2019 წლის სეზონის წინ: 7 რამ, რაც უნდა გვახსოვდეს

რით დაგვამახსოვრდა 2018 წელი ჩოგბურთის მოყვარულებს?
პირველ რიგში როჯერ ფედერერის ზეობით. უბერებელი შვეიცარიელი ხომ რეიტინგის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი გახდა!
ნურც ნოვაკ ჯოკოვიჩს დავივიწყებთ. სერბმა მორიგი მასტერსები მოიგო და გახდა პირველი, რომელმაც კარიერაში ამ სერიის ყველა ტურნირზე გაიმარჯვა!
და ჯონ ისნერი? მან ხომ მე-10 000 ეისი მიითვალა?!
რეკორდებს და საინტერესო ნიშნულებს 2019 წელსაც ბევრჯერ ვიხილავთ. ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი 7 სავარაუდო მოვლენა კი ასეთია:

12
რაფაელ ნადალი ერთადერთია, ვინც კონკრეტული თასი 10-ჯერ და მეტჯერ მოიგო. ლეგენდარულმა ესპანელმა ეს მონტე კარლოში, ბარსელონასა და როლან გაროზე შეძლო – ყველგან 11-ჯერ გაიმარჯვა. არცაა საჭირო შეგახსენოთ, რომ ყველა ტურნირი თიხნარზე ტარდება, იქ კი ცაცია მაიორკელი უბრალოდ უძლეველია.
თუ როჯერ ფედერერი წელს ჰალეში ან ბაზელში გაიმარჯვებს, ნადალის შემდეგ მეორე იქნება ერთ შეჯიბრზე 10 ტრიუმფით. დიადმა ალპელმა ორივე ტურნირი 9-ჯერ მოიგო.

25
3 თასის მოგების შემთხვევაში ხუან მარტინ დელ პოტრო მხოლოდ მესამე არგენტინელი გახდება, კარიერაში 25-ე ტიტულს რომ მოიგებს.
ამ მხრივ ლიდერი ლეგენდარული გილერმო ვილიასია. მან 62-ჯერ აღმართა ტურნირების მთავარი თასები, 80-90-იანი წლების ქალთა ჩოგბურთის მშვენება გაბრიელა საბატინიმ კი 27 ტიტულით დაასრულა კარიერა.

75
თუ 3 ტურნირს მოიგებს, ATP-ის რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი 75-იანთა ელიტარული კლუბის წევრი გახდება.
პროფესიონალთა ტურში ამდენი და მეტი ტიტული მხოლოდ 5 ჩოგბურთელს მოუგია: ჯიმი კონორსს (109), როჯერ ფედერერს (99), ივან ლენდლს (94), რაფაელ ნადალს (80) და ჯონ მაკინროის (77).
ჯოკოვიჩი 72 გამარჯვებით მეშვიდეა. ხსენებული ხუთეულის გარდა მასზე წინაა როდ ლეივერი – 74 თასი.

100
როჯერ ფედერერს ATP-ის ეგიდით 99 შეჯიბრებაზე გაუმარჯვია. ყველა დარწმუნებულია, რომ დამდეგ წელს სუპერშვეიცარიელი საიუბილეო, მეასე თასს აღმართავს. მას ეს გასრულებულ სეზონშიც შეეძლო, თუმცა პარიზის მასტერსზე და ლონდონში, წლის შემაჯამებელზე ნახევარფინალში დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ მასზე მეტი ტიტული ერთეულთა შორის მხოლოდ ამერიკელ ჯიმი კონორსს მოუგია – 109.

125
ამერიკელი ძმების მაიკ და ბობ ბრაიანების სახელი ჩოგბურთის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობია: მათ წყვილთა შორის ყველაზე მეტი – 116 ტურნირი მოიგეს!
ბოლო სეზონში ძმები ცალ-ცალკე ასპარეზობენ. მაიკ ბრაიანს, რომელიც ახლა სხვა მეწყვილესთან ერთად გადის კორტზე, კარგი შანსი აქვს ამ დისციპლინაში 125-ე გამარჯვება იზეიმოს. ძმასთან დაშორების შემდეგ მან კიდევ 5 ტიტული მოიგო და თუ 2019-ში 4 თასს აღმართავს, 125-იან ნიშნულსაც მიაღწევს.

250
რეიტინგს ჯოკოვიჩი ლიდერობს. სერბი, საერთო ჯამში, 238 კვირაა პირველ საფეხურზეა და შესანიშნავი შანსი აქვს კენწეროში გატარებული საიუბილეო, 250-ე კვირაც იზეიმოს. იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის პირველ ნახევარში მას ბევრი ქულა არ აქვს დასაცავი, სავარაუდოდ ასეც მოხდება.
პირველ პოზიციაზე გატარებული კვირებით კი ჯოკოვიჩი ფედერერს (310), პიტ სამპრასს (286), ლენდლს (270) და კონორსს (268) ჩამორჩება.
200-იან ნიშნულთან ახლოსაა ჯოკოვიჩის მდევარი ნადალი, რომელმაც სხვადასხვა დროს 196 კვირა დაასრულა პირველ ადგილზე.

1 200
ფედერერს ჩინებული შანსი აქვს გახდეს მხოლოდ და მხოლოდ მეორე, რომელიც პროტურში ამდენ გამარჯვებას იზეიმებს.
დიდი სლემის 20-გზის ტრიუმფატორი 1 180 მოგებით ხვდება 2019 წელს, მასზე წინ კი მხოლოდ ჯიმი კონორსია (ისევ!) – 1 256.
თავის მხრივ, ნადალს შეუძლია გახდეს მხოლოდ მეოთხე, რომელიც 950-იან ნიშნულს გადალახავს. რაფას აქტივში 918 მოგებაა და ის მხოლოდ კონორსს, ფედერერს, ივან ლენდლს (1068) და გილერმო ვილიასს (949) ჩამორჩება.
850-ე გამარჯვებასთან ახლოსაა ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა 836 მატჩი მოიგო და ხსენებული მოთამაშეების გარდა ჯონ მაკინროის (881), ანდრე აგასის (870) და ილიე ნასტასეს (842) ჩამორჩება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 31 დეკემბერი)

ka_GEGeorgian