23:15, 13:2, 9:3, 4:3… – რა ანგარიშით დასრულდება ნადალი-ფედერერი?

„ჩვენ ურთიერთობას დაპირისპირებას ვერ დავარქმევ. ბევრჯერ გვიწევს ერთმანეთთან თამაში, რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად ვხვდებით კორტს მიღმაც და ეს მხოლოდ პროფესიული კავშირი არაა, ეს დიდი ურთიერთპატივისცემაა“ – ეს სიტყვები როლან გაროს 11-გზის ჩემპიონმა რამდენიმე წლის წინ განაცხადა.
„ძალიან დიდი ხანია მხარდამხარ მოვდივართ, არც კი ვიცი ზუსტად რამდენ ტურნირზე გვითამაშია, საქველმოქმედო შეხვედრებს ხომ სათვალავი არ აქვს… რაფა, გარდა იმისა, რომ ძლიერი მეტოქეა, საინტერესო ადამიანია. ჩვენი პაექრობა ერთი დიდი თავგადასავალია“, – ეს უკვე როჯერ ფედერერის სიტყვებია, წელს, ინდიან უელსის მასტერსზე არშემდგარი ნახევარფინალის რომ თქვა.
ყველა დროის გამორჩეული ჩოგბურთელები რამდენიმე საათში როლან გაროს ფინალის საგზურს გაითამაშებენ – ესპანელი და შვეიცარიელი ცენტრალურ კორტზე დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.
ეს მათი 39-ე დაპირისპირება იქნება. ჩოგბურთის ქომაგებმა ორი სუპერვარსკვლავის შესახებ თითქმის ყველაფერი იციან, მაგრამ ჩვენ კარსმომდგარ კლასიკას 10 საინტერესო ფაქტით მაინც გამოვეხმაურებით:

1: ჩოგბურთის ისტორიას მხოლოდ ორი დაპირისპირება ახსოვს, რომელშიც მეტოქეებმა როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალზე მეტჯერ ითამაშეს. 54 პაექრობა შედგა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის, ფედერერი კი რეიტინგის სერბ ლიდერს 47-ჯერ დაუპირისპირდა.

2: როლან გარო თიხნარზე ტარდება. ამ საფარზე ნადალი 13:2-ს უგებს ფედერერს, თუმცა მეტოქეთა ბოლო 5 მატჩი შვეიცარიელმა მოიგო.

3: მათ თიხნარზე ბოლოს 2013 წელს, რომის მასტერსის ფინალში ითამაშეს. ნადალმა 6:1, 6:3 მოიგო.

4: ეს მათი მე-6 მატჩია როლან გაროზე. წინა 5 დაპირისპირება ნადალის გამარჯვებით დასრულდა. ესპანელმა შვეიცარიელი 2006, 2007, 2008 და 2011 წლებში ფინალში დაამარცხა, 2005 წელს კი ნახევარფინალში.

5: დიდი სლემის ტურნირებზე მათ 12-ჯერ ითამაშეს. ესპანელი წინაა – 9:3.

6: როლან გაროზე ყველაზე მეტი მატჩი – 91 – რაფაელ ნადალმა მოიგო. საფრანგეთის ღია პირველობის ისტორიაში 11-გზის ჩემპიონი მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა: 2009 წელს რობინ სოდერლინგთან, 2015 წელს კი ნოვაკ ჯოკოვიჩთან. ფედერერის პარიზული სტატისტიკა ასეთია – 70:16. როლან გაროზე გამარჯვებების რაოდენობით ფედერერი მხოლოდ ნადალს ჩამორჩება.

7: მას შემდეგ, რაც 30 წლის იუბილე იზეიმეს, როჯერ ფედერერმა დიდი სლემის 4 ტურნირი მოიგო, რაფაელ ნადალმა 3.

8: დიდი სლემის ნახევარფინალებში მეტოქეთა სტატისტიკა ასეთია: როჯერ ფედერერი – 30:13, რაფაელ ნადალი – 25:5.

9: მიმდინარე გათამაშებაში რაფაელ ნადალმა რონალ გაროს კორტებზე 10 საათი და 59 წუთი გაატარა, როჯერ ფედერერმა 14 წუთით ნაკლები – 10:45.

10: როჯერ ფედერერი 37 წლის და 305 დღის გახლავთ. ის მეორე ყველაზე ასაკოვანია, რომელიც როლან გაროს ნახევარფინალში გავიდა. 1968 წელს პანჩო გონსალესმა 40 წლის ასაკში ითამაშა ამავე ეტაპზე.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 ივნისი)

ka_GEGeorgian