38 388

ეს ერთ-ერთი ყველაზე ფანტასტიკური რეკორდია, რაც კი სპორტში მინახავს: რამდენიმე საათის წინ ლებრონ ჯეიმსი NBA-ის რეგულარული სეზონის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, ქარიმ აბდულ-ჯაბარის მიღწევა – 38 387 ქულა – გააუმჯობესა!

ისტორია რამდენიმე საათის წინ დაიწერა ლოს ანჯელესში, ოკლაჰომა სითი თანდერთან თამაშის მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე – მეფის ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა, ორქულიანად გარდაისახა და ლეიკერსის მეექვსე ნომერიც ლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა – 38 388 ქულა!

რეკორდის გამო მატჩი დროებით შეწყდა, დარბაზში შეკრებილი ხალხი ფეხზე წამოდგა, ლებრონს ისტორიული ამბავი პირველად დედამ, მეუღლემ და შვილებმა მიულოცეს, შემდეგ კი ქარიმ აბდულ-ჯაბარმაც შეაბიჯა მოედანზე.

1984 წლის 5 აპრილს, როცა მან ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაასწრო და NBA-ის რეგულარულის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, ლებრონ ჯეიმსი დაბადებულიც არ იყო, კალათბურთის მეფე შვიდი თვის შემდეგ მოევლინა სამყაროს.

ჯაბარი 1989 წელს წავიდა, თოთხმეტი წლის შემდეგ კი ჯეიმსმა საუკეთესო ლიგაში შეაბიჯა, 2003 წლის დრაფტის პირველ ნომრად.

რაც მას შემდეგ მოხდა, განვლილი ოცი წლის განმავლობაში, კალათბურთის მოყვარულებმა ერთად ვნახეთ – ჯეიმსმა კლივლენდშიც, მაიამიშიც და ლოს ანჯელესშიც საოცარი თამაშები გვაჩუქა, წარმოუდგენელი ფინალები და რეკორდები გვისახსოვრა და ძალიან, ძალიან ბევრი დააფიქრა: არის კი მაიკლ ჯორდანი ყველა დროის უდიდესი?

ამ კითხვას მაშინ ვუპასუხებ, როცა ჯეიმსი კალათბურთიდან წავა. ასე უფრო გამიადვილდება მათი შედარება, დღეს კი ასე ვიტყვი – სადაც მაიკლია, იქვეა ლებრონიც.

ჯორდანი დიადია, მაგრამ არანაკლებია ჯეიმსიც. მაიკლს თავის ზღაპრები აქვს დაწერილი, ლებრონი ჯერ კიდევ წერს.

მაგრამ თუ ვინმე მაინც ფიქრობს, რომ ჯეიმსს ჯორდანამდე ბევრი უკლია, ყოველი შემთხვევისთვის შევახსენებ, რომ:

1.ჯეიმსი ერთადერთია, ვისაც კარიერული სამმაგი დუბლი აქვს – ათ ათასზე მეტი ქულა, ათ ათასზე მეტი პასი და ათ ათასზე მეტი მოხსნა.

2.ჯეიმსი ერთადერთია, ვინც სამი გუნდის შემადგენლობაში გახდა NBA-ის ფინალების ყველაზე სასარგებლო მოთამაშე, MVP.

3.ჯეიმსი ფლეი ოფის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.

და დღეიდან ჯეიმსი ნომერ პირველი მექულეა!

სხვა ათობით რეკორდს და ტიტულს აღარ ჩამოვწერ, ვიკიპედიაში ყველაფერი კოხტადაა ჩამოწიკწიკებული.

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 8 თებერვალი)
ფოტო:
Los Angeles Lakers

ka_GEGeorgian