ამსტერდამში, კრუიფ არენაზე

ჰოლანდიის დედაქალაქს დღეს სამეფო კლუბი სტუმრობს – ჩემპიონთა ლიგის 1/8ფინალის პირველ მატჩში ამსტერდამის აიაქსი ბოლო 3 გათამაშების გამარჯვებულ რეალს მასპინძლობს.
რამდენიმე დღის წინ ამსტერდამში გახლდით და ეს ფოტოები, აქვე რომ გთავაზობთ, მაშინ გადავიღე. საინტერესო ტური გამოდგა და ვეცდები ნანახი და მოსმენილი თქვენც გაგიზიაროთ.

01: იოჰან კრუიფ არენას ტური 16 ევრო ღირს და საათნახევარი გრძელდება. გულშემატკივართა ჯგუფები ყოველ 20 წუთში ერთხელ იწყებენ სტადიონის დათვალიერებას.
გიდი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის ჰოლანდიის საუკეთესო კლუბის წარსული, თავდაპირველად სტუმართა გასახდელში შეგიძღვებათ, შემდეგ მინდორზე გასასვლელთან შეგაყოვნებთ, შემდეგი გაჩერება უშუალოდ ტრიბუნებია, რასაც საკონფერენციო დარბაზი და აიაქსის გასახდელი მოსდევს. ტური შთამბეჭდავი საკლუბო მუზეუმით სრულდება.
საშვს, რომელსაც კრუიფის პორტრეტი ამშვენებს, სამახსოვროდ იტოვებთ.

02: ამსტერდამ არენა 1996 წლის 14 აგვისტოს დედოფალმა ბეატრიქსმა გახსნა. მის ასაგებად ქალაქის მერიამ 140 მილიონი ევრო გაიღო.
საფეხბურთო მატჩების გარდა სტადიონზე კონცერტებიც იმართება. პირველი, ვინც აქ იმღერა, ლეგენდარული ტინა ტერნერი გახლდათ, რომლის სამმა შოუმ 1996 წლის 6-8 სექტემბერს სრული ანშლაგით ჩაიარა – 160 ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

03: სხვადასხვა დროს სტადიონმა პოპის მეფე მაიკლ ჯეკსონს, უბერებელ როლინგ სტოუნზს, ბონ ჯოვის, რობი უილიამსს, დევიდ ბოუის, U2ს, მადონას, AC/DCის, როჯერ უოტერსს, ქოლდფლეის, რიანას, ბიონსეს და სხვა არაერთ პოპულარულ შემსრულებელს უმასპინძლა. რამდენიმე თვეში იქ მეტალიკას თაყვანისმცემლები შეიკრიბებიან.
კონცერტების დროს სტადიონის ტევადობა 68 ათასამდე იზრდება.

04: მიმდინარე სეზონის დაწყებამდე სტადიონს ოფიციალურად მიენიჭა ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის იოჰან კრუიფის სახელი და დღეს ის იოჰან კრუიფ არენად იწოდება. უეფამ სარბიელს უმაღლესი, მეხუთე კატეგორია წლების წინ მიანიჭა.
1996 წლიდან აქ აიაქსი თამაშობს, 1997-2007 წლებში კი აქვე ასპარეზობდა ამერიკული ფეხბურთის კლუბი ამსტერდამ ადმირალსი, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს.
დროდადრო არენა ჰოლანდიის ნაკრებს მასპინძლობს. მაგალითად, რონალდ კუმანის გუნდი 24 მარტს გერმანიას აქ დაუხვდება.

05: იოჰან კრუიფ არენა ჰოლანდიის უდიდესი სტადიონია და 54 990 მაყურებელს იტევს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდის რეალსა და ტურინის იუვენტუსს შორის 1998 წელს აქ გაიმართა, 2013 წლის ევროპალიგის ფინალში კი ლონდონის ჩელსიმ ლისაბონის ბენფიკას სძლია.

06: ამსტერდამ არენამ ევრო 2000ის ჯგუფური ტურნირის 3 შეხვედრას უმასპინძლა, ასევე 1/4ფინალს და დაუვიწყარ ნახევარფინალს ჰოლანდიასა და იტალიას შორის.
უკვე ცნობილია, რომ იოჰან კრუიფ არენაზე ევრო 2020ის ჯგუფური ეტაპის 3 და ერთი 1/8ფინალი გაიმართება.

07: სტუმართა გასახდელი არცთუ კომფორტულია. ცხადია, სუფთაა და კეთილმოწყობილი, მაგრამ აიაქსისას ვერც შეედრება. მიზეზი, ჩვენი გიდის თქმით, მარტივია: მეტოქემ ცუდად უნდა იგრძნოს თავი, მიხვდეს, რომ იქ მხოლოდ აიაქსს აფასებენ.
გასახდელის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაბალია, საკიდები შედარებით მაღლაა (გიდის თქმით, ეს იმიტომ რომ ტანმორჩილები გაწვალდნენ, მაგალითად ლეო მესი), საშხაპე კი სპეციალურადაა მხოლოდ 10 – ერთი რომ რიგში ჩადგეს.
რაც შეეხება ტაქტიკის დაფას, ის მარკერის გარეშეა – მეტოქე გუნდის მწვრთნელებმა ის თავად უნდა იქონიონ. სხვა შემთხვევაში სტადიონის თანამშრომლები სტუმრებს კი დაეხმარებიან, თუმცა რამდენიმე წუთს განგებ ალოდინებენ.

08: მინდორზე გასვლის წინ გუნდები სპეციალურ დარბაზში იკრიბებიან. იქაურობა აიაქსის ლოგოებით და გამარჯვების ამსახველი ფოტოებითაა მორთული, ხოლო ჭერს და იატაკს 3 დიდი ოქროსფერი ვარსკვლავი ამშვენებს, აიაქსის მიერ ჰოლანდიის ჩემპიონატის 30ზე მეტჯერ მოგების აღსანიშნავად.
გიდის თქმით, მალე დასრულდება სპეციალური ზონის კეთილმოწყობა, რომელშიც ქომაგები დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შევლენ და ფეხბურთელებს მინდორზე გასვლის წინ შეხვდებიან. ცხადია, ასეთი ფანების რაოდენობა შეზღუდული იქნება.

09: შემდეგი გაჩერება მინდვრის კიდე და ტრიბუნებია.
ტურის მონაწილეს აიაქსის სავარძელში მოკალათებაც შეუძლია. უნდა ითქვას, რომ ამსტერდამელების და მეტოქის ზონები, გასახდელებისგან განსხვავებით, ერთნაირად კომფორტულია.

10: გუნდების ზონების უკან საპატიო სტუმართა ტრიბუნაა, რომლის თავშიც 2 რიგია გამოყოფილი აიაქსის აღმასრულებელი და დირექტორთა საბჭოს წევრებისთვის.
გეცოდინებათ: 90იანი წლების სუპერაიაქსის მეკარე ედვინ ვან დერ სარი დღეს გენერალური დირექტორია, გარემარბი მარკ ოვერმარსი კი ტექნიკური. 1995 წელს მათ ერთად მოიგეს ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები.

11: კლუბის ხელმძღვანელთა ადგილებს უკან კი სამეფო ლოჟაა, ბრონირებული მინით დაცული. იქ არავის უშვებენ მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი კარგა ხანია აღარ სტუმრობს აიაქსის საშინაო მატჩებს.
გიდის თქმით, მეფე ვილემ-ალექსანდერი და სამეფო ოჯახი მხოლოდ ჰოლანდიის ნაკრების თამაშებზე ან კონცერტებზე თუ გამოჩნდება, აიაქსის გამორჩევით მხარდაჭერას კი ერიდება. თუმცა დღეს, რეალთან მატჩზე, მეფე, შესაძლოა, ესტუმროს იოჰან კრუიფ არენას.
სამეფო ლოჟის თავზე სამართავი ოთახია, სადაც სტადიონის დიქტორი, ტექნიკური ჯგუფი, უსაფრთხოების სამსახური და სამედიცინო პერსონალი იყრის თავს.

12: ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში არენაზე ტექნიკური პერსონალი ფუსფუსებდა – ამსტერდამში ხომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გათამაშების ტრიუმფატორი რეალი ჩადის.
სტუმართა გუნდის ქომაგების სექტორს სპეციალურად ამ მატჩისთვის აფართოებდნენ – ამსტერდამში სამეფო კლუბის 3 ათასამდე გულშემატკივარს ელიან.

13: რაც შეეხება მინდორს, მას სპეციალური სანათებით ათბობდნენ. ამ ტექნოლოგიას ბევრი კლუბი მიმართავს, ჰოლანდიაში კი თითქმის ყველა.
მასპინძლის თქმით, არენის ხელმძღვანელობა ახალ, ულტრაიისფერ დასხივებას ცდის და თუ სასურველი შედეგი გამოიღო, მინდვრის დათბობის პროცესი მთლიანად UVზე გადავა.

14: საკონფერენციო დარბაზში შესვლამდე ტურის მონაწილეებს 3D სათვალეები დაგვირიგეს: წამში პირთამდე სავსე სტადიონის ცენტრში გადავინაცვლეთ და ჰოლანდიურ ელ კლასიკოზე – აიაქსი-ფეიენოორდის დაპირისპირებაზე აღმოვჩნდით. სანახაობა ძალიან რეალური იყო: ხმაურიანი ტრიბუნები, მატჩისწინა ჰიმნი და გვერდით ჩავლილი ფეხბურთელებიც…

15: საკონფერენციო დარბაზი ფართეა, კეთილმოწყობილი და სადა: ჟურნალისტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
ოთახის კედლებს აიაქსის მედია-ტურნირის გამარჯვებული გუნდების ფოტოები ამშვენებს. გიდის თქმით, ამსტერდამული კლუბის პრესსამსახური ყოველ წელს ატარებს ჟურნალისტთა შეჯიბრს.
როგორც ყველგან, ტურის მონაწილეებს სამახსოვრო ფოტოს გადაღების საშუალება აქაც მოგვცეს.

16: შემდეგი გაჩერება აიაქსის გასახდელია, რომელიც სტუმართა ოთახზე სართულით დაბლაა და გაცილებით კეთილმოწყობილია.
ჭერს კლუბის ლოგო ამშვენებს, ცენტრში კი დიდი მაგიდაა დამონტაჟებული. შესასვლელის მარჯვნივ მწვრთნელის და მისი თანაშემწეების კუთხეა ყველა საჭირო ნივთით.
პირველი გუნდის ყველა წევრს ინდივიდუალური სავარძელი აქვს მცირე სეიფით.

17: აიაქსის გასახდელიდან საკლუბო მუზეუმისკენ დავიძარით, გზად კი იმ კედელს ჩავუარეთ, ლეგენდარული მფრინავი ჰოლანდიელი რომ ამშვენებდა.
კრუიფის ნომერს – 14 – აიაქსი 2007-08 წლების სეზონიდან აღარ იყენებს. ამსტერდამელებმა ამ ნაბიჯით უკვდავჰყვეს ფეხბურთელი, რომელმაც გუნდს მოთამაშის, მოგვიანებით კი მწვრთნელის რანგში უამრავი ტიტული მოუტანა.
კრუიფის შემდეგ (1983-84 წლების სეზონიდან), მე14 ნომრით აიაქსში მხოლოდ 9 ფეხბურთელმა ითამაშა, მათ შორის შოთა არველაძემ 2001-02 წლების სეზონში.

18: საკლუბო მუზეუმი შთამბეჭდავია და მასში ყველა ის თასია გამოფენილი, რაც აიაქსს მოუგია: ჩემპიონის სინები, ქვეყნის თასი, იოჰან კრუიფის სახელობის სუპერთასი, 4 ჩემპიონთა და 2 საკონტინენტთაშორისო თასი, უეფას და აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასი…
ჩვენმა ახალგაზრდა მასპინძელმა სიამაყით შეგვახსენა, რომ აიაქსი იმ რამდენიმე კლუბს შორისაა, ყველა საერთაშორისო საკლუბო ჯილდო რომ მოუგიათ.

19: თასების გარდა იქვეა გამოფენილი მედლები, მეტოქე გუნდების სამახსოვრო ვიმპელები, მაისურები, სხვადასხვა ჯილდოები, ბურთები, პროგრამები, გაზეთები, აფიშები…
ეს ნივთები დიდ ეკრანებს შორისაა გამოფენილი. მათი თვალიერების კვალდაკვალ თქვენ აიაქსის დიდების ამსახველ კადრებს ხედავთ – საუკეთესო გოლებს და ტრიუმფის დაუვიწყარ წამებს.

20: ტური მუზეუმში სრულდება. გიდი მადლობას გიხდით, გემშვიდობებათ და ღიმილით გირჩევთ საკლუბო მაღაზიის მონახულებას.
თქვენი ნებაა შეივლით თუ არა იქ, თუმცა მერწმუნეთ, არ ინანებთ: მათთვის, ვისაც აიაქსი უყვარს და გულშემატკივრობს, იქაურობა ნამდვილი სამოთხეა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 13 თებერვალი)
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ამსტერდამი, ჰოლანდია; 2019 წლის 6 თებერვალი

ka_GEGeorgian