროფესიულ საქმიანობაში. ამას მავანთა დაუხმარებლათაც მოვახერხებთ“.

24 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი XX საუკუნეში უკანასკნელად შეიკრიბა. დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელებად დამტკიცდნენ. ასევე გაირკვა მწვრთნელთა საბჭოს შემადგენლობაც:

ალექსანდრე ჩივაძე – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე; დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი – ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელები; გია გეგუჩაძე – ეროვნული გუნდის მწვრთნელი; მურთაზ ხურცილავა – ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; შოთა ჭეიშვილი და ზაურ სვანაძე – 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელები; თენგიზ სულაქველიძე და კობა ჟორჟიკაშვილი – 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელები; რამაზ შენგელია – 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი; ჯონი ჯანელიძე – საქართველოს მოყვარულთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; სერგო კოტრიკაძე – თბილისის ვიტ-ჯორჯიას მთავარი მწვრთნელი; ელგუჯა გუგუშვილი – თბილისის ზოოვეტის მთავარი მწვრთნელი; ვლადიმერ ელოშვილი – ვეტერანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ჯანი კარნევალე – ბათუმის მთავარი მწვრთნელი; ოთარ კორღალიძე – თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი; სოსო ფილია – ფოთის ფაზისის მთავარი მწვრთნელი და ნიკა ამირეჯიბი – ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო-საინსპექტორო კომიტეტის ინსპექტორი.

აღმასრულებელი კომიტეტის სხვა გადაწყვეტილებები მედიას პირადდ პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გააცნო:

„ფეხბურთის ფედერაციას ფინანსურად არ უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ანგარიშებს კვლავ ყადაღა ადევს, ვალებს ნელ-ნელა ვისტუმრებთ…

ჩვენ თანაჯგუფელთა მწვრთნელებს 10-დან 20 თებერვლამდე თბილისში შეკრება და შესარჩევი ჯგუფის კალენდარზე მოლაპარაკება შევთავაზეთ. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ…

არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ითამაშოს. ყველაზე რეალური ქუთაისია. იქ უახლოეს მომავალში განათებაც მოწესრიგდება და სკამებსაც მთლიანად დაამონტაჟებენ…

ვამცირებთ ფედერაციის თანამშრომელთა შტატებს. აქამდე 80 თანამშრომელი გვყავდა, ახალი წლიდან კი მათი რაოდენობა 39 იქნება…

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სწორად მიიჩნევს, რომ ეროვნული ნაკრები მწვრთნელთა ტანდემს ჩააბარა. ამის წინააღმდეგი მხოლოდ აღმასკომის ერთი წევრი იყო – დავით ტურაშვილი“.

იმავე დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 1999 წელი შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენი და ათეული დაასახელა. საპატიო წოდება ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს ერგო, რომელმაც წლის განმავლობაში მსოფლიოს თასი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი და სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ორი ლიცენზია მოიპოვა.

სეოკ-ის რჩეულ ათ სპორტსმენთა შორის ფეხბურთელი ვერ მოხვდა, სამაგიეროდ კიევის დინამოში მოთამაშე კახა კალაძემ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიურ რეფერენდუმში მეშვიდე ადგილი დაიკავა. სსჟა-ს გამოკითხვაც ნინო სალუქვაძემ მოიგო, ოლიმპიური ჩემპიონი მესამედ გახდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი 1988 და 1989 წლების შემდეგ.

ჩვენი ფეხბურთისთვის 1999 წელი და მასთან ერთად XX საუკუნე, ეროვნული გმირის, აფხაზეთში დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის გათამაშებით დასრულდა. მინი-ფეხბურთის ტურნირი, ტრადიციულად, სპორტის სასახლეში ჩატარდა. ფინალში ბენდელა-მორკინალმა 6:1 მოუგო ნაძალადევს და მეოთხედ გახდა ჩემპიონი.

იმ დროს ბენდელას თასი ძალიან კარგი შეჯიბრება იყო, მინი-ფეხბურთის ნამდვილი დიდოსტატები იყრიდნენ თავს და სპორტის სასახლის ტრიბუნებიც თითქმის ყოველ დღე ივსებოდა. 1999 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გიორგი დემეტრაძე გახდა, ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ გიორგი ანჩაბაძე დაასახელეს, მეკარედ – აკაკი დევაძე, თავდამსხმელად – გიორგი მიქაძე, ამომავალ ვარსკვლავად – ირაკლი სამხარაძე, ყველაზე ლამაზი გოლის პრიზით კი გოჩა ჯამარაული დაჯილდოვდა.

გავიდა რამდენიმე დღე და საქართველომ მესამე ათასწლეულში შეაბიჯა. ყველა ვიმედოვნებდით, რომ ნაცრისფერი 90-იანი წლები უკან მოვიტოვეთ და 2000 წლის 1 იანვრიდან ახალი დროება დადგებოდა. ქვეყანა რთულად, ნელ-ნელა გამოდიოდა კრიზისიდან, მაგრამ იმ ყველაფერს ახალი, უკეთესი პერიოდი ნამდვილად არ ერქვა.

ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში კი მართლაც რომ დიდი ცვლილება მოხდა: ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ სარბიელს დავემშვიდობე და ყოველკვირეული ჟურნალის, ფეხბურთის გუნდს შევუერთდი.

ასე დავასრულე პროფესიულ სარბიელზე 90-იანი წლები და მასთან ერთად XX საუკუნეც.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 24 სექტემბერი
ფოტო:
გაზეთი სარბიელი
*-2026 წლის 24 სექტემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian