50 ვარსკვლავი დინამოზე – II ნაწილი
1996 წლის შემოდგომით, ინგლისის ნაკრების თბილისში სტუმრობის წინ, გაზეთმა სარბიელმა საინტერესო ოცნების გუნდი შეადგინა: მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც 1976-1996 წლებში სხვადასხვა კლუბის თუ ნაკრების შემადგენლობაში თბილისში, დინამოს სტადიონზე ითამაშეს.
სარბიელის ის გუნდი ასე დაკომპლექტდა:
მეკარე: ტონი შუმახერი (კიოლნი; გერმანია)
მცველები: მანფრედ კალცი (ჰამბურგი; გერმანია), ივან ბულიანი (ჰამბურგი; იუგოსლავია), ერიკ გერეტსი (სტანდარდი; ბელგია), რუუდ კროლი (ნაპოლი; ნიდერლანდები)
ნახევარმცველები: ჟან ტიგანა (ბორდო; საფრანგეთი), ენცო შიფო (ანდერლეხტი; ბელგია), ლეონიდ ბურიაკი (კიევის დინამო; უკრაინა)
თავდამსხმელები: იურგენ კლინსმანი (გერმანია), ანდრაშ ტიოროჩიკი (უნგრეთი), კევინ კიგანი (ჰამბურგი; ინგლისი)
ქართველმა გულშემატკივრებმა ეს სახელგანთქმული მოთამაშეები სხვადასხვა დროს იხილეს თბილისის დინამოს, სხვა საბჭოთა კლუბების თუ საკავშირო ნაკრების წინააღმდეგ. გეცოდინებათ: კიევის დინამო, მოსკოვის სპარტაკი და დინამო, ასევე მინსკის დინამო თუ მოსკოვის ტორპედო ევრომეტოქეებს დროგამოშვებით თბილისშიც მასპინძლობდნენ.
ინგლისელთა სტუმრობიდან 25 წელიწადი გავიდა. მას შემდეგ საქართველოს დედაქალაქში ბევრმა დიდმა გუნდმა ითამაშა. სხვა თუ არაფერი, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სამჯერ უმასპინძლა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – 2006 წლის შემოდგომით იტალიას, 2012 წელს ესპანეთს, 2015 წლის გაზაფხულზე კი გერმანიას.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ევროპის სუპერთასის მფლობელი გამოვლინდა – ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ბარსელონამ ევროპალიგის გამარჯვებული სევილია 5:4 დაამარცხა. სხვათა შორის, თბილისური სუპერთასი უეფამ წლის მატჩად აღიარა…
მოკლედ, თბილისში ბევრი ვარსკვლავი ვნახეთ და მგონი საინტერესო იქნება 50 გამორჩეული ფეხბურთელის დასახელება.
პირველ ნაწილში საუკეთესო ორმოცდაათეულის საწყისი ოცეული გაგაცანით, ანუ ბოლო, 50დან 31მდე. დღეს მეორე ოცეულის ჯერია – 30დან 11მდე. ხვალ კი საუკეთესო ათ ვარსკვლავსაც შემოგთავაზებთ.
30: ფილიპო ინძაგი (იტალია – 1997)
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფორვარდმა ეროვნულ სტადიონზე მხოლოდ ათი წუთი ითამაშა, მაგრამ სიაში მაინც შევიყვანე.
ტიტულებს რომ თავი დავანებოთ (მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალს), ფილიპო ინძაგის სტატისტიკაა შთამბეჭდავი: 313 გოლი 680 ოფიციალურ მატჩში!
მას თამაშგარეს ზღვარზე თამაში უყვარდა და ამასთან დაკავშირებით სერ ალექს ფერგიუსონმა იხუმრა: ასე მგონია პიპო ოფსაიდშია დაბადებულიო…
29: ჟერარ პიკე (ახალგაზრდული – 2007, ესპანეთი – 2012, ბარსელონა – 2015)
ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე სამჯერ ითამაშა, ყველა შემთხვევაში სხვადასხვა გუნდში: 2007 წელს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2009ის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით; 2012 წელს ფურია როხას მაისურით, ტრიუმფით მოგებული ევრო 2012ის შემდეგ, 2015 წელს კი უკვე ბარსელონის შემადგენლობაში.
პიკემ ყველა შემთხვევაში გამარჯვებულმა დატოვა თბილისი: ნაკრებმა გუნდებმა ერთნაირი ანგარიშით – 1:0 სძლიეს მასპინძლებს, ბარსამ კი 5:4 დაამარცხა სევილია.
პიკე 34 წლისაა, ბარსელონასთან ერთად 30 ტიტული მოიგო და ახლახანს ხელფასის შემცირებასაც დათანხმდა მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფი გუნდის სასარგებლოდ.
28: ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია – 2015)
შვაინშტაიგერი ახლო წარსულის ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელია. ჯერ კიდევ მოსწავლე იყო ბაიერნის საფეხბურთო სკოლას რომ შეუერთდა და კარიერის საუკეთესო წლები იქვე გაატარა. მიუნხენური კლუბის პირველ გუნდში ცამეტი სეზონი დაჰყო და 18 ტიტული მოიგო, მათ შორის ბუნდესლიგა რვაჯერ!
ბევრი თვლის, რომ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლით შეცდომა დაუშვა. ფაქტები ამას ადასტურებს: ოლდ ტრაფორდზე ვერ დამკვიდრდა, მალე ამერიკაში, ჩიკაგო ფაიერში გადაბარგდა, 2016 წელს კი მშვენიერ ანა ივანოვიჩზე დაქორწინდა და საერთოდ ჩამოშორდა ფეხბურთს.
შეიძლება არ გახსოვდეთ: 2007 წელს გერმანიამ ამხანაგურ მატჩში (როსტოკში) 2:0 აჯობა საქართველოს, ბასტიანმა კი 24ე წუთზე პირველი გოლი გაუტანა გიორგი ლომაიას.
27: ლუის სუარესი (ბარსელონა – 2015)
ერთ-ერთმა საუკეთესო ურუგვაელმა ფორვარდმა თბილისში ევროპის სუპერთასის ეგიდით ითამაშა. მისმა ბარსელონამ 5:4 სძლია სევილიას, სამხრეთამერიკელმა კი ერთი გოლი გაიტანა – 52ე წუთზე. თბილისური მატჩი სუარესმა შეუცვლელად ჩაატარა.
ურუგვაელი მეორე სეზონს ატარებს მადრიდის ატლეტიკოში, სადაც პირველივე წელს ლა ლიგა მოიგო. მანამდე კი ის აიაქსში, ლივერპულში და ბარსელონაში ბრწყინავდა, ტიტულებით დახუნძლული კარიერა კი მონტევიდეოს ნასიონალში დაიწყო.
26: ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი – 1995)
დიდებული ბულგარელი თბილისს ევროპის წლის მოთამაშის რანგში ეწვია. ჩინებულად ჩატარებული 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ბომბარდირი გახდა, ფრანს ფუტბოლმა სტოიჩკოვი ოქროს ბურთით დააჯილდოვა.
ის იოჰან კრუიფის დიდი ბარსელონის ლიდერი გახლდათ რონალდ კუმანთან და რომარიოსთან ერთად.
ეროვნული სტადიონი ხრისტომ გოლით, თუმცა დამარცხებულმა დატოვა: საქართველომ მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ბულგარეთი 2:1 დაამარცხა!
25: თომას მიულერი (გერმანია – 2015)
ბაიერნის ვიცე-კაპიტანი 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ბომბარდირი გახდა და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც აღიარეს, 2014 წელს კი უკვე მსოფლიო თასი აღმართა და ვერცხლის ბუცი მოიგო.
თომას მიულერს ასზე მეტჯერ უთამაშია ნაკრებში, მიუნხენის ბაიერნის მაისურით მოგებული 29 თასით კი ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი გერმანელი ფეხბურთელია.
ბუნდესგუნდის მაისურით მან 39 გოლი შეაგდო და მათ შორის ორი საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში, ორივე 2015 წელს: მარტში თბილისში, ოქტომბერში კი ლაიპციგში.
24: ფრანკ რიბერი (საფრანგეთი – 2006, 2013)
ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავი დინამო არენაზე პირველად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონად ვიხილეთ. 2006 წელს ის გუნდის ახალწვეული იყო, 2013 წელს კი, როცა დეშამის რჩეულთა შორის მოხვდა, უდიდესი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს.
ბულონ სუ მერში დაბადებულმა შემტევმა ნახევარმცველმა თორმეტი სეზონი გაატარა მიუნხენის ბაიერნში და 23 ტიტული მოიგო, 35 წლისამ კი ფლორენციის ფიორენტინას მიაშურა და ორი სეზონი ითამაშა სერია აში.
2007, 2008 და 2013 წლებში ის ფრანს ფუტბოლმა საფრანგეთის წლის მოთამაშედ აღიარა, 2008 წელს კი კიკერმა ბუნდესლიგის უძლიერეს ფეხბურთელად დაასახელა.
რიბერიმ 81 სანაკრებო მატჩში 16 გოლი გაიტანა აქედან მეთორმეტე ჩვენი გუნდის კარში – 2013 წლის 22 მარტს, სტად დე ფრანსზე 3:1 მოგებულ შეხვედრაში.
23: ალესანდრო ნესტა (იტალია – 1997, 2001, 2006)
ლაციოსა და მილანის იდეალურმა ცენტრალურმა მცველმა თბილისში სკუადრა აძურას მაისური სამჯერ მოირგო. 1997 და 2006 წლებში მან შეუცვლელად ითამაშა, 2001 წელს კი მის ნაცვლად მეორე ტაიმში მარკო მატერაცი ჩაერთო.
ნესტა იდეალურად არჩევდა პოზიციას, შესანიშნავი იყო დაზღვევაზე თამაშში, საჰაერო ორთაბრძოლებს კი არასდროს აგებდა.
ნესტა ბოლო კაპიტანია, რომელმაც თასების მფლობელთა თასი ჩაიბარა. ეს 1999 წელს მოხდა ბირმინგემში. მაშინ ის რომის ლაციოს გუნდისთავი გახლდათ.
22: ალესანდრო დელ პიერო (იტალია – 2001)
პინტურიჩო კალჩოს და იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბის იუვენტუსის ლეგენდაა.
ეროვნულზე პირველად 1997 წელს უნდა ეთამაშა, კარიერის ზენიტში მყოფს, თუმცა თბილისში გამოფრენამდე დაშავდა და იტალიელთა მაშინდელმა მწვრთნელმა ჩეზარე მალდინიმ რობერტო ბაჯოთი ჩაანაცვლა.
2001 წელს დელ პიერომ მაინც შეაბიჯა ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე. იმ დროს სკუადრა აძურას ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა…
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი დღეს საფეხბურთო კომენტატორია – იტალიის SKY-თან თანამშრომლობს, თავისუფალ დროს კი იტალიასა და ლოს ანჯელესს შორის ატარებს, კალიფორნიაში ის რამდენიმე წლის წინ გადაბარგდა ოჯახთან ერთად.
21: იურგენ კლინსმანი (გერმანია – 1995)
ფრანს ფუტბოლს ოქროს ბურთის წესდება რომ არ შეეცვალა, 1995 წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ გერმანელ სუპერფორვარდს აღიარებდნენ – მაშინ კლინსი უბრალოდ შეუდარებელი იყო!
მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონმა თბილისში კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, დუბლი შეასრულა, ევრო 96ის ფინალის დასრულების შემდეგ კი დედოფალ ელისაბედისგან ჩაიბარა ანრი დელონეს სახელობის თასი.
ჩემთვის ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი თავდამსხმელია.
20: ანდრეა პირლო (იტალია – 2006, 2009)
მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრების, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული მილანის და ახლო წარსულში სერია ას დომინანტი იუვენტუსის სული და გული, არქიტექტორი, დირიჟორი და როგორც აპენინებზე იტყვიან – ფანტაზისტა.
მილანსა და სკუადრა აძურაში ანდრეა პირლო წინწაწეული ნახევარმცველი გახლდათ, იუვენტუსში გადასულმა კი უკან დაიხია და მცველების წინ გამწესებული ხელმძღვანელობდა შეტევებს. უნდა ვთქვა, რომ ეს საქმე ჩინებულად გამოსდიოდა, რასაც ვერ ვიტყვი სამწვრთნელო ასპარეზზე – მართალია იუვენტუსმა მის ხელში თასი და სუპერთასი მოიგო, მაგრამ გუნდს თავდაჯერება და სტაბილურობა აკლდა, რის გამოც დაკარგა კიდეც ზედიზედ ცხრა სეზონის განმავლობაში დაცული სკუდეტო.
სხვათა შორის, ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფია ქართულადაა გამოცემული და ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა. გირჩევთ.
19: მანუელ ნოიერი (გერმანია – 2015)
გერმანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო ქვეყანაა, ბუნდესგუნდის კარი არაერთ დიდებულ მეკარეს დაუცავს, ნოიერი კი მათ შორის უდავოდ გამორჩეულია. სხვა თუ არაფერი, ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ის ზედიზედ ხუთჯერ დაასახელა პლანეტის საუკეთესო მეკარედ – 2013-2016 და 2020 წლებში.
2014 წელს, ბრაზილიაში მოგებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნოიერი საუკეთესო მეკარე გახდა, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ – AIPS – კი წლის სპორტსმენად აღიარა.
18: ტონი კროოსი (17წლამდელები – 2006, გერმანია – 2015)
მადრიდის რეალის ამ მშვენიერი ნახევარმცველის ხსენებაზე ყველას 2015 წლის მატჩი გაახსენდება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ტონი კროოსმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე პირველად… ცხრა წლით ადრე, 17წლამდელთა ევრო 2007ის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშა: 2006 წლის 15 ოქტომბერს მისმა გერმანიამ ქართველ თანატოლებს 1:0 მოუგო.
კროოსი 31 წლისაა და უკვე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია – ევრო 2020ის შემდეგ გამოეთხოვა ბუნდესგუნდს. ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მან 106 მატჩში 17 გოლი შეაგდო, მათ შორის ორი ბრაზილია 2014ის დაუვიწყარ ნახევარფინალში, სელესაოსთან 7:1 მოგებულ მატჩში.
17: პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი – 2006)
პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა თბილისში კაპიტნის რანგში ითამაშა – გერმანია 2006ის დრამატული ფინალის შემდეგ ლეგენდარული ზინედინ ზიდანი სამფეროვნებს გამოეთხოვა და კაპიტნის სამკლავურიც ვიეირას ერგო.
ფრანგთა მთავარ გუნდში ტანმაღალმა ნახევარმცველმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო: 1998 წელს მსოფლიოს, 2000ში კი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2001 წელს ფიფას კონფედერაციათა თასიც ჩაიბარა.
1996-2004 წლებში ვიეირა არსენ ვენგერის დიდი არსენალის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. და საერთოდ, ის თაობის გამორჩეული ნახევარმცველი იყო, ნაღდი ლიდერი და უნაკლო კაპიტანი.
16: სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი – 2012, 2021)
ერთხელ ვისენტე დელ ბოსკემ თქვა: თუ გსურთ ესპანეთის ნაკრების საიდუმლო გაიგოთ, ბუსკეტს უნდა დააკვირდეთ.
ბარსელონის ჩამშლელი ნახევარმცველი შავი სამუშაოს დიდოსტატია: ბურთის ართმევა, მეტოქის შეტევის ჩაშლა, მცველების დაზღვევა… ეს ყველაფერი მას ჩინებულად გამოსდის.
18 წლის იყო პირველად რომ ითამაშა ბარსელონაში და ახლახანს მეთოთხმეტე სეზონი დაიწყო კატალონიურ გრანდში. 630 ოფიციალური მატჩი, 15 გოლი და 30 თასო – ასეთია მისი საკლუბო კარიერა.
არანაკლებ შთამბეჭდავია სანაკრებო სტატისტიკა: 127 თამაში, 2 გოლი, ფიფას ოქროს თასი 2010 წელს და ანრი დელონეს სახელობის ჯილდო 2012ში, ამას გარდა ფიფას კონფედერაციათა თასის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.
მარტში, როცა ლუის ენრიკეს ესპანეთმა დრამატული თამაში მოიგო დინამო არენაზე, ბუსკეტსი გუნდის კაპიტანი გახლდათ.
15: ლილიან ტურამი (საფრანგეთი – 2006)
ფრანგების ტრიუმფით დასრულებული მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავი, გამორჩეული მცველი და ხორვატიასთან 2:1 მოგებული ნახევარფინალის გმირი – არც მანამდე და არც მას შემდეგ ტურამს ნაკრებში აღარ გაუტანია, იმ დღეს კი დუბლი შეასრულა!
თბილისში უნაკლოდ ითამაშა, თუმცა ის ასეთი იყო მთელი კარიერის განმავლობაში: ნაკრებში, მონაკოში, პარმაში, იუვენტუსსა თუ ბარსელონაში.
142 მატჩით ფრანგების რეკორდსმენია, 1998 და 2006 წლებში კი მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
14: ლუკა მოდრიჩი (ხორვატია – 2011)
ევრო 2012ის შესარჩევში ხორვატებთან მოგება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვებაა – თემურ ქეცბაიას გუნდმა ფავორიტებს ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით სძლია.
მოდრიჩი იმ ხორვატიის ლიდერი იყო, იმხანად ტოტენჰემ ჰოთსფურში თამაშობდა, თუმცა აგერ უკვე მეათე სეზონია მადრიდის რეალშია.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოდრიჩი შეუდარებელი იყო და წლის ბოლოს ყველა ინდივიდუალური ჯილდოც მოიგო. ხუმრობა ხომ არაა: ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს ათწლიანი მეფობა სწორედ მან დაასრულა!
მიუხედავად იმისა, რომ 35 წლისაა და 142 სანაკრებო კეპი უმაგრებს ზურგს (ამ შედეგით ნაკრების რეკორდსმენია), მაინც ჩინებულ ფორმაშია და სავარაუდოდ, საგაისო მსოფლიოს ჩათვლით გუნდის ლიდერად დარჩება.
13: დანი ალვეში (ბარსელონა – 2015)
გასაოცარმა ბრაზილიელმა თბილისში სევილიასთან მოგებული სუპერთასით ამ ტურნირის რეკორდი გაიმეორა: მეოთხედ ჩაიბარა თასი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის პაოლო მალდინის გვერდით დადგა.
ალვეში 38 წლისაა და ბაიას, სევილის, ბარსელონის, იუვენტუსის, პარი სენ-ჟერმენის, სან პაულუს და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მოგებული 43 ტიტულით ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულია!
სულ ახლახანს მან საჩემპიონო მედლების კოლექციას ტოკიოს ოლიმპიადის ოქრო შემატა!
12: ფაბიო კანავარო (იტალია – 1997, 2001, 2006, 2009)
ერთადერთი სუპერვარსკვლავი ჩემს რჩეულთა შორის, რომელიც დინამო არენაზე ოთხჯერ ვიხილეთ. 2006 და 2009 წლებში ის უკვე ნაკრების კაპიტანი გახლდათ!
ძალიან დიდი და შთამბეჭდავი უნდა იყო, ჩვენ დროში თავდამსხმელებსა და ნახევარმცველებზე წინ რომ დაგაყენონ. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიაში, კანავარო უნაკლო გახლდათ, ფიფას ოქროს თასი კაპიტნის რანგში ჩაიბარა, ახალი წლის დღეებში კი ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთიც მოიგო!
პოპულარული მეტსახელი ბერლინის კედელი ფაბიოს სწორედ გერმანიაში შეარქვეს.
11: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია – 2001, 2006, 2009)
ლეგენდარული მეკარე ნაკრების რეკორდსმენია – 176ჯერ დაიცვა მთავარი გუნდის კარი. ამ 176 მატჩიდან სამჯერ თბილისში ითამაშა: 2001 წელს მისმა გუნდმა 2:1 მოიგო, 2006 წელს – 3:1, 2009 წელს კი 2:0.
ჯიჯი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა და მშობლიურ პარმაში დაბრუნებულმა, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია – 27ე(!!!) სეზონი დაიწყო!
43 წლის გოლკიპერს პარმას, იუვენტუსის და პარი სენ-ჟერმენის მაისურით 27 თასი მოუგია, ნაკრების მაისურით 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 12ჯერ აღიარეს სერია ას საუკეთესო მეკარედ, 5ჯერ დასახელდა მსოფლიოს გამორჩეულ ნომერ პირველ ნომრად, ერთადერთი მეკარეა, რომელიც უეფამ სეზონის მოთამაშედ დაასახელა…
და თუ მოხდა და საგაისო მსოფლიოსთვის რობერტო მანჩინიმ ნაკრებში უხმო (რთული წარმოსადგენია, მაგრამ მაინც ვგულშემატკივრობ) – ჯიჯი პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც მსოფლიოს 6(!!!) ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას!
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 აგვისტო)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია; Kicker