2000 წლის ცხელი ზაფხულის ცხელი და მძიმე ამბები (II ნაწილი)
ევროპის ჩემპიონატის ფინალის დასრულებიდან ცხრა დღეში, 11 ივლისს, რომის ლაციომ ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა: არგენტინელი თავდამსხმელი ერნან კრესპო 54,16 მილიონ დოლარად შეიძინა!
იტალიური პრესის ცნობით, დედაქალაქურმა კლუბმა იმ წლების სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბ პარმის საბანკო ანგარიში 17,2 მილიონი დოლარით შეავსო, დარჩენილი თანხის სანაცვლოდ კი ორი ნახევარმცველი დათმო, კრესპოს თანამემამულე მატიას ალმეიდა და ევრო 2000-ზე გერმანელთა კარში სამი გოლის გამტანი, პორტუგალიელი სერჟიუ კონსეისაუ.
ლაციო ზედიზედ მეორე უძვირფასესი ტრანსფერის მონაწილე გახდა, თუმცა ერთი წლით ადრე, 1999 წლის ზაფხულში, კლუბმა ფეხბურთელი გაასხვისა – ზუსტად 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ იტალიის ნაკრების ცენტრფორვარდი კრისტიან ვიერი მილანის ინტერს დაუთმო.
ევროპული პრესა ლამის ერთი კვირა სერია ა-ს კლუბების გარიგებაზე წერდა. არაერთმა გამოცემამ, მათ შორის არაიტალიურებმა, აღნიშნეს, რომ მოთამაშეების ფასი გონივრულ ჩარჩოებს გასცდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ კრესპოს ტრანსფერი იმ ზაფხულის მთავარი გარიგება არ იქნებოდა.
გავიდა ზუსტად ათი დღე და არგენტინელის ლაციოში გადაბარგება ესპანეთის დედაქალაქიდან გავრცელებულმა ცნობამ გადაფარა: მადრიდის რეალმა ბარსელონას ლუიშ ფიგუ აართვა! პრიმერადივიზიონის ორ გრანდს შორის განხორციელებული ტრანსფერი უმალ მსოფლიო სპორტული მედიის მთავარი თემა გახდა.
56 მილიონი დოლარი! ესპანეთის ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემის, გაზეთ მარკას ცნობით სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ გადაიბირა რეალმა პორტუგალიის ნაკრების ლიდერი.
გაზეთის ცნობით, რეალის ახალმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაწვრილებით შეისწავლა ფიგუს და ბარსელონას შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ერთ-ერთი პუნქტი, გუნდის სათავეში მისვლის შემდეგ, სათავისოდ გამოიყენა. კერძოდ, კონტრაქტში ხაზგასმული იყო, რომ 56 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ფიგუს ბარსელონასთან კონტრაქტის შეწყვეტა შეეძლო. ჰოდა, გამოცდილმა ბიზნესმენმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, ოსტატურად დაასრულა ლა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი გარიგება.
ესპანელმა ჟურნალისტებმა ისიც გვამცნეს, რომ პერესმა მადრიდში გადაბარგებულ ფიგუს სეზონში 4,48 მილიონი დოლარი აღუთქვა, თან გადასახადების გარეშე! რეალის შეთავაზებულ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ პორტუგალიელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა! მარკამ ასევე დაწერა, რომ ახალწვეული 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებდა…
იმ ზაფხულის მთავარი თემა არნახულად ძვირფასი ტრანსფერები აღმოჩნდა, ფეხბურთზე მწერალი ქართველი ჟურნალისტები კი კარგი და სასიამოვნო სიახლეებით განებივრებულები არ ვიყავით.
ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორი თემურ ქეცბაია ჯერაც კლუბის ძიებაში იყო. მას შემდეგ, რაც ნიუკასლ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ბობი რობსონმა ქართველი ნახევარმცველი ამერიკაში სეზონისწინა შეკრებაზე არ წაიყვანა, ქეცბაიამ გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა. ჩრდილოინგლისურმა კლუბმა მის სანაცვლოდ ზუსტად მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვა, ამ თანხის გადახდა კი მხოლოდ ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედმა ისურვა.
რაც შეეხება პრემიერლიგის მეორე ქართველ ლეგიონერს, დერბი ქაუნთიში მოთამაშე გიორგი ქინქლაძეს, მას ინგლისში ჩასვლისთანავე ოპერაცია დასჭირდა. გიორგის ფეხი ჯერ კიდევ თბილისში, დიღომში, დინამოს ბაზაზე ვარჯიშის დროს ასტკივდა, ინგლისში კი კლუბის ექიმებს გაესინჯა და მათაც დაასკვნეს, რომ საზარდულის ოპერაციის გარეშე მკურნალობა უაზრობა იქნებოდა.
„ვფიქრობდი, რომ ქინქლაძე თავის გამოცდილებით და შესაძლებლობებით პირველივე ტურიდან დაგვეხმარებოდა, ახლა კი გაირკვა, რომ ის ხუთი კვირით დაგვაკლდება. გულდაწყვეტილი ვარ, ეს უდიდესი დანაკლისია“, – განაცხადა დერბი ქაუნთის მთავარმა მწვრთნელმა ჯიმ სმითმა.
19 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც ოფიციალურად გაირკვა საქართველოს ჩემპიონის, ქუთაისის ტორპედოს მეტოქე. მოლოდინისამებრ, ბელგრადის ცრვენა ზვეზდამ იოლად დაამარცხა ფარერის კუნძულების უძლიერესი კლუბი კლაკსვიკარი, სტუმრად 3:0-ის შემდეგ ბელგრადში 2:0 სძლია მეტოქეს.
„ცრვენა ზვეზდამ კარგად ივარჯიშა, მე კი ბევრი ვერაფერი ჩავინიშნე. ძნელია ვინმეს გამოყოფა, ალბათ მაინც გოლების ავტორებს, ბოშკოვიჩს და დრულიჩს დავასახელებ. ტორპედოს ძალიან მძიმე მატჩები ელის, თუმცა ჩვენ არაფერს დავთმობთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ქართველებს იუგოსლავიელები ადრეც არაერთხელ დაგვიმარცხებია და ვეცდებით ახლაც გავიხაროთ“, – დავით ყიფიანმა ეს სიტყვები იუგოსლავიელ ჟურნალისტს დრაგუტილ კოსტიჩს თამაშის დამთავრების შემდეგ უთხრა. ის სპეციალურად ჩავიდა ბელგრადში თამაშზე დასასწრებად.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ კლუბს არ უთამაშია, 19 ივლისის გმირი მაინც ქართველი ფეხბურთელი გახდა: აზერბაიჯანის შამქირმა ლატვიის უძლიერესი კლუბი რიგის სკონტო ბადრი კვარაცხელიას ჰეთ-თრიქის წყალობით 4:1 დაამარცხა!
კვარაცხელია პირველი ქართველი გახდა, რომელმაც მთავარი ევროტურნირის ეგიდით გამართულ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა, გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ მან ეს უცხოურ კლუბში თამაშის დროს შეასრულა, თან აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტით. გემახსოვრებათ, ბადრიმ აზერბაიჯანის მოქალაქეობა გაზაფხულზე მიიღო და შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრებშიც ითამაშა საქართველოს წინააღმდეგ. ქართული ფეხბურთის მოყვარულებისთვის ამასაც დავწერ: იმ დღეს სკონტოს მაისურით ორმა ქართველმა ითამაშა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა უცვლელად, ლევან კორღალიძე კი მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე.
21 ივლისს ნიონში ევროთასების წილისყრა გაიმართა და ტორპედო-ცრვენა ზვეზდას შორის გამარჯვებულის მეტოქეც შევიტყვეთ – კახა კალაძის და გიორგი დემეტრაძის კიევის დინამო, მაგრამ ეს და სხვა ცნობები თბილისში დილით გავრცელებულმა ამბავმა გადაფარა: 20 ივლისს, საღამოს, სამართალდამცავებმა დინამოს პრეზიდენტი მერაბ რატიანი დააკავეს.
