2018 – ლაშას წელიწადი!

მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, ევროპის ჩემპიონობა, მსოფლიოს 5(!) რეკორდი, საქართველოს წლის სპორტსმენის ტიტული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით და რა თქმა უნდა, მსოფლიოს წლის ძალოსნის პრესტიჟული პრემია IWF-ისგან!

ლაშა ტალახაძის შარშანდელი ტრიუმფები მარტივად შეგვიძლია ერთ აბზაცში დავატიოთ, თუმცა ეს, ცხადია, მშრალი ინფორმაცია იქნება და მთელი სისავსით ვერ გადმოგვცემს იმ დიდი გამარჯვებების სრულ სურათს, რომელიც ქართველმა ძალოსანმა 2018 წელს მოიპოვა. ულევ სიხარულსა და ზღვა ემოციებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

2018 წელს ქართულმა სპორტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა, თუმცა ლაშა ტალახაძის ტრიუმფალური გამოსვლა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ყველასგან გამორჩეულია: გოლიათი ქართველი წლის მთავარ შეჯიბრებზე შეუდარებელი იყო!

ნორვეგიის ფიორდეში და ხორვატიის სპლიტში მოგებული ევროპის 2 ჩემპიონატის შემდეგ ლაშამ რუმინეთის დედაქალაქში ძალების აშკარა დაზოგვით, თუმცა მაინც დიდი უპირატესობით მოიგო ზედიზედ მესამე ევროტიტული, აშგაბატში, მსოფლიო პირველობაზე მისი გამოსვლა კი მხოლოდ ერთი სიტყვით უნდა შეფასდეს – ტრიუმფალური!

ძალოსნობის მოყვარულებს და ქართული სპორტის ქომაგებს ტალახაძის გამარჯვება, ეჭვი არაა, კარგად ახსოვთ, თუმცა სასიამოვნო მომენტების მოგონება არასდროსაა მოსაწყენი და ამიტომ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 2018 წლის 10 ნოემბრის ამბებს.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატამდე წონითი კატეგორიები შეიცვალა. თუ ლაშამ ბუქარესტში ჩვეულ +105კგ-ში მოიგო ევროპის ჩემპიონატის ოქრო, თურქმენეთის დედაქალაქში პირველად იასპარეზა ახალ – +109კგ კატეგორიაში.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა აშგაბატის ოლიმპიური კომპლექსის დარბაზში ასპარეზობა ატაცში 207კგ-ით დაიწყო, მეორე მისვლაზე შტანგა 5 კილოგრამით დაამძიმა, წონაც დაძლია და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. მესამე და უკანასკნელ ცდაზე კი 217 კილო აიტაცა და კვლავ გააოცა მსოფლიო (აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ აპრილში, ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშამ ეს მიღწევა კიდევ ერთხელ, ამჯერად „მხოლოდ“ კილოგრამით გააუმჯობესა).

მცირე შესვენების შემდეგ დედამიწის უძლიერესმა სპორტსმენებმა აკვრაში სცადეს ძალები. პირველ ცდაზე დაძლეული 245 კილოგრამი უფრო მოთელვას ჰგავდა, რასაც მსოფლიოს კიდევ ორი რეკორდი მოჰყვა – ჯერ 252, შემდეგ კი 257!

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატი ორჭიდში დაძლეული 474 კილოგრამით მოიგო, რიგით მე-5 მსოფლიო რეკორდი დაისაკუთრა და სპორტის ამ ურთულესი და უძველესი სახეობის ისტორიაში კიდევ ერთხელ ჩაეწერა (ბათუმში ლაშამ ეს მიღწევებიც გააუმჯობესა)!

„ლაშა ტალახაძე ფენომენია! მან თუნდაც ახლავე რომ დაასრულოს ძალოსნის კარიერა, ყველა შემთხვევაში შემორჩება ისტორიას, თუმცა ცნობილია, რომ ქართველი ათლეტი სპორტიდან წასვლას არ აპირებს და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაახარებს გულშემატკივრებს. საქართველოში ამაყობენ მისით და ეს არავის უკვირს – ის დიდი ჩემპიონია“! – ამ სიტყვებს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ჟურნალში ამოიკითხავთ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რომ გამოიცა.

აშგაბატში ტრიუმფის შემდეგ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ტალახაძე 2018 წელს კიდევ ერთხელ მოიგებდა საქართველოს წლის სპორტსმენის ტიტულს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღიარება მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია გახლდათ.

ახალი წლის დღეებში სპორტულმა ჟურნალისტებმაც დაასხელეს რჩეული. ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა!

ყველაზე ძველი და პრესტიჟული პრემიის ისტორიაში ლაშა ტალახაძე პირველია, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო სპორტულ ჟურნალისტთა გულები.

„ქართულ აღიარებას“ კიდევ ერთი მოჰყვა: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ტალახაძე 2018 წლის შედეგებითაც გამოარჩია და რამდენიმე საათში, ქობულეთში, საზეიმო მიღებაზე მას წლის ძალოსნის პრიზს ზედიზედ მეორედ გადასცემს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 მაისი)

ka_GEGeorgian