5 მთავარი ევროგამარჯვება

ეს წერილი 9 წლის წინ დავწერე, ევრო 2012ის შესარჩევ ციკლში ხორვატიის ნაკრებთან თბილისური დაპირისპირების წინ.
თემურ ქეცბაიას გუნდმა პოლონეთ-უკრაინისკენ მიმავალი გზა მშვენივრად დაიწყო და თბილისში ჩამოსულ ხორვატიასაც სძლია ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით.
5 საკვალიფიკაციო თამაშის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ისრაელთან უაზროდ წაგებული მატჩის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ხორვატებთან გამარჯვებას თუ არ ჩავთვლით, ჩემი მაშინდელი ჩამონათვალი არ შეცვლილა და ამიტომაც გთავაზობთ ამ წერილს ახლა, ბელარუსის ნაკრებთან ძალია მნიშვნელოვანი თამაშის წინ.
ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოს დგანან – 8 ოქტომბერს გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ ერთი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი, ისიც შინ და არცთუ ძლიერ მეტოქესთან.

 

1.საქართველო 5:0 უელსი (1994 წლის 16 ნოემბერი)
სადებიუტო ტურნირი – ევრო 1996 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველ ორ თამაშში 0 ქულა: სამარცხვინო საშინაო წაგება მოლდოვასთან 0:1 და 0:2 ბულგარეთში.

სწორედ ეს ორი თამაში გაიმართა უელსელებთან თბილისში პაექრობამდე. სოფიაში ჩატარებული I ტაიმი ალექსანდრე ჩივაძის გუნდის ერთადერთი პლუსი იყო შესარჩევი ციკლის სტარტზე.

ბრიტანელებთან მატჩის წინ ცოტა თუ იყო იმედიანად: თბილისში ქვეცნობიერად ჯერ კიდევ უფრთხოდნენ წარსულის ვარსკვლავებს – იან რაშს, მარკ ჰიუზს, ნევილ საუთჰოლს… არა მარტო გულშემატკივრები, ფეხბურთელებიც.

მატჩი უშუქო და გაყინულ თბილისში შუადღის 2 საათზე დაიწყო და ალბათ, ამით თუ აიხსნება მაიკლ სმიტის გუნდის უსახური თამაში – მათთვის ხომ დილის 10 საათი იყო, ამ დროს კი ფეხბურთისთვის, თუნდაც ბრიტანეთში, ცოტას თუ სცალია.

მაგრამ საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური გამარჯვება მეტოქის სუსტი თამაშის ბრალი ნამდვილად არ იყო. მასპინძლები, საწყის წუთებში საგრძნობი ნერვიულობის შემდეგ, ჩინებულად ათამაშდნენ და სასწაული მოახდინეს, სასწაული ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით:

29-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ულამაზესი, მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა! ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გოლი ოფიციალურ ტურნირებში!

I ტაიმის დამთავრებამდე გიორგი ქინქლაძემ მეორედ დააღონა უელსი, შესვენების შემდეგ კი ვეტერანი საუთჰოლის კარში კიდევ 3 გოლი გავიდა: ჯერ ქეცბაიამ მორიგი ულამაზესი ბურთი შეაგდო, მერე გოჩა გოგრიჭიანმა არანაკლებ ეფექტური გოლი გაიტანა, 65ე წუთზე კი შოთა არველაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0!

1953 წელს უელსმა საფრანგეთთან 1:6 წააგო. მას შემდეგ ბრიტანელები 5 ბურთის სხვაობით პირველად სწორედ თბილისში დამარცხდნენ.

გოლები: 1:0 თემურ ქეცბაია (29), 2:0 გიორგი ქინქლაძე (39), 3:0 თემურ ქეცბაია (48), 4:0 გოჩა გოგრიჭიანი (58), 5:0 შოთა არველაძე (65)
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 42), გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეცბაია (მიხეილ ყაველაშვილი 74), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

2.საქართველო 1:0 რუსეთი (2003 წლის 30 აპრილი)
ევრო 2004ის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვენმა გუნდმა შვეიცარიაში განადგურებით დაიწყო, ამას ოქტომბერში რუსეთთან თბილისში არდასრულებული თამაში მოჰყვა, გაზაფხულზე კი მორიგი იმედგაცრუება – ირლანდიასთან 1:2 მარცხი და შვეიცარიასთან უგოლო ფრე.

ალექსანდრე ჩივაძემ შესარჩევის დასრულებაზე უარი თქვა, სფფს კი ბევრი არ უფიქრია: ნაკრების გაძღოლა თბილისის დინამოს ხორვატ მწვრთნელ ივო შუშაკს სთხოვა, იმ დროს ქართულ ფეხბურთში ყველაზე პოპულარულ პიროვნებას.

შუშაკმა სიხარულით მიიღო შეთავაზება, ნაკრებში მის გამოჩენას კი დიდი ხმაურიც მოჰყვა – გოლეადორმა შოთა არველაძემ შეკრება დატოვა. ის რუსეთთან მატჩისთვის განაცხადში ვერ მოხვდა და გუნდში დარჩენა არ ისურვა.

ეს არ იყო მორიგი შესარჩევი მატჩი, ეს იყო ომი – ორი ქვეყნის დაპირისპირება საფეხბურთო მინდორზე.

შუშაკის ბიჭებმა ომი მოიგეს: მოსკოვის ლოკომოტივში სწორედ იმ წელს გადასულმა მალხაზ ასათიანმა თავური დარტყმით გაიტანა გამარჯვების გოლი!

საფინალო სასტვენს ზღვა ემოცია მოჰყვა!

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ რუსებთან მოგებული საფეხბურთო ომი სხვა გამარჯვებებით აღარ გაგრძელდა.

გოლი: 1:0 მალხაზ ასათიანი (11)
საქართველო: გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, კახა კალაძე, დავით კვირკველია, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), ლადო ბურდული (გიორგი შაშიაშვილი 80), მალხაზ ასათიანი (გივი დიდავა 75), გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია (რატი ალექსიძე 85)
მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)

3.საქართველო 2:1 ბულგარეთი (1995 წლის 11 ოქტომბერი)
მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ბულგარეთის ნაკრები ევრო 96ის საკვალიფიკაციოშიც ჩინებულად ასპარეზობდა და გერმანიასაც უსწრებდა. ამიტომაც იყო, რომ დიმიტარ პენევის გუნდი საქართველოს თავაწეული ესტუმრა.

ქართველი ჟურნალისტები ბულგარელებს შერატონ მეტეხი პალასში დახვდნენ. ყველას სურდა ევროპის 1994 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ხრისტო სტოიჩკოვთან გასაუბრება, თუმცა ბარსელონის ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება არავის მიაქცია და უმალ ლიფტს მიაშურა, თან ეს ძალიან უტაქტოდ გააკეთა.

მას მეკარე ბორისლავ მიხაილოვმა და კიდევ ერთმა-ორმა ლიდერმაც მიბაძა, მეორე დღეს კი ყველა ქართული სპორტული გამოცემა მათი უსაქციელობის შესახებ წერდა.

შერატონულ ამბებს ვარჯიშზე სტოიჩკოვის მორიგი გამოხდომაც დაემატა: ბურთის მიმტან ბიჭუნას წლით სავსე ბოთლი ესროლა…

მოკლედ, ბულგარელებზე მთელი საქართველო დაიბოღმა, ქედმაღალ სტუმრებს კი ყველას მაგიერ ფეხბურთელებმა გადაუხადეს სამაგიერო.

საკვალიფიკაციო ტურნირში ბულგარელთა პირველი მარცხით ყველაზე მეტად ბერტი ფოგთსის გერმანიამ იხეირა – გადამწყვეტ მატჩში დიმიტარ პენევის გუნდს სძლია და ჯგუფში I ადგილი დაიკავა.

გოლები: 1:0 შოთა არველაძე (1), 2:0 გიორგი ქინქლაძე (48, პენ), 2:1 ხრისტო სტოიჩკოვი (88)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (ბესიკ ბერაძე 83), დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია (კაპ), გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კილასონია 75), არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

4.საქართველო 2:0 შოტლანდია (2007 წლის 17 ოქტომბერი)
ევრო 2008ის შესარჩევში შოტლანდიამ ორჯერ დაამარცხა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი და კარგა ხანს ავსტრია-შვეიცარიის საგზურის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტადაც ითვლებოდა, მაგრამ…

წლების წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ტერი ვენეიბლზმა თქვა, საქართველო იმ ყაიდის გუნდია, 5 წელიწადში ერთხელ რომ დაიქუხებსო.

შოტლანდიელებმა ვენეიბლზის ნათქვამი საკუთარ თავზე გამოსცადეს: თბილისში წაგების შემდეგ ისინი კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩნენ…

ჩვენი გუნდის გერმანელმა მესაჭემ კლაუს ტოპმიოლერმა გარისკა: კარი 17 წლის გიორგი მაკარიძეს ანდო, გამთამაშებლად მისი თანატოლი ლევან ყენია დააყენა, წინ კი კიდევ ერთი თინეიჯერი ლევან მჭედლიძე.

და საქართველომ მოიგო!

მჭედლიძემ კუთხურის შემდეგ თავურით გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი დავით სირაძემ კიდევ ერთხელ გაახარა ქომაგები – 2:0!

გოლები: 1:0 ლევან მჭელიძე (16), 2:0 დავით სირაძე (65)
საქართველო: გიორგი მაკარიძე, ლაშა სალუქვაძე, გიორგი შაშიაშვილი, მალხაზ ასათიანი,ზურაბ ხიზანიშვილი (კაპ), დავით კვირკველია, ჯაბა კანკავა, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან ყენია (ილია კანდელაკი 80), ლევან მჭედლიძე (ალექსანდრე კვახაძე 85), დავით სირაძე (ლაშა ჯაკობია 90)
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)

5.ფარერის კუნძულები 0:6 საქართველო (2006 წლის 16 აგვისტო)
არც მანამდე და სამწუხაროდ, არც მას შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროშესარჩევი ასე ლამაზად არ დაუწყია: ჩვენმა გუნდმა სტუმრად 6:0 მოიგო!

მერე რა, რომ მეტოქე ფარერის კუნძულები იყო?! იმავე საკვალიფიკაციოში მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიამ ფარერებზე მხოლოდ 2:1 გაიმარჯვა…

საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში პირველად გაიტანა 6 გოლი!

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად პირველად შეაგდო 6 გოლი!

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოფიციალურ შეხვედრაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიქი!

დიდებული დასაწყისი იყო. აი, საკვალიფიკაციოს დასასრული კი…

გოლები: 1:0 დავით მუჯირი (16), 2:0 ალექსანდრე იაშვილი (18), 3:0 შოთა არველაძე (37), 4:0 ლევან კობიაშვილი (51, პენ), 5:0 შოთა არველაძე (63), 6:0 შოთა არველაძე (82)
საქართველო: გრიგოლ ჭანტურია, გიორგი შაშიაშვილი, მალხაზ ასათიანი, ილია კანდელაკი (დავით კვირკველია 67), ლევან კობიაშვილი (კაპ), კახა ალადაშვილი (გოგა გახოკიძე 72), გოგიტა გოგუა (გიორგი დემეტრაძე 58), ჯაბა კანკავა, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 14-20 მარტი)
ფოტო:
ლაშა გოდუაძის არქივი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian