2:2 სომხეთთან: რაც არ მომეწონა

უეფას 2020-21 წლების ერთა ლიგის C დივიზიონის II ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან ფრედ 2:2 ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯერ აგებდა, შემდეგ იგებდა და 2 ქულა მხოლოდ გვიანი პენალტის გამო დაკარგა.
3 თამაშის შემდეგ ჯვაროსნები 5 ქულით II ადგილზე არიან და ახლა ნაკლები გატანილი გოლით ჩამორჩებიან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს, რომელსაც ზეგ, 14 ოქტომბერს სკოპიეში გაეჯიბრებიან.
ვფიქრობ, ჯგუფის გამარჯვებული სწორედ იმ თამაშში გამოვლინდება – მეეჭვება ნოემბრის მატჩებში, სომხეთის და ესტონეთის წინააღმდეგ, რომელიმემ ქულები დაკარგოს. თანაც, ურთიერთდაპირისპირებაში ხომ ევროჩემპიონატის მონაწილე უნდა გამოვლინდეს.

მესმის, რომ პოლონეთის ქალაქ ტიხის მშვენიერ სტადიონზე ჩვენმა გუნდმა პირობითად მეტოქის მოედანზე ითამაშა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს გუშინდელ ქულას ნამდვილად ვერ ჩავუთვლი აქტივში.

სხვა კუთხით თუ შევხედავთ, გუნდმა თამაში გადაარჩინა – პირველი ხომ მეტოქე დაწინაურდა, მაგრამ სომხეთის ნაკრებისადმი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ დღეს ჯვაროსნები გაცილებით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, ვიდრე მეტოქე; შედეგიც ჩვენებს უკეთესი აქვთ და ნახევარდაცვა-თავდასხმის თამაშიდან გამომდინარე, საქართველო მოგებას იმსახურებდა.

მაგრამ ვაისის გუნდმა ვერ გაიმარჯვა და ეს, პირველ რიგში, სლოვაკი სპეციალისტის ბრალი მგონია.

მას შემდეგ, რაც ეროვნული ვაისმა ჩაიბარა, გუშინ პირველად არ ვნახე, რომ გუნდმა ვერ მოიგო მატჩი, რომელშიც მარტივად, თავის ტკივილის გარეშე უნდა გაემარჯვა. და ვერ გაიმარჯვა იმიტომ, რომ ბატონმა ვაისმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენი ნაკრების თავკაცს თუ რამეს ვუწუნებ, პირველ რიგში ზედმეტ სიფრთხილეს, შემდეგ კი დროდადრო მიღებულ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს და დაგვიანებულ ცვლილებებს. ვთვლი, რომ სწორედ ამ მიზეზებით ვერ მოიგო ნაკრებმა გუშინ და მანამდე კიდევ რამდენიმე მეტოქესთან.

გუშინ, როგორც კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე ეროვნული ნაკრების განაცხადი დაიდო, მაშინვე გავიფიქრე, რომ სომხებთან უსიამოვნო ამბებს ვერ გადავურჩებოდით.

გასაგებია რომ ბელარუსთან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ზოგი გადაღლილი იყო, ტრავმების შესახებაც წავიკითხე, მაგრამ ძირითადში ერთბაშად 9 ცვლილებას მაინც არ ველოდი.

ბოლოს და ბოლოს, ეს არ იყო ამხანაგური, არაფრისმომცემი მატჩი, რომელშიც თავისუფლად შეგიძლია ყველა სათადარიგო ერთდროულად შეამოწმო. სომხეთთან პაექრობა ოფიციალური იყო და შესაბამისად, მწვრთნელს ასეთი რადიკალური ნაბიჯი არ უნდა გადაედგა.

თუ ნახევარდაცვასა და თავდასხმაში გამოჩენილებს ასე თუ ისე ველოდი, დაცვის ოთხეულის მთლიანმა ცვლილებამ გამაკვირვა და, არ დავმალავ, გამაწბილა. გუშინ რომ ჯვაროსნებმა ვერ მოიგეს, ამაში მთავარ დამნაშავედ სწორედ მწვრთნელის მიერ შერჩეული დაცვა მიმაჩნია.

ეროვნული ნაკრები სომხეთთან

2020 წლის 11 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ტიხში, სომხეთთან მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია, გია გრიგალავა, ნიკა კაჭარავა, მამუკა კობახიძე, გიორგი მაკარიძე. პირველ რიგში: გიორგი ნავალოვსკი, ვაკო ყაზაიშვილი, ჯაბა ჯიღაური, ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია

შეგახსენებთ: ბელარუსთან ძირითადში ითამაშეს ოთარ კაკაბაძემ (მარჯვენა ფლანგზე), საბა კვირკველიამ და გურამ კაშიამ (ცენტრში) და ლაშა დვალმა (მარცხნივ).

კაკაბაძე და კაშია დაშავდნენ და სომხებთან დაპირისპირება ამიტომ გამოტოვეს, კვირკველია და დვალი კი მწვრთნელმა დაასვენა. ასევე ჯიმი ტაბიძე, ვინც ბელარუსების წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სომხეთთან ჩვენი დაცვის ოთხეული მაინც მოულოდნელი იყო: ჯაბა ჯიღაურს, ვინც მცველი არ არის, ვაისმა მარჯვენა ფლანგი ანდო; ცენტრში გია გრიგალავა და მამუკა კობახიძე დააყენა, მარცხნივ – გიორგი ნავალოვსკი.

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დაცვის ხაზი, რაც კი ეროვნულის ისტორიაში მინახავს! ამ ოთხეულს არასდროს უთამაშია ერთად, მწვრთნელმა კი ისინი პირდაპირ ოფიციალურ მატჩში შეუშვა!

ეგებ ვინმემ თქვას, რომ ჯიღაური, კობახიძე და ნავალოვსკი ბათუმის დინამოში თანაკლუბელები არიან და შესაბამისად, შეთამაშებულებიც, მაგრამ ერთია საქართველოს ჩემპიონატი და სხვა – ეროვნული ნაკრები და უეფას ერთა ლიგა.

ნაკრების დებიუტანტი მამუკა კობახიძე აშკარად ნერვიულობდა და ერთხელ გაუმართებლად ითამაშა, ბურთიანად წინ წაწევა რომ სცადა. იმ მომენტში მეტოქემ ვერ ივარგა, თორემ ჩვენი გუნდი ნაღდად დაისჯებოდა. ზოგადად, კობახიძეს უფრო თამამად თამაში მართებდა.

ხორენ ბაირამიანის გოლში მთავარი დამნაშავე ჯიღაურია – კარგა ხანს სდია საგოლე პასის ავტორს და საბოლოოდ ვერც გააჩერა. სხვანაირად რომ ვთქვა, მცველისთვის აუცილებელი ცოდნა არ აღმოაჩნდა.

არც ნავალოვსკის თამაში იმსახურებს ქებას: კარის სიახლოვეს რამდენჯერმე დაჯარიმდა და ბაირამიანის გოლის დროსაც იჩქარა.

რაც შეეხება გრიგალავას, მას გამოუცდელი ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ სანაკრებო დონის შესაბამის ფიზიკურ ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რომ ცენტრალური მცველის კვალობაზე გრიგალავა ზედმეტად მოუქნელი იყო, რამდენიმე შემთხვევაში კი გაუმართლებლად იუხეშა, მათ შორის მხითარიანის წინააღმდეგ, რასაც მაკარიძის კარში სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოჰყვა.

დაცვაში გამწესებული ნახევარმცველი…

დებიუტანტი დაცვის ცენტრში…

პოზიციური შეცდომები და უხეში თამაში საკუთარი კარის სიახლოვეს…

მოკლედ რომ ვთქვა, პრობლემები პირველიდან 90ე წუთამდე.

არადა ბოლო მატჩებში ეროვნულის დაცვა მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა და თამაშის ხარისხით შემტევებს ნაღდად სჯობდა.

გუშინ კი სწორედ თავდამხმელთა კარგმა თამაშმა გადაარჩინა ქულა. და ისინი უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ეგებ დაცვის შეცდომებით გამოწვეული ზარალიც გადაეწონათ.

მაგრამ ასე არ მოხდა. როცა დაცვას მათ ანდობ, ვისაც არასდროს უთამაშია ერთად, პრობლემებს უნდა ელოდე.

საწყენი კი ისაა, რომ გუშინდელი პრობლემების თავიდან აცილება შეიძლებოდა. უბრალოდ მწვრთნელს ასე არ უნდა გაერისკა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 12 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian