2018: სანაკრებო წელიწადი – 21-წლამდელები

ევროპის საგაისო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 12 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის გამარჯვებულ დანიას 11, ხოლო მეორეადგილოსან პოლონეთს 10 ქულით ჩამორჩა.

ასეთი სხვაობა გულდასაწყვეტი და დამაფიქრებელია, თუმცა ეს შარშანდელი კატასტროფული სტარტით თუ აიხსნება – 0:3 გორში პოლონეთთან, 2:5 დანიაში და 1:3 ფარერის კუნძულებზე.

2017 წელს ნაკრებს გია გეგუჩაძე წვრთნიდა, რომელმაც წლის მიწურულს დატოვა თანამდებობა, ნაკრების სათავეში მოსულმა გია ცეცაძემ კი აშკარად უკეთესად იმუშავა. ყოველ შემთხვევაში, მისი გაწვრთნილი 21-წლამდელების წლევანდელი შედეგები ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. შედარებისთვის: გეგუჩაძესთან ერთად გუნდმა 5 ოფიციალურ მატჩში 4 ქულა მოიპოვა, ცეცაძემ კი იგივე რაოდენობის შეხვედრებში ორჯერ მეტი, 8 ქულა აიღო.

ამიტომ ვთვლით, რომ 2018 წელს ახალგაზრდულებმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. ეს აზრი მხოლოდ შარშანდელთან შედარებით მოპოვებული მეტი ქულით არაა განპირობებული: რიგ თამაშებში გუნდმა მართლა კარგად ითამაშა, ერთი შეხედვით წაგებული მატჩების გადარჩენაც მოახერხა და რაც მთავარია, ნაკრები სტაბილური ასპარეზობით გამოირჩეოდა, რაც ჩვენი ასაკობრივებისთვის, სამწუხაროდ, იშვიათობაა.

2018 წელს 21-წლამდელებმა 11 საერთაშორისო შეხვედრა გამართეს. 6 ამხანაგურიდან 5 ფრედ დაასრულეს, ერთი კი მოიგეს, 5 ოფიციალურიდან კი 2 მოიგეს, ამდენჯერვე ფრედ ითამაშეს და ერთადერთხელ დამარცხდნენ. 3 მოგება, 7 ფრე და წაგება – ასეთია საერთო სურათი, რასაც ცუდი ნამდვილად არ ეთქმის.

ცეცაძის წლევანდელი გუნდის მთავარ ნაკლად სწორედ ის ერთადერთი მარცხი მიგვაჩნია – პოლონეთთან 0:3 – რაც მთლიანი სურათიდან ამოვარდნილი ჩანს. საათნახევრით კონცენტრაციის დაკარგვა – ამით თუ ავხსნით შედეგს. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ წაგებით დასრულდა 21-წლამდელების 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რომელმაც გია გეგუჩაძის ბოლო 2 თამაში (2:2 ფინეთთან, 1:0 ლიეტუვასთან) და გია ცეცაძის საწყისი 8 შეხვედრა დაიტია.

პოლონეთში ჩავარდნამდე გამართული მატჩებიდან ოთხს გამოვარჩევთ: ოფიციალურებიდან 27 მარტს, გორში დანიასთან 2:2 და 12 ოქტომბერს ფინეთში გამარჯვებას (2:1), ამხანაგურებიდან კი ივნისის დასაწყისში უელსელებთან თბილისში ორ პაექრობას და შთამბეჭდავ მოგებას მალტაზე – 5:2.

ევრო 2019-ის საკვალიფიკაციოებით დავიწყოთ, რომლებშიც გუნდმა განსხვავებულად, თუმცა ორივე შემთხვევაში კარგად ითამაშა. დანიასთან უპირატესობის მიუხედავად, ცეცაძის გუნდმა ბოლო წუთებში დაკარგა 2 ქულა, ფინეთში კი პირიქით, მატჩის მიწურულს გაიმარჯვა.

ფინეთში 3 ქულა საქართველომ ბექა მიქელთაძის და ირაკლი ბუღრიძის გოლებით და მეკარე ლუკა გუგეშაშვილის საიმედო თამაშით მოიპოვა. ამ უკანასკნელმა 61-ე წუთზე პენალტი მოიგერია, რაც გარდამტეხი გამოდგა. აქვე შევნიშნავთ: გუგეშაშვილი წლის მეორე ნახევარში სამართლიანად დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში.

უელსთან თბილისურ ამხანაგურებს რაც შეეხება, 3 და 6 ივნისს ცეცაძის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და ამიტომ იყო, რომ მატჩების გადარჩენა მოუხდა. პირველ შეხვედრაში ბექა მიქელთაძემ 87-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში – 2:2, სამი დღის შემდეგ კი გიორგი კოხრეიძემ 90-ე წუთზე იხსნა გუნდი მარცხისგან – 1:1.

ამ ორ თამაშში ქართველი 21-წლამდელები თითქოს ერთნაირი სცენარით ხელმძღვანელობდნენ: კარგად იწყებდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს მოიკოჭლებდნენ, თამაშის მიწურულს კი დაკარგული ინიციატივის დასაბრუნებლად იბრძოდნენ. კარგია, რომ მათ ძალისხმევა ორივე შემთხვევაში გოლით დაფასდა.

მალტაზე 5:2 კი ახალგაზრდულის საუკეთესო თამაშად მიგვაჩნია. გასაგებია, რომ მეტოქე არ მიეკუთვნება უძლიერესთა რიგებს, მაგრამ მაინც: გასვლაზე იოლი გამარჯვება და უდიდესი უპირატესობის 5 გოლში ასახვა დასაფასებელია.

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციოში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკვე ცნობილია: საფრანგეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი.

მათგან საგაისო ევროპირველობაზე მხოლოდ ფრანგები ითამაშებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სლოვაკეთი, შვეიცარია ან აზერბაიჯანი იოლი მეტოქეა (ლიხტენშტაინი გამოკვეთილი აუტსაიდერია). წლევანდელი პროგრესი შემთხვევითი რომ არ იყო, გუნდმა გაისად უნდა დაამტკიცოს. ეს, კალენდრის გათვალისწინებით, რთული იქნება: პირველი 5 მატჩიდან 4 გუნდს სტუმრად უწევს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 12 დეკემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian