ჩემი გუნდი: სტივ მაკმანამანი

90იანი წლების პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ 2000 წელს საფეხბურთო ენციკლოპედიებში იმით შეაბიჯა, რომ პირველი ინგლისელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი არაინგლისური კლუბის მაისურით მოიგო.
2002 წლის გაზაფხულზე, გლაზგოში, მან მეორედ აღმართა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი.

სტივ მაკმანამანის კარიერა 2 ნაწილად იყოფა: 9 წელი ლივერპულში და რეალის შემადგენლობაში ჩატარებული 4 სეზონი. ენფილდ როუდზე მხოლოდ 2 თასი მოიგო, სანტიაგო ბერნაბეუზე კი 6…

1996 წლის შემოდგომით სტივ მაკმანამანი ნაკრების შემადგენლობაში თბილისსაც ესტუმრა. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, მაგრამ გლენ ჰოდლმა საერთოდ არ ათამაშა. თბილისურ ვიზიტს სტივმა ჩანახატი მიუძღვნა. იმ წერილის თარგმანი ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა…

დღეს სტივ მაკმანამანი საფეხბურთო ტელეკომენტატორია.

სტივ მაკმანამანის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: ნევილ საუთჰოლი
იკერ კასილიასი ძალიან ძლიერი მეკარეა, ესპანეთში ლამის მეფედ ითვლება და ვფიქრობ, ესეც ეყოფა. ამიტომ ჩემი გუნდის კარში ნევილ საუთჰოლს დავასახელებ – პატარაობაში ევერტონის ფანი ვიყავი, საუთჰოლს კი უბრალოდ ვაღმერთებდი!
წლების შემდეგ ლივერპულში ვთამაშობდი და რამდენჯერაც მას დავუპირისპირდი, ყოველთვის დიდებული იყო,

მარჯვენა მცველი: რობ ჯონსი
გული მწყდება, რომ ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა კარიერა, არადა დიდებული მცველი იყო! სხვა თუ არაფერი, ლივერპულში 200ჯერ ითამაშა.

ცენტრალური მცველი: ფერნანდო იერო
ძალიან კარგი და ტექნიკური ფეხბურთელი.
მის მხარდამხარ რეალში 4 სრული სეზონი ვითამაშე და გარდა იმისა, რომ ლამის ყველა მატჩში ჩინებული გახლდათ, უნაკლო ლიდერიც იყო.
ინგლისის ნაკრების მაისურით ერთადერთხელ დავუპირისპირდი, ევრო 96ის 1/4ფინალში.

ცენტრალური მცველი: ალან ჰანსენი
იეროს მეწყვილედ ბევრი კანდიდატურა მყავს, გამიმართლა რომ არაერთი მშვენიერი ცენტრალური მცველის მხარდამხარ ვითამაშე, მაგრამ მაინც ალან ჰანსენს დავასახელებ.
როცა ლივერპულში დავწინაურდი, ის კარიერას ამთავრებდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჰანსენი წლების მანძილზე შეუდარებელი იყო და რჩეულთა შორის თამაშს იმსახურებს.

მარცხენა მცველი: რობერტო კარლოსი
ბევრი არ მიფიქრია – კარლოსი რეალშიც და ნაკრებშიც უკონკურენტო იყო!
ნამდვილი მანქანა, რომელიც არასდროს იღლებოდა!
შესაშური ჯანის პატრონი, რომელსაც ვერავინ გაურბოდა.

მარჯვენა ნახევარმცველი: ლუიფ ფიგუ
ფიზიკურად ძლიერი არ იყო, მაგრამ საოცრად ამტანი გახლდათ, უნაკლო ტექნიკის წყალობით კი ადვილად ჩაგრავდა მოწინააღმდეგეებს.
ჩემი დროის რეალის სული და გული იყო!
დიდებული ფეხბურთელი იყო, ახლა კი კარგი მეგობარია.

ცენტრალური ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი
არ გადავამლაშებ თუ ვიტყვი, რომ ჩემი თაობის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.
გულშემატკივრები და სპეციალისტები ხშირად კამათობენ, თუ ვინ იყო უკეთესი – პელე თუ მარადონა. ამაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ზიზუც მათი დონის ფეხბურთელი იყო.

ცენტრალური ნახევარმცველი: პოლ გესქოინი
ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუება. გული მწყდება, რომ ამ მართლა ნიჭიერმა და გემრიელმა ბიჭმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ვერ ითამაშა.
სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია ფიგუ, ზიზუ და გესქოინი ერთად ნახევარდაცვაში, მაგრამ ჩემი გუნდი გაზას გარეშე უბრალოდ არ არსებობს!

მარცხენა ნახევარმცველი: ჯონ ბარნსი
ძალიან დაუფასებელი!
ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ის გენიოსი იყო.
როცა მის მხარდამხარ ვთამაშობდი, დავრწმუნდი, რომ ჯონი შეუდარებელი მოთამაშე გახლდათ.
წლების მერე დავმეგობრდით და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა: ბარნსი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფეხბურთელია.

თავდამსხმელი: რონალდო
რომ არა უმძიმესი ტრავმები, მისი სტატისტიკა გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა დროის უდიდესია, მაგრამ ის ძალიან, ძალიან დიდია!
მის მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს.
უზომოდ პოპულარული გახლდათ, მაგრამ სახელ-დიდების გათვალისწინებით ძალიან თავმდაბალი და უშუალო იყო.

თავდამსხმელი: რობი ფაულერი
ჩემთვის ის უდიდესი გოლეადორია.
ამ გუნდის წევრებიდან ბევრს შეეძლო მეტის მიღწევა, მაგრამ ტრავმების გამო ვერ მოახერხეს. რობიც ასეთია. ვფიქრობ, დიდი დრო გაუცდა, თორემ გაცილებით ბევრი გოლით დაასრულებდა კარიერას.

სათადარიგოები
დევიდ ჯეიმსი
– სკამზე ერთი მეკარე ყველა ვარიანტში უნდა იჯდეს… აბსოლუტური ფსიქოპათი!
პაოლო მალდინი – შეუდარებელი! რამდენჯერაც მის წინააღმდეგ გავედი მინდორზე, ყოველთვის საუკეთესო ფორმაში დამხვდა.
რივალდო – თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რაც 90ების მიწურულს გააკეთა ბარსას მაისურით.

მწვრთნელი: როი ევანსი
ლივერპულის ხელმძღვანელებს მისთვის ცოტა მეტი დრო რომ მიეცათ, ჩვენ გაცილებით მეტს მივაღწევდით. და შესაძლოა, ჩემპიონთა თასისთვისაც გვებრძოლა.
დაუფასებელი, მაგრამ დიდი მწვრთნელი!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 თებერვალი)

ka_GEGeorgian