2018: სანაკრებო წელიწადი – ეროვნული გუნდი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წლევანდელი ასპარეზობა დადებითად უნდა შევაფასოთ. და მხოლოდ სტატისტიკა აქ არაფერ შუაშია.
გამარჯვებები და გოლები კარგია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა უკეთესია, როცა მიზანსაც აღწევ. საქართველომ კი უპირველეს გამოწვევას ჩინებულად უპასუხა – ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო და C დივიზიონში ამაღლდა. მთავარი ამოცანა ხომ უეფას სადებიუტო ტურნირში წარმატებული თამაში და გამარჯვება იყო. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ჯგუფი კი არა, ზოგადად, D დივიზიონი დაასრულეს საუკეთესო მაჩვენებლით, ჩვენი დასკვნა, ვფიქრობთ, ობიექტურია.
ერთა ლიგის ეგიდით შემოდგომით ჩატარებულ 6 ოფიციალურ მატჩს 4 ამხანაგური უსწრებდა. 2018 წლის მიმოხილვას ამ თამაშებით დავიწყებთ.

ვაისის გუნდი პირველად მარტის მიწურულს, თბილისში ვიხილეთ. ლიეტუვასთან და ესტონეთის ნაკრებ გუნდებთან ამხანაგურებში ქართველები შთამბეჭდავები იყვნენ და ამას ანგარიშებიც ადასტურებს – 4:0 და 2:0.

განსაკუთრებით ეფექტური ლიეტუველებთან მატჩის პირველი ტაიმი იყო. ის 2018 წელს საუკეთესო 45 წუთად მიგვაჩნია. თამაშის ხარისხი დასაფასებელია – ჩინებული იყო, უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ნაკრებმა უდიდესი უპირატესობა გოლებში გარდასახა. ცოტა მატჩი ყოფილა, როცა გუნდს კარგად უთამაშია, მაგრამ გოლი ვერ გაუტანია?! ამიტომ ვამბობთ, რომ ლიეტუვასთან პირველი 45 წუთი საუკეთესო ტაიმი იყო.

შეგახსენებთ: გიორგი პაპუნაშვილის, გიორგი ქვილითაიას, ვაკო ყაზაიშვილის (პენალტი) და გიორგი ჩაკვეტაძის ზუსტი დარტყმებით საქართველო შესვენებაზე 4-ბურთიანი უპირატესობით გავიდა. გოლებს კი ჩინებული კომბინაციები, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა და ბურთის გონივრული გათამაშება უსწრებდა. ერთი სიტყვით, იმ ტაიმში საქართველო უნაკლო იყო. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ნაკრების წლის მოთამაშემ (ჩვენი, და ალბათ, ბევრის აზრით) გიორგი ჩაკვეტაძემ მთავარი გუნდის მაისური პირველად იმ დღეს მოირგო.

საქართველომ ესტონეთთანაც ჩინებულად დაიწყო, ჯიმი ტაბიძის და ყაზაიშვილის გოლებით მალევე დაწინაურდა, თუმცა როგორც ლიეტუველებთან, ესტონელებთან მატჩის მეორე ნახევარიც ნაკლებად ეფექტური გამოდგა. მაგრამ სათქმელია, რომ ვაისის გუნდმა კარგად დაწყებული საქმე ორივე შემთხვევაში აუღელვებლად დაასრულა.

ივნისის დასაწყისში ავსტრია-ლუქსემბურგში გამართულ ორ ამხანაგურს კი კარგად მოსაგონარი ნამდვილად არ ეთქმის: რთული გამარჯვება მალტასთან – 1:0 (გურამ კაშიამ ბოლოსწინა წუთზე შეაგდო პენალტი) და უსახური თამაში და გულსატკენი წაგება ლუქსემბურგთან – 0:1.

„ოფიციალურ მატჩებამდე მეტი ამხანაგური არ გვიწევს და ეს ცუდია. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრებში მიღებულ გაკვეთილებს ბიჭები გაითვალისწინებენ. და რაც მთავარია: მინდა, რომ ოფიციალურ მატჩებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. იმედია ასეც იქნება“, – კომენტარი ვლადიმირ ვაისის ერთ-ერთი ინტერვიუდან.

ნაკრები 3-თვიანი შესვენების შემდეგ სექტემბრის პირველ რიცხვებში შეიკრიბა. ერთა ლიგის საწყის ორ ტურში „ჯვაროსნებს“ ყაზახეთში სტუმრობა და თბილისში ლატვიასთან დაპირისპირება უწევდათ.

