ბასბის ჩვილები

1958 წლის 6 თებერვალს მანჩესტერ იუნაიტედი ბელგრადიდან მიუნხენში ჩაფრინდა – თვითმფრინავს საწვავის მარაგი უნდა შეევსო…
ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/4ფინალში ინგლისურმა კლუბმა წარმატებით დაძლია იუგოსლავიის ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგობა, ორი მატჩის ჯამში 5:4 სძლია მეტოქეს და შინ გულდამშვიდებული მიემგზავრებოდა...

მეტ ბასბის იმ გუნდს, რომელსაც ჟურნალისტები ფეხბურთელთა ასაკის გამო ბასბის ჩვილებად მოიხსენიებდნენ, შინ დაბრუნება არ ეწერა: ელიზაბეთიანის ავიალაინერმა ორჯერ სცადა აფრენა, თუმცა ვერ შეძლო. მესამე ცდა კი ტრაგედიით დასრულდა – 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედის 8 მოთამაშე და კლუბის რამდენიმე თანამშრომელი.

თვითმფრინავი, რომელსაც ჯეიმს თეინი და კენეტ რეიმენტი მართავდნენ, მეორე ცდითაც ვერ აფრინდა და რადგან გათოვდა, კაპიტნებმა მგზავრებს აეროპორტში დასვენება სთხოვეს.

მგზავრებმა გადაწყვიტეს, რომ იმ ღამით ინგლისში ვერ დაბრუნდებოდნენ და რამდენიმე მათგანმა, მათ შორის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელმა დანკან ედვარდსმა შინ ტელეგრამა გააგზავნა: ყველა ავიარეისი გადაიდო. ხვალ მოვფრინავთ. დანკანი.

მაგრამ 15 წუთში მგზავრებს კვლავ უხმეს და ავიალაინერიც ასაფრენ ბილიკზე გავიდა.

სიჩქარეაკრეფილი თვითმფრინავი აფრინდა, მაგრამ წამებში საშინელი ძალით დაენარცხა ბილიკს და ცეცხლში გახვეული, რამდენიმე ასეულ მეტრში მდგარ შენობას შეასკდა.

მიუნხენის ავიაკატასტროფას შეეწირნენ:
როჯერ ბირნი, გუნდის კაპიტანი;
ჯეფრი ბენტი, ფეხბურთელი;
ედი კოულმენი, ფეხბურთელი;
მარკ ჯონსი, ფეხბურთელი;
დევიდ პეგი, ფეხბურთელი;
ტომი ტეილორი, ფეხბურთელი;
ბილი უელანი, ფეხბურთელი;
უოლტერ კრიკმერი, კლუბის მდივანი;
ტომ კარი, მწვრთნელი;
ბერტ უალი, მწვრთნელის თანაშემწე;
ჟურნალიტები: ალფ კლარკი (მანჩესტერ ივნინგ ქრონიქლი), დონი დევისი (მანჩესტერ გარდიანი), ჯორჯ ფოლოუზი (დეილი ჰერალდი), ტომ ჯეკსონი (მანჩესტერ ივნინგ ნიუსი), არჩი ლედბრუკი (დეილი მირორი), ჰენრი როუზი (დეილი ექსპრესი), ერიკ ტომპსონი (დეილი მეილი);
ტომ კეიბლი, ბორტგამცილებელი;
ბელა მიკლოში, ტურისტული აგენტი;
ვილი სატინოფი, გულშემატკივარი;
ფრანკ სვიფტი, ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ სიტის ყოფილი მეკარე, იმხანად კი გაზეთ ნიუს ოფ ზი უორლდის ჟურნალისტი – საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა…
მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დანკან ედვარდსმა ტრაგედიის შემდეგ 2 კვირა იცოცხლა და სამწუხაროდ, ისიც მიუნხენის საავადმყოფოში გარდაიცვალა…
ავიალაინერის კაპიტანი კენეტ რეიმენტი ავიაკატასტროფას გადაურჩა, თუმცა უამრავი ტრავმის გამო მხოლოდ 3 კვირა იცოცხლა. ედვარდსის მსგავსად, ისიც საავადმყოფოში მიიცვალა.

მიუნხენის საშინელებას გადაურჩნენ:
ჯონი ბერი, ფეხბურთელი. კატასტროფის შემდეგ აღარ უთამაშია;
ჯეკი ბლენჩფლაუერი, ფეხბურთელი, ტრაგედიის შემდეგ კარიერა დაასრულა;
დენის უაიოლეტი, ფეხბურთელი;
რეი ვუდი, ფეხბურთელი;
ბობი ჩარლტონი, ფეხბურთელი;
ჰარი გრეგი, ფეხბურთელი;
კენი მორგანსი, ფეხბურთელი;
ალბერტ სკენლონი, ფეხბურთელი;
მეტ ბასბი, მწვრთნელი;
ჟურნალისტები: ტედ ელიარდი (დეილი მეილი), პიტერ ჰოვარდი (დეილი მეილის ფოტოგრაფი), ფრენკ ტეილორი (ნიუს ქრონიქლი, შემდგომში სპორტულ ჟურნალისტთა მსოფლიო ასოციაციის – AIPS – პრეზიდენტი);
მარგარეტ ბელისი, ბორტგამცილებელი;
როზმარი ჩევერონი, ბორტგამცილებელი;
ჯორჯ უილიამ როჯერსი, რადიო ოფიცერი;
ჯეიმს თეინი, თვითმფრინავის კაპიტანი;
ვერა ლუკიჩი და მისი პატარა ქალიშვილი ვერონა, რომლებიც მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა ჰარი გრეგმა გამოიყვანა ალმოდებული ხომალდიდან;
ელეანორ მიკლოში, ბელა მიკლოშის მეუღლე;
ნებოშა ბატო ტომაშევიჩი, იუგოსლავიელი დიპლომატი.

ფრენკ ტეილორი, ნიუს ქრონიქლის ჟურნალისტი, ერთ-ერთი, ვინც იმ საშინელ ტრაგედიას გადაურჩა: ჩვენმა თვითმფრინავმა სამჯერ სცადა მიუნხენის აეროდრომიდან აფრენა და მესამე ცდა კატასტროფად იქცა. ქარბუქი მძვინვარებდა, როცა თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ცხვირით დაასკდა მიწას... მახსოვს, როგორ ვიცქირებოდი ილუმინატორიდან, როცა ლაინერი სიჩქარეს კრეფდა
ახლა ავფრინდებით, ვფიქრობდი მე,ავცილდებით თეთრ ხალიჩას და ზემოდან მოვექცევით პირქუშ, ავისმომასწავებელ ღრუბლებს
მაგრამ თვითმფრინავი დაყირავდა და მოწყვეტით დაეშვა ტყვიამოხვედრილ თოლიასავით. ჩვენ რაღაც შენობას შევასკდით და ის ნანგრევებად იქცა…
დაცემის ტალღამ ათეულობით მეტრზე გადაისროლა ჩემ წინ მჯდომი ახალგაზრდა. ის სავარძელზე მიბმული ეგდო თოვლში და სახე სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. თუმცა, ბედმა გაუღიმატანზე ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. მას ბობი ჩარლტონი ერქვა, 20 წლის იყო და მანჩესტერ იუნაიტედში ახალი ჩარიცხული გახლდათ. ერთხანს შოკში იყო, არაფერი ესმოდა, როდესაც თვალები გაახილა, მეგობრები დაინახა: კაპიტანი როჯერ ბირნი, ტომი ტეილორი და ედი კოულმენი, საუცხოო ნახევარმცველი, ბასბის თანატოლი სამივენი მიწაზე ეყარნენმკვდრები…
მე ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის ჯართის ქვეშ ვეგდე. ის, რამაც გადამარჩინა, დეილი მეილის ფოტოკორესპონდენტის პიტერ ჰოვარდის სიმამაცე იყოსაკუთარი სიცოცხლის ფასად ის ცეცხლის ენებში შემოვარდა და იქიდან გამომათრია…
გარშემო რაღაც კოშმარი ხდებოდა.

ჯიმ მერფი, მატ ბასბის თანაშეწე, რომელიც კლუბთან ერთად მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ უელსის ნაკრებს ახლდა კარდიფში, მანჩესტერში 7 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდა. მან იცოდა ბელგრადში გამართული მატჩის შედეგი და ისიც, რომ კლუბი ოლდ ტრაფორდს საღამოს მიაკითხავდა, ამიტომ ოფისში საღამოხანს მივიდა.

ოლდ ტრაფორდი ცარიელი დახვდა. არავინ იყო ოფისშიც. მოულოდნელი სიჩუმე იდგა. მერფის ცუდად ენიშნა ეს ყველაფერი, ერთ-ერთ კაბინეტში შევარდა და იქ მდივან გოგოს გადააწყდა. გოგოს მკვდრისფერი ედო.

თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბიჭები დაიხოცნენ, – თქვა მან.

ინგლისში გლოვობდნენ.

მთელი ქვეყნის ეკლესიებში მიცვალებულებს იხსენიებდნენ. სამეფო ოჯახი, დიდი და პატარა წუხდა მომხდარის გამო.

19 თებერვალს, ტრაგედიიდან 13 დღის თავზე მანჩესტერ იუნაიტედი მინდორზე გავიდა. მოწინააღმდეგე შეფილდ უენსდი იყო, ძირითად შემადგენლობაში კი ერთადერთი კაცი იდგა ძველი შემადგენლობიდან – ბილი ფოულკსი, რომელსაც ახლა კაპიტნობა ებარა.

სამატჩო პროგრამაში ასეთი სიტყვები ეწერა: ისინი აღარ დაბრუნდებიან. მათ ვერაფერს დააკლებს ასაკი. ჩვენ კი ყოველ ცისმარე დღეს მოვიგონებთ საოცრებას და სიყვარულს.

მიუნხენელ პოლიციელთა გამოძიებამ კატასტროფაში კაპიტანი ჯეიმს თეინი დაადანაშაულა. გერმანელთა დასკვნით, პილოტს შეეძლო უამინდობის გამო რეისი გადაედო, თუმცა არ ისურვა.

1968 წელს, ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, ბრიტანული გამოძიების დასკვნის საფუძველზე კაპიტანს ბრალდება მოეხსნა. ინგლისელებმა დაადგინეს, რომ ავიაკატასტროფა მოყინულმა ასაფრენმა ბილიკმა გამოიწვია.

1960 წლის 25 თებერვალს, მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაღუპულ კლუბის წევრთა ხსოვნის პატივსაცემად, სტადიონის მთავარ გვირაბში ლითონის მწვანე ნაჭერი დამონტაჟდა, რომელზეც ყველა გარდაცვლილის სახელი იყო ამოტვიფრული. ცერემონიალზე ჟურნალისტებს მატ ბასბიმაც უმასპინძლა.

იმავე დღეს, სტადიონის საკონფერენციო დარბაზში კედელზე დამაგრებული ლითონის დაფის პრეზენტაციაც გაიმართა – მანჩესტერ იუნაიტედმა ამ ნაბიჯით უკვდავჰყო ის ჟურნალისტები, რომლებიც ტრაგედიისას დაიღუპნენ. მემორიალური დაფა ფრენკ ტეილორმა გახსნა.

ოლდ ტრაფორდის ერთ-ერთ გარე კედელზე იმავე დღეს დამონტაჟდა საათიც. ის იმ დროს უჩვენებს, როცა ტრაგედია დატრიალდა. საათის თავზე კატასტროფის თარიღია აღნიშნული, ქვემოთ კი ქალაქის სახელი – მიუნხენი.

ავიაკატასტროფას ეძღვნება გერმანიის სოფელ კირხტრუდერინგში, კაროტშტრასეს და ემპლშტრასეს კუთხეში მდებარე შენობაზე დამონტაჟებული მემორიალური დაფაც, რომელზეც ტრაგედიის თარიღი და გერმანულ ენაზე შემდეგი სიტყვებია ამოტვიფრული: მანჩესტერ იუნაიტედის წევრების და ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც 1958 წლის 6 თებერვლის ავიაკატასტროფას შეეწირნენ. ტრუდერინგის მხარის ადმინისტრაცია.

2004 წლის 24 სექტემბერს მემორიალური ლითონის დაფა დამონტაჟდა მიუნხენის აეროპორტის ძველ მართვის ცენტრის შენობაზე. მათ უკვდავსაყოფად, რომლებიც 1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენის ავიაკატასტროფას შეეწირნენ – ეს სიტყვები ინგლისურად და გერმანულადაა დაწერილი. იმ დღეს გამართულ ღონისძიებას ინგლისელთაგან ბობი ჩარლტონი, აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი და კლუბის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დაესწრნენ…

1997 წლის ზაფხულში ოლდ ტრაფორდმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა: მანჩესტერ იუნაიტედი ფეხბურთიდან იმ ზაფხულს წასულ ერიკ კანტონას შედგენილ ევროპის ნაკრებს გაეჯიბრა. თამაშის მთელი შემოსავალი 1958 წლის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებზე გადანაწილდა: თითოეული დაღუპული ფეხბურთელის თუ კლუბის თანამშრომლის შთამომავლებს 47 ათასი გირვანქა ხვდათ წილად…

2008 წლის 6 თებერვალს კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სამხრეთ ტრიბუნის ქვემოთ მდებარე გვირაბს მიუნხენის გვირაბი ეწოდა.

4 დღის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა. ოლდ ტრაფორდზე გუნდებმა 50იანი წლების მიწურულის მსგავსი ფორმით ითამაშეს: მაისურებზე არსად ჩანდა კლუბის ლოგოები, სპონსორთა ჩამონათვალი და ფეხბურთელთა გვარები, ბიჭებს კი შავი სამკლავური ეკეთათ…

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 6 თებერვალი)

ka_GEGeorgian