2003-ის დრაფტი: ზაზა და ლეგენდები
ნიუ იორკ ტაიმსმა საინტერესო ჩანახატი მიუძღვნა 2003 წლის დრაფტის იმ ბიჭებს, რომლებიც დღესაც თამაშობენ: ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, კაილ კორვერი, კარმელო ენტონი…
ისინი ლეგენდები არიან, მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის მრავლისმნახველი ვეტერანები, უამრავი ტიტულის მომგები ვარსკვლავები ზღაპრული ჰონორარებით.
NBA-ში 15 წლის განმავლობაში მხოლოდ უძლიერესნი თამაშობენ. და სასიამოვნოა, რომ ამ სუპერმოთამაშეების მხარდამხარაა იმ დრაფტის კიდევ ერთი წევრი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლიგის 2-გზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია.
დღეს სკოტ კაჩოლას ჩანახატის თარგმანს გთავაზობთ.
2003 წელს, NBA-ის დრაფტზე, სხვა 40 ბიჭთან ერთად იდგა ხუთეული და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ძალიან წარმატებული კარიერა ექნებოდა.
ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც იმ დღეს ორლანდო მეჯიქმა აიყვანა, სწორედ იქ, დრაფტზე გაიცნო ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, კაილ კორვერი და კარმელო ენტონი.
ისინი ახალი ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ, პირველ ნაბიჯებს დგამდნენ გზაზე, სადაც არასდროს გაევლოთ.
„ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ იქ, დრაფტის დღეებში ამდენს ვისწავლიდი“, – თქვა ზაზამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
ეს ხუთეული უკანასკნელია, რომელიც 2003 წლის დებიუტანტებიდან შემორჩა ლიგას, ის დრაფტი კი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. სხვა თუ არაფერი, იმ წლის ახალწვეულებიდან ცხრამ ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა.
„განვლილ გზას რომ ვიხსენებ, რა თქმა უნდა მეამაყება! ამდენი დრო გავიდა, ჩვენ კი, ბიჭებო, ისევ ვთამაშობთ“, – ამბობს იუტა ჯაზის 37 წლის ფორვარდი კაილ კორვერი.
ცოტა ხნის წინ უეიდმა თქვა, რომ სეზონის ბოლოს წავა. და როცა ლოს ანჯელესში, ლებრონ ჯეიმსთან სათამაშოდ ჩავიდა, იმ დაპირისპირებამ სხვა ხიბლი შეიძინა. ისინი ხომ ერთად იწყებდნენ: ლეიკერსის ლიდერი, ლიგის 4-გზის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ჯეიმსი და მაიამი ჰითის ვეტერანი, ყველა ვარსკვლავის 12-გზის რჩეული დუეინ უეიდი.
ამ ორის გზა, ყველამ ჩინებულად იცის, გადაჯაჭვულია. მაიამის მაისურით ისინი შეუდარებელნი იყვნენ. იმ გუნდში მათთან ერთად ბრწყინავდა 2003 წლის დრაფტის კიდევ ერთი მშვენება კრის ბოში, თუმცა მას ტრავმის გამო 2016 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.
„როცა ლიგაში მოვედით, NBA კარგი იყო. დღეს, ამდენი წლის შემდეგ, NBA სხვა სიმაღლეზეა – ბრწყინავს. ვფიქრობ, ამაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი“, – ამბობს უეიდი.
გახსოვთ რა უძღოდა იმ დრაფტს? ერთი თვით ადრე მაიკლ ჯორდანი წავიდა!
2003-ის ნომერ პირველი ახალბედა ლებრონ ჯეიმსი კლივლენდ კეველიერსმა წაიყვანა. დარკო მილიჩიჩი მეორე იყო და დეტროიტ პისტონსს ერგო. მესამე ენტონი გახლდათ – ის დენვერ ნაგეთსის საკუთრება გახდა, უეიდი კი მაიამის მე-5 ნომრად ხვდა წილად.
ფაჩულია და კორვერი პირველ წრეში არ აურჩევიათ. და მერე რა? მათ მაინც შესანიშნავი კარიერა აქვთ.
„ძალიან დიდი პატივს ვცემ ამ ბიჭებს. მესმის, რომ ქულებით, პასებით, ზოგადად სტატისტიკით მათ ვერ გავუტოლდები, მაგრამ არის ერთი რამ, რაშიც მათ ბოლომდე გავეჯიბრები – ეს კალათბურთის სიყვარულია! ამდენი ხნის შემდეგაც რომ ვთამაშობ, ზუსტად ამის გამო“, – ამბობს ზაზა.
სანამ დრაფტის დრო მოვიდოდა, 2003-ის გაზაფხულზე, კანდიდატებს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლოთ. კემპი ჩიკაგოში მოეწყო.
უეიდი ჯეიმსს პირველად იქ შეხვდა: „ჯეიმსი უცნაურად გავიცანი. პატარა ოთახში ველოდი ექიმებს, ამ დროს კი კარი გაიღო და ის შემოვიდა, თან ვიღაცებიც შემოყვნენ. იმ დროს ის ძალიან პოპულარული იყო, საუკეთესოდ ითვლებოდა, ყველა მასზე საუბრობდა… ცოტა დრო გვქონდა… გამოველაპარაკე… ასე გავიცანი… დიდი ხმაურიანი ვინმე კი იყო“.
მცირე ხნით ადრე ფაჩულია თურქეთში თამაშობდა, დრაფტზე, მედისონ სქვერ გარდენში კი ზაზა ახალი კოსტიუმით მივიდა. ის რჩეულების „მწვანე ოთახში“ არ მიუწვევიათ, იქ სხვებს უხმეს. მიუხედავად ამისა, ფაჩულია იმედოვნებდა, რომ პირველ რაუნდში აირჩევდნენ.
„2002-ში ჩემმა აგენტმა მოცდა მირჩია“, – ამბობს ზაზა – „მითხრა, ერთი წელი მალე გაივლის და მერე უფრო იოლი იქნებაო“.
დრაფტი დაიწყო, სახელები ერთმანეთს ცვლიდა: კრის კამანი, კირკ ჰაინრიხი, ნიკ კოლისონი, დევიდ უესტი… მერე ბორის დიაოს, კენდრიკ პერკინსის, ლეანდრო ბარბოსას, ჯოშ ჰოვარდის დრო დადგა…
პირველი დასრულდა და მეორე წრე დაიწყო: ლუკ უოლტონი, სტივ ბლეიკი, უილი გრინი…
და ზაზა მიხვდა, რომ აგენტი ცდებოდა – ნაღდად არ იყო იოლი დრაფტი. ბოლოს მისი დროც დადგა – ორლანდომ 42-ე ნომრად აირჩია! ახალწვეულს ადამ სილვერი, იმხანად ლიგის ვიცე-კომისარი გაეხუმრა, ზაზამ კი ძალით გაიღიმა.
„პირველში არ ამირჩიეს და ვიფიქრე, რომ სამყარო დასრულდა“, – ასე იხსენებს ზაზა იმ ამბავს. დღეს 34 წლის ქართველი მე-16 სეზონს ატარებს NBA-ში, ზურგს კი ორი ბეჭედი უმაგრებს, გოლდენ სტეიტ უორიორზში რომ მოიგო.
„ზაზაზე კარგი თანაგუნდელი ძნელი წარმოსადგენია“, – ამბობს კორვერი, რომელმაც ქართველთან ერთად ერთი წელი ითამაშა ატლანტაში.
კორვერი დრაფტს მეგობრებთან ერთად ტელევიზორში უყურებდა, შინ, კრეიტონში. სარეკლამო ჭრა რომ დასრულდა, ეკრანის კუთხეში თავის გვარი დაინახა – ნიუ ჯერსი ნეტსმა 51-ე ნომრად აიყვანა, მაგრამ ნეტსმა მალევე გაასხვისა ალენ აივერსონის ფილადელფია 76-ში.
„დღეს, როცა ახალწვეულებს ვესაუბრები ხოლმე, ერთსა და იმავეს ვუმეორებ: მნიშვნელობა არ აქვს, რა ნომერი ხარ დრაფტზე. მთავარია იშრომო, მაგრად იშრომო და შანსს დაელოდო. და როცა ამის დრო მოვა, აუცილებლად მზად უნდა იყო. და თუ იმ ერთ წამს მოუმზადებელი შეხვდი, არავინ გაპატიებს – ზურგსუკან ყოველთვის გრძნობ იმ ბიჭების სუნთქვას, რომლებიც სიამოვნებით დაიკავებენ შენ ადგილს… ჩემ შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა – მე კვლავ ჩემ გზას მივუყვები“, – ამბობს კორვერი.
16 წელი ლიგაში? წარმოუდგენელია, ამას ყველა ვერ უძლებს. უეიდზე გითხარით, ის სეზონის ბოლოს მიდის. ენტონიც ვერაა ფორმაში, სულ უფრო უჭირს ჰიუსტონში. აი ჯეიმსი კი, რომელიც მალე 34-ის გახდება, ნამდვილი კიბორგია – დღესაც საუკეთესო ფორმაშია.
ამბობენ, რომ ჯეიმსი გენეტიკურადაა ასეთი, მაგრამ კორვერი სხვა აზრისაა. ის ლებრონის მხარდამხარ თამაშობდა კლივლენდში და კარგად იცის: „ჯეიმსი უმაღლესი დონის პროფესიონალია. ვარჯიში, დიეტა, დასვენება, დატვირთვა… ყველაფერი ზუსტად აქვს დაგეგმილი. და არასდროს უხვევს გზიდან“.
ერთ-ერთ ინტერვიუში ლებრონმა თქვა, რომ 10-12 წლის წინ ცელქობდა – მოთელვის და გაწელვის გარეშე იწყებდა თამაშს, თუმცა კარგა ხანია ასე აღარ იქცევა.
ფაჩულია ამბობს: „კი, მსმენია, რომ ჯეიმსი მილიონებს ხარჯავს ფიზმომზადებაზე… და იღებს კიდეც სასურველ შედეგს. მე? არა, გულახდილად გეტყვით, ამდენს ნაღდად არ ვხარჯავ“.
მიუხედავად ამისა, ზაზა არანაკლებ თავგანწირულია: „ეს 16 წელი ერთი სიტყვით შემიძლია ავხსნა – სიყვარული. კალათბურთი უზომოდ რომ არ მიყვარდეს, ამდენს ნაღდად ვერ გავძლებდი“.
ყოველი თამაშის წინ ქართველი ყავას მიირთმევს. დღეს ეს ამბავი უფრო რიტუალია. ზაზა, რომელმაც ფლეი-ოფის ჩათვლით ლიგაში 1 100-ზე მეტჯერ ითამაშა, ამბობს:
„მეათასე მატჩის წინ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ესპრესო დამილევია… იცით რას გეტყვით: ყოველთვის ერთი სული მაქვს როდის მივალ აპარატთან, ღილაკს თითს დავაჭერ და ყავას ჩამოვისხამ. და როცა ამას ვაკეთებ, ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება – გავალ და ვითამაშებ“.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 24 დეკემბერი)