6:0 ლიხტენშტაინთან: უხუცესი კვალიარელა, 1 400 და კიდევ 4 ამბავი

იტალიის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ძლიერად დაიწყო: რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ 2:0 სძლია ფინეთს, გუშინ კი 6:0 გაანადგურა ლიხტენშტაინი.
დუბლი შეასრულა ფაბიო კვალიარელამ და 36 წლისამ ნაკრების ისტორიაში შეაბიჯა – უხუცესი მეგოლეა!
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ თუ კვალიარელა გაისადაც შეინარჩუნებს ფორმას, მას აუცილებლად იახლებს ევროპის ჩემპიონატზე.
სხვა 5 საინტერესო ამბავი კი ასეთია:

1: ფაბიო კვალიარელას პირველი გოლი, 35-ე წუთზე პენალტით გატანილი, სკუადრა აძურას ისტორიაში საიუბილეო, 1 400-ე აღმოჩნდა! სადღეისოდ იტალიას 815 საერთაშორისო მატჩში 1403 გოლი აქვს გატანილი.

2: იტალიამ 2-ზე მეტი ბურთი ერთ მატჩში 2017 წლის ივნისის შემდეგ პირველად გაიტანა. მეტოქე მაშინაც ლიხტენშტაინი იყო. ის თამაში სკუადრა აძურას 5:0 გამარჯვებით დასრულდა.

3: 1993 წლის მარტის შემდეგ იტალიამ ოფიციალურ მატჩში პირველად გაიტანა 6 გოლი. მაშინ არიგო საკის გაწვრთნილმა გუნდმა 6:1 დაამარცხა მალტა.

4: 1962 წლის დეკემბერში აპენინელებმა 6:0 სძლიეს თურქეთს. მას შემდეგ გუნდმა პირველად მოიგო ასეთი ანგარიშით.

5: ზედიზედ 5 მატჩია მანჩინის იტალია გოლს არ უშვებს (ლიხტენშტაინი – 6:0, ფინეთი – 2:0, აშშ – 1:0, პორტუგალია – 0:0, პოლონეთი – 1:0).
ბოლოს ასეთი „მშრალი“ სერია ნაკრებს მარჩელო ლიპის დროს ჰქონდა, 2004-05 წლებში (ფინეთი – 1:0, რუსეთი – 2:0, შოტლანდია – 2:0, ისლანდია – 0:0, ნორვეგია – 0:0).

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 27 მარტი)

ka_GEGeorgian