2018: სანაკრებო წელიწადი – 19 და 18-წლამდელები

საქართველოს 17 და 16-წლამდელთა ნაკრები გუნდების წლევანდელი ასპარეზობა ჩვენს პირველ წერილში უარყოფითად შევაფასეთ და სამწუხაროდ, იგივე უნდა ვთქვათ 19(18)-წლამდელებზეც.
რანგით მეორე ასაკობრივმა ჯგუფმა (უეფა ევროპირველობას მხოლოდ 19-წლამდელებში ატარებს), რომელმაც წელს გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ითამაშა, ამხანაგურებში კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა და ერთადერთი ოფიციალური შეჯიბრებაც ჩააგდო.

 

19-წლამდელებმა წლის მთავარ ტურნირამდე – ევრო 2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპი – მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს (1:1 და 1:2 ბოსნია-ჰერცეგოვინაში), რაც შეცდომად გვეჩვენება. ოფიციალური მატჩებისთვის ორი თამაშით არ ემზადებიან.

ევროპის საგაისო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფს ნოემბერში თბილისმა უმასპინძლა. მეტოქეების გათვალისწინებით – ისრაელი, აზერბაიჯანი, ლიხტენშტაინი – მიქაძის გაწვრთნილ გუნდს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება უნდა მოეპოვებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია – მე-3 ადგილზე გავიდა.

შთამბეჭდავ სტარტს – 7:0 ლიხტენშტაინთან, აზერბაიჯანთან დასანანი მარცხი (1:2) და ისრაელთან 1:1 მოჰყვა. ბოლო ორ შეხვედრაში ქართველები იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი აზერბაიჯანელებთან მარცხია. მიქაძის გუნდს ნამდვილად შეეძლო არათუ მატჩის ფრედ დასრულება, მოგებაც.

19-წლამდელებმა ზედიზედ მეორედ ვერ დაძლიეს საკვალიფიკაციო ჯგუფი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 17-წლამდელებიც ელიტ-რაუნდს მიღმა დარჩნენ, ნათელია: ფეხბურთის ფედერაციამ ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები მეტი სიფრთხილით უნდა შეარჩიოს. მხოლოდ უეფას სამწვრთნელო კურსების დასრულება და სხვადასხვა კატეგორიის დიპლომები რომ არ კმარა, შარშანდელმა და წლევანდელმა შედეგებმა ნამდვილად დაგვარწმუნა.

ამ ასაკობრივმა გუნდმა 2018 წელი იტალიელ თანატოლებთან გამარჯვებით დაასრულა. 5 დეკემბერს, თბილისში, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე, მიქაძის გუნდმა 2:1 აჯობა მეტოქეს. 17 და 16-წლამდელთა გუნდებში შესაშური შედეგიანობით გამორჩეულ ზურაბ დავითაშვილს პენალტიც რომ გაეტანა, უპირატესობა შთამბეჭდავი იქნებოდა.

18-წლამდელების მატჩებზეც ვთქვათ. ამ, ეგრეთ წოდებულმა „გარდამავალმა“ გუნდმა მიქაძის ხელმძღვანელობით 6-ჯერ ითამაშა: ტურნე უნგრეთში – 1:1, 1:4; საერთაშორისო ტურნირი თურქეთში – 4:1 მასპინძლებთან და 2:1 მაკედონიასთან და ტურნე ბულგარეთში – 1:1, 0:2.

ამ შეხვედრებში მწვრთნელმა, მეტწილად, 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები გამოსცადა: დემეტრე  ბულისკერია, ბექა დარცმელია, ფირუზ გაბიტაშვილი, რევაზ ინჯგია, გიორგი ივანიაძე, თამაზ ბაბუნაძე… ეს კარგია, მაგრამ ერთია ოფიციალური ტურნირისთვის მთლიანი გუნდის მომზადება და მეორე – ცალკეული ფეხბურთელების გამოცდა.

მოკლედ რომ მოვჭრათ: 18-წლამდელების საწვრთნელი შეკრებები კარგია, მაგრამ 19-წლამდელებს ევროჩემპიონატის საკვალიფიკაციომდე ორჯერ კი არა, უფრო ხშირად უნდა ეთამაშათ.

წლის ბოლოს 18-წლამდელები რამაზ სვანაძემ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე ორჯერ ითამაშა და ორჯერვე მოიგო: 9 დეკემბერს ბელარუსში 2:1 აჯობა მასპინძლებს, დღეს კი 3:2 გაიმარჯვა.

2019 წელს 19-წლამდელთა ნაკრებს მხოლოდ 3 ოფიციალური მატჩი ელის. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ქართველები უნგრელებს, ხორვატებს და ყაზახებს დაუპირისპირდებიან. ჯგუფურ ტურნირს 9-15 ოქტომბერს უნგრეთი უმასპინძლებს. ელიტ-რაუნდში 13 საკვალიფიკაციო ჯგუფის I-II ადგილოსნები გადიან, ასევე საუკეთესო მესამეადგილოსანი. ის, ვისაც ლიდერებთან საუკეთესო შედეგი ექნება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 11 დეკემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian