თეთრი პელე

არტურ ანტუნეშ კოიმბრა, ფეხბურთის მოყვარულებისთვის უბრალოდ ზიკო 68 წლის გახდა.
70-80იანი წლების ერთერთ უდიდეს ფეხბურთელს საოცარი ტექნიკის და შედეგიანობის გამო თეთრ პელედ მოიხსენიებდნენ.

71 მატჩში შეგდებული 48 გოლით ზიკო ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია, კარიერის მანძილზე გატანილი 101 საჯარიმოთი კი სტანდარტულების მეფედ ითვლება. ფეხბურთის არაერთი ისტორიკოსის ცნობით, ზიკოზე მეტი გოლი საჯარიმო დარტყმით არავის გაუტანია.

კარიერის საუკეთესო წლები ტანმორჩილმა ბრაზილიელმა რიო დე ჟანეიროს ფლამენგოში გაატარა, სადაც 1971-83 და 1985-89 წლებში ითამაშა და 580 ოფიციალურ მატჩში 401 გოლი შეაგდო!

ფლამენგოს მაისურით მან 13 ტიტული მოიგო, მათ შორის ლიბერტადორესის და საკონტინენტთაშორისო თასები 1981 წელს.

1983-85 წლები ზიკომ უდინეზეში გაატარა – 53 მატჩში 30 ბურთი გაიტანა. უდინეზე არასდროს ყოფილა კალჩოს გრანდი, თან, იმ დროს სერია აში მიშელ პლატინი და იუვენტუსი ბრწყინავდნენ და ბრაზილიელიც ამიტომ თუ დაბრუნდა სამშობლოში…

მსოფლიო ჩემპიონატები და ზიკო კი ცალკე ისტორიაა: სამჯერ ითამაშა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე და ერთხელაც ვერ გახდა ჩემპიონი – 1978 წელს ბრინჯაო მოიგო, 1982 წელს მცირე ფინალი წააგო, 1986 წელს კი…

1982ში, ესპანეთში, ტელე სანტანას გაწვრთნილი და ვარსკვლავებით სავსე სელესაო მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ზიკოს ოქროს თასს და ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბრაზილია პაოლო როსიმ და იტალიამ შეაჩერეს.

ზიკოს გუნდი 86შიც ფავორიტი იყო, მაგრამ ის ნაკრები უკვე პლატინის საფრანგეთმა დაამარცხა – იმ მატჩში ზიკომ პენალტი ვერ გაიტანა…

თეთრი პელე მწვანე მინდორს იაპონიაში გამოეთხოვა – კაშიმა ანტლერსში გატარებული 3 სეზონის შემდეგ. დღეს ის ამავე კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია…

* * *

1980 წლის 30 აგვისტოს, კადისის პრესტიჟულ ოთხთა საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში თბილისის დინამო ზიკოს ფლამენგოს დაუპირისპირდა.

ჩვენები რამაზ შენგელიას გოლით იგებდნენ, მერე ნუნიესმა და ადილიომ დააწინაურეს რიოელები, სულ ბოლოს კი ნუკრი კაკილაშვილმა გაათანაბრა ანგარიში, 2:2.

პენალტების სერიაში ბრაზილიელები უფრო ზუსტი აღმოჩნდნენ – 4:3. იმ სერიაში პირველი გოლი ოთარ გაბელიას სწორედ ზიკომ გაუტანა…

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 მარტი)

ka_GEGeorgian