37
რა თქმა უნდა ვიცოდი რომ იტალიის ეს საოცარი სერია ადრე თუ გვიან დასრულდებოდა, მაგრამ ნაღდად ვერ ვიფიქრებდი, თუ ის გუშინ, მილანში შეწყდებოდა. თამაშამდეც მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ ეს იტალია ამ ესპანეთზე სუსტი არ არის.
თან, მინდოდა სკუადრას ეს ტურნირიც მოეგო. სხვა თუ არაფერი, ერთ წელიწადში ჩახუტებული ორ თასი დიდებულად ჟღერს. ამავდროულად, მსურდა მანჩინის ბიჭებს ზედიზედ მესამე წელი დაეხურათ წაუგებლად და 37იც მინიმუმ 40 გამხდარიყო.
არ გამოვიდა.
თუ რატომ, ამაზე უკვე იწერება და კიდევ დიდხანს გაარჩევენ გუშინდელ თამაშს, ჩემი აზრით კი ნახევარფინალზე ყველაზე დიდი ზეგავლენა პირშავი სერგეი კარასიოვის ბრიყვულმა გადაწყვეტილებებმა მოახდინა. ლეონარდო ბონუჩის 12 წუთში ორჯერ გაფრთხილებას ვგულისხმობ.
დავუშვათ პირველ ეპიზოდში კაპიტანმა კარასიოვს ცოცხალ-მკვდარი და ჯიში და ჯილაგი აგინა და კოჭების გახვრეტით დაემუქრა. ბონუჩის ემოციურობის მიუხედავად, მეეჭვება ასე მომხდარიყო. და თუ ლეომ ხმას აუწია, ასეთი დონის თამაშებში დანიშნულ კარასიოვს იმდენი კი უნდა ესმოდეს, რომ მასთან საუბარი და თუნდაც კამათი სწორედ რომ კაპიტნის უფლებაა სხვა თანაგუნდელებისგან განსხვავებით. ერთი სიტყვით, შელაპარაკებისთვის ყვითელი გადამეტებული გადაწყვეტილება მგონია.
ჯანდაბას, ჩავთვალოთ რომ კარასიოვმა იტალიელთა გუნდისთავის მატჩის დასაწყისშივე დამშვიდება სცადა. აი სერხიო ბუსკეტსთან ორთაბრძოლისას მეორედ აფრიალებულ ყვითელზე კი ამას ვიტყვი:
1.ჩემი აზრით ეს არ იყო განზრახ უხეშობა და მსაჯმა გადაამლაშა;
2.ლამის ყველა მცველი ზუსტად ასე თამაშობს „მეორე სართულზე“ – მკლავით მეტოქის ჩამოშორებას ვგულისხმობ. და არ მახსოვს არბიტრებს ყველა შემთხვევაში ყვითელი ამოეღოთ;
3.როცა ამხელა ტურნირის ნახევარფინალს განდობენ კაცს და ვერ ხვდები, რომ ჩვეულებრივ სათამაშო სიტუაციაში მასპინძელთა კაპიტანს რამდენიმე წუთის ინტერვალით ორჯერ ყვითელი არ უნდა უჩვენო (თუ, რა თქმა უნდა, მეტოქეს კიდურები არ მოკვეთა), შენი ადგილი ელიტარული გუნდების მატჩებში უბრალოდ არ არის.
4.და რუსს ბუსკეტსის შესახებაც უნდა სცოდნოდა – სერხიო ხომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქოსატყუილა და არშემდგარი მსახიობია, მინდორზე კოტრიალი და მანჭვა-გრეხვა რომ უყვარს.
ერთ სიტყვით, კარასიოვის ასეც და ისეც! გუშინდელის შემდეგ ის ჩემთვის საძულველი რამდენიმე არბიტრის გვერდით დადგა.
მსაჯზე დავამთავრებ და კიდევ ორ ამბავს გამოვყოფ, რაც არ მესიამოვნა.
პირველი რობერტო მანჩინის შეცდომაა. ჩემი აზრით დაცვის ცენტრი ბონუჩისთან ერთად ბასტონისთვის არ უნდა ენდო. ფერან ტორესის პირველი გოლი სწორედ ამ უკანასკნელის შეცდომას მოჰყვა. ნუ, ის რომ დი ლორენცოს ფლანგზე არეულობა იყო, ეგ თავისთავად, მაგრამ ცენტრალური მცველი იმისთვისაა, რომ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფორვარდს კარში არ დაარტყმევინოს, თან ერთი შეხებით.
მეორე კი მილანიდან პარი სენ-ჟერმენში გადაბარგებულ ჯანლუიჯი დონარუმას ეხება – ძალიან არ მესიამოვნა პირველივე წუთიდან რომ უსტვენდნენ, აი მაგრად მეწყინა! კაცი ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, შენი ქვეყნის ღირსებას იცავს და მაინც კლუბურ ამბებს ახსენებ, მგონი არასწორია. ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ჯიჯომ მაინც მაგრად ითამაშა და მეორე ტაიმში მარკოს ალონსოს ლამის ასპროცენტიანი გოლი არ გაატანინა! მოკლედ, მეკარის მლანძღველმა ტიფოზებმა მაგრად მიქარეს.
სხვა რა ვთქვა?
1: იტალიის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ეგიდით მეთერთმეტედ ითამაშა და მეორედ წააგო. პირველად 2018 წლის 10 სექტემბერს, პორტუგალიასთან – 0:1. სწორედ ამ თამაშის შემდეგ დაიწყო ის 37მატჩიანი სარეკორდო სერია;
2: 2018 წლის 1 ივნისს, საფრანგეთთან ამხანაგურში 1:3ის მერე რობერტო მანჩინის ხელში სკუადრა აძურამ მხოლოდ მეორედ გაუშვა მატჩში 2 ბურთი (43 მატჩში);
3: ჯორჯო კიელინიმ 114ედ ითამაშა ნაკრებში და მხოლოდ ორი კეპით ჩამორჩება ყველა დროის სიაში მე5 ადგილზე მყოფ ანდრეა პირლოს, ლეონარდო ბონუჩი კი 112ე კეპით ლეგენდარულ დინო ძოფს გაუთანაბრდა და ახლა მე7 ადგილზეა.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 7 ოქტომბერი)
ფოტო: UEFA.com