6 სექტემბერს ასტანაში დანიშნული მატჩი ყველაზე მნიშვნელოვნად განიხილებოდა. ხომ გახსოვთ? წილისყრისთანავე ითქვა (მათ შორის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებისგანაც), რომ მთავარი მეტოქე ყაზახეთი იყო და სწორედ მათთან გამოჩნდებოდა გუნდის პლუსი და მინუსი.

საქართველომ 2:0 გაიმარჯვა. ბიჭებმა თავდაჯერებულად ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ ორ ეპიზოდში გაუმართლათ, საერთო ჯამში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს. 3 ქულა საქართველოს დარჩა, გამარჯვებულებს კი, ხომ გახსოვთ, არ ასამართლებენ.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მან უბრალოდ გაიბრწყინა! მისი გოლი ეფექტური და გარდამტეხი გამოდგა, ხოლო რა გავლენა მოახდინა ნაკრებზე (და არა მხოლოდ ამ შეხვედრაში), ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია.

ყაზახური 2:0-ის შემდეგ კი საქართველომ ლატვია დიდი ძალისხმევით, თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით დაამარცხა. და სხვათა შორის, ის 11-მეტრიანიც ჩაკვეტაძემ მოიპოვა. საკამათო ეპიზოდი იყო, ბევრი თვლის რომ მსაჯმა გადაამლაშა, თუმცა ახლა ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ 3 ქულა კვლავ ვაისის გუნდს დარჩა. ისტორიას სწორედ ეს შემორჩება.

ოქტომბერში ნაკრებმა თითქმის უნაკლოდ ითამაშა – 3:0 შინ ანდორასთან და იგივე ანგარიში რიგაში, ლატვიასთან. ეროვნულმა ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ ორი ოფიციალური მატჩი დიდი ანგარიშით!

IV ტურის შემდეგ გაცხადდა, რომ სლოვაკი სპეციალისტის გუნდს I ადგილს ვერავინ შეეცილებოდა – მეტოქეები ქულებს კარგავდნენ და სულ უფრო სცილდებოდნენ საქართველოს.

ნოემბერში, ანდორასთან 1:1-ის შემდეგ, საქართველომ ჯგუფში I ადგილი გაინაღდა. კარგი იქნებოდა ნაკრებს მოეგო და კვლავაც „მშრალად“ შეენახა კარი – რეკორდებს ხომ თავის ხიბლი აქვს.

19 ნოემბერს, ყაზახეთთან საშინაო მოგებით – 2:1 – საქართველომ ოფიციალურად დაიკავა I ადგილი. ჩაკვეტაძე კვლავ საუკეთესო იყო და თითქმის იგივე სტილში გაიტანა, როგორც ასტანაში. აქვე გეტყვით, რომ მან 4 გოლით დაასრულა D დივიზიონი, მასზე მეტი კი – 5 – მხოლოდ სომეხმა იური მოვსისიანმა და ბელარუსმა სტანისლავ დრაჰუნმა მიითვალეს.

ჯგუფის მოგებით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის მეორე გათამაშებაში ზედა, C დივიზიონში ასპარეზობა გაინაღდეს და… ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსიც შეინარჩუნეს. შეგახსენებთ: იმ შემთხვევაში, თუ ნაკრებმა საგაისო საკვალიფიკაციო ტურნირი ჩააგდო (მეტოქეები არიან შვეიცარია, ირლანდია, დანია და გიბრალტარი), როგორც ერთა ლიგის ჯგუფის პირველადგილოსანი, D დივიზიონის ფლეი-ოფში იასპარეზებს. იქიდან კი კონტინენტის პირველობა ხელის გაწვდენაზეა: ნახევარფინალი თბილისში ბელარუსთან, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალი კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილის ტრიუმფატორთან. ეს ორი მატჩი, გეცოდინებათ, 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

8 გამარჯვება, ფრე და მარცხი, 19 გატანილი და 3 გაშვებული გოლი – ასეთია წლევანდელი ეროვნული ციფრებსა და რიცხვებში. ჩინებული შედეგია.

და რომ არა ლუქსემბურგში წაგება, ვაისი გახდებოდა მეორე მწვრთნელი, ვინც წაუგებლად დაასრულებდა წელიწადს. პირველი, რომელმაც ეს შეძლო, თემურ ქეცბაიაა: 2010 წელი მისმა საქართველომ 3 მოგებით და 5 ფრით დახურა.

სხვა რა ვთქვათ? ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისთვის უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიშს 750 ათასი ევროთი შეავსებს.

წლის დასასრულისთვის მშვენიერია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 13 დეკემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian