ბენზემამ კარლოსს ჩაუქროლა

კვირას, მადრიდულ დერბიში (1:1), კარიმ ბენზემამ რეალის მაისურით 371ედ ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატში და სამეფო კლუბის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი უცხოელი გახდა.

ფრანგმა ფორვარდმა დიდებული ბრაზილიელი მცველის რობერტო კარლოსის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1996-2007 წლებში ლა ლიგაში 370ჯერ ითამაშა, საერთო ჯამში კი რეალის მაისური 527 ოფიციალურ მატჩში მოირგო.

ყველა ტურნირზე ჩატარებული თამაშებით ბენზემა აქამდეც რეკორდსმენი გახლდათ – ფრანგის აქტივში 542 მატჩია და ამ შედეგით ის რეალის ისტორიაში მე11 ადგილზე დგას ხოსე მარი გუტისთან ერთად.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 267 ოფიციალური გოლით ბენზემა რეალის ისტორიაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (450), რაულს (323), ალფრედო დი სტეფანოს (308) და კარლოს სანტილიანას (290) ჩამორჩება.

33 წლის კარიმ ბენზემა 2009 წლის ზაფხულიდან თამაშობს რეალში და მას შემდეგ სამეფო კლუბთან ერთად 18 ტიტული მოიგო, მათ შორის ლა ლიგა 3ჯერ, ჩემპიონთა ლიგა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 4-4ჯერ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 მარტი)

ka_GEGeorgian