კალჩოს სლოვენიელი ბეტმენი
სერია ას ბოლო ტურის უკანასკნელ მატჩში ინტერმა 3:1 დაამარცხა ლაციო და I ადგილზე გადაინაცვლა.
22 ტურის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდი ქულით უსწრებს მილანს. სხვები კიდევ უფრო შორს არიან.
ინტერის გამარჯვება რომელუ ლუკაკუს დუბლმა განაპირობა – შავ-ლურჯების ბელგიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლიც ლაუტარო მარტინესმა შეაგდო.
ლუკაკუმ კარიერაში საიუბილეო, მე300 გოლი მიითვალა და გუშინდელი გოლების წყალობით კრიშტიანუ რონალდუსაც დაეწია – ორივეს 16 გოლი დაუგროვდა და სერია ას მთავარი ბომბარდირები არიან.
ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ მთავარი ამბავი მაინც სამირ ჰანდანოვიჩის მიღწევა მგონია: 36 წლის სლოვენიელმა გოლკიპერმა გუშინ საიუბილეო, მე500 შეხვედრა ჩაატარა სერია აში და კალჩოს ისტორიაში მხოლოდ მე2 უცხოელი გახდა, ვინც ეს საოცარი ნიშნული დაიპყრო.
პირველი ლეგიონერი კარგად გეცოდინებათ – ხავიერ ძანეტი. ინტერის ლეგენდარულმა მცველმა და კაპიტანმა 1995-2014 წლებში 615ჯერ ითამაშა შავ-ლურჯი მაისურით და 12 გოლიც გაიტანა.
ბეტმენად ცნობილი სამირ ჰანდანოვიჩი 2004-05 წლების სეზონიდან თამაშობს სერია აში. სლოვენიის ზაგორიეს მეკარე 2004 წლის ზაფხულში უდინეზემ შეიძინა და 2005 წელს, 3 თამაშის შემდეგ, ჯერ ტრევიზოში, შემდეგ ლაციოში, 2006 წელს კი სერია ბს რიმინიში გაანათხოვრა.
2007ის ზაფხულში ჰანდანოვიჩი უდინური კლუბის ნომერ პირველი გოლკიპერი გახდა და მას შემდეგ შეუცვლელია – უდინეზე 182 თამაშის შემდეგ დატოვა, 2012 წლის ზაფხულიდან კი ინტერის კარს იცავს და გუშინ ლაციოს წინააღმდეგ 313ედ ჩადგა მილანური კლუბის კარში.
გეცოდინებათ: 2010-11 წლების სეზონში ჰანდანოვიჩმა 6 პენალტი მოიგერია და სერია ას 1948-49 წლების რეკორდი გაიმეორა!
2019-20 წლების სეზონში იტალიურ კარიერაში 24ე(!) 11მეტრიანი უკუაგდო და ჯანლუკა პალიუკას ყველა დროის რეკორდის თანაავტორი გახდა, მიმდინარე ჩემპიონატში კი ეს მიღწევაც გააუმჯობესა და ახლა 25 მოგერიებული პენალტით ისაა სერია ას ისტორიაში ყველაზე საიმედო გოლკიპერი.
2009, 2011 და 2012 წლებში სამირ ჰანდანოვიჩი სლოვენიის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარეს.
2011, 2013 და 2019 წლებში იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია ას საუკეთესო მეკარედ დაასახელა, 2010-11, 2012-13 და 2018-19 წლების სეზონში კი იტალიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდებშიც მოხვდა.
2019 წლის თებერვლიდან სლოვენიელი მილანის ინტერის კაპიტანი გახლავთ.
სამირ ჰანდანოვიჩი მე15 ფეხბურთელია, ვინც 500ჯერ ითამაშა იტალიის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში. სლოვენიელზე წინ მხოლოდ ლეგენდები დგანან:
1.ჯანლუჯი ბუფონი – 653 (1995 წლიდან)
2.პაოლო მალდინი – 647 (1984-2009)
3.ფრანჩესკო ტოტი – 619 (1992-2017)
4.ხავიერ ძანეტი (არგენტინა) – 615 (1995-2014)
5.ჯანლუკა პალიუკა – 592 (1987-2007)
6.დინო ძოფი – 570 (1961-83)
7.პიეტრო ვერხოვოდი – 562 (1980-2000)
8.რობერტო მანჩინი – 541 (1981-2000)
9.სილვიო პიოლა – 537 (1929-54)
10.ენრიკო ალბერტოზი – 532 (1958-80)
11.ჯანი რივერა – 527 (1958-79)
12.ჯუზეპე ბერგომი – 519 (1980-99)
13.ალბერტო ჯილარდინო – 514 (1999-2017)
14.ჩირო ფერარა – 500 (1984-2005)
15.სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია) – 500 (2005 წლიდან)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 თებერვალი)