1999 წლის ზაფხული: ცემენტარნიცა, ბიუჯეტის ვალი და სხვა ამბები
საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან თბილისში დასანანი მარცხის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციამ ორი საინტერესო სიახლე ამცნო გულშემატკივარს. პირველი იყო ის, რომ შემოდგომიდან ნაკრები ბრიტანული კომპანია უმბროს ნაწარმით ითამაშებდა, მეორე ცნობა კი ამხანაგურ მატჩს უკავშირდებოდა: 18 აგვისტოს ესტონეთის დედაქალაქში, ტალინში სტუმრობა დაიგეგმა.
გავიდა რამდენიმე დღე და ეს ამბები იმერეთის გუბერნატორის, თეიმურაზ შაშიაშვილის განცხადებამ გადაფარა:
„გეცოდინებათ, ქუთაისი გერმანიის ქალაქ გელზენკირხენთანაა დამეგობრებული. ცოტა ხნის წინ ქალაქის მესვეურებს შევხვდი და შევთანხმდით, რომ შალკე 04-სა და ტორპედოს შორის ორი ამხანაგური მატჩი შედგეს, ერთი ქუთაისში, მეორე გელზენკირხენში. დეტალები ცოტა მოგვიანებით გაირკვევა“.
შალკე 04 იმ დროს გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო, ორი წლით ადრე უეფას თასსაც დაეუფლა, ამდენად, მხარის პირველი კაცის განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შაშიაშვილი კი ჟურნალისტებს იმიტომ შეხვდა, რომ ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელის, დავით ყიფიანის შესახებ ესაუბრა. ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა, კალათბურთში ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიხეილ ქორქიამ ყიფიანი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ დაიყოლია.
„მეამაყება, რომ დავით ყიფიანთან ერთად მომიწევს მუშაობა. ვიდრე მის პასუხს შევიტყობდი, ვღელავდი, თუმცა საბედნიეროდ, ბატონი დავითი დაგვთანხმდა. ის ამბიციური ადამიანია და მჯერა, ერთად ტორპედოს დიდ წარმატებებს მოვუტანთ“, – განაცხადა მიხეილ ქორქიამ, რომელიც წლების განმავლობაში იყო თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.
„ახალი სეზონისთვის მზადებას 17 ივნისს დავიწყებთ, შევიკრიბებით და ნელ-ნელა ყველაფერი უფრო ნათელი გახდება. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სამწვრთნელო გუნდი არ შეიცვლება, მომავალში კი ვნახოთ. უკვე დავგეგმეთ ორკვირიანი შეკრება ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენთან. ივნისის მიწურულს რამდენიმე დღით მომიწევს ტორპედოს დატოვება, რადგან იტალიაში, კოვერჩანოში მივემგზავრები მწვრთნელთა კურსების დასასრულებლად. დიპლომს სექტემბერში ავიღებ…
დღეს მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ: ტორპედოში დისციპლინა გამკაცრდება. იმ დროს, როცა გუნდს თეორიული ან ფიზიკური ვარჯიში ექნება, ანაც დაისვენებს, ბაზის ტერიტორიაზე ვერავინ შევა. ამას გარდა, ჩემი ნებართვის გარეშე ფეხბურთელები ინტერვიუს არ გასცემენ, ეს მხოლოდ ჩემთან შეთანხმებით მოხდება. როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია, კვირაში ერთხელ და ორჯერ მოვაწყობთ პრესკონფერენციას და სათქმელსაც იქ ვიტყვით…
ბევრს ჰგონია, რომ ტორპედოში მისვლით დინამოს დავუპირისპირდები, მაგრამ ეს ასე არ არის. ერთადერთი ადგილი, სადაც დინამოს წინააღმდეგ დავდგები, მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო მინდორია. მე პროფესიონალი მწვრთნელი ვარ და ვეცდები გუნდს მაქსიმალური შედეგების მიღწევაში დავეხმარო“.
