2020: კალენდარში 22 რბოლაა
ფორმულა 1-ის 2020 წლის კალენდარში 22 გრან პრი დამტკიცდა! სამეფო რბოლის მფლობელმა ლიბერთი მედიამ ახლახანს გამოაქვეყნა საგაისო კალენდარი, რომლის მიხედვით პირველად გათამაშდება 22 დიდი პრიზი.
2020 წლის ჩემპიონატი ტრადიციულად ავსტრალიაში დაიწყება – რბოლა 15 მარტისთვისაა დანიშნული, შემდეგ კი ფორმულა 1-ის მონაწილეები ასეთი თანმიმდევრობით იასპარეზებენ:
ბაჰრეინი – 22 მარტი
ვიეტნამი – 5 აპრილი
ჩინეთი – 9 აპრილი
ნიდერლანდები – 3 მაისი
ესპანეთი – 10 მაისი
მონაკო – 24 მაისი
აზერბაიჯანი – 7 ივნისი
კანადა – 14 ივნისი
საფრანგეთი – 28 ივნისი
ავსტრია – 5 ივლისი
დიდი ბრიტანეთი – 19 ივლისი
უნგრეთი – 2 აგვისტო
ბელგია – 30 აგვისტო
იტალია – 6 სექტემბერი
სინგაპური – 20 სექტემბერი
რუსეთი – 27 სექტემბერი
იაპონია – 11 ოქტომბერი
აშშ – 25 ოქტომბერი
მექსიკა – 1 ნოემბერი
ბრაზილია – 15 ნოემბერი
აბუ დაბი – 29 ნოემბერი
ისტორიაში პირველად გაისად ვიეტნამის გრან პრი გათამაშდება – რბოლა დედაქალაქ ჰანოის ქუჩებში გაიმართება, ნიდერლანდების დიდი პრიზი კი 1985 წლის შემდეგ ბრუნდება.
კალენდარში არაა გერმანიის დიდი პრიზი, ერთ-ერთი უდიდესი რბოლა. ლიბერთი მედიას ცნობით, გერმანულ მხარესთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდა და ეტაპიც ამიტომ ამოვარდა კალენდრიდან, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გერმანიის გრან პრი 2021 წლისთვის დაბრუნდეს.
ფორმულა 1-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩეიზ კერის თქმით, ლიბერთი მედიას სურვილია, რომ სეზონში დიდი პრიზების რაოდენობა 24-მდე გაიზარდოს. ამ პროექტს ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ჯერ უნდობლად უყურებენ, თუმცა რბოლების რაოდენობის ზრდა ფინანსურ მოგებასაც გულისხმობს, ამის გათვალისწინებით კი მათ, შესაძლოა, მომავალში თანხმობა განაცხადონ.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 აგვისტო)