22 ივლისს მას მძიმე ბრალდება წაუყენეს: სხვისი ქონების მითვისება-გაფლანგვა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის III ნაწილით ისჯება და კანონით 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
23 ივლისს, კვირა დღეს, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში დახურული პროცესი გაიმართა. სხდომა სამ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მერაბ რატიანი დამნაშავედ სცნეს და გამოძიების დასრულებამდე სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. დინამოს პრეზიდენტის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი მისი კლიენტის თავდებით გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა სონღულაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მერაბ რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გავრცელდა, სპორტულმა ჟურნალისტებმა კი სიმართლის დასადგენად პირადად მამუკა სონღულაშვილს მიმართეს. მან მედიის წარმომადგენლებს ოფიციალური დოკუმენტი გადასცა (ტექსტს უცვლელად გთავაზობთ – ლ.გ.):
„ბრძანება, 23 ივლისი, 2000 წელი
ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ
გამოვიკვლიე სისხლის სამართლის საქმე #7499027 დინამოს დირექტორთა საბჭოს წევრების მიმართ კრედიტის მოტყუებით მიღების ფაქტზე.
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილია: საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 18 სექტემბრის #721 წერილის საფუძველზე საფეხბურთო კლუბ დინამოს უსასყიდლოდ გადაეცა სააქციო საზოგადოება მზიურის აქციების 25 პროცენტი. 1997 წლის 13 დეკემბრიდან 1999 წლის 29 დეკემბრამდე სააქციო საზოგადოება მზიურის დირექტორი იყო მერაბ რატიანი, რომელიც ამჟამად მზიურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
1997-1998 წლებში დინამომ TBC ბანკიდან აიღო 400 000 დოლარი. აღნიშნული კრედიტის განკარგვის უფლება დინამოს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ რატიანს მიანიჭა.
რატიანმა მზიურისთვის ნედლეულის შეძენის მიზნით სკ დინამოს სალაროდან სულ 14-ჯერ გაიტანა 502 151 ლარი და 44 თეთრი, საიდანაც მან 8 შემთხვევაში სს მზიურის სალაროში შეიტანა მხოლოდ 424 337 ლარი და 96 თეთრი, ანუ 77 813 ლარითა და 75 თეთრით ნაკლები, რაც მან მიითვისა.
მანვე 1998 წლის 2 ივლისს გააფორმა სატრანსფერო კონტრაქტი რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფ კლუბ ალანიასთან. კონტრაქტი დაკავშირებული იყო ქართველ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან. მის თანახმად ალანიას დინამოსთვის 720 000 დოლარი უნდა გადაერიცხა. ალანიამ ზემოაღნიშნული კონტრაქტის ყველა პირობა შეასრულა.
კერძოდ, რატიანის მითითებით ალანიამ 130 000 დოლარი გადარიცხა შვეიცარიაში, ჟენევაში, ფინანს ბანკში, დინამოს ანგარიშზე #500097;
100 000 დოლარი – მზიურის ანგარიშზე საქართველოს ბანკში #3011181040001102117;
70 000 დოლარი დინამოს ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას მითითებით გადაირიცხა გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში ვლადიმერ გუცაევის პირად ანგარიშზე #0376774147, ხოლო დარჩენილი 420 000 დოლარი რატიანმა ხელზე მიიღო, არ შეიტანა კლუბის სალაროში, არ აღრიცხა ბუღალტერულად და მიითვისა, რითაც ზარალი მიაყენა დინამოს.
რატიანი 2000 წლის 20 ივლისს დაკავებულ იქნა ეჭვმიტანილის სახით, ხოლო მიმდინარე წლის 22 ივლისს მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში საქართველოს სსკ 182-ე მუხლის III ნაწილით.
22 ივლისს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამომძიებლო დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა გოგი ნებიერიძემ, რომლითაც ითხოვა ბრალდებულ რატიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება იმ მოტივით, რომ რატიანს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა და, შესაძლებელია, იგი დაემალოს გამოძიებას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის აცილების მიზნით. ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, გაანადგუროს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაცია, მოსპოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რითაც შეიძლება ხელი შეუშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა ლ.სეხნიაშვილმა.
რატიანის ადვოკატმა ზ.როსტიაშვილმა შუამდგომლობა დააყენა ბრალდებულის თავდებით გაშვების შესახებ.
როსტიაშვილმა ალექსანდრე ჩივაძისა და ნუკრი კაკილაშვილის წერილები წარმოადგინა, რითაც ისინი თავდებად უდგებიან რატიანს. ადვოკატს ხელთ ჰქონდა ალანიას მაშინდელი პრეზიდენტის, ბითაროვის წერილიც. დაიკითხა დინამოს ბუღალტერი ნ.მამიანი, რომელმაც განმარტა, რომ რატიანმა სალაროდან თანხა გაიტანა.
სსსკ 140-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მიმაჩნია, რომ გოგი ნებიერიძის შუამდგომლობა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოწმეების, ბითაროვის, მამიანის, გიოევას ჩვენებები, მზიურში ჩატარებული რევიზიის აქტი, დინამოში ჩატარებული შუალედური შემოწმების აქტი და სხვა მონაცემები იძლევიან საკმარის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის – ბრალდებულმა ჩაიდინა კრიმინალური დანაშაული.
ვხელმძღვანელობ რა სსსკ 140-ე, 151-ე, 153-ე და 160-ე მუხლებით, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს შსს საგამომძიებლო დეპარტამენტის გმს განყოფილების უფროსი გამომძიებლის გ.ნებიერიძის შუამდგომლობა.
ბრალდებულ მერაბ რატიანის, დაბადებულის 1960 წელს, ეროვნებით ქართველის, ცოლშვილიანის, ადრე სამართალში არყოფილის, მცხოვრების თბილისში, გორის ქუჩა #24-ში, მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნას დაპატიმრება სამი თვით. პატიმრობის ვადა ჩაითვალოს დაკავების მომენტიდან.
არ დაკმაყოფილდეს ადვოკატ როსტიაშვილის შუამდგომლობა ბრალდებულ რატიანის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღინისძიების გამოყენების შესახებ.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მისი გაცემიდან 48 საათის ვადაში კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამუკა სონღულაშვილი“.
მერაბ რატიანის ადვოკატმა კანონით განსაზღვრულ ვადაში გაასაჩივრა ზემოხსენებული განაჩენი. საოლქო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებული მასალები დროულად მიიღო, თავად დინამოს პრეზიდენტი კი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში იყო, დუმილის უფლებით სარგებლობდა.
იმავე დღეებში გავრცელდა ხმები, რომ საქმე მხოლოდ რატიანის დაკავებით არ დასრულდებოდა. ამბობდნენ, რომ მის ბედს კიდევ არაერთი ფუნქციონერი გაიზიარებდა. ვერ გეტყვით ამ ფაქტმა დააჩქარა თუ სხვა მიზეზით იყო, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო კანცელარიაში ეროვნული სტადიონის და დინამოს საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა 25 ივლისს დაინიშნა.
სარბიელელმა პაატა კვანტალიანმა, რომელიც იმ შეხვედრას დაესწრო, 26 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა:
„ისევ არაჩვეულებრივი გამოფენაა – სწორედ ასე ჩაილაპარაკა კანცელარიაში მომუშავე მავანმა ქალბატონმა, როცა დაზმირ ჯოჯუას კარგამოღებულ კაბინეტს ჩაუარა…
სამ თვეზე მეტია შექმნილია სახელმწიფო კომისია, სამ თვეზე მეტია მასში შემავალი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციის, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები, რიგითი გულშემატკივრები მსჯელობენ, კამათობენ, იკვლევენ, აპროტესტებენ, ჩიხიდან გამოსავალს ეძებენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს…
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – რაც აღნიშნული პრობლემების დაძლევის მიზნით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, მით უფრო უკან წავიდა ეროვნული სტადიონის, განსაკუთრებით კი დინამოს საქმე“.
იმ დღეს სხდომას დაზმირ ჯოჯუამ უხელმძღვანელა, რომლის შეკითხვას, თუ დინამო იურიდიულად აღარ არსებობს, ეროვნულ ჩემპიონატში როგორ ითამაშებსო, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ ასე უპასუხა:
„ეს პრობლემა არ არის, ბოლოს და ბოლოს, დინამოს საბჭოს თხოვნის საფუძველზე გუნდს (და არა კლუბს) ჩემპიონატში ჩავრთავთ. მაგრამ, შესაძლოა, ამის საჭიროება არც იყოს, რადგან 3 აგვისტოს ფიფა თავის ვერდიქტს გამოიტანს. ის, ალბათ, მკაცრი იქნება და დინამოს დისკვალიფიკაცია არ ასცდება“.
„ასეთ სიტყვებს როგორ კადრულობთ ბატონო ვალერი, ვისხდეთ და ველოდოთ დინამოს დასამარებას? არადა, მრეტებისთვის ვალის გადახდის შემთხვევაში ამის საშიშროება არც დადგება. ის უფრო არ არის გამოსავალი, მრეტების ფული გავისტუმროთ და ფიფას რისხვა თავიდან ავიცილოთ“? – ვალერი ჩოლარიას კომენტარის შემდეგ აღშფოთება ვერ დამალა სფფ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული ვალის დაფარვის არანაირი საშუალება არ გააჩნია. ერთადერთი გამოსავალი გრანტის აღებაა. იქნებ 50 ათასი დოლარი აგვაღებინა, ამ ფულით მრეტებს დროებით შევაჩერებდით და ფიფასაც გულს მოვულბობდით“, – უპასუხა ჩოლარიამ.
„მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით უნდა მივმართოთ, რომ როგორმე გრანტი გამოყოს, თორემ სირცხვილს ვერ გადავურჩებით“, – თქვა ანდრიაძემ.
ამ სიტყვების შემდეგ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ჩაილაპარაკა: „საქმეს მხოლოდ კახა თარგამაძე თუ უშველის“. სახელმწიფო კომისიის სხდომაზე პირველად ახსენეს საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი. მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ მომდევნო თვეებში განვითარებულ ამბებში, დინამოს ბედ-იღბალი მაქვს მხედველობაში, კახა თარგამაძემ დიდი როლი ითამაშა. თუმცა ამაზე თავის დროზე, მანამდე კი კვლავ კომისიის იმ სხდომას მივუბრუნდები.
„რა გრანტზე საუბრობთ დალოცვილებო? იმ პერიოდში დინამოს პრეზიდენტი ჰყავდა. მისი შემწეობით გაიჩარხა ქინქლაძის ტრანსფერი. მანვე იკისრა ვალდებულებები მრეტებთან დაკავშირებით. რა არის აქ საკითხავი? ვალი ვინც დაიდო, იმან უნდა გადაიხადოს“, – წამოიძახა აღელვებულმა გოგი დემეტრაძემ. გულშემატკივართა კლუბ ქართლოსის პრეზიდენტს მერაბ ჟორდანია არ უხსენებია, თუმცა ყველა მიხვდა, რომ დემეტრაძემ დინამოს პრეზიდენტში სწორედ ის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი თავკაცი იგულისხმა.
სხდომის მიწურულს ეროვნულ სტადიონთან დაკავშირებით ისაუბრეს. გაირკვა, რომ სარბიელს ორი მესაკუთრე ჰყოლია: დედაქალაქის მერია, რომელიც საკონტროლო პაკეტის 65%-ს ფლობდა და დინამოს საბჭო, რომელსაც წილის დანარჩენი ნაწილი ეკუთვნოდა. ახსენეს სტადიონის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების ზუსტი რაოდენობაც – 102, რომელთაგან 25 ვეტერანი ფეხბურთელების საკუთრებაში ყოფილა.
კომისიის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა წევრმა გოგი დემეტრაძემ სხდომის მიწურულს დანანებით თქვა:
„საქართველოში დღეს ყველა სფეროს ცალკეული ოჯახური კლანები მართავენ. ფეხბურთი ბიზნესია, დიდი ფულია და, ბუნებრივია, გამონაკლისი ამ მხრივ არც ისაა. უდიდესი ფინანსური ინტერესებია გადახლართული სტადიონთან და დინამოსთან დაკავშირებით.
არავინ არაფრის დამთმობი არაა. რა უნდა მოვითხოვო ისეთ ქვეყანაში, სადაც სიომა ბარქაიას იძულებულს ხდიან გერმანიაში გაიქცეს?! რა უნდა მოვითხოვო ისეთ ქვეყანაში, სადაც ვიტალი დარასელიას ვაჟს მშობლიური ქვეყნის გუნდში სათამაშოდ ფულს სთხოვენ?! ბედად, უმცროს ვიტალის პატრონი გამოუჩნდა კიევის დინამოს წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ბესონოვის სახით…
რა უნდა მოვთხოვო ისეთ სახელმწიფოს, რომლის წარმომადგენლებს დღემდე ვერ გამოუტანიათ სასიკეთო გადაწყვეტილება ჩვენი ფეხბურთისთვის!
რა უნდა ვიფიქრო ამ დროს? აკეთებენ იმას, რაც ხელს აძლევთ. ასეთია დღეს ჩვენი ქვეყანა… საქართველო საზარბაზნე ხორცია… ყველამ გაიგოს ეს“!
სულ ბოლოს დაზმირ ჯოჯუას სიტყვა იყო: დინამოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 1 აგვისტოს კვლავ შევიკრიბოთო.
სხდომის დასრულების შემდეგ სააგენტო როიტერმა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ცნობა გაავრცელა: მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა ემერიხ იენეი და გუნდი ვეტერან ფეხბურთელს, 47 წლის სპეციალისტს ლადისლაუ ბოლონის ჩააბარა. ახალ თავკაცთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
26 ივლისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრებით დასრულდა. საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო ბელგრადში, მარაკანაზე 0:4 განადგურდა ცრვენა ზვეზდასთან.
„3:0 რომ გავიმარჯვო, ძალიან კმაყოფილი დავრჩები, ისე კი, 7:0-ის შემდეგ ქუთაისში მშვიდად ჩავალ“ – იუგოსლავიელთა მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ეს სიტყვები თამაშის წინ თქვა. ფოთის კოლხეთი 1913-თან ორი წლით ადრე მოგებული მატჩის ანგარიშის შეხსენებით მან ქართველებზე ზეწოლა სცადა და უნდა ვაღიაროთ, რომ ფანდმა გაჭრა. მართალია ის ანგარიში არ განმეორდა, მაგრამ 4:0 მას ნამდვილად აძლევდა მშვიდად ყოფნის უფლებას.
ტორპედომ პირწმინდად წააგო პირველი ტაიმი, ყიფიანის მოწონებულმა დრულიჩმა და ბოშკოვიჩმა თითო გოლი გაიტანეს, 39-ე წუთზე კი პიანოვიჩმა მესამე ბურთი გაუტანა ირაკლი ზოიძეს. ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე კიდევ ერთხელ გაიხარა დრულიჩმა და დუბლი მიითვალა.
„ტორპედო 5:0-ს ვერ მოგვიგებს. საქართველოში მითამაშია და ისიც ვიცი, ტრიბუნებზე როგორი სიწყნარეა“, – თქვა მატჩის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ნახევარმცველმა საბო ზორიჩმა. რამდენიმე წლით ადრე ის ობილიჩის შემადგენლობაში ესტუმრა ჩვენ ქვეყანას. რაც შეეხება მუსლინს, ცრვენა ზვეზდას მწვრთნელი ძალიან კმაყოფილი იყო:
„ბიჭებმა ჩინებულად ითამაშეს, ჩემი დავალება თითქმის ყველამ შეასრულა. მეტოქისგან კი უფრო მეტს ველოდი, განსაკუთრებით მათი მცველებისგან და თავდამსხმელებისგან. თუ ვინმეს გამოვყოფ სტუმართა გუნდიდან, ეს ნახევარმცველი ვალტერ გუჩუაა, მან ძალიან ბევრი იშრომა“.
მეორე დღეს, 27 ივლისს, სარბიელის პირველ გვერდზე ილია ბაბუნაშვილის სვეტი-გამოხმაურება დაიბეჭდა – „გახსოვდეთ ინფარქტი“. ის პატარა ჩანახატი ზედმიწევნით ზუსტად ეხმიანებოდა მაშინდელ დროებას და ქართულ ფეხბურთში გამეფებულ უიმედობას:
„ძვირფას მკითხველს ამ მცირე რეპლიკის წაკითხვისას დახარჯული დროის გამო დიდ ბოდიშს კი ვუხდი, მაგრამ მაინც.
ფაქტია, ნებისმიერი ქართული გუნდის ევროსამარცხვინო თამაშის შემდეგ ხელს ვიქნევთ და ორი კილო მწვანე ლობიოს საყიდელი ფულის შოვნაზე ვიწყებთ ფიქრს. მაგრამ გულის სიღრმეში ბრაზი ბრაზს ემატება და ინფარქტიც შორიახლოს დაცუნცულებს. ამიტომაც, სერიოზულად მინდა საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისკენ მოგიწოდოთ.
ხომ ვნერვიულობთ უშუქობის, უწყლობის, უჭმელობის, უფულობის, უსინდისობის, უტვინობის და მრავალი სხვა გარშემორტყმული სენის გამო. მოდით, ამას ფეხბურთის თაობაზე ნერვიულობას ნუღარ დავამატებთ. ეს კი მარტივია.
საკმარისია, ვაღიაროთ, რომ ქართული ფეხბურთი იმავ დონისაა, ლუქსემბურგული ან ისლანდიური რომ გახლავთ და გულისხეთქვაც ტანიდან ჩამობანილი ჭუჭყივით მოგშორდებათ.
ვიცი, ბევრი იტყვის, ეს რომ ვაღიარო, წარსული თაობების დიდი წარმატებებიც აბაზანის ნახვრეტში უნდა ჩავრეცხო და ამას ვერ ვიზამო. არადა, ფაქტია: დღეს ქართული ფეხბურთი მართლაც ლუქსემბურგულის და ისლანდიურის დონისაა და აზრსმოკლებულ ამბიციებსაც რაც მალე მოვიშორებთ, მით უკეთესი. შემოდგომის აზნაურებს ნუ დავემსგავსებით. ნერვიულობას აზრი მაშინ აქვს, როდესაც საქმეს რამე ეშველება.
აი, წააგო ქუთაისის ტორპედომ ცრვენა ზვეზდასთან 0:4. მერე რა? რაიმე სხვას ველოდით? ანდა ტორპედოს მაგივრად, ვთქვათ, დინამო რომ ყოფილიყო (გნებავთ სხვაც დაასახელეთ) რაიმე შეიცვლებოდა?
არა! იმიტომ, რომ დღეს ქართული ფეხბურთი ლუქსემბურგულის და ისლანდიურის დონისაა. ხოლო, რაც შეეხება ძველ წარმატებებს, ჩვენც გვეყოლება (ზოგს უკვე გვყავს) შვილიშვილები და სადმე აგარაკზე, ცაცხვის ჩრდილში რომ წამოვწვებით, მოვუყვეთ. იცოდნენ მაინც.
ისე, როგორც ერთ სევდიან ლექსშია: ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.
II ნაწილის დასასრული. გაგრძელება 3 დეკემბერს
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 26 ნოემბერი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 26 ნოემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