რამდენიმე დღეში სარბიელმა X ეროვნული ჩემპიონატის შესახებ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტმა ხვიჩა სანიკიძემ წერილში „მწუხარე სახის რაინდები“ გულშემატკივართა დასწრების მონაცემები დაამუშავა. აღმოჩნდა, რომ X ჩემპიონატს საერთო ჯამში 360 430 ქომაგი დაესწრო, მათგან ყველაზე მეტი – 77 ათასი, სწორედ ტორპედოს საშინაო შეხვედრებს. მეორე ადგილზე 39 800 გულშემატკივრით ბათუმის დინამო იყო, მესამეზე კი გორის დილა, რომლის თამაშებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სარბიელზე 31 500 ქომაგმა უყურა. რაც შეეხება თბილისის დინამოს, ქვეყნის ჩემპიონის საშინაო შეხვედრებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საშუალოდ 1146 კაცი ესწრებოდა, რაც მეათე შედეგი იყო 16 კლუბს შორის…
„დღეს ჩვენ ისეთ საქმეზე შევიკრიბეთ, საუკუნეში ერთხელ რომ ხდება“ – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა კლუბ ინტერსპორტში გამართული შეხვედრა.
სსჟა-მ საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა გამოსავლენ რეფერენდუმს ჩაუყარა საფუძველი. გეგმის მიხედვით ჟიურის 60 წევრი (სხვადასხვა ფენის და თაობის ავტორიტეტული და კომპეტენტური ადამიანი) აგვისტომდე ასწლეულის საუკეთესო სპორტსმენობის კანდიდატ 15 ქალს და 25 მამაკაცს გამოავლენდა, რომელთაგან მოგვიანებით საქართველოს XX საუკუნის სამ საუკეთესო მამაკაც და ქალ სპორტსმენს აირჩევდა, ასევე მწვრთნელს, სპორტის მოღვაწეს და გუნდს.
11 ივნისს ხალხმრავლობა იყო ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზშიც. საქმე ისაა, რომ შუადღით უეფას რეგიონთა თასის მონაწილე გუნდების პრესკონფერენცია დაიწყო. ეს იყო პირველი საერთაშორისო შეჯიბრება, რომელიც საქართველოში უეფას ეგიდით გაიმართა.
თბილისის, ბაქოს (აზერბაიჯანი), იუგის (რუსეთი) და მარმარის (თურქეთი) მოყვარულ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ოთხთა ტურნირის შესახებ ისაუბრეს. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონი ჯანელიძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი მხოლოდ პირველი ადგილისთვის და ფინალური ეტაპის საგზურის მოსაგებად იბრძოლებდა.
12 ივნისს, პირველ ტურში, თბილისის ნაკრებმა გვაზავას ერთადერთი გოლით ბაქო დაამარცხა, მეორე დღეს კი იუგთან დაპირისპირებაში ქულა მოიპოვა. რუსები ორი გოლით იგებდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჯერ გაბიდაურმა შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი ტილკავაშვილმა გაათანაბრა ანგარიში – 2:2. რეგიონთა თასის გათამაშების თბილისური ეტაპი 15 ივნისს დასრულდა. ჯონი ჯანელიძის გუნდმა 0:0 ითამაშა მარმარასთან და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ფინალურ ეტაპზე მოხვდა. ქართველებს გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ მეორე ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენეს.
14 ივნისს არანაკლებ საინტერესო თამაში შედგა ეროვნულ სტადიონზე: თბილისის დინამოს ვეტერანებმა ლევან ნოდიას, ოთარ კორღალიძის და გრიგოლ ცაავას გოლებით 3:2 დაამარცხეს საბჭოთა კავშირის ნაკრები. მატჩი მანუჩარ მაჩაიძის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. იუბილარმა შეუცვლელად იასპარეზა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა, მინდორი ყვავილების თაიგულით ხელდამშვენებულმა დატოვა.
დინამოს ვეტერანთა გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: დავით გოგია, გოჩა მაჩაიძე, დავით მუჯირი, თამაზ კოსტავა, გოჩა ჩიქოვანი, ვახტანგ ქორიძე, მალხაზ არზიანი, ოთარ კორღალიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ლევან ნოდია და რამაზ შენგელია. მეორე ნახევარში ბესო მჭედლიშვილმა, ილია რუხაძემ და გრიგოლ ცაავამაც ითამაშეს. რაც შეეხება საკავშირო ნაკრებს, ქართველთაგან ამ გუნდის შემადგენლობაში ალექსანდრე ჩივაძე, გელა კეტაშვილი, თენგიზ სულაქველიძე და გია ჯიშკარიანი ვიხილეთ.
საქართველოს უცვლელმა ჩემპიონმა თბილისის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება 17 ივნისს დაიწყო დიღომში. ბაზაზე ორმოცამდე მოთამაშემ მოიყარა თავი, თუმცა დინამოელთა დამრიგებელმა იოჰან ბოსკამპმა განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში ბევრი მათგანი გუნდს დატოვებდა და სამკვირიან ბელგიურ შეკრებაზე დინამო მხოლოდ ოცდაორი მოთამაშით გაემგზავრებოდა. იმავე დღეს ითქვა ისიც, რომ ბელგიაში გამგზავრებამდე ბოსკამპის გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებდა: 20 ივნისს საქართველოს მოყვარულ ფეხბურთელთა ნაკრებთან, 23 ივნისს სომხეთის ერევანთან, მომდევნო დღეებში კი ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გუნდთან.
„საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში ბოლო ხუთ წუთში უფრო მეტი შეცდომა დავუშვით, ვიდრე მანამდე. მარცხის მიზეზი სწორედ ესაა. არადა, ისე ვითამაშეთ, ფრეც კი დასანანი შედეგი იქნებოდა…
მომდევნო შეხვედრამდე, სლოვენიაში თამაშამდე ლამის სამი თვეა დარჩენილი, ასე რომ, ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ გიორგი ნემსაძე და მამუკა წერეთელი დისკვალიფიცირებულები არიან და მათ ვერ დავიხმარ. ყველა დანარჩენ პრობლემას ნელ-ნელა მოვაგვარებ, დრო საკმაოდ მაქვს…
სხვა რა გითხრათ? საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იმდენი კარგი ფეხბურთელი დავინახე, რომ სათვალავი ამერია. ისინი დიდებულად თამაშობენ, ბურთთან „შენობით“ არიან, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი შესაძლებლობების არ სწამთ. მერწმუნეთ, თუ ეს გამოსწორდა, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე მოხვედრას შეძლებს“, – იოჰან ბოსკამპის ამ სიტყვებს 19 ივნისის სარბიელში ამოიკითხავთ.
იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, უეფას ინტერტოტოს თასის პირველი ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა კოლხეთი 1913-მა. ფოთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ვარდარის სტადიონზე ითამაშეს ცემენტარნიცას წინააღმდეგ და 2:4 დამარცხდნენ. გია ტყებუჩავას გუნდი 26-ე წუთისთვის დარასელიას და ხუჭუას გოლებით 2:1-ს იგებდა, თუმცა პირველი ტაიმი მაინც დათმო, უკანასკნელი გოლი კი მასპინძლებმა საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე გაიტანეს.
ეს ფოთელთა მეხუთე მატჩი და მეხუთე წაგება იყო ინტერტოტოს თასზე, მაგრამ პირველი 1996 წლის შემდეგ. სამი წლით ადრე კოლხეთი 1913 იუგოსლავიის ზემუნთან (შინ 2:3), ფინეთის იაროსთან (0:2), საფრანგეთის გენგამთან (შინ 1:3) და რუმინეთის დინამოსთან (0:2) დამარცხდა.
მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა გია ტყებუჩავამ თქვა, რეზერვში ბევრი რამ გაგვაჩნია და საპასუხო შეხვედრაში, ფაზისზე გაჩვენებთ რა შეგვიძლიაო, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, 26 ივნისს, ჩრდილომაკედონიელებმა უფრო შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმეს – 4:0…
23 ივნისს ეროვნული სტადიონის ტრიბუნებზე მოულოდნელად ბევრი, ოთხ ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა იოჰან ბოსკამპის ახალი დინამოს სანახავად. სომხეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის და თასის ფინალისტის, ერევნის წინააღმდეგ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შეკრებაზე მყოფი ლამის ყველა ფეხბურთელი ათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ დინამო უკეთ გამოიყურებოდა, ქომაგებმა გოლი ვერ იხილეს – 0:0.
მატჩს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ვახტანგ კოპალეიშვილიც დაესწრო თანაშემწეებთან ერთად. მისი გუნდი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, თუმცა ნაკრების ორი წევრი, ოთარ ხიზანეიშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი კვლავაც დინამოს თავკაცის განკარგულებაში იყვნენ. სომხების წინააღმდეგ ხიზანეიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მეორე ტაიმში დაუთმო ადგილი ხიზანიშვილს.
