40 000!
ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით ძალიან დიდი ამბავი მოხდა – ლებრონ ჯეიმსი გახდა პირველი, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში 40 ათასი ქულა მოაგროვა! დენვერ ნაგეთსთან თამაშის მეორე მეოთხედის სტარტზე მეფე ლამაზად დაბზრიალდა სტუმართა სამწამიანთან, ფარქვეშ შეიჭრა, აფრინდა და კოხტად მოათავსა ბურთი კალათში, ამ ორ ქულით კი მისი კარიერული მონაგარი მხოლოდ რეგულარულ სეზონში 40 ათასამდე დამრგვალდა!
სურათის სისრულისთვის აღვნიშნოთ, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერმა, ვინც ოცდამეერთე სეზონს(!) ატარებს ლიგაში, ისტორიული მიღწევა საშინაო დარბაზში, კრიპტოარენაზე დააფიქსირა NBA-ის ჩემპიონის წინააღმდეგ. ლეიკერსმა მეორე, თეთრი ფორმით ითამაშა, დენვერმა კი ლურჯით.
შარშან, თებერვლის დასაწყისში, ჯეიმსი რეგულარული სეზონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა – ლეიკერსის სხვა ლეგენდას, ქარიმ აბდულ ჯაბარს გადაასწრო. მას შემდეგ ის პირად რეკორდს ზრდიდა, დღეს კი მორიგი საოცარი მიღწევა ჩაიწერა თვალისმომჭრელ კარიერაში.
„მეფემ“ 40 000-ქულიანი ზღვარი ჩვენი დროით 2 მარტს გადალახა და რადგან სწორედ ამ დღეს უკავშირდება NBA-ის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი რეკორდი და საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ერთი საინტერესო ფაქტი, მათ შესახებაც დავწერ. მერე რა, რომ იმ ამბებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა:
1962 წლის 2 მარტს უილტ ჩემბერლენი პირველი კალათბურთელი გახდა (დღემდე ერთადერთია), რომელმაც თამაში 100 ქულით დაასრულა. იმ დღეს მისმა ფილადელფია უორიორზმა 169:147 დაამარცხა ნიუ იორკ ნიქსი.
1951 წლის 2 მარტს კი, ბოსტონში, ბოსტონ გარდენის დარბაზში NBA-ის ვარსკვლავებმა პირველად ითამაშეს: აღმოსავლეთმა 111:94 დაამარცხა დასავლეთი.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 3 მარტი
ფოტო: Los Angeles Lakers