20 წლის მბაპე: პირველი… პელეს შემდეგ!

1998 წლის ზაფხულში, როცა საფრანგეთის ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, დიდიე დეშამი გუნდის კაპიტანი გახლდათ.

2018 წლის ივლისში კი ფრანგებმა მეორედ, ამჯერად უკვე მისი ხელმძღვანელობით აღმართეს ფიფას ოქროს თასი.

„მამლების“ პირველი ტრიუმფის დროს ფრანგული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი კილიან მბაპე დაბადებულიც არ იყო, წლევანდელი გათამაშება კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზით დაასრულა!

თავდამსხმელი, რომელიც ფინალში, ხორვატთა კარში გატანილი გოლით თვით ფეხბურთის მეფის პელეს გვერდით დადგა, დღეს 20 წლის გახდა. გეცოდინებათ: პელეს შემდეგ სწორედ მბაპეა პირველი თინეიჯერი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიტანა.

დეკემბრის დასაწყისში მბაპე ფრანს ფუტბოლმა ევროპის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარა და ლეგენდარული ფრანგის რაიმონ კოპას სახელობის თასით დააჯილდოვა.

დღეს 20 წლის ფორვარდის კარიერის 11 უმნიშვნელოვანეს მოვლენას შეგახსენებთ:

1) 2017 და 2018 წლებში საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის სიმბოლურ გუნდებში მოხვდა.

2) 2017 წელს მონაკოს, 2018 წელს კი უკვე პარი სენ-ჟერმენის მაისურით მოიგო საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული! გასულ სეზონში, დედაქალაქურ კლუბში მან თასი და ლიგის თასიც მოიპოვა.

3) ლიონს 4 გოლი მხოლოდ 13 წუთში გაუტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში მიითვალა პოკერი. ეს საოცარი მოვლენა ახლახანს, 8 ოქტომბერს მოხდა.

4) კილიან მბაპე მეორე თინეიჯერია პელეს შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დუბლი შეასრულა (არგენტინასთან 4:2) და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თავი გამოიჩინა.

5) მსოფლიო ჩემპიონატზე პერუს გაუტანა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი მეგოლე გახდა!

6) 2018 წელს ნაკრებში 9 გოლი შეაგდო, მათ შორის 4 რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე. საერთო ჯამში ნაკრებში უკვე 10 გოლი დაუგროვდა!

7) 2015 წლის 2 დეკემბერს, ლიგა 1-ში კაენის წინააღმდეგ ითამაშა და მონაკოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის, 347 დღის) ფეხბურთელი გახდა. მან ტიერი ანრის მიერ 21 წლით ადრე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა!

8) 2016 წლის 20 თებერვალს ჩემპიონატში ტრუას გაუტანა და მონაკოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (17 წლის, 62 დღის) მეგოლე გახდა. ამ შემთხვევაშიც ანრის რეკორდი გადაწერა.

9) დიდ ფეხბურთში პირველ სრულ სეზონში (2016-17, მონაკო) ლიგა 1-ში 15 გოლი შეაგდო, საერთო ჯამში კი ამ გუნდში 3 არასრულ სეზონში ზუსტად 60-ჯერ ითამაშა და 27 ბურთი გაიტანა.

10) 20 000 000 – ასეთია სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მისი გვერდის გამომწერთა რაოდენობა.

11) 145 000 000 ევრო – პარი სენ-ჟერმენმა ამ თანხის სანაცვლოდ შეიძინა თავდამსხმელი. გარიგება 2017 წლის 31 აგვისტოს შედგა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 20 დეკემბერი)

ka_GEGeorgian