დიდი დინო
დღეს 28 თებერვალია და დღეს იმ ერთადერთი იტალიელის დაბადების დღეა, რომელსაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოუგია – დინო ძოფი 79 წლის გახდა.
კალჩოს ისტორიას არაერთი მშვენიერი მეკარე ახსოვს, ძოფი კი გამორჩეულთაგან პირველი ბრწყინვალე გოლკიპერი გახლდათ.
პაპა დინომ კარიერა უდინეზეში დაიწყო, მანტოვაშიც ითამაშა, საყოველთაო ყურადღება ნეაპოლში მიიქცია, მწვერვალები კი ტურინის იუვენტუსში დაიპყრო. იტალიის ნაკრებში ნაპოლის გოლკიპერად მოხვდა, ევრო 68ის ოქროს მედალიც სამხრეთულ კლუბში თამაშისას მოიგო, მაგრამ ფიფას ოქროს თასი იუვენტუსელად ჩაიბარა, 1982 წელს. ის ენცო ბეარზოტის იმ უცნაური სკუადრა აძურას კაპიტანიც გახლდათ.
დინო ძოფი არაერთ საოცარ რეკორდს ფლობს:
ყველაზე ასაკოვანია, ვინც კი ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა და თასი აღმართა!
1972-74 წლებში, ნაკრებში ასპარეზობის დროს, ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 1142 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი!
1972-83 წლებში ზედიზედ 330ჯერ დაიცვა იუვეს კარი სერია აში!..
1983 წლის გაზაფხულზე, ჰამბურგთან დასანანად წაგებულ ჩემპიონთა თასის ფინალში 41 წლისა და 86 დღისა ჩადგა იუვენტუსის კარში, ამ ასაკში კი ნომერ პირველი საკლუბო ტურნირის ფინალში სხვას არ უთამაშია!
1999 წელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ დინო ძოფი XX საუკუნის იტალიის უძლიერეს მეკარედ აღიარა, მსოფლიოში კი მესამე ადგილი მიაკუთვნა ლევ იაშინის და გორდონ ბენქსის შემდეგ.
2003 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 1954-2004 წლების საუკეთესო აპენინელად დაასახელა, 2012 წელს კი კალჩოს დიდების დარბაზში შეიყვანა…
ლეგენდარულმა მეკარემ უფეხბურთოდ დიდხანს ვერ გაძლო და 1988 წლის ივლისში იუვენტუსი ჩაიბარა. მერე იყო ლაციო, 1998 წლის მსოფლიოს შემდეგ კი სკუადრა აძურა ანდეს და მის იტალიას ზუსტად 11 წამი დააკლდა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის მოგებამდე. იმავე წელს ის უორლდ სოკერმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარა.
2014 წლის სექტემბერში დინო ძოფის ავტობიოგრაფია დაისტამბა – დიდება წამიერია (Dura solo un attimo, la Gloria), ერთ წელიწადში კი ლეგენდარული გოლკიპერი საავადმყოფოში დააწვინეს.
„ცხოვრებაში პირველად მაშინ შემეშინდა. საკუთარ თავზე არ მიდარდია, უბრალოდ, ვიცოდი როგორ განიცდიდნენ მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და მეგობრები ჩემს ამბავს და მათზე ვინერვიულე… ახლა რასაც გეტყვით, ადრე არავისთვის მითქვამს: ერთ ღამით პალატაში ორნი მესტუმრნენ, ისინი გაეტანო შირეას და ენცო ბეარზოტს მივამსგავსე… რასაც გიყვებით, ეს არც სიზმარია და არც მოლანდება, ცხადად დავინახე ისინი… გამიღიმეს და მითხრეს, რომ ჯერ ჩემი დრო არ დამდგარა… როგორც ჩანს ასეა – მას შემდეგ წლები გავიდა, მე კი კვლავ თქვენთან ვარ“, – ძოფის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 28 თებერვალი)