ოთხ დღეში დინამომ კიდევ ერთხელ ითამაშა, ამჯერად აზერბაიჯანის ჩემპიონის, განჯის ქიაფაზის წინააღმდეგ. იოჰან ბოსკამპი, რომელმაც ერევანთან საწვრთნელ თამაშს ტრიბუნიდან უცქირა, ამჯერად სათადარიგოთა სკამზე მოკალათდა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ხიზანეიშვილი და ხიზანიშვილი კვლავ ათამაშა, ამჯერად ორივე სასტარტო შემადგენლობაში, თან შეუცვლელად. დინამომ ისევ ვერ გაიმარჯვა, შეხვედრა 1:1 დასრულდა. აზერბაიჯანელებმა 57-ე წუთზე გახსნეს ანგარიში, თუმცა 74-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა კლიმენტი წიტაიშვილმა.
იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი იტალიელმა სპეციალისტმა ჯანი კარნევალემ შეცვალა. ამ უკანასკნელის შესახებ მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ იტალიის ნაკრების, ნაპოლის და რომას ყოფილი ფორვარდის ანდრეა კარნევალეს ნათესავი იყო.
30 ივნისს შვეიცარიაში, ჟენევის სასტუმრო ინტერკონტინენტალში ევროპის საკლუბო ტურნირების პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჩვენი კლუბების მეტოქეებიც შევიტყვეთ. საქართველოს ჩემპიონ თბილისის დინამოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის ზიმბრუსა და დუბლინის სენტ-პატრიკს შორის გამარჯვებული ერგო, უეფას თასზე მოასპარეზე თბილისის ლოკომოტივს ჩვენი „ძველი ნაცნობი“ – ბელფასტის ლინფილდი, ხოლო ქუთაისის ტორპედოს ტალინის ლანტანა. დინამოს მატჩები ივლისის მიწურულს და აგვისტოს დასაწყისში დაიგეგმა, დანარჩენების კი აგვისტოში.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, დინამოს ორივე გუნდის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ალბათ, ზიმბრუს შევხვდებით. ამჯერად ნამდვილად გაგვიმართლა გაცილებით ძლიერი მეტოქეები რომ არ გვერგო“ – ასეთი იყო ბოსკამპის პირველი კომენტარი.
მეორე დღეს, 1 ივლისს, დინამომ ბელგიაში გამგზავრებამდე ბოლო საკონტროლო თამაში გამართა. ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ საქართველოს ჩემპიონებმა კვლავ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს, მაგრამ ამჯერად გაიმარჯვეს – 3:1. რატი ალექსიძის გოლი ზურაბ იონანიძემ გაქვითა, თუმცა ლევან ქებაძის და ვასილ გიგიაძის ზუსტ დარტყმებს ქუთაისელებმა ვერაფრით უპასუხეს…
„ლაშა ჯაკობია სასწრაფოდ საოპერაციოა. ექიმების საბოლოო დასკვნა ასეთია, მას საზარდული ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაუმიზეზდა, ახლა კი, როგორც ჩანს, გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა. აქედან გამომდინარე, ის ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ დაგვეხმარება. მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მიუხედავად ამისა, მას მაინც შევიყვან განაცხადში, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჯაკობია შვედეთში ვერ დაგვეხმარება“ – 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ კოპალეიშვილმა ეს სიტყვები დინამო-ტორპედოს თამაშის დასრულების შემდეგ უთხრა სარბიელის ჟურნალისტ დავით დანელიას.
კოპალეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს ის მოთამაშეებიც გააცნო, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა:
მეკარეები: ზურაბ ბათიაშვილი (თბილისის დინამო), გრიგოლ ბედიაშვილი (რუსთავის გორდა)
მცველები: ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ვალერი აბრამიძე (სამივე თბილისის დინამო), ედიკ საჯაია (თბილისი), სოსო დევიძე (თბილისის მერანი 1991), ჯაბა მუჯირი (თბილისის ვიტ ჯორჯია), ზურაბ მენთეშაშვილი (რიგის სკონტო, ლატვია)
ნახევარმცველები: ოლეგ გველესიანი (თბილისის დინამო), ლაშა ნოზაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია), დავით დიღმელაშვილი (სამსუნსპორი, თურქეთი), ლევან კორღალიძე (რიგის სკონტო, ლატვია), რევაზ გოცირიძე (თბილისი)
თავდამსხმელები: ვალერი გაგუა, ლადო ბურდული (ორივე თბილისი), გია იმედაძე (ქუთაისის ტორპედო), გიორგი მიქაძე (თბილისის დინამო)
სათადარიგო: ლაშა ჯაკობია (ლიეჟის სტანდარდი, ბელგია)
კოპალეიშვილმა ისიც დასძინა, რომ გუნდი 5 ივლისს გერმანიაში გაემგზავრებოდა და ქალაქ ლევერკუზენის მახლობლად დაბანაკდებოდა, სადებიუტო შეხვედრამდე სამი დღით ადრე კი შვედეთში ჩავიდოდა. მწვრთნელმა დააზუსტა, რომ ზურაბ ბათიაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი დინამოსთან ერთად დაიწყებდნენ მზადებას, 10 ივლისს კი ნაკრებს შეუერთდებოდნენ, ხოლო ლევან კორღალიძე და ზურაბ მენთეშაშვილი პირდაპირ შვედეთში ჩავიდოდნენ.
9 და 12 ივლისს 18-წლამდელებმა გერმანიაში ორი ამხანაგური შეხვედრა მოიგეს. ჯერ გია იმედაძის გოლით სძლიეს შტუტგარტ ამატორს, შემდეგ კი ვალერი გაგუას დუბლით და ჯაბა მუჯირის ზუსტი დარტყმით 3:0 დაამარცხეს ბერგაუ.
კოპალეიშვილის ბიჭები 13 ივლისს გაემგზავრნენ შვედეთში, იმავე დღეს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დიდუბის რაიონის საგადასახადო ინსპექციიდან წერილი-ულტიმატუმი მიიღო: თუ 20 ივლისამდე სფფ ბიუჯეტის დავალიანებას არ გაისტუმრებდა, მის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა.
სარბიელის ჟურნალისტის კითხვას, თუ რას აპირებდა ფეხბურთის ფედერაცია, უცხოეთში მყოფმა გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ უცნაური პასუხი გასცა:
„საგადასახადოდან წერილი მივიღეთ, რამდენადაც ვიცი, ქონების გაყიდვით გვემუქრებიან. მე ეს წერილი არ მაინტერესებს, არც წამიკითხავს… საზრუნავი უამისოდაც ბევრი მაქვს… კარგად იყავით“.
ჩოლარია, სფფ-ის პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ფიფას კონგრესის დასრულების შემდეგ ორივე თბილისში დაბრუნდა და რამდენიმე დღეში პრესკონფერენციაც გამართა. სფფ-ის ხელმძღვანელებმა არაერთ საკითხზე ისაუბრეს, თუმცა მთავარი თემა, რა თქმა უნდა, დავალიანება იყო. მერაბ ჟორდანიამ თქვა:
„მას შემდეგ, რაც ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი გახდა, ეს პირველი კონგრესი იყო. სიახლეებს ველოდით და ასეც მოხდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ფიფას წევრი საფეხბურთო ასოციაციების ფინანსური დახმარება იყო. ფიფამ დაადასტურა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თითოეული წევრი მილიონ დოლარს მიიღებს, წელიწადში 250 ათასს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად იქნება გაწერილი, რას მოხმარდება ეს დახმარება. მინდა გითხრათ, რომ ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტი მეორე დღესვე მიიღო. ცოტა გაუკვირდათ, მაგრამ ესიამოვნათ…
ჩვენ ვაცნობეთ, რომ ქართული ფეხბურთისთვის გამოყოფილი მილიონი დოლარი ფედერაციის ნახევრად დანგრეული შენობის რეკონსტრუქციას, ეროვნული ნაკრების ბაზის მშენებლობას და გუნდისთვის ავტობუსის შეძენას მოხმარდება. უახლოეს დღეებში ყველაფერს დაწვრილებით დავიანგარიშებთ და ოფიციალური სახით მოგაწვდით“.
ჟორდანიამ ყურადღება გაამახვილა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ლევერკუზენის ბაიერის პრეზიდენტს რაინჰარდ კალმუნდს, რომლის ფინანსური დახმარებითაც მოხერხდა გერმანიაში ერთკვირიანი შეკრების მოწყობა.
რაც შეეხება უმბროსთან შესაძლო თანამშრომლობას, ფედერაციის თავკაცმა განაცხადა: „უახლოეს დღეებში ბელგიაში მივემგზავრები, ვალერი ჩოლარიაც იქ იქნება და ერთად გადავწყვეტთ ტექნიკური სპონსორის საკითხს. ეს პროექტი უეფას ფინანსური დახმარებით ხორციელდება, ასე ვთქვათ, უეფას გრანტია“.
პრეზიდენტთან შედარებით მკაცრად ისაუბრა გენერალურმა მდივანმა:
„სახელმწიფოს ბევრს არაფერს ვთხოვთ, მხოლოდ ვალის რესტრუქტურიზაციას და გრანტების გადასახადისგან გათავისუფლებას. ამ მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ედუარდ შევარდნაძის რეზოლუციაც ადევს. სამწუხაროდ, ამ საკითხს აქამდე არაფერი ეშველა…
საგადასახადო ინსპექცია ისე აპირებს იამანიძის ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის ფედერაციის შენობის გაყიდვას, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხება. აი ფედერაციის შენობის რეკონსტრუქციის გეგმა, ნახეთ, უახლოეს ხანებში იქაურობას ვეღარ იცნობთ, ამ დროს კი საგადასახადო…
ის წერილი, რომელიც მოგვწერეს, მართლაც არ გვაინტერესებს. არც წაგვიკითხია. საგადასახადო ინსპექციას მხოლოდ ერთს ვთხოვთ: გვაცალეთ, სული მოგვათქმევინეთ, დავალიანებას აუცილებლად გადავიხდით, არსად გავრბივართ“.
12 და 14 ივლისს საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა ორი საერთაშორისო მატჩი გამართა სპორტკომპლექს ქარიშხალაში. მეზობელი სომხეთის წინააღმდეგ ქართველებმა ლევან ყიფიანის ხელმძღვანელობით ითამაშეს. სფფ-ის ბავშვთა ფეხბურთის კომიტეტის თავკაცი მინი-ფეხბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ივნისის მიწურულს დაინიშნა. ყიფიანის დებიუტი წარმატებული გამოდგა: პირველ შეხვედრაში ქართველებმა 8:4 გაიმარჯვეს, მეორე მატჩი კი გაცილებით შთამბეჭდავი ანგარიშით მოიგეს – 20:3. ასე დაიწყო ნაკრებმა გვატემალაში, 2000 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე ვახტანგ კოპალეიშვილის გაწვრთნილმა 18-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთში ამხანაგური თამაში მოიგო, ლინჩოპინგი 3:2 დაამარცხა. მასპინძლები ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ოთარ ხიზანეიშვილმა, რევაზ გოცირიძემ და ლაშა ნოზაძემ გამარჯვება არ დათმეს.
„18-წლამდელთა ნაკრები, საქართველოს სხვა ასაკის გუნდებთან შედარებით, ვფიქრობ, ყველაზე შეკრული, ბრძოლისუნარიანი და მეგობრული კოლექტივია. ნაკრებში ძალიან კარგი ბიჭები არიან შეკრებილნი და მათი მწვრთნელიც, ვახტანგ კოპალეიშვილიც შესანიშნავი სპეციალისტია, ფეხბურთის კარგი მცოდნეა.
„კოპალას ბიჭები“ ვაჟკაცობით და ბოლომდე ბრძოლით გამოირჩევიან, რაც ფეხბურთში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ვფიქრობ, ჩვენი ბიჭები არ შეუშინდებიან მართლა ძლიერ მეტოქეებს და კარგ შედეგს აჩვენებენ.
რაც შეეხება ლაშა ჯაკობიას არყოფნას, ის მართლაც დიდი დანაკლისია. შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგვექმნას ამის გამო, თუმცა ვფიქრობ, გვყავს ნიჭიერი ბიჭები, მათ შორის ტორპედოელი გია იმედაძე, რომელმაც იმედები უნდა გაამართლოს“.
ვეტერანი გოლკიპერის, ოთარ გაბელიას ეს სიტყვები ემზარ ზენაიშვილის რეპორტაჟიდანაა, რომელიც 1999 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა სარბიელში. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე იყო აკრედიტებული და გარდა იმისა, რომ ყველა შეხვედრას დაესწრო, მომდევნო დღეებში უეფას პრეზიდენტთან, ლენარტ იუჰანსონთან ინტერვიუც შემოგვთავაზა.
„კოპალას ბიჭებმა“ კონტინენტის პირველობა 19 ივლისს დაიწყეს ქალაქ მუტალაში, იტალიელი თანატოლების წინააღმდეგ. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ჭაბუკების გამოსვლას, ქართული კლუბების ევრომატჩებს და 1999 წლის ივლის-აგვისტოს სხვა ამბებს მომდევნო წერილში გავიხსენებ.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 13 აგვისტო
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / გაზეთი სარბიელი
*-2026 წლის 13 აგვისტოს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
