2011, მეორედ უელსში: დინამო ლანელის წინააღმდეგ
ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის ერთადერთ მატჩში თბილისის დინამო დღეს უელსის ქონას ქუეი ნომედს დაუპირისპირდება.
თამაში მეტოქის მოედანზე გაიმართება.
ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის არასრული ნახევარი საუკუნის განმავლობაში დინამო მესამედ ითამაშებს უელსში.
1976 წელს, საკავშირო თასზე ტრიუმფის შემდეგ, თბილისელებმა ისტორიაში პირველად იასპარეზეს თასების მფლობელთა თასზე. საწყის შეხვედრაში დინამოს მეტოქე უელსის კარდიფ სიტი იყო. დინამოელები პირველად სწორედ მაშინ ესტუმრნენ უელსს.
საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდი გაერთიანებული სამეფოს ამ პატარა ქვეყანას მეორედ 35 წლის შემდეგ ესტუმრა – ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე მოკრძალებულ ლანელის დაუპირისპირდა.
კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ახალი მისული გახლდათ დინამოში, გუნდს მასთან ერთად ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობდა, დღეს დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი კი ესპანელი ალექს გარსია გახლდათ, ბარსელონის საფეხბურთო აკამედიის ასაკობრივ გუნდებში ნაცადი სპეციალისტი.
2011 წლის 14 ივლისს ალექს გარსიას დინამო ლანელისთან 1:2 დამარცხდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში, ერთი კვირის შემდეგ რომ გაიმართა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სარბიელზე, ყველაფერი თავის ადგილას დადგა – დინამომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 5 უპასუხო გოლით აჯობა.
ხუთივე გოლი ლეგიონერებმა შეაგდეს: ალბერტო იაგუემ, რობერტინიომ და კარლეს კოტომ თითოჯერ დალაშქრეს ეშლი მორისის კარი, ჩისკო მუნიოსმა კი დუბლი გაიფორმა.
რამდენიმე საათში დინამო სწორედ ჩისკოს ხელმძღვანელობით დაუპირისპირდება ქონას ქუეი ნომედს.
დიდი იმედი მაქვს, რომ დინამოელთა მესამე სტუმრობა უელსში ამჯერად მაინც დასრულდება გამარჯვებით.
და თუ ასე მოხდა, დინამო ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულელებს დაუპირისპირდება – კლაკსვიკარ იტროტარფელაგთან (KI) მატჩი 24 სექტემბერსაა ჩანიშნული.
14 ივლისი, 2011. ევროპის ლიგა, II საკვალიფიკაციო ეტაპი. უელსი, ლანელი, პარკ სკარლეტსი. 1 000
ლანელი 2:1 დინამო
გოლები: 1:0 ჯორდან ფოლოუსი (8), 2:0 ჯორდან ფოლოუსი (51), 2:1 დავით ოდიკაძე (81, პენ)
ლანელი: ეშლი მორისი, კრის ტომასი (ენდი ლეგი 67), სტიუარტ ჯონსი (კაპ), ლი სარმანი, ჯეისონ ბოუენი, ანტონიო კორბისიერო, ჯორდან ფოლოუსი (როს ჯონსი 72), ეშლი ევანსი, კრეიგ უილიამსი, ლოიდ გრისტი (რაიან ბეტლი 89), ჩედ ბონდი
მწვრთნელი: ენდი ლეგი
დინამო: გიორგი ლორია, ირჟი ჰომოლა, ჯაბა ჯიღაური (გიორგი თექთურმანიძე 65), ალექსანდრე კოშკაძე (კაპ), გიორგი კახელიშვილი (ალბერტო იაგუე 70), დავით ოდიკაძე, კარლეს კოტო (ირაკლი ლექვთაძე 57), გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, ჩისკო, ნიკა კვეკვესკირი
მწვრთნელი: ალექს გარსია (ესპანეთი)
გაფრთხილება: ანტონიო კორბისიერო, ჯორდან ფოლოუსი, გიორგი კახელიშვილი, ლი სარმანი, ლოიდ გრისტი, ირაკლი ლექვთაძე
მსაჯები: მატიას გესტრანიუსი; მიკო ალაკარე, მარკო ჰანინენი (ფინეთი)
21 ივლისი, 2011. ევროპის ლიგა, II საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 12 000
დინამო 5:0 ლანელი
გოლები: 1:0 ჩისკო (7), 2:0 ალბერტო იაგუე (11), 3:0 რობერტინიო (27), 4:0 ჩისკო (51), 5:0 კარლეს კოტო (55)
დინამო: გიორგი ლორია, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე (კაპ) (გიორგი თექთურმანიძე 62), დავით ოდიკაძე, ალბერტო იაგუე, რობერტინიო, კარლეს კოტო, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა (ირჟი ჰომოლა 25), ჩისკო, ნიკა კვეკვესკირი
მწვრთნელი: ალექს გარსია (ესპანეთი)
ლანელი: ეშლი მორისი, კრის ტომასი, სტიუარტ ჯონსი (კაპ), ლი სარმანი, ჯეისონ ბოუენი (კრის ჰოლოუეი 69), ანტონიო კორბისიერო (კრის ვენეიბლზი 46), რის გრიფიტსი, ჯორდან ფოლოუზი (ჩედ ბონდი 35), ეშლი ევანსი, კრეიგ უილიამსი, ლოიდ გრისტი
მწვრთნელი: ენდი ლეგი
გაფრთხილება: ნიკა კვეკვესკირი, რის გრიფიტსი, გიორგი რეხვიაშვილი, ლი სარმანი, ჩისკო
მსაჯები: მარტინ სტრომბერგსონი; პეტერ მარტინსონი, დანიელ გუსტაფსონი (შვედეთი)
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 17 სექტემბერი)
ფოტო: თბილისის დინამო