7 უცნაური შეთანხმება

ფეხბურთელებსა და კლუბებს შორის დადებული ხელშეკრულებები, თანამშრომლობის ვადებსა და ანაზღაურებას თუ არ ჩავთვლით, თითქმის იდენტურია.
თუმცა მოთამაშეთა ჭირვეული ხასიათის გამო, კლუბებს კონტრაქტებში სხვადასხვა მუხლების ჩამატება უწევთ ხოლმე.
დღეს 7 უცნაურ შეთანხმებას გაგაცნობთ.

ბარსელონა
კატალონიური კლუბის წევრებს აკრძალული აქვთ… ფეხებზე ფრჩხილების დაჭრა!

საჭიროების შემთხვევაში მათ კლუბის მიერ შერჩეულ სპეციალისტს უნდა მიმართონ, რომელსაც თავის მხრივ, ბარსელონასთან სათანადო კონტრაქტი აკავშირებს.

ეს, ერთი შეხედვით უცნაური პუნქტი, უსაფრთხოებით აიხსნება: მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან და მდიდარ კლუბს არ სურს რომ თავის მოვლისას ფეხბურთელებმა ფეხის თითები ან ტერფები შემთხვევით დაიზიანონ.

კილიან მბაპე
პარი სენ-ჟერმენმა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარებულ კილიან მბაპეს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გაუფორმა.

პარიზელებმა იმხანად მონაკოს ფორვარდ მბაპესთან პირობები იოლად შეათანხმეს, თუმცა ძალიან გაჭიანურდა მამამისთან, ვილფრიდ მბაპესთან მოლაპარაკება.

უფროსი მბაპე შეთავსებით შვილის აგენტია და მდიდარი პარიზული კლუბისგან უცნაურ შეღავათებს ითხოვდა: ერთი სეზონის განმავლობაში კერძო საკლუბო თვითმფრინავით 50-საათიან სარგებლობას…

იმ სტადიონის სრულ რემონტს, სადაც კილიანმა თამაში დაიწყო…

შვილისთვის ერთჯერადად 30 მილიონი ევროს გადახდას, თუ მას ფრანს ფუტბოლი „ოქროს ბურთით“ დააჯილდოვებდა…
ვილფრიდ მბაპესა და პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 2017 წლის 31 აგვისტომდე გაჭიანურდა, საბოლოოდ კი კონტრაქტი მაინც გაფორმდა. თუმცა მასში უფროსი მბაპეს მხოლოდ ერთი მოთხოვნაა გათვალისწინებული – მამას საკლუბო ვარჯიშებზე დასწრების უფლება დართეს…

რობერტო ფირმინო
ბრაზილიელ ფორვარდს ლივერპულის დატოვება 98 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, თუმცა ამ თანხის გადახდის მიუხედავად, ის ვერ გადავა… არსენალში!

მიზეზი მერსისაიდული და ლონდონური კლუბების საყოველთაოდ ცნობილ შუღლში უნდა ვეძიოთ.

სხვათა შორის, ლივერპულის ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესსაც აკრძალული ჰქონდა არსენალში გადასვლა.

ნეიმარი
პარი სენ-ჟერმენი ბრაზილიელს სეზონში დამატებით 4,5 მილიონ ევროს უხდის 10 პუნქტიანი შეთანხმების დაცვისთვის.

მაგალითად: სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავი ვალდებულია თამაშების შემდეგ გულშემატკივრებს ტაშით გადაუხადოს მადლობა და თან, აუცილებლად უნდა მიუახლოვდეს ტრიბუნებს; არასდროს დაიგვიანოს ვარჯიშზე, მატჩისშემდგომი ინტერვიუს დროს კი, შედეგის მიუხედავად, უნდა გაიღიმოს.

ფეხბურთელის წარმომადგენლების თქმით, ეს ყველაფერი ჟურნალისტების მონაჭორია.

ლუის სუარესი
ურუგვაელ თავდამსხმელსა და ბარსელონას შორის დადებულ ხელშეკრულებაში შავით თეთრზეა მითითებული, რომ მოთამაშეს ადამიანების კბენა ეკრძალება. და თუ მაინც ვერ მოითმინა, შთამბეჭდავი თანხით დაჯარიმდება.

სამხრეთამერიკელს ამ პუნქტის დარღვევა ერთადერთ შემთხვევაში ეპატიება: თუ ჰელოუინს ზეიმობს და თან გრაფ დრაკულას კოსტიუმი აცვია.

ლუის სუარესის კარიერაში 8 შემთხვევაა, როცა მან მოწინააღმდეგეს უკბინა. ყველაზე ხმაურიანი და ცნობილი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მომხდარი ამბავია, როცა ურუგვაელმა იტალიელთა მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

ამის გამო სუარესი 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. სხვათა შორის, ის სწორედ 2014 წლის ზაფხულიდან თამაშობს კატალონიურ კლუბში.

თავის დროზე ურუგვაელის „მსხვერპლთა“ შორის ლონდონის ჩელსის სერბი მცველი ბრანისლავ ივანოვიჩიც მოხვდა…

სტიგ ინგე ბიორნებიუ
როგორც ნაღდ სკანდინავიელს, ბიორნებიუსაც ძალიან უყვარდა ზამთრის სახეობები, განსაკუთრებით კი ტრამპლინიდან ხტომა.

1992 წელს, როცა ტრონჰეიმის რუსენბორგიდან ლივერპულში გადავიდა, ენფილდროუდელებმა ოფიციალურად აუკრძალეს თხილამურებით ხტომა, მეტიც, ხელშეკრულების მიხედვით ფეხბურთელი ტრამპლინს 200 მეტრზეც ვერ მიუახლოვდებოდა.

ვეტერანმა ნორვეგიელმა ლივერპულის და ბლექბერნ როვერსის შემადგენლობაში საერთო ჯამში 11 სეზონი ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგაში.

სტეფან შვარცი
შვედეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელს, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ სტეფან შვარცსა და ინგლისის სანდერლენდს შორის 1999 წლის ზაფხულში გაფორმებულ კონტრაქტში ერთი უცნაური მუხლი ჩაიდო: ხელშეკრულების ბოლომდე შვედს კოსმოსში მოგზაურობა და მსგავს პროექტებში მონაწილეობა აეკრძალა. და თუ შვარცი თავისას არ დაიშლიდა, შეთანხმება ავტომატურად შეწყდებოდა.

საქმე ისაა, რომ სანდერლენდის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი (ინგლისელებმა მის სანაცვლოდ 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს) პრემიერლიგაში გადასვლისას სერიოზულად იყო დაინტერესებული კოსმოსში ტურიზმით.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 7 დეკემბერი)

ka_GEGeorgian